It won't do

To dream of Caramel,

To think of Cinnamon

And long for you...

Wednesday 22 April 2009

IKEA და რევოლუციები

არ გიყვართ ხოლმე სახლში რაღაცეების შეცვლა?
მე ძალიან <3

ახლა გამიმართლა, დედაჩემია ჩამოსული ჩემთან და გადაწყვიტა, რომ ჩემი ერთი ბეწო ოთახი საჭიროებს გაუმჯობესებას და...

რა თქმა უნდა მივადექით იკეას.

მიმაჩნია, რომ თბილისში კარგა ხანია უნდა გახსნან ეს მაღაზია - საოცრად ხელმისაწვდომი ფასები და მომგებიანი, მარტივი, სუფთა დიზაინი. საქართველოში ერთი მაინც რომ გაეხსნათ, იქნებ მოიშლიდა ხალხი ამ ძველი კომუნისტური "სწენკების" შენახვას... და იქნებ ამ ძველ ავეჯს ზედმეტად პოლიტიზირებულ ცხოვრებასაც გააყოლებდა...

შეიძლება ვცდები, მაგრამ რატომღაც მგონია, რომ ჩვენი ქვეყნის უბედურება უნიჭო მმართველობა არაა - როგორი ხალხიცაა, ისეთი მმართველიც ჰყავთ, იმიტომ რომ ის მმართველიც ხალხიდან მოდის, მაგრამ არც იმას ვამბობ, ქართველები ცუდი ხალხია-მეთქი,
პირიქით (და ეს განსაკუთრებით საქართველოს ფარგლებს გარეთ ცხოვრებისას შევნიშნე).
ერთი ნაკლი გვაქვს მხოლოდ - ზედმეტად პოლიტიზირებულები ვართ.

გაგიკვირდებათ - დალაგებულ ქვეყნებში მოსახლეობის უმრავლესობა პოლიტიკაზე მხოლოდ არჩევნების წინ იწყებს ფიქრს, ისიც იმიტომ, რომ საარჩევნო რეკლამას ატრიალებენ ტელევიზიით და იწყებენ იმის შეფასებას, მოწონდათ თუ არა აქამდე ცხორება და თუ არ მოწონდათ, რას შეცვლიდნენ...

თქვენ ალბათ იტყვით, იმიტომაც არ ფიქრობენ პოლიტიკაზეო, რომ დალაგებულ ქვეყანაში ცხოვრობენო და რაში აინტერესებთო...
მართლებიც იქნებით ალბათ...
მაგრამ მაინც იქნებ,
პოლიტიკაზე რომ ნაკლები ვიფიქროთ და მეტი ვიფიქროთ სხვა რაღაცეებზე... თუნდაც ჩვენი სახლის ლამაზად მოწყობაზე?!

ასე მგონია, ცხოვრებაზე იმოქმედებდა... წარმოიდგინეთ, სადღაც 1000 ლარში რომ მოიწყობ კაბინეტს, მაგალითად... ან საწოლს და ასაწყობ კარადას შეიძენ... და გექნება ნათელი, მყუდრო სახლი - ასეთ სახლში რომ გაიღვიძებ, ხასიათიც უკეთესი გექნება, უფრო მეტი შემართებაც და რავიცი...

ალბათ ნამეტანი მოვინდომე :D

ათასი ლარიც ძნელი საშოვნელია ზოგისთვის, ვიცი, განსკუთრებით ახლა, როდეაც ამდენმა ადამიანმა სამუშაო დაკარგა, ქვეყანაში არეულობაა, საკნები დგას რუსთაველის გაყოლებაზე...

მაგრამ რავიცი, იქნებ...

იქნებ ნათელი და ლამაზი სახლი რომ გექნება,
ახალი ავეჯით გაწყობილი,
დილით რომ გაიღვიძებ,
ლამაზ სამზარეულოში რომ ისაუზმებ და წახვალ სამსახურში/სასწავლებელში/საქმეზე,
აღარ მოგინდება პარლამენტთან მისვლა
და აბსოლუტური უმრავლესობით არჩეული მიშას გადაგდება?!

თუნდაც იმიტომ, რომ შენი ქვეყნისთვის ასე ჯობია...

Wednesday 15 April 2009

უსათაურო

გუშინ დავბრუნდი პრაღიდან.კი მითხრეს და წაკითხულიც მქონდა, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია და თუნდაც ის ფაქტი, რომ რამოდენიმე ასეული ჰექტარი მთლიანად იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი, თავისთავად მეტყველებს ამაზე მაგრამ...

ამდენს მაინც არ ველოდი...

და "ამდენში" სულაც არ ვგულისხმობ რომანულ, რენესანსულ, ბაროკო, როკოკო და სხვა "კო-კო" არქიტექტურას... არამედ ვგულისხმობ ერთ პარტარა, საყვარელ უბანს, რომელიც ხელმარცხნივ იწყება, სტარომესტკას მეტროს სადგურიდან თუ ამოხვალ...

ამ უბანს ქვია Josefov და არის შუა ევროპის ებრაულ ტომთა ყველაზე დიდი ისტორიული მემკვიდრეობა...

საერთოდ, ყოველთვის მქონდა "რაღაც" ებრაელებისა და მათი ისტორიის მიმართ. განსაკუთრებით ჰოლოკოსტის ისტორიით ვიყავი (და ახლაც ვარ) დაინტერესებული. ეს ჩემი გატაცება ყველა ჩემი ნაცნობ-მეგობრისთვის ამოუცნობ ფენომენად რჩებოდა და პრინციპში, ჩემთვისაც. არ ვიცი რატომ დავბინტერესდი ასე ძალიან, უბრალოდ პირველად რომ გავიგე, თუ რა მოხდა გერმანიაში ფაშისტური პარტიის სათავეში მოსვლისას და რა მსოფლიო შედეგები მოყვა ამას, რაღაც გადატრიალდა ჩემში, მიუხედავად იმისა, რომ პატარა ბავშვი ვიყავი ჯერ კიდევ. თავდაპირველად უბრალოდ არ მესმოდა, როგორ შეიძლება ადამიანი დევნო, აწამო და კლა მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაც განსხვავებულ ერს ეკუთვნის. კიდევ უფრო მიჭირდა ამის გაგება, როდესაც ზვიად გამსახურდიას მმართველობის პერიოდში დედაჩემი რამოდენიმე თვის განმავლობაში სკოლაში არ მიშვებდა, იმიტომ რომ რუსულად კარგად ვლაპარაკობდი და უთეთრესი თმა მქონდა... მე კი უბრალოდ ჩემი მეგობრების ნახვა მინდოდა... მას მერე ყოველგვარი მასშტაბის ნაციონალიზმი მძულს.

მერე ცოტა წამოვიზარდე და კიდევ უფრო მიუღებელი გახდა ჩემთვის ეს ყოველივე - დღემდე ვერ გამიგია, როგორ შეიძლებოდა ევროპის ერთ-ერთ უგანათლებულეს და უკულტურეს ერში სულ რამოდენიმე წელიწადში ისეთი "ცხოველიზმი" ჩამოუყალიბებულიყო, რომ მათი ფაქტიურად შესისხლხორცებული ნაწილი, მთელი ეთნიკური სეგმენტი, ასე შეეძულათ...

უამრავი ვიდეომასალა მაქვს ნანახი შესაბამის თემაზე, დაწყებული BBC-ს და სხვა დოკუმენტურებით, დამთავრებული ნიურნბერგის პროცესითა და ბიჭუნათი ზოლიან პიჟამოში. მახსოვს, ჩემმა მეგობარმა გიორგიმ შინდლერის სიაც კი მაჩუქა ვიდეოკასეტაზე (ეჰ, რა დრო იყო). წაკითხული მაქვს უამრავი ენციკლოპედია, ნარკვევი თუ უბრალოდ მხატვრული ლიტერატურა (ანა ფრანკის დღიური ნეტავ მხატვრულად ითვლება?)... ამ ყველაფრის ფონზე მეგონა რომ ასე თუ ისე გათვითცნობიერებული ვიყავი იმაში, თუ რა იყო ჰოლოკოსტი...

მაგრამ თურმე ვცდებოდი.

პატარმა უბანმა პრაღაში, რომელიც ადრე ებრაელების გეტოს წარმოადგენდა (მემგონი მეთერთმეტე საუკუნის შემდეგ უკვე შემოღობილი იყო), სრული თავზარი დამცა და წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე. დღესდღეისობით ამ უბანში მდებარე ყველა ებრაული მონუმენტი (რამოდენიმეს გარდა) შედის ე.წ. ებრაულ მუზეუმში, რომლის მონახულებას ერთი სრული დღე მაინც სჭირდება. ძალიან გამიკვირდა თავიდან, რომ ეს პატარა არქიტექტურული ნაგლეჯები ნაცისტურ ოკუპაციას გადაურჩა, მაგრამ თურმე მათ გეგმაში ჰქონიათ "გამქრალი რასის" გრანდიოზული მუზეუმის მოწყობა, ამიტომაც შეინარჩუნეს ამდენი რამ, ძველი რელიგიური ვერცხლის ჩათვლით, რომელიც ახლა გამოფენილია ე.წ. ესპანურ სინაგოგაში (თორას საკითხები, ყდები, გვირგვინები, სხვადასხვა სარიტუალო ატრიბუტიკა). საკმაოდ ირონიულია ასევე ისიც, რომ ჯერ კიდევ ნაცისტებამდე ამ უბნის საცხოვრებელი ნაწილი ძირითადში გაანადგურეს, პარიზისთვის რომ დაემსგავსებიანთ ქალაქი და ახლა, ძველი გეტოს ტერიტორიაზე გუჩის, კრისტიან დიორის და ბარბერისის მსგავსი ბრენდების ბუწიკებია "გაშენებული"...

დღესდღეისობით ებრაულ მუზეუმში შედის 6 მნიშვნელოვანი "სტოპი" (ჩემს დახვრეტილ ბილეთს ვუყურებ ახლა და ისე ვწერ ამას :)). მე ექვსივე მოვინახულე, მაგრამ ყველას არ ჩამოვთვლი, დავასახელებ მხოლოდ იმათ, რომლებმაც ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება დატოვეს:

1. პინკასის სინაგოგა - ამ შენობამ და მისმა გამოფენებმა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ჭკუიდან გადამიყვანეს... ნაგებობის მთავარი ნავი და მის ირგვლივ მდებარე კედლები დაფარულია წვრილი შრიფტით დაწერილი ადამიანების სახელებითა და მათი ცხოვრების წლებით. ეს ერთგვარი მასიური საფლავის ქვაა ყველა იმ ადამიანისა, რომელიც ნაცისტურ ეთნიკურ წმენდას შეეწირა. თავიდან თითქოს არაფერი, მაგრამ ერთ კედელთან როდესაც გავჩერდი და დავიწყე სახელების კითხვა, გავიაზრე, რომ ყოველი სახელის, ყოველი წლების უკან დგას ადამიანი, ცოცხალი არსება, რომლიც ყოველგვარი დაკითხვისა და სასამართლოს გარეშე მოკლეს უბრალოდ იმიტომ, რომ ის ებრაელი იყო... ამას დაემატა მეორე სართულის გამოფენა, სადაც გამოფენილი იყო ტერეზინის (პრაღის მახლობლად მდებარეობდა ტერეზინის საკონცენტრაციო ბანაკი, რომელი ერთგვარ სატრანზიტო წერტილს წარმოადგენდა პრაღის გეტოსა და ოსვენცემის ბანაკს შორის) პატიმარ ბავშვთა ნახატები. აი იქ უკვე ვეღარ შევიკავე ცრემლები -ეს ბავშვები სიკვდილისკენ მიდიოდნენ და ხატავდნენ მზეს, პეპლებს და ზოგადად, ფერად სიცოცხლეს...

2. ძველი სასაფლაო - საოცარი ადგილია... თავს ძალიან სულელურად ვგრძნობდი, ლამაზ მზიან დღეს, ჭრელ ტანსაცმელში გამოწყობილ და ხმამაღლე მოსაუბრე იტალიელ ტურისტთა ჯგუფთან ერთად რომ დავდიოდი ამ მრავალსაუკუნოვან საფლავებს შორის... მივაგენი ცნობილი რაბის, ლეგენდის მიხედვით, საშიში გოლემის შემქმნელი ბენ ბეცალელის საფლავს (ეს სახელი პირველად მახსოვს, სტრუგაცკების რომანში შემხვდა, "ორშაბათი იწყება შაბათს"). ილუსტრაციისათვის ერთი ფოტოც, რომ ნახოთ როგორი უცნაურია ეს ადგილი - თითქოს საფლავის ქვები, მოქუჩულები ერთად, გვიყურებენ ჩვენ ცოცხლებს და ისევე ცდილობენ ჩვენს სხეულებში ამოიკითხონ ჩვენი ასავალ დასავალი, როგორც ჩვენ, ცოცხლები, ვაშტერდებით ამ დახავსულ საფლავის ქვებს და მათი უცნაური დამწერლობისა და სიმბოლოების უკან ამბის ამოკითხვას ვცდილობთ... http://www.facebook.com/photo.php?pid=394718&l=9e5760eebe&id=107360599

3. ცერემონიათა დარბაზი - მდებარეობს უშუალოდ სასაფლაოს გვერდზე და როგორც შენობა, დიდად ვერ შთამაგონებს, სამაგიეროდ მასში არსებული გამოფენა ნამდვილად საოცარია. შემიძლია თამამდ ვთქვა, რომ აქამდე წარმოდგენა არ მქონდა, თუ რამხელა მნიშვნელობა ჰქონია ებრაულ სარწმუნოებაში დასაფლავებას - მათ სპეციალური ე.წ. დამკრძალავი საზოგადოებიც კი გააჩნიათ და სწორედ პრაღაში შეიქმნა ერთ-ერთი უძველესი მათგანი, Hevrah Kaddishah, რომლის ე.წ. "შტაბი" სწორედ აქ იყო. ექსპოზიციაში შესულია უამრავი სარიტუალო ნივთი - სპეციალური სავარცხლები, ფრჩხილების დაქნის მოწყობილობები, სამარხი კოსწუმები, თავად საზოგადოების წევრთა ფორმები და სხვა.

4. ე.წ. ესპანური სინაგოგა - რომელიღაც ბუკლეტში ეწერა რომ ევროპის ულამაზესი სინაგოგაა და არ შემიძლია არ დავეთანხმო... ასეთი ორნამენტები, სიმდიდრე და ამავე დროს, სიმკაცრე იშვითად თუ მინახავს... ვერ დავიკვეხნი, მაინცდამაინც ბევრ სინაგოგაში ვარ ნამყოფი, მაგრამ რამდენშიც ვარ, ამან ყველ დაჩრდილა. სამწუხაროა, რომ შიგნით აკრძალულია ფოტოების გადაღება,მაგრამ მე მაინც ჩუმად ჩავაჩხაკუნე ჩემი აპარატი და ზოგადი წარმოდგენის შესაქმნელად აგერ ლინკს დავაგდებ http://www.facebook.com/photo.php?pid=394753&l=5f9cae993d&id=1073605993. ფოტოს ხარისხზე მომიტევეთ, ცალი ხელით გადავიღე ისე, რომ ობიექტივშიც არ ჩამიხედავს, პერსონალს რომ არ "დავეწვი". მაინც ებრაელები არიან და გამჭრიახი გონება აქვთ ;)

სინაგოგიდან რომ გამოვედი, რაღაცნაირად სხვანაირად მსუბუქად ვიგრძენი თავი. არ ვიცი, უბრალო დამთხვევაა თუ არა, მაგრამ რაღაც კანონზომიერება დავინახე ამ მუზეუმის განლაგებაში - თავიდან გვახსენებენ, თუ რამხელა დანაშაული არის ჩადენილი ამ მართლა მრავალტანჯული ერის მიმართ, შემდეგ გვაჩვენებენ მათ რეალურ ყოფა-ცხოვრებას, ადათ წერსებს, გვაჩვენებენ მათ სიკვდილს, როგორც სიცოცხლის განუყოფელ ნაწილს და დასასრულს და ბოლოს, მივყავართ ულამაზეს შენობაში, რომელშიც აგრეთვე გამოფენილია ებრაელთა ემანსიპაციის ისტორიის ამსახველი დოკუმენტები (ჯოსეფ II-ის მმართველობის დროს მათ სრული თანასწორუფლებიანობა მიენიჭათ). ანუ საბოლოოდ, ყველაფერი მაინც კარგად მთავრდება, შეიძლება ითქვას...

და ამ ყველაფრის მერე მე რის მე ვიქნებოდი, ჩემი ჩვეული რიტორიკული შეკითხვა რომ არ დამბადებოდა:

მართალია, რომ სანამ სხვისას არ დააფასებ, შენსას ვერ შეიყვარებ თუ მაინც პირიქითაა?!

Wednesday 8 April 2009

ფორუმსა ზედა

ფენომენალური რაღაცაა ფორუმ.გე

კარგა ხნის დარეგისტრირებული ვარ, მაგრამ ხშირად არ ვპოსტავ და ისიც ძირითადად კულტურისა და ხელოვნების განყოფილებაში. მიუხედავად იმისა, თვალყურს ყოველთვის ვადევნებ თუნდაც პოლიტიკის განყოფილებას, კურიერის ონლაინში ყურების გარდა რაიმე ადეკვატური საინფორმაციო წყარო რომ მქონდეს.

მაგრამ ეს ჩემი პოსტი სულ სხვა რამის შესახებ არის.

კერძოდ კი იმის შესახებ, თუ რა ფენომენალური რაღაცაა ქართული ინტერნეტ-სივრცის ისეთი მოვლენა, როგორიცაა თბილისის ფორუმი და რა გავლენას ახდენს იგი პიროვნებებზე.

არ მინდა რომ შეურაცხმყოფელად ჟღერდეს ვინემსთვის, მაგრამ დიდი ხანია დავასკვენი რომ “უსათაურო”-სა და “ქალი და მამაკაცი”-ს განყოფილებაში მპოსტველთა აბსოლუტური უმრავლესობა არის ცხოვრებაში არარეალიზირებული კლასიკური “ლუზერი”. ვერ ვიტან ამ სიტყვას, მაგრამ სხვა შესატყვისს უბრალოდ ვერ ვპოულობ. მაგალითისათვის ავიღოთ თუნდაც ფორუმის მონაწილეთა სურათების თემა – რამოდენიმე იღბლიანი გამონაკლისის გარდა ძირითადად იდება მამაკაცურ ყურადღებას მოწყურებული მდედრების მობილურით გადაღებული ცუდი ხარისხის ავტოპორტრეტები, რომლებშიც ისეთ სახეებს კერავენ, იდეაში ვნებიანი გამოხედვა რომ უნდა გამოსდიოდეთ და რეალურად ისეთი გამჭოლი მზერით იყურებიან, ბუასილსაც რომ სცხვენია და იკურნება. და რაც ყველაზე საწყენია, ეტყობა მაინც ვერ იღებენ სათანადო ყურადღებას, რადგანაც მაინც რეგულარული სიხშირით ტვირთავენ სულ ახალ და ახალ ეგზემპლარებს იმ იმედით რომ მათი სიკეკლუცით მოხიბლული მამრები PM-ებს გამოუგზავნიან... 

მეორე კატეგორიაა აშკარად მახინჯი არსებები რომლებმაც იციან ეტყობა რომ ქვეყნად არ არსებობს ფოტოს გადაღების ისეთი რაკურსი, რომ შეუხედავებად არ გამოჩდნენ და ამ ფაქტს შეგუებულები, სხვების ჯინაზე და არიქა-მე-არ-მაქვს-გარეგნობის-კომპლექსი-აბა-რამე-მითხარით-თუ-გაბედეთ ტიპის ფოტოებით მიაქვთ თემა და რატომღაც ამაყობენ იმით რომ უკანასკნელი ბომჟებივით რაღაც გაუგებარ ნაგვით გადაჭედილ ეზოებში, სახურავებზე და ბაღებში ლოთაობენ და ხაზს უსვამენ საკუთარ უკომპლექსობას. ჩემი აზრით კი, სწორედ ესაა ყველაზე დიდი კომპლექსი – როდესაც დაჟინებით ამტკიცებ რომ არავითარი კომპლექსი არ გაგაჩნია. ზოგადად ყველანაირად მისასალმებელია, როდესაც ადამიანი კლიშეებით არაა შეზღუდული, მაგრამ როდესაც პუბლიკაზე დაჟინებით ავლენს ამ თავის ”თავისუფლებას”, უარესს კლიშედ გადაიქცევა... 

ყველაზე მეტად კი ე.წ. ფორუმული თავყრილობების ფოტოები მომწონს. ვატყობ, რომ ძირითადად ერთმანეთში მეოგბრობენ და ერთად ერთობიან, რაც არცაა პრინციპში გასაკვირი, იმიტომ რომ არა მგონია რეალურ ცხოვრებაში ბევრი მეგობარი ყავდეთ ინტერნეტ სამყაროს გარეთ გაჩენილი. ანდა შეიძლება ყავდათ კიდეც, მაგრამ შთაინთქა ფორუმმა და ახლა ახალ, თავისუფალ და მხიარულ ვირტუალურ მეგობრებთან ურჩევნიათ დროის ტარება. ეტყობა ბევრი ქაჯი ერთად რომ იკრიბება, ნაკლებად ქაჯები ჩანან საკუთარ თვალში.

მაგრამ ამ ყველაფრის პიკი ისაა, რომ სასტიკად არიან აცრილები ე.წ. “სვეცკ” საზოგადოებაზე, ანუ, როგორც მე დავადგინე, ისეთ ხალხზე, რომელიც დაბადებული და გაზრდილია თბილისის რომელიმე ცენტრალურ უბანში, გასართობად დადის შარდენზე, დადის ნორმალურ კლუბებში, დაძონძილ-დაუვარცხნელი ქუჩაში არ გამოდის და ეს მთელი ვირტუალური “დვიჟენია” ძალიან მაგრად ჰკიდია. ეტყობა გულზე ხვდებათ რომ ვიღაცა ცხოვრებისეულად თვითრეალიზირებულია და საკუთარი ეგოს ამაღლებას ფორუმზე ძალით “სტრანნი”, ხელოვნებისაკენ მიდრეკილი, უკოპლექსო არიქა-ყველასგან-გამორჩეული-ვარ-იმიტომ-რომ-იასამნისფრად-ვწერ (თან არაერთ ფორუმელს აქვს ეს ფერი რატომღაც აჩემებული, ეტყობა მოდაშია) პოსტებით არ ცდილობს. არადა საკმარისია ერთხელ მაინც დაწერო ისეთი რამ რაც მათ “თავისუფალ” აზროვნებაში არ ჯდება, რომ ანათემას გადაგცემენ და დაბოღმილები შურს იმით იძიებენ, რომ შენს მიერ დადებულ სურათს (თან შენი საკუთარი თავის კი არა, სხვის სურათს, რომელსაც დადებ და იტყვი, რა ლამაზი ადამიანიაო) მიახტებიან და იმას გაგილანძღავენ, რასა გავსო და ავარდნილიაო. მხოლოდ იმიტომ გაგილანძღავენ, რომ შენ გიკბინონ და იმიტომაც, რომ ის ადამიანი, რომლის ფოტო შენ დადე, ვერელია, 53-ე სკოლა დაამთავრა, აქვს ფული და მათნაირ მართლა გოიმებთან არ მეგობრობს.

ერთი პერიოდი ძალიან დავინტერესდი ასეთი ხალხის ყოფა-ცხოვრებით, გავიცანი უამრავი მათგანი (როდესაც თბილისში ვიყავი და ამის საშუალება მქონდა) და შემიძლია თამამად ვთქვა, რომ არანაკლებ საცოდავები არიან იმ ადამიანებზე, რომელბთანაც ერთად ვიზრდებოდი და რომლებიც ახლა ან როჟების ყრას გადაყვნენ შარდენზე, ან კიდევ წამალზე სხედან.

ხოდა მებადება ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთი რიტორიკული შეკითხვა:

სხვის თვალში ნამცეცის დანახვა და საკუთარ თვალში მორის არ შემჩნევა წმინდა ფორუმული ფენომენია?!

P.S. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს პოსტი არ ეხება ყველას და იმასაც დავამატებ, რომ ფორუმის მეშვეობით შევიძინე ორი არაჩვეულებრივი მეგობარი – სალომე და ანა. თუმცა იმათ ისედაც ეყოფათ ჭკუა და მიხვდებიან, რომ მათ ეს პოსტი არანაირი მხრით არ ეხებათ :)

Sunday 5 April 2009

დოგმა

ძალიან მძაფრ, მტკივნეულ და მგრძნობიარე თემას მინდა შევეხო ჩემს დღევანდელ პოსტში, რომელიც ვიცი, რომ ამოუწურავია და რამდენიც არ უნდა ვისაუბრო, ვამტკიცო ან უარვყო მასთან დაკავიშრებული პოსტულატები, მაინც დაუსრულებლად დარჩება...

მაგრამ მიუხედავად ამისა გადავწყვიტე ვისაუბრო (უფრო სწორედ, ვწერო) ამ თემაზე და ალბათ როგოც თქვენ უკვე მიხვდით, ეს სხვა არაფერია, გარდა რელიგიისა. და მე გადავწყვიტე, რომ არავითარ დასკვნებს, თეზისებს და დებულებებს არ დავწერ – უბრალოდ დავსვამ ჩემს საყვარელ რიტორიკულ შეკითხვებს.

რატომ გადავწყვიტე ამ თემას შევეხო? გუშინ ღამე ჩემთან დარჩა მეგობარი და ვუყურეთ ფილმს სახელად დოგმა. არ ვიცი, ნანახი გაქვთ თუ არა ეს კინონამუშევარი, მაგრამ თუ არა, გიათვალისწინეთ ჩემი რჩევა, ის სანახავად ნამდვილად ღირს. შეიძლება მან თქვენში აღშფოთება გამოიწვიოს, შეიძლება ბევრი გაცინოთ, შეიძლება გაგაღიზიანოთ და შეიძლება უბრალოდ დაგაფიქროთ...  

და მაინც, რამხელა როლი აქვს დოგმას რელიგიაში, კერძოდ კი მართლმადიდებლურ ქრისტიანობაში? რას ნიშნავს იყო მართლმადიდებელი ქრისტიანი? რას უნდა აკეთებდე, რომ ასეთად იწოდებოდე, გარდა იმისა, რომ მართლმადიდებლური წესით იყო მონათლული? ეს ნიშნავს დადიოდე ეკლესიაში, გყავდეს მოძღვარი, აბარებდე აღსარებას, მარხულობდე, საჭირო დროს შესაბამის ლოცვას კითხულობდე და ეკლესიასთან ჩავლისას იწერდე პირჯვარს... 

თუ სხვაა მაინც რამე?!

შეიძლება თუ არა ადამიანი არც ერთ ზემოჩამოთვლილ საქმიანობას არ ეწაფებოდეს და მაინც იყოს ქრისტიანი? საკამარისია თუ არა გულში არსებული რწმენა, სიყვარული და შიში უფლისა, თუ მინც აუცილებელია მისდევდე შენთვის მამოს მიერ შთაგონებულ რიტუალებს რეალური განცობიერებისა და გულწრფელობის გარეშე?!

ერთი პატარა ამბავი მინდა დავწერო მხოლოდ, რომელიც ერთმა ადამიანმა მომიყვა ჯერ კიდევ ჩემს თბილისში ყოფნის დროს. არ ვდებ თავს ამ აბის ჭეშმატირებაზე, არც რაიმეს დამტკიცებას ვცდილობ, უბრალოდ, მინდა დავწერო და დასკვნები მკითხველმა გააკეთოს...

ერთ-ერთ დედათა მონასტერში ჩასულ უცხოელების ექსკურსიას გამოყვა შეუსაბამოდ გამომწვევად შემოსილი ქალი. ტურისტებთან ერთად, იგი ყოველგვარი ეკლესიური დოგმის უგულვებელყოფით შევიდა უფლის ტაძარში და ეს იყო სანთლის დანთებას აპირებდა, როდესაც მონასტრის იღუმენიამ მას მოწიწებით ამ წმინდა ადგილის დატოვება სთხოვა და მიზეზად მისი უსახო სამოსი და თავშლის არარსებობა დაასახელა. იმავე ღამეს იღუმენიას ძილში ანგელოზი გამოცხადებია და ასეთი რამ უთხრა:

”30 წელია ვიღწვი რათა ეს დაკარგული სული უფლის ტაძარში შევიყვანო, ხოლო ვინ ხარ შენ, რომ მას ამ მადლიერ საქმეში ხელი შეუშალო?!”

Wednesday 1 April 2009

Old Post

საოცარი რამ მოხდა ამ წუთას...

მე, 
ჩაის ჭიქა,
Parliament Lights,
ღია ფანჯარა,
მუსიკა...

პირველად დავუკვირდი სიტყვების შინაარს, ადრე უბრალოდ მომწონდა ეს სიმღერა და ჩემი აიპოდის 1238 სიმღერათა შორის ერთ-ერთი იყო...

და როდესაც დავუკვირდი, გაოგნებამ დამიარა...
ძალიან ნელა, ვგრძნობდი, როგორ ნაწილდებოდა მთელს სხეულში...
გულიდან წამოვიდა და ყოველ ცემასთან ერთად მიყვებოდა სისხლს მკერდში, კისერში, ხელებში, თეძოში, ფეხებში...
სახეში...
თითებში...

და მერე თითქოს ტვინში დაილექა...

და გადაიქცა...

აბსოლუტურ ბედნიერებად...

არასოდეს განმიცდია არაფერი მსგავსი...
თითქოს ყველაფერი დალაგდა...
ყველაფერი თავის ადგილზე იყო უეცრად...

все точки расставились над i...

მე მივხვდი...

It was a beautiful day...



Without you...