It won't do

To dream of Caramel,

To think of Cinnamon

And long for you...

Saturday 27 March 2010

To the Enemy

მთელი ცხოვრებაა მძულხარ...

საერთოდ, სიძულვილი, ისევე როგორც სიყვარული, საკმაოდ ძლიერი ემოციაა და დიდ სულიერ ენერგიას მოითხოვს. ყველას კი არ შეუძია ასეთი ძლიერი განცდა მთელი ცხოვრების განმავლობაში "კვებოს", მითუმეტეს, ერთი კონკრეტული ობიექტის მიმართ. "Однолюб"-ის ტიპის ადამინები ზუსტად ისეთივე იშვიათია, როგორც "Одноненавидец"-ები. მაგრამ შენ იმისთანა ხარ, არ მიჭირს ვიყო კონსტანტური...

ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ყოველთვის იქ იყავი, როდესაც რაღაცას ფეხს წამოვდებდი და წავიქცეოდი. არ ვიცი როგორ მახსოვს (ეს წესით ანატომიის კანონებს ეწინააღმდეგება), მაგრამ ძალიან კარგად ჩამებეჭდა, რა მწარე იყო მიხვედრა იმისა, რომ მთვარისაკენ გაშვერილი ხელი ამ ბრჭყვიალა და სასურველ ობიექტს ვერასოდეს მიწვდებოდა... ეგეც ხომ შენი დამსახურება იყო. ყოველთვის მზად იყავი, ჩემთვის თვალები აგეხილა და ყველაფერი ისე დაგენახებინა, როგორც სინამდვილეში იყო.

და იქნებ, მე მერჩივნა ვარდისფერი სათვალე მკეთებოდა?!

ასე უფრო მაგარი იქნებიო, ამტკიცებდი. რაც არ მოგკლავს, მხოლოდ გაგაძლიერებსო, თქმულა და შენც მთელი გულისხმიერებით და სიბეჯითით ემსახურებოდი ამ სიბრძნეს...

რაც უფრო გადიოდა დრო, მით უფრო აზარტული ხდებოდი. გემოს უგებდი შენს "მისიას", ანვითარებდი, ხვეწდი... უსინდისო ვიყო, ცინიზმიც ბლომად შემოგეპარა, სარკაზმიც და ირონიულობაც. ტკბებოდი... შენთვის უკვე აღარ იყო საკმარისი მე უბრალოდ წავქცეულვიყავი - შენ უნდა დაგერწმუნებინე, რომ წამოდგომაც აღარ ღირდა, რომ დახმარებისათვის გამოწოდებული ხელიც უნდა უარმეყო...

ყველაზე მძიმედ ე.წ. "თინეიჯერობის" პერიოდი მახსოვს შენგან - ასე მგონია, დღე არ გადიოდა უშენოდ. სულ გხედავდი, გგრძნობდი, გყნოსავდი და გეხებოდი კიდეც. არაფერი შემარგე - პირველი ძლიერი გრძნობა, გართობა, სწავლა... სიგარეტი, როგორ კარგად მახსოვს, მეორე კურსზე გავსინჯე პირველად და მას მერე ჩემი ცხოვრების თანამგზავრია...

მაგრამ მერე ნელ-ნელა გაჯობე, ხო იცი. ეტყობა ასაკმა და გამოცდილებამ მოიტანა - ვცდილობდი აღარ შემეყო თავი იქ, სადაც სავარაუდოდ შეიძლებოდა შენც ყოფილიყავი, რაც არ უნდა ყოფილიყო ეს "იქ" - რაიმე წამოწყება, ადგილი თუ ადამიანი...

ეშმაკი გამხადე, უნდობი. პირფერობა მასწავლე და მსახიობური ნიჭიც განმივითარე. ნებისმიერი ხერხი იყო მისაღები და ნებისმიერი საშუალება ვარგოდა შენგან თავის დასაღწევად. გადიოდა წლები და მე ვახერხებდი ისე მეცხოვრა, რომ ყურიც კი არ მომეკრა შენი არსებობის ფაქტისთვის. ყველაფერი თითქოს ჩემს სასარგებლოდ ეწყობოდა...

და გავთამამდი... მოვდუნდი... დამავიწყდა, როგორი იყავი. ერთხელაც გამოჩნდი და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე ამაყირავე ბეჭებზე მე მოუმზადებელი... და ზედმეტი ბრძოლის გარეშე უკანმოუხედავად გავიქეცი და დაგითმე.

შენ კიდევ არ იკმარე ადვილი გამარჯვება და გამომყები უკან. მაგრამ ამჯერად, მე ვითომ "დავჭკვიანდი", ჯიბრში ჩაგიდექი და უკან აღარ დავიხიე - გავმაგრდი სანგრებში და სულის უკანასკნელ წვეთამდე ვიბრძოლე. ვიბრძოლე მხოლოდ იმისათვის, რომ საბოლოოდ გამეგო - სანგრების უკან რაც იყო, სულაც არ მჭირდებოდა... სჯობდა, თავიდანვე შენთვის დამეთმო. ნერვები მაინც შემრჩებოდა...

სამაგიეროდ ახლა უკვე სპეცი ვარ. არავის და არაფერს ვიკარებ ახლოს, რაც ოდნავ მაინც შენ თავს მახსენებს. მხოლოდ აუცილებელ შემთხვევაში თუ გავაკეთებ გამონაკლისს... სუპერპრაგმატული ვარ. და ამას წინათ რას მივხვდი იცი? ის უფრო მიკვირს, ამდენი ხანი რომ არ გამოჩნდი, ვიდრე ის, რომ აქამდე ასე ძალიან ჩანდი...

მაგრამ რა ფასად დამიჯდა ეს "სიმშვიდე"?!

განა ბედნიერი ვარ?!

სულაც არა...

უკვე დავიწყებდი მემგონი მართლა ნერვიულობას, სულ ახლახანს რომ არ მოგეხერხებინა და არ დაგერტყა... თან ისე კარგად დამარტყი, ისეთი მოულოდნელი მხრიდან, რომლიდანაც ვერასოდეს ვივარაუდებდი შენს გამოჩენას... და ძალიან, ძალიან მაგრად მატკინე.

მაგრამ იცი რა?

მემგონი ასე უკეთესია.

თუ ვეღარაფერში მაჯობე და ვეღარსაიდან მომადექი, მაშინ გამოდის რომ მე იმედი აღარ მაქვს...

შენ ხომ ისე არ მოხვალ, თუ ჩემში რაღაცის იმედი არ იგრძენი.

ხოდა ვსარგებლობ შემთხვევით და გეუბნები - მირჩევნია მტირალი წაგებული ვიყო, ვიდრე გულგრილი გამარჯვებული,

ჩემო საძაგელო

იმედგაცრუებავ...

Sunday 14 March 2010

ვერ ვიტან


რომ ჩემს გუნება-განწყობაზე მოქმედებს გაღვიძების დროს ამინდი;

რომ ძალიან მიყვარს რომანტიკული მელოდრამები (ამერიკულებიც კი);

რომ ტყუილის თქმა არ მიყვარს;

რომ მარილიანი მირჩევნია ტკბილს;

რომ დღემდე ძალიან მიამიტი ვარ და ყველაფრის მჯერა;

რომ პირველ რიგში ჩემ თავს ვადანაშაულებ და მერე სხვებს;

რომ ძალიან მენანება ადამიანების დაკარგვა;

რომ სენტიმენტები მიტევენ ხოლმე და აივანზე სიგარეტს ვეწევი აიპოდით ყურში ღამის 4 საათზე;

რომ "არა"-ს თქმა პირდაპირ არ შემიძლია და შემოვლით გზებს ვეძებ იმ იმედით, რომ მიმიხვდებიან;

რომ არ ვიცი პირფერობა და დღემდე ან ვამბობ იმას, რასაც ვფიქრობ, ან საერთოდ არაფერს;

რომ ჩემს გარშემო ხალხს ვცდილობ შევუქმნა კომფორტი საკუთარი დისკომფორტის ხარჯზე;

რომ საჩუქრების ჩუქება უფრო მიყვარს, ვიდრე მიღება;

რომ ინტრიგებს ვერ ვხლართავ;

რომ დღემდე მიკვირს, როდესაც ვინმეს ჩემთან ურთიერთობის სურვილი გაუჩნდება;

რომ ჯერ კიდევ ვერ გავიზარდე, მიუხედავად იმისა, რომ ნაადრევად დავბერდი;

რომ მიყვარს მარტოს ცეკვა, როდესაც ვერავინ მხედავს;

რომ ყოველთვის კარგად ვსწავლობდი და ვმუშაობდი;

რომ მიყვარს პაპსა მუსიკა (გულში, ხანდახან);

რომ ქერა თმა მაქვს;

რომ დღემდე მჯერა, რომ გვირაბის ბოლოს სინათლეს მივაღწევ...




ყველაფერ ამას ვერ ვიტან!

და ვფიქრობ, რამდენად უფრო ადვილი იქნებოდა ჩემი ცხოვრება ზემოჩამოთვლილი რაღაცეები რომ არ მახასიათებდეს...

მაგრამ მერე მიჩნდება ხოლმე ასეთი შეკითხვა -

ცხოვრება იქნებოდა რო ეს?!