It won't do

To dream of Caramel,

To think of Cinnamon

And long for you...

Monday 11 May 2009

ფლუიდური მარკეტინგი

  უცბად და სპონტანურად გადავწყვიტე გავაკეთო ერთი პატარა ჩანაწერი, რომლის იდეები დიდიხანია უკვე მიტრიალებს თავში, მაგრამ ერთობლიობაში ვერ გადმომქონდა ეკრანზე. ეტყობა "შთაგონება" სითბოს ელოდა :)

  ხოდა მოვიდა ეს დალოცვილი, როგორც იქნა, როგორც ქალებს სჩვევიათ, ძლიერი დაგვიანებით... მაგრამ, რადგან ქალია, თანაც ლამაზი და სასურველი, ეპატიება. მეც მივუჯექი ჩემს ლეტპტოპს და ვიწყებ წერას. 

  მოკლედ: 

  დავიწყოთ ერთი კამათგარეშე აქსიომით - ყველა ქალს უნდა რომ უყვარდეს. 
  ვინმეს. 
  ანუ,
  თავად კი არ უყვარდეს, არამედ ვინმეს უყვარდეს იგი.
  მოდით რა, ნუ შემეკამათებით, ფემინისტებო! ყველას გვინდა, ღრმად გულში მაინც, რომ ვინმეს ჩვენზე მზე და მთვარე ამოსდიოდეს, თუნდაც ცოტა ხანი... 
  გვინდა, რომ ჩვენს გარეგნობაში ხედავდეს რაღაც პატარა წვრილმანებს, შტრიხებს, თუნდაც დეფექტებს... და გიჟდებოდეს მათზე. 
  გვინდა, რომ უსიტყვოდ ხვდებოდეს, თუ როგორ ხასიათზე ვართ და შესაბამისად იქცეოდეს. გვისმენდეს, როდესაც გველაპარაკებინება და თავად ილაპარაკოს, როდესაც გვესმინება.
  გვინდა, რომ ეძებდეს ჩვენი ღიმილის მიზეზს. 
  გვინდა, რომ გვიყურებდეს, როდესაც ვცეკვავთ.
  გვინდა, რომ გვამშვიდებდეს, როდესაც ვტირით. 
  გვინდა, რომ გვიძღვნიდეს ლექსებს. 
  გვინდა, რომ ჩვენი ჟინი კლავდეს...
  და უბრალოდ
  გვინდა, რომ გვაღმერთბდეს...
  რამდენიც არ უნდა იუაროთ ეს, მე მაინც ჩემს აზრზე დავრჩები. ქალი, რომლსაც ამის სურვილი არ აქვს, ქალი ალბათ არ არის... 

  მაგრამ საქმე იმაშია, რომ მე აქ იმიტომ კი არ შემოვიჭერი, რომ პოეტიკურ ტალღაზე ვარ და "სიყვარულო, ძალსა შენსა, ვინ არს რომე არ ჰმონებდეს" ტიპის პოსტი დავწერო, არამედ პირიქით - მეტი რომ არ შეიძლება ისეთ "დამიწებულ" განწყობაზე ვარ და მინდა შეძლებისდაგვარად ცოტაოდენი იუმორით ზემოთმოყვანილი აქსიომის ძაააააალიან პროზაული ფაქტობრივი შედეგები განვიხილო. 
  მაშ ასე, უკვე შევთანხმდით იმაზე, რომ ყველა ქალს უნდა, რომ უყვარდეს... მაგრამ ჰოი უსამართლობავ! - სამწუხაროდ ჩვენს მუხანათ წუთისოფელში ამ სურვილის განხორციელება არც თუ ისე ადვილია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, დემოგრაფიული სიტუაციაა ძალიან მძიმე და როგორც ერთ ძველ რუსულ (არ ჩამქოლოთ ახლა მტრის ენაზე რომ ვსაუბრობ) სიმღერაშია ნათქვამი - на десять девчонок по статистике девять ребят... ამას დაუმატეთ არატრადიციული ორიენტაციის მქონე მამაკაცები, ნარკომანები, ჭკუასუსტები და... ისეთ მკაცრ კონკურენციაში აღმოჩნდებით, ნებისმიერი ბაზარი რომ ინატრებს. 
  ხოდა რა ვქნათ, ჩვენ ქალებმა, ამ შემთხვევაში? 
  პასუხი მარტივია - რა თქმა უნდა, შევიმუშავოთ ჩვენი მარკეტინგული სტრატეგია :) 
  სწორედ ამაზე მინდა ვისაუბრო ახლა. 
  დამეთანხმებით ალბათ, რომ ყველა ქალს ინდივიდუალური თვითმარკეტინგული პოლიტიკა აქვს. ზოგს ჭკვიანური, ზოგსაც სულელური, ზოგს კარგად შემუშავებული, ზოგსაც სპონტანური. ზოგს აუდიოვიზუალური, ზოგს შინაარსობრივი... ხანდახან, ძალზედ განვითარებული ერთეულები ინტელექტსაც იყენებენ და კომპლექსურ ხერხებს მიმართავენ კიდეც... მე შევეცდები რამოდენიმე ძირითადი არქეტიპი დავახასიათო ახლა - შემოთავაზებები, კორექტივები და კრიტიკა მიიღება ხელგაშლილად, უბრალოდ გახსოვდეთ, რომ ხანდახან უბრალოდ უნდა გავიღიმოთ ;) 

  ტიპი პირველი - ქალები, რომლებიც "ბაზარს" ხიბლავენ ვიზუალით. 
  როგორც წესი, ამისათვის აუცილებელია საკმაოდ დიდი საბაზისო კაპიტალი შთამბეჭდავი გარეგნული მონაცემების სახით. შესაბამისად, იმისათვის, რომ მხოლოდ ვიზუალზე დამყარებული მარკეტინგული სტრატეგია წარმატებული აღმოჩნდეს, აუცილებელია ნამდვილი, დისტილირებული და უპირობო სილამაზე. სამწუხაროდ, ასეთი საწესდებო კაპიტალი აბსოლუტურ უმრავლესობას არ (ვერ) გააჩნია და შესაბამისად, ვიზულური სტრატეგიის შემუშავება-დაგეგმარებისას იძულებულები ვართ მივმართოთ ალტერნატიულ საშუალებებს, ასე მაგალითად:

  1. შეტევა ჰორმონებზე (დეკოლტეები, მოკლე კაბები, მოტკეცილი ტანსაცმელი, ქუსლები, ვნებიანი მოძრაობები, მრავლისმეტყველი მზერები და ა.შ.). როგორც წესი, ასეთი შეტევის განხორციელება ძალიან რთულია, ბევრს არ აქვს ამის გამბედაობა და რომც ჰქონდეს, არსენალში საჭიროებს გარკვეულ უნარსა და ბუნებრივ მონაცემებს, რაც ასევე იშვიათი ნიჭია. სამაგიეროდ, თითქმის ასპროცენტიანი შედეგი მოაქვს, თუნდაც ხანმოკლე :)
  2. შეტევა ესთეტიკაზე (გემოვნებიანი ტანსაცმელი, მოდური ვარცხნილობები, კარგი მაკიაჟი, მოვლილი სხეული, ა.შ.). ასეთი თავდასხმა ცოტა უფრო სტრატეგიულია და სხვანაირ მომზადებასა და შნოს მოითხოვს, ვინაიდან არ წარმოადგენს წელს ქვემოთ აკრძალულ დარტყმას, ამ გამონათქვამის გადატანით მნიშვნელობით. სამაგიეროდ, თუ ამ "ილეთს" დაამხეცებთ, საკმაოდ კარგი შედეგები მოაქვს და არ საჭიროებს სასტარტო კაპიტალს - ნებისმიერი გარეგნობის ქალს ამ სტრატეგიის ჭკვიანურ გამოყენებით შეუძლია წარმატებას მიაღწიოს, ანუ, როგორც იტყოდნენ ფრანგები, არ არსებობს უშნო ქალი, არსებობს ზარმაცი ;) მაგრამ სამაგიეროდ, ეს სტრატეგია მოითხოვს მსხვილ კაპიტალდაბანდებებს განხორციელების პროცესში:D
  3. შეტევა ტვინზე: 0 ყურადღება საკუთარ გარეგნობას. ასეთი ქალები იცვამენ იმას, რაც უნდათ, დადიან ისე, როგორც უნდათ, იქცევიან ბუნებრივად. მათი მარკეტინგი გათვლილია ინტელექტით დაჯილდოვებულ მამაკაცებზე, რომლებსაც არ აინტერესებთ ლამაზი ქალები, იმიტომ რომ მათ მაინც ვერ შეწვდებიან და არც ესთეტიკური ქალები, იმიტომ რომ ზედმეტად "მუშაობენ" საკუთარ გარეგნობაზე. შესაბამისად, ხვდებიან მესამე კატეგორიის გოგონებს და საუბრობენ ბოდლერზე :)
  აქვე სამართლიანობისათვის უნდა ითქვას, რომ მხოლოდ ვიზუალით მოზიდული მამაკაცის ამავე სტრატეგიით შენარჩუნება თითქმის არარეალურია. კი ვამბობთ ხოლმე რომ ყველა მამაკაცი იდიოტია, მაგრამ სინამდვილეში ეს ნამდვილად არ არის ასე :) თანაც, ჩემო მოკრძალებული აზრით, თუ მამაკაცი თქვენთან რჩება მხოლოდ ვიზუალის გამო, თავად უნდა წახვიდეთ, არ გამოვა ამ ურთიერთობიდან არაფერი კარგი :P 
  ამიტომ, თუ ჩვენმა ვიზუალურმა მარკეტინგმა იმუშავა და დავაინტერესეთ პოტენციური პარტნიორი, დროა თავად პროდუქტის არსებით თვისებებს გავუსვათ ხაზი და დავარწმუნოთ მამაკაცი, რომ სწორედ ის ვართ ჩვენ, რასაც ის ეძებდა :) ამისთვისაც რამოდენიმე ძირეული სტრატეგიული მიმართულება არსებობს: 
  1. მასზე მიმართული - "ვაიმე, რა ჭკვინი ხარ", "რა კარგ მუსიკას უსმენ", "რა კარგი ჯემპრი გაცვია", "რა მაგარი მანქანა გყავს", "რა განათლებული ხარ", "რა არასტანდარუტული აზროვნება გაქვს" და ასე შემდეგ. მუშაობს 100%, ჯერ არ შემხვედრია მამაკაცი, რომელზეც ეს არ იმუშავებდა, ოსტატობას გააჩნია, თორემ :) ზოგი ძალიან ბლაგვად იყენებს ამ ხერხს, ზოგიც მოხერხებულად მაგრამ ფაქტია, რომ ყველა ადამიანი ეგოისტია და ასეთი დიფირამბების გაგონება ყოველთვის სიამოვნებს.
  2. საკუთარ თავზე მიმართული - "ვაიმე, რა ჭკვიანი ვარ", "რა კარგ მუსიკას ვუსმენ", "რა კარგი კაბა მაცივა", "რა მაგარი მანქანა მყავს" "რა განათლებული ვარ", "რა არასტანდარუტული აზროვნება მაქვს"და ასე შემდეგ. საკმაოდ სერიოზული ხერხია ესეც და საკუთარი თავის გაპიარების საუკეთესო საშუალებაა - ცნობილია, შენ თუ არ გაუკეთე შენს თავს რეკლამა, არავინ გაგიკეთებს. ყველა კი ვერ ხედავს რა მაგარი ხარ, ამიტომ უნდა აუხილო საზოგადოებას თვალები :D ოღონდ დიიიიიიიდი ოსტატობა უნდა ამ სტრატეგიის წარმატებით გამოყენებას, რომ ეს "წიომნად" მოახერხო და ამაზრზენ მარიაჟობაში არ გადაგივიდეს :)
  3. მიმართული ყველასა და ყველაფრის წინააღმდეგ - "დებილი ვარ, შენც დებილი ხარ, ყველა დებილია", "ამ ცხოვრების დედა ვატირე", "რა უბედური ვარ", "არავის არ ესმის ერთმანეთის", "მაინც ყველანი მოვკვდებით", "ამ მთავრობას რა ვუთხარი" და ასე შემდეგ. ეს ხერხი საკმაოდ ვიწრო სეგმენტზეა გათვლილი, მაგრამ ვისზეც გათვლილია, მათზე მუშაობს 100%. არსებობს ხალხი, რომლებსაც წყალი არ ასვა, ოღონდ ყველაზე და ყველაფერზე აწუწუნე. თანაც, დეპრესიულობა რატომღაც ჩვენში ინტელექტის ნიშნად ითვლება :) 
  მას შემდეგ, რაც მამაკაცი უკვე მოვხიბლეთ ჩვენი ვიზუალითა და შიანაგანი სამყაროთი, დროა ცოტაოდენ ფიზიოლოგიასაც დავითმოთ ყურადღება - საყოველთაოდ ცნობილია, რომ სექსი (ან მისი უქონლობა) ურთიერთობის უმნიშვნლოვანეს შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. შესაბამისად, მისთვის ცალკე მარკეტინგული კურსის შემუშავება მოგიწევთ. აქაც სამი ძირითად სტრატეგიული მიმართულება უნდა გამოვყო: 
  1. кто не работает, тот ест!!!- საკმაოდ მომგებიანი მიმართულებაა საქართველოს რეალობაში. იქიდან გამომდინარე რომ ქალიშვილობის ინსტიტუტი, უნივერსიტეტი და დაწყებითი დსასწავლებელიც ყველაზე აქტუალურია (როგორც მისი წევრებისთვისაც, ასევე მისი ოპოზიციონერებისთვის) გოგონა, რომელიც ზედმეტი "გადაგრეხვების" გარეშე თანახმაა ფიზიკურ ურთიერთობაზე, უფრო მიმზიდველია მამაკაცსითვის და უფრო მეტი შანსიც აქვს მისი შენარჩუნების (იცის რა მამაკაცმა რომ "მოცემა" ჭირს სამშობლოში, ერთ წყაროს რომ "დაითრევს", "აჯდება"). უარყოფითი მხარე ისაა, რომ ამ მარკეტინგის პრაქტიკაში გატარებისას მომხმარებელს დავაჯეროთ რომ ეს სრული ექსკლუზივია, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ მეთოდის შესახებ ინფორმაცია გავრცელდება, რაც თქვენ საბაზრო ღირებულებას ცოტა არ იყოს და დააგდებს. თუმცა, თუ ვმუშაობთ რაოდენობასა და არა ხარისხზე - go for it :)
  2. იშრომე და მოგეცემა - ამ კატეგორიის გოგონები თამაშობენ "ძნელი მოსაპოვებელი" პრიზის როლს და მუშაობენ მამაკაცის მონადირული ინსტინქტის გაღვივებაზე. მთავარია, რომ საკმარისად მრავლისმეტყველი და იმედისმომცემი დაპირებები მივცეთ - რათა მამაკაცი დარწმუნდეს, რომ თქვენი "დევნა" ნამდვილად "ღირს". საბოლოოდ, როდესაც უკვე გაივლის ყველა შესაფერისი მოსაცდელი ვადა (ეს ინდივიდუმების მიხედვით ვარირებს) შეგიძლიათ თამამად ჩაბარდეთ თქვენს გმირს ფართო მკლავებში. უარყოფითი მხარე - ვაი და არ მოეწონა ეს პრიზი გმირს? წავა, უკან არ მოიხედავს... იბადება კითხვა - და ღირდა კი ამისთვის ამდენი დროის დაკარგვა?!
  3. სადაც არა სჯობს, გაცლა სჯობს - მენტალიტეტური, რელიგიური, სამედიცინო-ჰიგიენური თუ სხვა რომელიმე მიზეზების გამო ეს საკითხი საერთოდ ამოღებულია დღის წესრიგიდან მინიმუმ შეუღლებამდე. რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, საქართველოში საკმაოდ ფართო სეგმენტზე ასეთი მიდგომა მუშაობს, ვინაიდან და რადგანაც ამ ფართო სეგმენტის მასიური ცნობიერება ასეთია - თუ ისედაც "მაძლევს", ცოლად რაღატო მოვიყავნო?! შესაბამისად, სადაც არსებობს მოთხოვნა, იარსებებს მიწოდებაც. უარყოფითი მხარე - გაყვებით ასეთს ცოლად და მერე... აქ გადაშლილ პერსპექტივას მგონი ყველანი მიხვდით და თავს შევიკავებ ზედმეტი მუქი ფერების დამატებისაგან :S ფრთხილად იყავით, სულ თავ-ბედი არ გაგიხდეთ საწყევლებელი...
  მოკლედ, არჩევანი თქვენზეა! საბოლოოდ, ყოველივე ზემოთდაჯღაბნილი რომ შევაჯამოთ, ვიტყვი: შეგიძლიათ თავად აირჩიოთ თქვენი სტრატეგია ყოველ კონკრეტულ ეტაპზე და ააწყოთ მომგებიან კომპლექსში - მაგალითად, ვიზუალის მხრივ შეუტიოთ ჰორმონებს, შინაარსობრივად იყოთ მიმართული თქვენს მამაკაცზე და სექსის მხრივ არ ითხოვდეთ ცხრა მთისა და ცხრა ზღვის გადალახვას... კომბინაციები უამრავია - შეგიძლიათ დაამატოთ თვენი პერსონალური ნიშნები და "იზიუმინკები", როგორც იტყვიან, მარილი და პილპილი გემოვნებითო... 
  მე კი მხოლოდ ერთსღა დავამატებ (და ეს ჩემი მორიგი რიტორიკული შეკითხვაა): 
რატომ არის, რომ ხანდახან, არანაირ სტრატეგიას არ მისდევ ადამიანი, ხარ შენთვის, ცხოვრობ, არავის და არაფერს არ ეძებ, მაგრამ... 
  მაინც გამოჩნდება ხოლმე ადამიანი, რომელსაც უბრალოდ ისეთი უყვარხარ, როგორიც ხარ?! 
  და ეს, ალბათ, სიყვარულის ის აუხსნელი ფენომენია, რომელსაც ვერც მიჩვევას, ვერც ფლუიდებს და ვერც სექსუალურ ლტოლვას ვერ მივაწერთ... ის გრძნობაა, რომელზეც იწერება ლექსები, მოთხრობები, რომელზეც მღერიან, რომელსაც ცეკვავენ და ხატავენ... 
ის გრძნობაა, რომელიც გვაძლევს ფრთებს და შთაგონებას... 
  და ალბათ სამართლიანია კიდეც, რომ მის ხელოვნურად "გამოცხობას" ვერასოდეს ვერ შევძლებთ... ყოველთვის იარსებებს რაღაც სუროგატი გატაცების, დაინტერესების, წმინდა ჟინის ან მეგობრობის სახით, მაგრამ ნამდვილი გრძნობა იშვიათია და ძალიან ძნელი შესანარჩნუებელი, თუმცა ეს უკვე სულ სხვა ისტორიაა... 
  დარიჩინის საზოგადოება კი გაფრთხილებთ (და ამ პოსტის მორალი ანალოგიურია) - ერიდეთ ფალსიფიკაციას!





Friday 8 May 2009

ძალიან პოლიტიკური

დღეს დილიდან ძალიან პოლიტიკურ ტალღაზე ვარ...უფრო სწორედ, გუშინ ღამიდან.
რაღაც ისეთ ხასიათზე ვიყავი, ქე რომ საკუთარი თავის შეზიზღების პიკს ვაღწევდი და ყურადღების გადატანის მიზნით დავიწყე ინტერნეტში ქექვა, ბლოგიებიდან ბლოგეზე ხტუნაობა, პოლიიკური ნიუსების და მისთანანის კითხვა.

გადავაწყდი კისის ჩანაწერს "გვაცადეთ" და ძალიან მომეწონა. იმდენად მომეწონა, რომ საკუთარ სიფათწიგნზეც კი მივანოუთე.

მაგრამ... დრო გავიდა და დავუფიქრდი. დავუფიქრდი და

ძალიან გავიჭედე...

იცით რატომ გავიჭედე?!
იმიტომ რომ ჩვენი ოპოზიცია კი სასტიკად არ მომწონს მაგრამ.. პოზიციაც რომ აუტანელია?!
რა უნდა ქნას ამ შემთხვევაში საზოგადოებამ?! ამართლებს თუ არა პოლიტიკაში მეთოდი клин клином вышибают?!

გადახვევა: წინასწარ მინდა განვაცხადო, რომ ზოგადად ოპოზიციონერი ვარ და მიშას ხელისუფლება მოსვლის დღიდანვე არ მომწონდა, რის გამოც არაერთი კონფლიქტი მომსვლია მეგობართან, მეზობლეთან უცნობთან თუ ნაცნობთან :P

ანუ, მებადება შემდეგი რიტორიკული შეკითხვები:

როდესაც ქვეყანაში, რომელიც დემოკრატიისკენ მიდის (იდეაში), ერთპარტიული პარლამენტია, რა უნდა ვქნათ რომ ასე აღარ იყოს? არჩევნებიო, იტყვით ალბათ თქვენ და მეც დაგეთანხმებით, მაგრამ ხომ იყო ეს საპარალმენტო არჩევნები და ხომ გააყალბეს?! ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც აღიარა, რომ ხმათა დათვლისას უამრავი შეცდომა იყო დაშვებული. ჩვენი ძვირფასი პრეზიდენტი კი უარს აცხადებს ხელმეორე არჩევნებზე და მეტიც, საერთოდ არანაირი მოლაპარაკება არ სურს ოპოზიციასთან...

რა უნდა ქნას ხელხმა ქვეყანაში, როდესაც სკამზე დაჯდომიდან პირველსავე წელს პრეზიდენტს "უკვდება" პრემიერ მინისტრი, ერთ ერთი უგავლენიანესი პირი მთელს პოლიტიკურ ელიტაში და დღემდე გამოძიება "მიმდინარეობს"?!

რა უნდა ქნას ხალხმა როდესაც პრეზიდენტის მუნჯი თანხმობით მისი მარჯვენა და მარცხენა ხელები განსხვავებული აზრის გამოთქმისთვის ხალხს კლავენ?! და როდესაც ორი ბოთლი ლუდის მოპარვისთვის 14 წლის ბიჭუნას "სროკზე" უშვებენ მაგრამ სამაგიეროდ მიშას სოდის ბრიგადები ყველა მეტ-ნაკლებად შეძლებულ ქართველ ბიზნესმენს ფულს წველიან და აიძულებენ საკუთარი ბოსების პირადი ხმარებისათვის მანქანები იყიდონ (პირადად ჩემი დაქალის ძმა იყო მისული მანქანების ბაზრობაზე და 3 პრადო იყიდა, რათა სოდის მეთაურებისათვის მამამისის გამოსაშვები თანხის ნაწილად ჩაებარებინა და ეს ცხოველები იმდენად განაგლდნენ (მაპატიეთ, სიტყვა კადნიერებას ვერ ვიხმარ მათთან მიმართებაში), რომ თან გაყვნენ, საკუთარი გემოვნებით აერჩიათ)?!

რა უნდა ქნას ხალხმა როდესაც დანაშაულების გახსნის მაჩვენებლის ამაღლებისათვის კომუნისტურ პრაქტიკას მიმართავს პატრული - საკუთარ "გამომცხვარ" დანაშაულებს "ხსნის"?!

რა უნდა ქნას ხალხმა, როდესაც პრეზიდენტი საკუთარი დემაგოგიის შედეგად იწყებს აბსოლუტურად გაუთვლელ სამხედრო ოპერაციას ისეთი მტერის წინააღმდეგ, რომელსაც ნაპოლეონიც და ჰიტლერიც კი ვერ მოერია?! და განა იმიტომ, რომ მაგარი ქვეყანაა, უბრალოდ იმიტომ, რომ რუსეთში ხალხი არ მთავრდება... პრეზიდენტია ბოლოს და ბოლოს და პირველ რიგში იმ ხალხზე უნდა იფიქროს, ვინც მის დე ფაქტო იურისდიქციაში იმყოფება და არა იმათზე, ვინც დე იურეა, პოლიტიკოსობა ხომ ამას ქვია... და რა უნდა ქნას ხალხმა იმ ქვეყანაში, რომლის პრეზიდენტმა ამ თავისი გაუმართლებელი ქმედებით ლამის იმედი დაგვაკარგვინა ოდესმე დავუბრუნოთ ოსეთი და აფხაზეთი?!

რა უნდა ქნას იმ ხალხმა, რომლის ლამის ერთადერთ დამოუკიდებელ ტელეკომპანიას პირდაპირ ეთერში არბევს სპეცრაზმი?!

ვაცალოთ?!

კიდევ სამი წელი ვაცალოთ?!

როდემდე ვაცალოთ, სანამ საბოლოოდ დაინგრევა ქვეყანა?!

ყველაზე მეტად რევოლუციებს ვერ ვიტან, მძაგს ჭირივით, არ მინდა რომ მიშა გადადგეს, მაგრამ როდესაც პოლიტიკურ დიალოგზე საუბარიც კი არარეალურია, რა უნდა ქნას ხალხმა?!

რა ვქნათ თუ ჩვენს პრეზიდენტს ჩვენი ხმის გაგონება არ სურს და იმალება?!

როგორ გავაგონოთ ხმა, თუ არ ვიყვირეთ?!

Hollow

რაღაც ამ ბოლო დროს ნამეტან ბევრს ვწერ პირადულ გამოხტომებზე...

კიარადა

აღარ ვწერ რიტორიკულ შეკითხვებზე...ალბათ იმიტომ, რომ არ მიჩნდება... ან იმდენად არ მიჩნდება, რომ ბლოგში დაწერა მომანდომოს.

მინდება აი მაგალითად ახლა, შუაღამისას, როდესაც აღრენილი ვარ ასე მგონია ყველაზე და ყველაფერზე და სინამდვილეში საკუთარ თავზე.

წესით ახლა მე პოლიტიკაზე უნდა შემტკიოდეს გული და ჩემს ქვეყანაზე... შემტკივა კიდეც, ოღონდაც დღისით. ვსხედვართ მე და დედი და სანამ ის სამშობლოში დაბრუნებულა ვმსჯელობთ და ვმსჯელობთ და ვმსჯელობთ...

მაგრამ შუაღამისას რომელი ილია ჭავჭავაძე ვარ მე, რომ ქვეყნის ტკივილი მტკიოდეს?!არ ვარ და არც ვაპირებ, ვინმეს მოვაჩვენო თავი ასეთად. ყოველთვის კოსმოპოლიტიზმი მახასიათებდა და ასევე გამძაფრებული აპოლიტიკურობა და რეალურად რომ ვთქვათ, ანარქიზმისკენ მიდრეკილება (ახლა არ დავიწყებ იმის ახსნას თუ რატომ მომწონს, რეალურად ვიცი მეც რომ უტოპიაა მაგრამ მეჩტაწ ნევრედნო).

ამ შუაღამისას მტკივა საკუთარი სიცარიელე...

არც თუ ისე დიდი ხანია ვცხოვრობ ამ დედამიწაზე, მაგრამ რაც მიცხოვრია, საინტერესო კანონზომიერება აღმოვაჩინე - ემოციური ინვალიდი ვარ.

მეგობრობას არ ვგულისხმობ. მეგობრობა ემოცია არაა, state of mind-ია და უფლისათვის უდიდესი მადლობის მეტი არაფერი მეთქმის, მსოფლიოში ყველაზე მაგარი მეგობრები მე მყავს ასე მგონია...

სასიყვარულო, რომანტიკულ თუ რაც ქვია ემოციებს ვგულისხმობ.

გქონიათ ისეთი შემთხვევა რომ ძალიან, ძალიან გინდათ პასუხობდეთ ვინმეს გრძნობას თქვენს მიმართ?! მაგრამ რომ ვერ პასუხობთ... და ისიც რომ იცით რომ ცდა არ ღირს, იმიტომ რომ მაინც კრახით დასრულდება ეს ყველაფერი და ეს კრახი თქვენი ემოციური ინვალიდობის ბრალი იქნება. იცით იმიტომ, რომ აქამდე არაერთი ადამიანისათვის გიტკენიათ გული, თან ძალიან მწარედ... და იცით, რომ შიგნიდან ცარიელი ხართ და არ გაქვთ ის ღვთიური ნაპერწკალი რომელსაც სიყვარულის უნარი ქვია...

და აი, მოდის თქვენთან შანსი, მოდის ადამიანი, რომელიც მზადაა ხელი ჩაგკიდოთ და მოიუხედავად იმისა, რომ მოხარშულს გიცნობთ, მაინც სცადოს ბედი...
თქვენ კიდევ კუდამოძუებული გარბიხართ, იმიტომ რომ იცით, რომ you are hollow...

არა ხო?!

ხოდა ღმერთმა არ განგაცდევინოთ.

P. S. ამასობაში რიტორიკული შეკითხებიც გამომსვლია...

Tuesday 5 May 2009

არეული

დავბრუნდი...
და მემგონი იმდენი შთაგონება მაქვს, რომ აღარც ვიცი, რითი დავიწყო...
ასე მგონია, რომ რაც არ უნდა დავწერო, ვერ დავწერ კარგად...
არადა რამდენი კარგი აზრი მიტრიალებდა და ვფიქრობდი, აი ნეტავ ახლა ინტერნეტი მომცა, რა მშვენიერი ბლოგპოსტი გამომივიდოდა...
მაგრამ
სამწუხაროდ
ჯერ ჯერობით მხოლოდ ასეთი უაზრობა გამომდის.

მხოლოდ ერთს ვიტყვი

იტალია

და ამით ყველაფერი ნათქვამია

- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -

მაგრამ აშკარად ამით ვერ ვამთავრებ...

და სულ სხვა რაღაცა უნდა დავწერო - დღეს მეგობარს ვაწყენინე...

შეიძლება დღეს არ ვაწყენინე, უბრალოდ დღეს გამოამჟღავნა, მაგრამ მე ძალიან დამწყდა გული, აი არანორმალურად...
არ ვიცი, ამ ნაწერს კითხულობს თუ არა, მაგრამ თუ შემთხვევით კითხულობს, ძალიან მინდა რომ მომწეროს და უბრალოდ ამიხსნას, რა მოხდა... და რა არის მისი ჩემგან შვებულების მიზეზი...

მემგონი ამას მაინც ვიმსახურებ...

მოკლედ, ყველაზე არეული პოსტია ამქვეყნად...

უბრალოდ კისერში მომაწვა და ამოვასხი.