It won't do

To dream of Caramel,

To think of Cinnamon

And long for you...

Thursday, 17 June 2010

Old Post IX

მოვიდა ეს დღეც...

ყოველთვის ვიცოდი, რომ ერთხელაც და მოვიდოდა...
უბრალოდ ბოლომდე მაინც თვალებს ვხუჭავდი...

პრინციპში, ახლაც ვხუჭავ.
ოღონდაც იმიტომ კი არა, რომ ამაყი ვარ და არ ვაღიარებ დამარცხებას,
არამედ იმიტომ, რომ საკუთარი "იმიჯის" მსხვერპლი გავხდი
და იმდენჯერ მქონდა ნათქვამი "თეთრი შავიაო"
რომ როდესაც ახლა ვამბობ "თეთრი თეთრია"-ს, მეგობრები მიღიმიან და
"ნეტაი შენ"-ო, მეუბნებიან...
ამიტომ აქ მაინც ვიტყვი
იქნებ უფრო დამაჯერებლად გამომივიდეს...

ერთადერთი შენთან ვთამაშობ...
ვთამაშობ ბოლომდე, ფარდამდეც და
ბისზეც.
და რომ იცოდე, როგორ მიჭირს და როგორი მიუჩვეველი ვარ.
ისე ძალიან, რომ "კიკინები მიჭერს"...

რომ შენ გეგონოს, რომ ჩემთან სულ მზეა,
სულ ვიღიმი და
მსუბუქად ვცხოვრობ...
რომ სულ არ მენატრები,
სულ არ დაკარგა ხიბლი ჩემთვის ყველა სხვა მამაკაცმა და
არ მომწყინდა ყოველ შაბათს
კაბასა და ქუსლებში გამოწყობილს
ღია კაფეებში სიგარეტის გაბოლება...
რომ აღარ შველის ჩემ თვითშეფასებას
სხვების ყურადღება და კომპლიმენტები,
რუჯი
და ახალი ვარცხნილობა...

ჰა ჰა...

არადა ეს ყველაფერი მით უფრო ირონიულია,
რომ იყო დრო და შენ ჩემი გულისთვის
საკუთარი გული
ამოგიღია
და დაგიდია
მაგიდაზე.
ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე და
პირდაპირ.
და მიუხედავად ყველაფრისა,
რაც მე შენთვის ოდესმე გამიკეთებია
და რაც მთავარია,
არ გამიკეთებია,
მაინც...

მელაპარაკებოდი მაშინ,
მარწმუნებდი,
მიმტკიცებდი,
მაგრძნობინებდი,
მაძალებდი...
მმმმმ...

მე კიდევ გაგექეცი...
ბავშვობის შიშებით
არასრულფასოვნებით
და
არასტაბილურობით
დამფრთხალი.

თან გავკიოდი, ორივესთვის ასე ჯობია-მეთქი...

არადა, თურმე მარტო შენთვის ჯობდა ეგრე.
მე კი დავრჩი გახვრეტილი სულით...
რომელიც აქამდე თურმე შენი სითბოთი იყო გამთელებული ისე,
რომ მე არც კი ვიცოდი,
სანამ არ მომაკლდა.

ახლა კიდევ უკვე გვიანია.

ცხოვრებამ ყველაფერი დააბალანსა -

რადგან მართლა მოვიდა ის დღე,
როდესაც შენ მე უკვე
აღარ მელოდები...

სამაგიეროდ ახლა გელოდები მე,
უბრალოდ იმაზე უფრო უიმედოდ,
ვიდრე აქამდე შენ მელოდებოდი...

და მართალია მე უკვე კარგა ხანი 19 წლის აღარ ვარ, მაინც
გამარჯობა, სევდავ!

Monday, 14 June 2010

Human Nature

რა მაგარი არსებაა ადამიანი.


როგორც გინდა, ისე შეგიძია განმარტო - როგორც ევოლუციის პიკი, როგორც ღვთის ქმნილება, როგორც ინდივიდუუმი, როგორც დიდი კედლის ნაწილი... რაც მთავარია, თითოეული უნიკალური და განუმეორებელი. ან, შესაძლებელია, მე უბრალოდ მინდა ამისი მჯეროდეს, მაგრამ ეს უკვე სულ სხვა ისტორიაა...


ყოველი ადამიანი თავისებურად აზროვნებს. Cogito, ergo sum, ჯერ კიდევ როდის თქვა რენე დეკარტმა და რომ დავუკვირდეთ ამ გამონათქვამს, მართლაც რომ მთელი კაცობრიობის ისტორია სწორედ ადამიანთა ნააზრევზეა აგებული. ხშირად ამბობენ რომ სწორედ ცნობიერება და აზროვნებაა ის (სულის გარდა) რაც ადამიანებს გამოარჩევს ცხოველებისაგან. შეიძლება ასეც არის, მაგრამ მე მაინც უფრო მეტ დაკონკრეტებას შევიტანდი ამ დებულებაში - ადამიანს საკუთარი ნააზრავის გადმოცემა და სხვისათვის გაზიარება შეუძლია, რაც ცხოველებს, ნამდვილად ვიცით რომ არ ახასიათებთ.


სწორედ ამ უნიკალურ ზოგადსაკაცობრიო (ამ სიტყვას მისი პირდაპირი მნიშვნელობით ვიყენებ, ანუ ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ აზრთა გაზიარება ყველა ადამიანს ძალუძს და ახასიათებს კიდეც) თვისებაზე ვფიქრობ ეს ბოლო ხანებია საკმაოდ ხშირად. იმ მიზეზებს აღარ ჩამოვუყვები, რამაც მიმიყვანა ამ თემაზე მსჯელობამდე, რადგან ეს ძალიან ბევრ დროს წაიღებს, მაგრამ გაგიზიარებთ ერთ საინტერესო დაკვირვებას, რომელიც აღმოვაჩინე.


ავიღოთ რელიგია. ნუ შეშინდებით, ნამდვილად არ ვაპირებ აქ ქრისტიანული, მუსულმანური, ებრაული თუ გნოსტიკური მრწამსის ფრქვევას. ამჯერად რელიგია მაინტერესებს მხოლოდ იმდენად, რამდენადაც ის ადამიანის ნააზრევს შეიცავს და მოდით აქვე შევთანხმდეთ, რომ ღვთიური ჭეშმარიტების გარდა, ადამიანური ბევრია მასში. ისტორიულად რატომღაც ყველა ასე თუ ისე "ჩამოყალიბებული" რელიგია, ძირეული ჰუმანიზმის გარდა, ჰღაღადებდა "განსხვავებულთა" დევნას, იქნებოდა ეს კერპთაყვანისმცემელი ეგვიპტელების მიერ ებრაელთა დევნა, რომაელების მიერ ქრისტიანების, ქრისტიანების მიერ მუსულმანების, მუსულმანების მიერ ყველა სხვა დანარჩენ რელიგიათა წარმომადგენლების თუ სხვა. ფაქტი ერთია - ყოველ რელიგიას მიაჩნდა (და ახლაც მიაჩნია, თუ კათოლიკურს არ ჩავთვლით, რადგანაც არც თუ ისე დიდი ხნის წინათ იოანე პავლე მეორემ განაცხადა, რომ "ყველა რელიგიაში არის ჭეშმარიტების მარცვალი") რომ მხოლოდ ის არის ჭეშმარიტი და ის მიგვიყვანს სამოთხემდე და ცხონებამდე. ეს მრწამსი იმდენად ღრმად იყო გამჯდარი (ან „გაჯენილი“, როგორც გინდათ) საზოგადოების ცნობიერებაში, რომ ნებისმიერ ადამიანს, რომელიც იმდენს მაინც გაბედავდა, რომ დასვამდა კითხვებს, უსწორდებოდნენ უდიდესი სისასტიკით - აიღეთ ინკვიზიცია, ან თუნდაც ირანის აიათოლა ხომეინი, რომელმაც აბსოლუტურად ლეგიტიმურად ცენტრალური მასობრივი საშუალებების მეშვეობით მოუწოდა მთელი მსოფლიოს მუსლიმებს დაუყოვნებლივ მოეკლათ სალმან რუშდი და მისი გამომცემლები სამოთხეში მოხვედრის სანაცვლოდ. ჭეშმარიტება ერთია, გზა რომლისკენაც უკვე, საკმაოდ მოხერხებულად, დასახულია შენთვის და კეთილი ინებე და გაჰყევი. არ გაჰყვები და ამოგძრკვავენ, როგორც სარეველას...


კარგი, ვაღიარებ, რელიგია მგრძნობიარე თემაა და ამავე დროს ძალიან ისეთი, პირადული. მოდით, პოლიტიკას შევეხოთ - ეს მაინც ხომ სახალხო და მაქსიმალურად საკეთილდღეო სფეროა. მაგრამ აქაც - დაწყებული ადრეული მონარქიებიდან, რომლებშიც მეფისაგან განსხვავებული აზრის გამოთქმისათვის ადამიანებს სარზე სვამდნენ, დამთავრებული უახლესი ისტორიით. ყველაფერი ამტკიცებს იმას, რომ ჭეშმარიტება მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს. მესამე რეიხის დროს იყო ჰოლოკოსტი, როდესაც ადამიანებს არა რელიგიური მრწამსის გამო, არამედ უბრალო ნაცინოალური კუთვნილების გამო ჟლეტდნენ (და გთხოვთ, გაითვალისწინოთ, ეს ხდება მეოცე საუკუნეში უცივილიზირებულეს სახელმწიფოში, გერმანიაში). ან, ავიღოთ საბჭოთა კავშირი - ყველაზე არარელიგიური სახელმწიფო მსოფლიოში - საკმარისი იყო მეგობართან მიმოწერაში სახელის უხსენებლად ოდნავ მაინც გამოგეთქვა უკმაყოფილება დიდი ბელადის პოლიტიკით - მყისვე გაციმბირებნენ (თუ ძლიერი ნერვები გაქვთ, წაიკითხეთ სოლჟენიცინი. მე დავიწყე და ვერ გავქაჩე). კითხვის დასმა, ეჭვის შეპარვა, კრიტიკა - ეს ყველაფერი აკრძალული ხილი არის იმ სახელმწიფოში, სადაც ხელისუფლება საკუთარი შეხედულებისამებრ ჭეშმარიტ გზას ირჩევს თავისი მოსახლეობისათვის. რაღა შორს წავიდეთ - ჩვენს ქვეყანაშიც ბევრზე ბევრი არის ამის მაგალითი, შეიძლება განსხვავებულ მასშტაბში, მაგრამ მაინც. სწორი არჩევანი მხოლოდ ერთია - და ვაი შენს პატრონს, თუ მას არ გააკეთებ...


თუ გინდათ, გლობალურობასაც შევეშვები. ძალიან უბრალო, ყოველდღიურ და ყოფით ასპექტში გადავინაცვლებ. ბევრი შეგხვედრიათ ადამიანი, რომელთანაც კამათი სიამოვნებას განიჭებთ? მინდა მჯეროდეს, რომ კი, თუმცა ჩემი პირადი პასუხი სამწუხაროდ არა იქნება. არადა როგორ მიყვარს მსჯელობა და რაც მთავარია, სხვისი აზრის მოსმენა, იმ იმედით, რომ აქამდე ჩემთვის რაღაც ახალს, უცნობს აღმოვაჩენ. ადრე მეგონა, რომ ყველაზე დიდი შედეგი, რასაც მსჯელობას ან კამათს შეიძლება მოჰყვეს, ეს ჩემი აზრის გამარჯვებაა. გავიდა დრო და მივხვდი, რომ ეს ძალიან იშვიათად ხდება და თუ ხდება, ეს "გამარჯვებად" არ მესახება. გაცილებით უფრო მსიამოვნებს ისეთ ადამიანებთან კამათი, რომლებიც თავის პოზიციაზე მტკიცედ და გააზრებულად დგანან, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათი აზრი ჩემსას არ ემთხვევა. ხოლო რაც შეეხება ფანატიკოს ადამიანებს, მათთან კამათი არც კი ღირს - მაინც კედელზე ცერცვის შეყვრაა.


ასეთი მაგალითები კიდევ უამრავია - რასისა თუ ეროვნების სფეროში, გემოვნების, სოციალური პოზიციის და ..


და ყოველივე აქედან გამომდინარე, მებადება ისევ კიდევ ერთი კითხვა...


გასაგებია, რომ აზრის გამოხატვა და აზრის გამოთქმა ყველა ადამიანის (და შესაბამისად ხელისუფლების და რელიგიის და ..) განუყოფელი თვისებაა, ფაქტიურად რომ ვთქვათ, ადამიანის ბუნებაა... სიტყვის თავისუფლებაო, გაჰკივის „ცივილიზებული“ სამყარო და ამ უფლებას საყოველთაო „სიბნელეს“ უპირისპირებს...


მაგრამ


ვინ თქვა, რომ აზრის გამოხატვა და აზრის თავზე მოხვევა ერთი და იგივეა?!