It won't do

To dream of Caramel,

To think of Cinnamon

And long for you...

Sunday 29 March 2009

რიტუალები

გაქვთ ცხოვრებისეული რიტუალები?

მე კი...

მაქვს ხანდახან ასეთი დღეები, როდესაც მინდა ყველაფერი განზომილად, დალაგებულად და გაწონასწორებულად მიდოდეს. მაგალითად როგორც ამ შაბათს.

დილით 9 საათზე გავიღვიძე, ავდექი და ჩემს საყვარელ საუზმეს ჩავუჯექი – ერბო კვერცხი, ახალგამომცხვარი პური, ლორი, ფორთოხლის წვენი, თაფლის სიმინდის ბურბუშელა და რძე.

10 საათზე იოგა მქონდა. დილით წვიმდა, მაგრამ სიზარმაცე დავძლიე და გავუდექი გზას. არ ვინანე, კარგი იყო.

იოგიდან გამოსული წავედი market-ზე. შაბათ დღეს მდინარის ორივე მხარეს გაშენებულია სავაჭრო კარვები და იყიდება უამრავი გემრიელი რამ, ახალ ხილ-ბოსტნეულთან ერთად. ამასობაში ამინდიც გამოსწორდა, გამოანათა მზემ. შევიძინე კვირის სანოვაგე და გავეშურე სახლისკენ.

სახლში მისული ოთახის დალაგებას შევუდექი. აიპოოდით ყურებში ჯერ მეთოდურად გადავწმინდე მტვერი, შემდეგ მოვატარე იატაკს მტვერსასრუტი, სველი ტილოც გადავუსვი ამ ყველაფერს ზემოდან და მივალაგე ჩემი სამუშაო მაგიდა.

ამ საქმეს რომ მოვრჩი, მზარეულობაზე გადავედი. დღეს სტუმრად მეგობარს ველოდებოდი, რომელსაც კარგა ხანია “სახლის” კერძები არ მიურთმევია, ამიტომ გავაკეთე საკმაოდ პროზაული, მაგრამ გემრიელი წითელი ლობიო და კატლეტი.

ამასაც რომ მოვრჩი, შევედი აბაზანაში, მივიღე ხანგრძლივი ცხელი შხაპი, გავიკეთე ფრჩხილები, გავიშრე თმა, დავიდე მაკიაჟი...

და უკვე 5 საათი იყო როდესაც სატელეფონო ზარმა მაუწყა, ჩემი მეგობარი სახლის კარებთან იდგა...

და ასე, უცებ დამთავრდა ჩემი შაბათის სარიტუალო ნაწილი და დაიწყო სპონტანურობა...

Saturday 28 March 2009

რა დამთხვევაა

თურმე მე ვყოფილვარ ამ ფილმის soundtrack...
ყოველთვის მიმაჩნდა რომ საუკეთესო ფილმია სიყვარულზე...


Thursday 26 March 2009

უსაქმურობის ჟამს

ბლოგში რიგირთ მეორე პოსტის დაწერა ყოველთვის ნამდვილი challenge-ია.

თუ პირველი პოსტი ასე თუ ისე ყოველთვის მოგწონს, მეორე საწვალებელია – ასე ვთქვათ სტანდარტი უკვე მონიშნულია, მასზე დაბლა არ უნდა ჩამოხვიდე... ესეიგი, დაგრჩენია ერთადერთი გზა – სულ ზევით, ზევით... მაღლა და მაღლა.

და რა ვუყო იმას, რომ დღეს არც არაფერი მომხდარა ისეთი, ღირშესანიშნავი? დილიდან უჟმური ამინდია, ცრის და ფანჯრის რაფაზე მოკაკუნე ხის ტოტზე გაჩენილი კვირტებიც კი ვერ მახალისებენ მაინცდამაინც...

ახლა დავალებას უნდა ჩავუჯდე და სასტიკად მეზრება.

Supernatural sucks bigtime...

P. S. აშკარად დასახულ სტანდარტზე დაბლა ჩამოვედი, მაგრამ არაუშავს. ეს ხომ თვით ორიგინალურობაა...

ხშირად მიფიქრია იმაზე, რომ უამრავი ადამიანი თავის ჩაფლავებას, წარუმატებლობას, ლამაზად ფუთავს და ”ორიგინალურობად” ასაღებს... დაკვირვებიხართ თქვენც? ასე მაგალითად – წაიკითხავენ შექსპირს, ჩათვლიან, რომ ყველაფერი ზედმეტად მარტივია და იწყებენ დემაგოგიას იმის თაობაზე რომ შექსპირის რეალიები მოკვდა. ვითომ ორიგინალურები არიან...

ან კიდევ – უნდათ ყავდეთ ვინმე, მაგრამ არ ყავთ და თავს კვლავ ორიგინალებად ასაღებენ – მათ ხომ ვერავინ გაუგო და მათ ორიგინალურობას და უნიკლაურობას ბოლომდე ვერ ჩაწვდა...

ან კიდევ – ზედმეტად ემოციურები რომ დაიარებიან, დამწუხრებულები და დღე და ღამ იმაზე წუწუნებენ, როგორ არ უმართლებს ამ ქვეყანაში, რა მუხანათია ეს წუთსოფელი და როგორ ყველაფერი ფულზე გაიყიდა, როგორ ერევათ გული ამ ამაზრზენ სამყაროზე და როგორ არ კადრულობენ მისი წესებით ცხოვრებას... სინამდვილეში კი...

ისევ დამებადა რიტორიკული შეკითხვა:

სად გადის ზღვარი ნიჭსა და პათეტიკურობას შორის?

Wednesday 25 March 2009

აპოლიტიკური

დღეს ძალიან საინტერესო რამ გადამხდა თავს. 

ლექციის დაწყებამდე მე და ჩემი ჯგუფელი Катя ვიდექით უნის შესასვლელთან, ვეწეოდით, ვეფიცხებოდით მზეს (გაზაფხულის სურნელი ტრიალებდა ჰაერში და გვინდოდა ჩვენი წილი ვიტამინი D მაინც მიგვეღო,რუჯი თუ არა) და ის მიყვებოდა გუშინდელი პიცის საღამოს ჭორებს, რომელიც მე გამოვტოვე, რადგანაც დეპრესიის შეტევა მქონდა და სახლში დარჩენა გადავწყვიტე.

შუა ლაპარაკში მოგვიახლოვდა ერთი სიმპატიური ახალგაზრდა და რუსულად გვთხოვა სანთებელა.
ორივეს, მეც და Катяსაც ჯერ გაგვიკვირდა, იმიტომ რომ ამ ერთ-ერთ რიგით ევროპულ უნივერსიტეტში არ ვართ მიჩვეულები რუსული ენის გაგონებას არავისგან, საკუთარი თავების გარდა. შემდეგ კი გაგვიხარდა, რადგანაც ახალგაზრდა იყო საკმაოდ სიმპატიური, აშკარად მეგობრული და რაც მთავარია, მწეველი.

საუბარი ჩვეულებრივად წამოიწყო, ახალგაზრდას ერქვა სერგეი, იყო 23 წლის და უკვე 12 წელი ცხოვრობს თურმე აქ. საინტერესო ნაწილი შემდეგ გამოჩნდა:
- Ну, девчёнки, а вы откуда?
- Я лично из Питера.
- О, круто!!! А ты?
- Тбилиси... А сам?
- Украина...

ფრაზის დასრულებისთანავე საინტერესო სიჩუმე ჩამოვარდა...
და მერე სამივეს ისტერიულად გაგვეცინა.

ხოდა გამიჩნდა ასეთი სასაცილო აზრი:

მაძღარ კუჭზე არავინ ფიქრობს ამაღლებულ იდეალებზე...

უნდა ვაღიარო, რომ ეს მთლად ჩემი აზრი არ არის. ეს დებულება საკმაოდ საინტერესოდ და ძააააალიან სასაცილოდ თავის დროზე არაჩვეულებრივად განავითარა ჯერომ კლაპკა ჯერომმა ნოველაში "საჭმლისა და სასმელის შესახებ", მაგრამ ეს ამბავი მხოლოდ ხაზს უსვამს ამ თეორიის სისწორეს.

ვიდექით ასე, სამი ძველად სოციალისტურად დამეგობრებული და ახლა ერთმანეთთან დაპირისპირებული (ნუ საქართველო და უკრაინა კი მეგობრობენ რუსეთის წინააღმდეგ მაგრამ მაინც) ნაციის წარმომადგენელი და ვიცინოდით ჩვენს ეროვნულ, ნაციონალურ, წესით სისხლში ჩამჯდარ კონფლიქტზე...
და საღამოს შევთანხმდით დაგველია ლუდი... ან სულაც ვოდკა, ჭაჭა ან ღორილკა...

და რატომ?
ალბათ იმიტომ, რომ სამივე ვცხოვრობთ ევროპაში, ლამაზ ქალაქში, ვსწავლობთ პრესტიჟულ უნივერსიტეტში, ვეუფლებით პროფესიას, რომელიც საკმაოდ ნორმალურ ანაზღაურებას მოგვიტანს მომავალში, ირგვლივ მზე ანათებს და ყველაფერი მშვიდადაა...
ჩვენს მიკროსამყაროში,
ჩვენს კუჭში...

ხოდა დამებადა რიტორიკული შეკითხვა...
თუ ეგოიზმი მავნე თვისებად ითლება ადამიანში,
რატომ არის ურა-პატრიოტიზმი ასეთი საამაყო?