It won't do
To dream of Caramel,
To think of Cinnamon
And long for you...
Tuesday, 8 June 2010
მოვალ
Saturday, 1 May 2010
ქუჩაში რომ შემოგხვდეთ
ამიტომ, საინტერესოა, შევაგროვოთ და ერთმანეთს მივაწოდოთ მინიშნებები საკუთარი თავების შესახებ - ისეთი კი არა, საპასპორტო-სამედიცინო მონაცემებს რომ გვანან, არამედ უფრო პიროვნული, მიხარული და ორიგინალური. მოკლედ ისეთი, როგორიც ზურიუსმა ჩამოთვალა.
მე ვცდი ჩემსას და ვნახოთ, რა გამოვა.
მაშ ასე, დავიწყოთ:
1. საკმაოდ სწრაფი სიარულის მანერა მაქვს. მაშინაც კი, როდესაც წესისამებრ უნდა მივსეირნობდე :).
2. ჩაცმულობის რომელიმე ელემენტი მაინც მექნება ყავისფერი, ბეჟი ან კარამელ-დარიჩინისფერი. ტყუილად კი არ ჰქვია ჩემს ბლოგს ასე ;)
3. თუ მზიანი დღეა, აუცილებლად მზის სათვალე მეკეთება. ეს პიჟონობის გამოვლინება კი არა, უფრო სამედიცინო აუცილებლობითაა გამოწვეული - პირდაპირი მზის სხივების „პერედოზისგან“ თვალები მიცრემლიანდება, მიწითლდება და მისივდება.
4. თუ წვიმს, მეცმევა ბოტები და არც ერთ ტყლაპოს არ ავუვლი გვერდს, იმით ბედნიერი რომ თამამდ შემიძლია მათზე გადავლა.
5. თუ მარტო მოვდივარ, აუცილებლად თეთრ აიპოდის ყურსასმენებს შეამჩნევთ ჩემს ყურებში. ამიტომ, არანაირ დაძახილზე არ ვრეაგირებ.
6. თუ მარტო მოვდივარ და ყურსასმენები არ მიკეთია, ორადორი ვარიანტია: ან აქვე ვარ მაღაზიაში გადასული ან კიდევ მანქანაში ვჯდები. დააკვირდით ჩემს ხელებს - თუ ვათამაშებ გასაღებს წითელი გოჭის ბრელოკით, ესეიგი მეორეა :).
7. ამინდის და მიუხედავად, თითქმის ყოველთვის მეკეთება რაიმე დასახელების კაშნი/შალი/მოსახვევი. დიდი ფანატი ვარ გარდერობის ამ ელემენტის.
8. თუკი კაშნი ვერ შემამჩნიეთ, კისერზე დამაკვირდით - ყოველთვის მიკეთია ერთი წითელი ბროლის გული და ვერცხლის პატარა ნემსიყლაპია. ამ ორი ძეწკვის გარეშე ვერასოდეს მნახავთ ვერსად. მაშინაც კი, როდესაც ისინი არ ჩანან, ესეიგი ტანსაცმლის შიგნიდან იმალებიან.
აქვე მეორე ნაწილი - როდესაც უკვე აღმოაჩენთ რომ თქვენთან მახლობლად მიმავალი ადამიანი მე ვარ და გადაწყვიტეთ, დამელაპარაკოთ:
1. არ გაგიკვირდეთ, თუ თავიდანვე გაოგნებული ღიმილით შემოგხედავთ - ალბათ როგორც ყოველი სხვა ადამიანი, მარტო ქუჩაში სიარულისას რაღაცა აბსოლუტურად განყენებულ თემაზე ვფიქრობ და აზრი რომ გამიწყდება, ვიბნევი.
2. როდესაც მეტყვით, რომ ჩემი ბლოგ-აღწერიდან ამომიცანით, გამეცინება და გავწითლდები. იცოდეთ, რომ გულში ძალიან გამიკვირდება, რომ მიცანით.
3. გამოლაპარაკებისას პირდაპირ თვალებში რომ შემოგხედავთ, ნუ გაგიკვირდებათ. მე ასე ვიმახსოვრებ ხალხს.
4. რომ გამეცნობით, თქვენი სახელი და საკონტაქტო მონაცემები კი არა, თქვენი ბლოგის მისამართი მიწილადეთ... აწი უკვე გაათმაგებული ინტერესით ჩავეკითხები თქვენს ნაწერს!
არ ვიცი, რამდენად „იდენტიფიცირებადი“ გამოვედი ყოველივე ამ ზემოთჩამოთვლილიდან გამომდინარე, მაგრამ მემგონი, ზუსტად ეს არის ამ პოსტის „მუღამი“... თუ გეგონებათ, რომ ამომიცანით, არ მოგერიდოთ, მოდით და მომესალმეთ, თუნდაც სახეზე უპირქუშესი გამომეტყველება მქონდეს აფარებული. იცოდეთ, რომ აუცილებლად გამიხარდება!
ამ ჩემს პოსტში ვთაგავ ნასტასიას და ნატალიას. ძალიან, ძალიან მინდა ეს ორი ჯერ კიდევ ჩემთვის ასე თუ ისე უცნობი ადამიანი შევძლო ამოვიცნო ქუჩაში, სრულიად შემთხვევით...
Sunday, 10 January 2010
საახალწლო პოსტი
თითქმის ჩაიარა ამ ახალწლებმა... არ ვიცი რატომ, მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ამჯერად განსაკუთრებით გაიწელა. ბაკურიანიდან ჩამოვედი 6-ში და თბილისში ნაძვისხეები და საახალწლო გაფორმება რომ დავინახე, ძალიან გამიკვირდა, ამდენი ხანი რით ვერ მოხსნეს-თქო ვიფიქრე...


Wednesday, 30 December 2009
ძალიან მომნატრებია...
Tuesday, 15 December 2009
კონცერტები
განა საყვედურად მითხრა, ისე, ფაქტად აღნიშნა...
მე კი დავფიქრდი, ნეტა რატომ?
ნუ, ერთი მიზეზი ალბათ ისაა, რომ საერთოდ, დამწყები ბლოგერი ვარ, თუ ვარ ბლოგერი საერთოდ და დიდად ვერ ვერკვევი აქაურობის ვიზუალურ გაფორმებაში. მეორე ის, რომ თავიდანვე ჩაფიქრებული მქონდა სადა ბლოგი გამეკეთებინა, წყნარი, არათვალისმომჭრელი ფონით, ჩემი აზრით, ხალხისათვის ადვილი წასაკითხი. და მესამე - ვიზუალური მასალა ანონიმურობის მტერია. მე კი ეს ბლოგი მაინც ასე თუ ისე ინკოგნიტოდ
მინდა დავიცვა...
არადა, ფოტოგრაფია მიყვარს.
ნახევარი წელია დაახლოებით რაც მომეცა საშუალება ისეთი ფოტოები გადავიღო, რომ მთლად უკმაყოფილო არ ვიყო შედეგით, თუნდაც ტექნიკური მხარით...
ასე სპონტანურად მომივიდა იდეა რამოდენიმე ფოტო ამეტვირთა ამ ჩემს ბლოგზე. მართალია, პოსტის სახით, მაგრამ მაინც.
თემატურად ეს ფოტოები ერთმანეთთან კავშირშია - ყველა მათგანი ჩემი უსაყვარლესი შემსრულებლების კონცერტებზეა გადაღებული. ავტორი, ცხადია, მე ვარ.
მაპატიეთ არაპორპორციულობისთვის, კომპოზიციის დარღვევისთვის და საერთოდ, ყველა იმ შეცდომისთვის, რაც მათში, როგორც ფოტოგრაფმა, დავუშვი. საკუთარი თავის გასამართლებლად მხოლოდ იმას ვიყტვი, რომ ყველა მათგანს manual-ის რეჟიმზე ვიღებდი, თანაც ჩემს ირგვლივ საშინელი ჭყლეტვა და აურზაური იყო, ხოლო მე კი შემსრულებლის და კონცერტის ატმოსფეროს დაჭერას ვცდილობდი ობიექტივში...
დიდად არ გამომივიდა, მაგრამ მაინც, here goes...
Sia
Concha Buika
Dee Dee Bridgewater
Take 6
Hugh Masakela
Nouvelle Vague
P. S. აქვე დავამატებ იმ მუსიკოსების ჩამონათვალს, რომელთა კონცერტს მართალია დავესწარი, მაგრამ სხვადასხვა ტექნიკური მიზეზების გამო, ვერ აღვბეჭდე დოკუმენტურად (ძირითადად იმიტომ, რომ გადაღება იყო აკრძალული) - Travis, David Sanborn, Seal, Adele, Jamie Cullum, Jazzanova, Radiohead, Keane, Tiesto.
Saturday, 21 November 2009
სიყვარულების შესახებ
ჯერ ის, რომ არის ე.წ. “ქალ-ვაჟური” (ან თუნდაც ჰომოსექსუალური, ვიყოთ პოლიტიკურად კორექტულები), დედა-შვილური და ოჯახური, მეგობრული, კეთილმეზობლურიც კი... რა თქმა უნდა, ყველა ზემოთხსენებული ტიპის განხილვას არც კი შევეცდები, მით უფრო რომ არც გამაჩნია სურვილი... ადვილი მისახვედრია ალბათ, რომელ ერთზე შევაჩერებ არჩევანს.
თითოეულ ადამიანსაც სხვადასხვანაირად უყვარს. ამბობენ, რამდენი ადამიანიცაა, იმდენნაირი სიყვარულიც არსებობსო. ძნელია არ დაეთანხმო. მითუმეტეს, რომ ხანდახან ერთსა და იმავე პიროვნებას სხვადასხვანაირად უყვარს ცხოვრების მანძილზე სხვადასხვა ადამიანი.
ყველაზე მძაფრი, როგორც წესი, პირველი სიყვარულია. ყოველ შემთხვევაში, ასე არის ჩემს მიერ გაგონილ უმეტეს შემთხვევაში (და ამას მოწმობს ჩემი პიროვნული გამოცდილებაც). რატომაა მძაფრი? ალბათ იმიტომ, რომ პირველად როცა გვიყვარს, უკანმოუხედავად გვიყვარს... არ გვაინტერესებს რა იქნება მომავალში, ვუხდებით თუ არა ერთმანეთს პიროვნულად, საერთოდ, ვიქნებით თუ არა ჩვენი გრძნობის ობიექტთან ერთად ოდესმე. უბრალოდ გვიყვარს, და მორჩა. ყოველგვარი ლოგიკისა და აზრის წინააღმდეგაც კი (და ხშირად, ჩვენი მშობლებისაც). გვიყვარს სულისშემაძრწუნებლად, პათეტიკურად, ხანდახან უიმედოდ, ხანდახან ბედნიერად… უფრო ხშირად კი, ამ ყველაფრის ერთობლიობით. ზოგს უმართლებს და ეს პირველი გრძნობა მათი ერთადერთი და უმთავრესი ხდება, ზოგი კი, წარუმატებლობის შემდეგ აგრძელებს გზას და ძიებას.
არის კიდევ პლატონური სიყვარული. საქართველოში უმეტესობა ასეთია. ოღონდაც იმიტომ კი არა, რომ თავად გრძნობაა ასეთი არაფრისმომთხოვნი და უმწიკვლო, არამედ ძირითადად იმიტომ რომ “აბა მერე ცოლად რომ არ მომიყვანოს?!” ანდა კიდევ “ეგ მე თუ დამნებდა, სხვასაც დანებდება”. გამონაკლისებს, როდესაც თავს რელიგიური ან სხვა რაიმე საფუძვლიანი მიზეზის გამო იკავებენ, არ ვეხები. ჩემი ღრმა რწმენით, პლატონურ სიყვარულს დიდი ხნის მომავალი არ უწერია, ის მხოლოდ ლამაზ ეპისტოლარულ რომანებში თუ ცოცხლობს. თუმცა ეს მხოლოდ ჩემი აზრით, ისევ და ისევ, რა ვქნა რომ ლაურა მე არა ვარ და არც პეტრარკას წერილებს და სონეტებს ველი...
პლატონური სიყვარულის ანტიპოდია სექსუალური ლტოლვა. ან თუნდაც უბრალო მიზიდულობა. ინგლისურად ამ ფენომენს ასეთ საინტერესო ტერმინად მოიხსენიებენ – chemistry. და მართლაც, ეს განმარტება, ჩემი აზრით, ყველაზე ახლოს დგას ამ ფენომენის არსთან, იმიტომ რომ თუ არა ფერომონებით, რითი ახსნი ამ გაუაზრებელ სურვილს შეეხო ახალგაცნობილ ადამიანს, თუნდაც ის სრულიადაც არ მოგწონდეს, როგორც პიროვნება... აქვე მინდა ვთქვა, რომ გავრცელებული მითის საწინააღმდეგოდ, ასეთი ლტოლვა არა მარტო კაცებს აქვთ, არამედ ქალებსაც. ამას პირადი გამოცდილებიდან ვიძახი ასევე და რავიცი, ბოლოს რომ სარკეში ჩავიხედე, დამიმოწმა, თუ რომელ სქესს განვეკუთვნები...
არსებობს კიდევ ცალმხრივი სიყვარული. მწარე რამეა ძალიან, მტკივნეული, განსაკუთრებით ეგოცენტრიული ადამიანებისათვის, თუმცა, ჩემი აზრით, აუცილებელი. თუ ცალმხრივად არ გყვარებია, არ გყვარებია “საზღაურის” მიღების გარეშე, ვერასოდეს შეიყვარებ ნამდვილად. ცალმხრივი სიყვარულის კიდევ ის მომწონს, რომ ძალიან “პროდუქტიულია”. თუ დავაკვირდებით, ყველაზე კარგი წინგნები, ლექსები, მუსიკალური შედევრები ცალმხრივი სიყვარულის ნიადაგზე შექმნილა... ძალიან მარტივი პირადი პარალელი – ბლოგზე გაცილებით მეტს მაშინ ვწერ, როდესაც გულგატეხილობა მიტევს...
ზემოთჩამოთვლილის გარდა კიდევ უამრავი სიყვარული არსებობს... როგორც უკვე ვთქვი, ყველას ჩვენ-ჩვენი გაგვაჩნია, მაგრამ მთავარი ეს არ არის... მთავარი უფრო ისაა მგონი, როგორ ვიპოვოთ ამდენ არსებულ ვარიანტში ნამდვილი?!
და ალბათ სწორი პასუხი ამ კითხვაზე არ არსებობს...
ისევ და ისევ იმიტომ, რომ ეს პასუხი ყველას ჩვენ ჩვენებურად გვესახება.
მე ერთს დავამატებ მხოლოდ,
ჩემს პასუხს.
ჩემი ნამდვილი სიყვარული ადვილია...
წლები დამჭირდა იმისათვის, რომ მივსულვიყავი ამ დასკვნამდე.
ჩემი სიყვარული მშვიდია, მაგრამ ვნებიანი. ჩემი სიყვარული მსუბუქია, მაგრამ ძლიერი. ჩემი სიყვარული არ არის საზოგადოებაზე გათვლილი, ის მხოლოდ ერთი ადამიანისაა. ჩემი სიყვარული არ აყენებს მოთხოვნებს, ის უბრალოდ სიცოცხლის კალაპოტს მიყვება. ჩემი სიყვარული ტკბება ერთად გატერებული წუთით და არ დარდობს უერთმანეთოდ გატარებულ დღეზე... ჩემი სიყვარული ბევრს არ ლაპარაკობს საკუთარ თავზე, მაგრამ სამაგიეროდ ბევრს მაწერინებს... ჩემი სიყვარული არ არის ცხოვრების არსი, ის მისი თანამდევია... ჩემი სიყვარული არ აწყობს გეგმებს, ის ტკბება დღევანდელი დღით...
ბოლოს და ბოლოს, ვინ იცის, რამდენი ბედნიერი დღე შეიძლება ჩაითვალოს მარადისობად?!
P. S.
Monday, 26 October 2009
Update
დრო მოვიდა მორიგი შემეცნებით-სამეცნიერო შეჯამებნა გავაკეთო ჩემი გასული ცხოვრების გარკევული პერიოდის. მახსოვს რა, რომ წინა ამ სახის პოსტმა საკმაო პოპულარობით ისარგებლა, შევეცდები რომ არ დავაგდო "დონე" და ესეც მაქსიმალურად საინტერესო გავხადო მკითხველისათვის. მაშ ასე, წავიდა:
გავუშინაურდი ბლოგს: გაშინაურებაში იმას ვგულისხმობ, რომ, როგორც იქნა, დავადგინე, როგორი სახით და სტილით უნდა ვეურთიერთო ჩემს აქაურობას. არ გამომივა ყოველდღე ან თუნდაც კვირაში რამოდენიმჯერ პოსტვა, ნონსენსია. არ შემიძლია ჩემი ცხოვრებისეული ქორონოლოგიის გამოფენა და არც ვთვლი საჭიროდ, მიუხედავად იმისა, რომ სხვა ასეთი ბლოგების კითხვა ძალიან მიყვარს. მაგრამ ჩემით მაინც არ და ვერც გავაკეთებ - ჯერ ერთი, მიზანმიმართულება და ნებისყოფა არ მეყოფა, მეორეც ერთი - არ ვთვლი რომ ჩემი ყოველდღიური ცხოვრება მაინცდამაინც საინტერესო წასაკითხია და მესამეც - არ შემიძლია ლაპარაკი, როდესაც არ "მელაპარაკებინება" და შესაბამისად, იგივე გავრცელდა წერაზეც. აქედან გამომდინარე შევიმუშავე იდეალური ვარიანტი - ჩემი ცნობიერება უკვე ცნობს ე.წ. "საბლოგო აზრებს" როდესაც ასეთები მიჩნდება თავში და მერე, რამოდენიმე დღე ტვინში ვამუშავებ. შემდეგ ნელ ნელა ფურცელზე გადამაქვს და ბოლოს, როდესაც მივხვდები, რომ ნამდვილად ღირს ეს აზრი გამოსახატავად, ვაგდებ ვებ-სივრცეში. აი მერე კი იწყება ყველაზე საინტერესო რამ - რაღაც უცნაური ჯაჭვური რეაქცია - მოდიან და მოდიან ემოციები, აზრები... და მეც ვწერ, სანამ არ დაშრებიან... შემდეგ თვემდე :)
დავბერდი: ხო, ოქტომბერში ჩემი ბიოლოგიური წელიწადი იღებს სათავეს. გავხდი ერთი წლით კიდევ უფრო ბებერი, ვიდრე აქამდე ვიყავი. რომ გითხრათ, შეცვლილად მეჩვენება რამე, მოგატყუებთ. სინამდვილეში, რატომღაც ზუსტად ახლა მაქვს ისეთი გრძნობა რომ ჯერ ზედმეტად ახალგაზრდა ვარ იმისთვის, რომ თავი დამშვიდებულად ვიგრძნო - ამიტომ ათას შესაძლო ვარიანტს ვხედავ წინ ჩემი ცხოვრების. და რასაც ვერ ვხედავ, იმას ჩემით ვქმნი :) ვნახოთ, კიდევ მაქვს დრო რომ ვივარაუდო რაღაცეები. არ გამოვა ერთი, გამოვა მეორე და თუ მეორეც არ გამოვიდა, მესამე ხომ ყოველთვის გარანტირებულია. აი ესე :) ხო, თვითონ აღნიშნვნას რაც შეეხება, ძალიან კარგი იყო. პარიზში ვიყავი. და მქონდა ეიფელის კოშკიც და თეთრი ფერარიც :)
ავიღე დიპლომი: გაგიკვირდებათ და, კურსზე პირველი ვარ აკადემიურ მოსწრებაში. არა მარტო წარჩინებით დავამთავრე, არამედ მთელს ჯგუფში ყველაზე მაღალი საშუალო მოსწრების ქულა ავიღე და ამის გამო გამოსაშვებ საღამოზე სიტყვით გამოსვლა მომიწია. სიტყვა იქით იყოს, მაგრამ ძალიან კი გამიხარდა. ის კი არ გამიხარდა, რომ აი, ყველაზე მაგარი ვყოფილვარ (არადა არანაირად არ მიცდია, თავისით გამოვიდა), არამედ ის გამიხარდა, რომ ქართველმა აჯობა ყველას... უცხო ენაზე სწავლობდა, წერდა, მეცადინეობდა, აზროვნებდა, კითხულობდა და მაინც აჯობა ამ ენასთან მშობლიურ დამოკიდებულებაში მყოფებს... 10 წლის პრაქტიკის მქონეებს... ევროპისა და ამერიკის საუკეთესო უნივერსიტეტებში განათლებამიღებულებს... აი, იშ! მართლა ძალიან მეამაყება, რომ ჩემი, ქართული გვარი სამუდამოდ დარჩა კურსდამთავრებულთა ოთახის კედელზე და რაც მთავარია, არქივებში, როგორც 2008-2009 წლის საუკეთესო სტუდენტის... და მიხარია, როდესაც მამაჩემის და დედაჩემის ამაყი სახეები მახსენდება აუდიტორიაში - დედაჩემს ცრმელიც კი ლამის წამოუვიდა... მხიარულ ნოტაზე რომ დავამთავრო ეს აბზაცი - გადასარევი საჩუქარი მივიღე. ჩემი დიდი ხნის ოცნების, ავსტრიელი მინანქრის ოსტატის Frey Wille-ის, ოქროს საათი ალფონს მუხას მოტივებზე. ულამაზესია <3
ვიმოგზაურე: პრაღაში რომ ვიყავი აგვისტოს ბოლოს, მოგეხსენებათ. შემდეგ ოჯახთან ერთად მანქანით მოვიარეთ ჰოლანდია (ამსტერდამი, როტერდამი), გერმანია (კიოლნი და დიუსელდორფი) და ასევე ბელგიაც (ბრიუსელი, ბრიუჟი და ხენტი). ყველაზე მეტად ბოლო ორი მესიამოვნა - მანამდე არ ვიყავი ნამყოფი. საოცარი ქალაქუნებია, თუ ოდესმე მიგიწვდებათ ხელი, ნახეთ სურათები ინტერნეტში... გენტში ოცნება ავისრულე - ვან ეიკების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნახატი ვნახე, Het Lam Gods) და ბრიუჟის არხებზე ნავით გავისეირნე (Belfry-დანაც ჩავიხედე ქვემოთ, მეთი უცებ კოლინ ფარელმა არ გამოიაროს-მეთქი)... და შემიყვარდა ეს ქალაქუნები... თუ ოდესმე შევქმნი ოჯახს, იქ მინდა თაფლობის თვეში...
ვიკონცერტე: შედარებით მწირედ... საქმეები მქონდა ბევრზე ბევრი და ვეღარ მოვაბი თავი... ვიყავი რადიოთავზე და კონცერტმა ყველანაირ ჩემს მოლოდინს გადააჭარბა. უბრალოდ არც კი ღის იმის აღწერა, თუ როგორი ემოციური კატაკლიზმი გადავიტანე იქ ყოფნისას. ოდესმე, ნერვები და გამძლეობა თუ მეყო, ცალკე პოსტს მივუძღვნი (კი, ვიცი, რომ უკვე მეორე ასეთ "დაპირებას" ვაკეთებ, მაგრამ მეტი უბრალოდ არ შემიძლია). რადიოთავის მერე კი ნაკლებად ნიჭიერ, მაგრამ მეტად ოპტიმისტურ და ამიტომ საყვარელ ჯგუფს ვემეგობრე - Keane-ს... ძალიან, ძალიან მომეწონა მათი კონცერტი... ახლო იყო, ნაცნობი, თბილი და პირადული... ამჯერად გეგმაში მყავს ქალბატონი, რომლის სრული დისკოგრაფია კარგა ხანია ყველაზე სმენადია ჩემს აიპოდში - დაიანა კროლი. ანტვერპენში იქნება ნოემბრის ბოლოსო და თუ ყველაფერი ისე წავიდა, როგორც მე ვაწყობ, ალბათ მასაც ვესტუმრები...
და ბოლოს, აწ უკვე მეორედ (ანუ, ეტყობა ამაშიც ტრადიციას ვამყარებ, ჩემდა სამწუხაროდ), უარეს შარში გავყავი თავი... მიგრძნობდა გული, რომ იმ პირველი შარიდან კარგი არაფერი გამოვიდოდა და გამართლდა კიდევაც ჩემი ნაწინასწარგრძნბალი... გარდა იმისა, რომ უახლოესი ადამიანი დავკარგე, გული დავწყვიტე კიდევაც ამ ყველაფერთან ერთად... მაგრამ განა მიზანმიმართულად, ისე, გზადაგზა... რა ცუდია, როდესაც ჩვენი საკუთარი ცხოვრება აღარ გვეკუთვნის ხოლმე - ცდილობ შენთვის რაღაცის გარკვევას, გაგებას, ბოლო ბოლო, ნაიარევბის შეხორცებას და ამითი სხვას აყენებ ტკივილს... ძნელი თემაა, ორმხრივი თემაა, შეიძლება შემდეგ, ნაკლებად მტკივნეული როდესაც იქნება, ცალკე განვიხილო კიდეც მაგრამ ჯერ კიდევ ვერა... და თითქოს ეს ერთი არ მეყო - მეორე უნდა დამცემოდა თავში... რომელსაც თამამად ვებრძვი... ვებრძვი, როგორც დონ კიხოტი ქარის წისქვილებს და არამც და არამც არ მინდა ვაღიარო, რომ შარს კი არა, საკუთარ თავს ვებრძვი, ჩემში დარჩენილ უკანასკენლ იმედებსა და ილუზიებს ვიცავ საკუთარივე თავისგან...
აი ასე და ამგვარად...
ბევრი დრო მაქვს საფიქრალი, რაც, არც თუ ისე კარგია ყოველთვის...
ეს უბრალოდ იმისთვის, რომ მახსოვდეს მომავალში, სად ვიდექი...
Tuesday, 22 September 2009
ბავშვობაში მეგონა
ჩემამდეც მოაღწია ამ ვირუსმა, კერძოდ კი, დამთაგეს თავიანთ ბლოგებში ანამ და ნასტასიამ. პირველ რიგში, დიდი მადლობა მათ! ძალიან მესიამოვნა რომ ხალხს ჩემი არც თუ ისე ინტენსიური ბლოგი მოსწონს. აქამდე არასოდეს დამიწერია პოსტი "პო ზაკაზუ" და ვნახოთ, რა გამოვა. ძალიანაც მკაცრად ნუ განმსჯით :P
ბავშვობაში ძალიან ბევრი რამე მეგონა, ძალიან მდიდარი წარმოსახვის უნარის პატრონი ვიყავი და სიგიჟემდე მიყვარდა კითხვა, ამიტომ ჩემი საბავშვო "მოსაზრებების" უმეტესობა სწორედ მათ უკავშირდება. მაშ, ასე:
კარგა ხანი მეგონა რომ
1. ჩემი მშობლები ჩემი ბიოლოგიური მშობლები არ იყვნენ და სინამდვილეში, 18 წლის რომ გავხდებოდი, რომელიმე ზღაპრული ქვეყნის პრინცესად გამომაცხადებდნენ.
2. ჩემი თოჯინები ღამე ცოცხლდებოდნენ და ჩვეულებრივად, ადამიანებივით ცხოვრობდნენ. ვინ იცის, რამდენი ღამის გათენება ვცადე მათი თვალთვალით...
3. შემთხვევით ალუბლის კურკა რომ გადამეყლაპა, კუჭიდან ალუბლის ხე ამომივიდოდა. ამიტომ მეტ-ნაკლებად ზრდასრულ ასაკამდე საერთოდ არ ვჭამდი ალუბალს და ბალს :P.
4. "ჩეხური" მეგონა არა ნივთის გეოგრაფიული წარმოშობის ადგილი, არამედ რაღაც განსაკუთრებული ზეხარისხიანი ფირმის სახელი, რახან ყველაფერი ჩეხური ითველობა რომ იყო "ძალიან კარგი" (You know I know ;)).
5. ჩემი ბალიშის ქვეშ დამალულ ნეფრიტის პატარა დრაკონს მართლა მოჰქონდა ჩემთვის პიტნის კამფეტი ყოველ ღამეს. ამიტომ, როდესაც ჩემ მშობლებს პიტნისას გამოელიათ და ჩამიდეს მარწყვის, ჩავთვალე რომ დრაკონი გამებუტა და 1 კვირის განმავლობაში ვარკვევდი როგორ მომეგო მისი გული უკან. მერე ეტყობა მომბეზრდა და შევეშვი :P
6. ფილაქანზე სიარულისას ფილაქნებს შორის ნაპრალზე რომ დამებიჯებინა, აუცილებლად რამე ცუდი დამემართებოდა.
7. "რესპუბლიკა" ცომეულის რაღაც განსაკუთრებული სახეობა იყო (ეტყობა "ბუბლიკს" ვამსგავსებდი, სხვა ახსნას ვერ ვპოულობ).
8. ჩემი ბაგა ბაღის მეორე ცვლის მასწავლებელი იყო ბოროტი ჯადოქარი (დარწმუნებული ვიყავი ამაში).
9. დიდი მას შემდეგ გავხდებოდი, რაც ქუსლიანი ფეხსაცმელების ჩაცმის ნებას დამრთავდნენ.
10. ჩემი ძმა იყო ჩემი #1 მტერი.
11. სპორტული გადაცემები უფროსების "ძილისპირული" იყო, იმიტომ რომ მამაჩემს პირველი ნახევარი საათის შემდეგ ეგრევე ეძინებოდა, დედაჩემი კი სულ წუწუნებდა რომ ამ სისულელის ყურების გარეშეც არ უჩივის ძილუნარიანობას.
12. საინტერესო ადგილებიდან ყოველთვის იმის გამო მივდივოდით ხოლმე, რომ "ჭამის დრო იყო". ამიტომ, გადავწყვიტე რომ წინასწარ თუ შევაგროვებდი საკმარის საჭმელს, უფრო დიდხანს დავრჩებოდი იქ, სადაც მინდოდა. 1 კვირის შემდეგ ჩემი "საწყობი" დედაჩემმა აღმოაჩინა საკმაოდ არასასიამოვნო სურნელის მიხედვით...
13. 5 ლარი ძალიან, ძალიან, ძალიან ბევრი ფული იყო რადგან დაახლოებით 10 ცალი შოკოლადი მოგივიდოდა ამ ფულით :)
ესენია, რაც ჯერ ჯერობით მახსენდება... დარწმუნებული ვარ, გაცილებით მეტი იყო სინამდვილეში, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ мы все родом из детства, ბევრი რამე უკვე სამწუხაროდ მივიწყებულია...
იმედია, გაგეცინათ. მე კი :)
პირადად მე ვთაგავ Tiko-ს და INDIEVIDI-ს.
Thursday, 13 August 2009
Update
მაშ ასე, დავიწყოთ:
დავუბრუნდი ბლოგს: არ ვიცი, რა იყო ამის კატალიზატორი, ალბათ უფრო ის, რომ სახლში ჯდომა და საჭირო რაღაცეების წერა მომწყინდა და არასაჭიროობების წერის სურვილი გამიჩნდა, თუნდაც უბრალო პროტესტის გრძნობის გამო. ამას შედეგად მოყვა ის, რომ აქამდე დადრაფტული 2 პოსტი ერთმანეთის თითქმის მიყოლებით გამოვაქვეყნე და მომდევნო დღეს იმპროვიზაციის ნაყოფი მივაყოლე. სწორედ ამ იმპროვიზაციის გამო შევქმენი ჩემი პოსტების ახალი კატეგორია - კორესპონდენცია, რომელიც, იმედია, მალე შეივსება ახალ ახალი ნიმუშებით. მისი აზრი ისაა, რომ მივწერო წერილები იმ ადამიანებს, პერსონაჟებს ან თუნდაც მოვლენებს, რომელბიც ჩემს ცნობიერებაში კვალს ტოვებენ. გარდა ამისა, შევქმენი ჩემი ბლოგობრების (ბლოგერი მეგობრების) სია. თავიდან არც კი მიფიქრია, რომ ამას ოდესმე გავაკეთებდი, რადგან ვერც კი წარმოვიდგენდი რომ ამ ჩემს ნაჯღაბნს ვინმე ოდესმე წაიკითხავდა ან კიდევ მეტიც, დაინტერესდებოდა. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველა ჩემს ერთგულ და არც თუ ერთგულ მკითხველს - ძალიან ბევრს ნიშნავთ ჩემთვის :)
შევიცვალე ვარცხნილობა: არ დაიჯერებთ, მაგრამ ამდენი წელიწადის შემდეგ პირველად ჩემი თმა აღარ მთავრდება ჩემივე კისერის დასაწყისსში და თქვენ წარმოიდგინეთ, მხრებამდეც კი მწვდება. არ მიყვარს დიდად გრძელი თმა, მაგრამ ყველა ჩემი ნაცნობ-მეგობრის დაჟინებული თხოვნით, არ ვეხები. ბოლოს და ბოლოს, როგორც ამიხსნეს, დავემსგავსე X ქრომოსომის ნამდვილ მატარებელს.
დავამთავრე სწავლა: ხო, ბოლო გამოცდა ჩავაბარე სადღაც ივლისის შუაში და ამ პარასკევს საბოლოოდ მივაშავებ ჩემ სამეცნიერო ნაშრომს. აგვისტოს ბოლოს დაჯილდოვების ცერემონია მელის და ბოლოს და ბოლოს გავიგებ, მეღირსა თუ არა ეს წარჩინების დიპლომი. აქამდე მიღებული ნიშნებიდან გამომდინარე მეკუთვნის, მაგრამ აი ნაშრომს როგორ შემიფასებენ და რამდენად, ეგ უკვე აღარ ვიცი :)
ვიმოგზაურე: ამჯერადაც ევროპაში. მოვინახულე ლუქსემბურგი და ბელგია. გეგმაშია პრაღა უკვე მეორედ (ამჯერად გიდის მოვალეობებს შევასრულებ) გერმანია (ადრეც ვარ ნამყოფი, მაგრამ ახლა დუსელდორფი უნდა ვნახო და კიოლნი მეორედ) და ისევ ბელგია, ოღონდაც ამჯერად ბრიუსელი კი არა, არამედ ბრიუჟი და ხენტი. ამ უკანასკნელ ორს განსაკუთრებით ველოდები, ბრიუჟს იმიტომ, რომ ულამაზესიაო, ამბობენ და ხენტს კი ბოსხისა და ვან ეიკის ნახატების გამო :)
ვიკონცერტე: დავესწარი Nouvelle Vague-ის კონცერტსა და North Sea Jazz-ის ფესტივალს. ამიტომ, არაა გასაკვირი რომ ამ ბოლო ორიოდე თვის განმავლობაში ჩემი აიპოდიც მოსმენილ შემსრულებელთა დისკოგრაფიითაა გადაჭედილი. განსაკუთრებით დიდი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე Nouvelle Vague-მა (არაჩვეულებრივი კონცერტი ჰქონდათ, ოდესმე, თუ მეცლება, ცალკე პოსტს მარტო მათ დავუთმობ), Jamie Cullum-მა (ადრეც მომწონდა, მაგრამ ასეთი საოცრება თუ იყო ცოცხლად, რას წარმოვიდგენდი) და Jazzanova-მ. 23 აგვისტოს პრაღაში დაგეგმილია ჩემი დიდი ხნის სიყვარულთან, ტომ იორკთან შეხვედრა. Can't wait :)
ვითბილისე: ეს ცალკე კატეგორიაა და მოგზაურობაში არ გადის. როგორც великан Антей (მაპატიეთ, ბერძნულ მითოლოგიას თავის დროზე რუსულად ვეცნობოდი და არ ვიცი, ქართულად როგორ ეძახიან ამ პერსონაჟს) მე დავუბრუნდი მშობლიურ მიწას, რომ გახარჯული ძალები აღმედგინა და ახალი შემართებით დავბრუნებოდი ჩემს ახლანდელ საცხოვრებელს და საქმეს. გადასარევი ორი კვირა გავატარე, დაწყებული პირველვიე დღიდან, როდესაც მეგობრებმა ყველაზე თბილი და გულის გამხარებელი სიურპრიზ-დახვედრა მომიწყვეს, დამთავრებული ჩემი გაცილების მწვადებით და პერსონალური ნატვრის ხით, რომელსაც თითოეულმა მათგანმა მოაბა ჩემდამი სურვილი, დაწერილი თეთრ ნაჭერზე. დღემდე ჩანთაში მიწყვია ყველა და როდესაც მოვიწყენ, ვკითხულობ ხოლმე და მიხარია, რომ ამდენ ადამიანს ვუყვარვარ ამქვეყნად...
და ბოლოს, თავი გავყავი შარში: უფრო სწორედ, გამაყოფინეს... არ ვიცი ამ შარიდან რა გამოვა და არც ვარ დარწმუნებული, რომ მინდა რომ ვიცოდე, მაგრამ, როგორც იტყვიან ... подкрался незаметно, და თუ არ გავრისკე, ვერც შამპანიურს დავლევ, ასე რომ... მემგონი ჯობია ტვინის ღუნვას ამ თემატიკაზე დავანებო თავი და უბრალოდ მივცე ვიღაცას სხვას საშუალება მართოს სიტუაცია... გამიმართლა თუნდაც იმაში, რომ ამ ადამიანს შემიძლია ეს ვანდო ;)
ეს იყო მემგონი და ეს. დარწმუნებული ვარ, სხვა საინტერესო რაღაცეებიც გადამხდებოდა თავს, მაგრამ ამჯერად უკვე სჯობს რაც დავწერე, იმით შემოვიფაგლო. ისედაც საკმაოდ ბევრი რამე დავწერე, თქვენ რას იტყვით?
:)
Monday, 15 June 2009
Winter melody in the middle of june
აი როგრც დღეს მომივიდა...
დილით, როდესაც გავიღვიძე, გარეთ მოღუშული ამინდი იყო, ცრიდა. ადგომა ძალიან გამიჭირდა, იმიტომ რომ ჩამოფარებულ ფარდებში არ იჭყიტებოდა მზის სინათლე და ტელეფონის წრიპინმა გამაღვიძა, რის გამოც ორჯერ მომიწია snooze-ის გაკეთება, რაც ცოტა უფრო ენერგიულ დღეებში არ მესაჭიროება ხოლმე...
ძილბურანში გახვეულმა ჩავრთე ავტომატური რეჟიმი - ჩამოვძვერი საწოლიდან, დავლიე ჩემი ჩვეული ჭიქა წყალი უზმოზე, გავიხეხე კბილები და შევდექი შხაპის ქვეშ. კი მეზარება ხოლმე, მაგრამ ვიცი, რომ ერთადერთი ეს თუ გამაღვიძებს - ბევრი ბევრი ორთქლი...
საუზმესთან ერთად ჩემი ჩვეული უშაქრო ჩაი დავისხი - რატომღაც მგონია, რომ შაქარი ბერგამოტს არ უხდება და ვინაიდან და რადგანაც, სწორედ შავი Earl Grey ჩემი საყვარელი flavour-ია, მივირთმევ არატკბილ ვარიანტში...
ჩავრთე კომპიუტერი, შევამოწმე ფოსტა. აღმოჩნდა, რომ ლექცია, რის გამოც ასე ადრე წამოვფრინდი, ცდება. აქედან მორალი - ჯერ მეილი შეამოწმე, მერე გაიღვიძეო :) სამაგიეროდ, ჩემს სიფათწიგნზე მეგობრის დაპოსტილი სიმღერა დამხვდა, რომელმაც უცებ ჩამიყენა ცხოვრება კალაპოტში. სიმღერა, რომლმაც მითხრა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ლექცია ცდება და გარეთ მოღუშული ამინდია, ძალა უნდა დამეტანებინა თავისთვის, ჩამეცვა ჩემი დილის ელეგანტურობა და გავსულვიყავი გარეთ ჩემს "ჩელოსთან" ერთად, რომლიც აგერ უკვე რა ხანია მიგდია ფუტლიარში და არ ვიყენებ რატომღაც...
თან, პროდუქტები მქონდა საყიდელი...
ხოდა გადავიცვი ჟაკეტი, მოვიმარჯვე აიპოდი და გავემართე მაღაზიაში, სადაც სასიამოვნოდ უცხო ხალხი თვალს ავლებს ერთმანეთს და თავის ცხოვრების ხაზს მიყვება...
I have to fight for my life :)
ვინ იცის, იქნებ უკან მობრუნებულს დამხვდება საფოსთო ყუთში წერილი რომელსაც ასე პასიურად ველოდები უკვე რამდენი ხანია...
P. S.
Thursday, 11 June 2009
ძალიან შევეჩვიე
აიპოდით ბოდიალს
კარგ კონცერტებს
უპრეტენზიო გართობას
ფლირტს without consequences
კინოში მარტო წასვლის სიამოვნებას
მზარეულობას
კარგ შოფინგს
მოგზაურობას
ხალხს რო კიდიხარ
ჩემს უნივერსიტეტს
ზღვისგან 30 წუთის დაშორებას
უცხო ენას
დიდ ფანჯრებს
ძილის წინ კიბეზე აძრომას
ქუჩაში სიარულისას მოწევას და აქაურ მწარე სიგარეტს
facebook-ზე ცხოვრებას
დამოუკიდებლობას
ფოტოების უპრობლემოდ გადაღებას
უტელევიზორობას
მაიონეზიან შემწვარ კარტოფილს და უგემურ პამიდორს
ევროებს
მობილურის უმნიშვნელობას
ნამდვილი postcard-ების წერას
ბრტყელ ლანდშაფტს
სტარბაქსის ყავას
უხეშ "ხ"-ს
ფეხით სიარულს
ალკოჰოლს
Agenda-ს შედგენას
თვითმფრინავებსა და მატარებლებს
ფილმების ინგლისურად ყურებას
PowerPoint-ის ხშირად ხმარებას
ბინის ქირის გადახდას
მონატრებას და
მარტოობას...
ძალიან შევეჩვიე...
მაგრამ განა შეჩვევაა უბრალოდ სიყვარული?!
სახლში მინდა, სახლში...
Friday, 8 May 2009
Hollow
კიარადა
აღარ ვწერ რიტორიკულ შეკითხვებზე...ალბათ იმიტომ, რომ არ მიჩნდება... ან იმდენად არ მიჩნდება, რომ ბლოგში დაწერა მომანდომოს.
მინდება აი მაგალითად ახლა, შუაღამისას, როდესაც აღრენილი ვარ ასე მგონია ყველაზე და ყველაფერზე და სინამდვილეში საკუთარ თავზე.
წესით ახლა მე პოლიტიკაზე უნდა შემტკიოდეს გული და ჩემს ქვეყანაზე... შემტკივა კიდეც, ოღონდაც დღისით. ვსხედვართ მე და დედი და სანამ ის სამშობლოში დაბრუნებულა ვმსჯელობთ და ვმსჯელობთ და ვმსჯელობთ...
მაგრამ შუაღამისას რომელი ილია ჭავჭავაძე ვარ მე, რომ ქვეყნის ტკივილი მტკიოდეს?!არ ვარ და არც ვაპირებ, ვინმეს მოვაჩვენო თავი ასეთად. ყოველთვის კოსმოპოლიტიზმი მახასიათებდა და ასევე გამძაფრებული აპოლიტიკურობა და რეალურად რომ ვთქვათ, ანარქიზმისკენ მიდრეკილება (ახლა არ დავიწყებ იმის ახსნას თუ რატომ მომწონს, რეალურად ვიცი მეც რომ უტოპიაა მაგრამ მეჩტაწ ნევრედნო).
ამ შუაღამისას მტკივა საკუთარი სიცარიელე...
არც თუ ისე დიდი ხანია ვცხოვრობ ამ დედამიწაზე, მაგრამ რაც მიცხოვრია, საინტერესო კანონზომიერება აღმოვაჩინე - ემოციური ინვალიდი ვარ.
მეგობრობას არ ვგულისხმობ. მეგობრობა ემოცია არაა, state of mind-ია და უფლისათვის უდიდესი მადლობის მეტი არაფერი მეთქმის, მსოფლიოში ყველაზე მაგარი მეგობრები მე მყავს ასე მგონია...
სასიყვარულო, რომანტიკულ თუ რაც ქვია ემოციებს ვგულისხმობ.
გქონიათ ისეთი შემთხვევა რომ ძალიან, ძალიან გინდათ პასუხობდეთ ვინმეს გრძნობას თქვენს მიმართ?! მაგრამ რომ ვერ პასუხობთ... და ისიც რომ იცით რომ ცდა არ ღირს, იმიტომ რომ მაინც კრახით დასრულდება ეს ყველაფერი და ეს კრახი თქვენი ემოციური ინვალიდობის ბრალი იქნება. იცით იმიტომ, რომ აქამდე არაერთი ადამიანისათვის გიტკენიათ გული, თან ძალიან მწარედ... და იცით, რომ შიგნიდან ცარიელი ხართ და არ გაქვთ ის ღვთიური ნაპერწკალი რომელსაც სიყვარულის უნარი ქვია...
და აი, მოდის თქვენთან შანსი, მოდის ადამიანი, რომელიც მზადაა ხელი ჩაგკიდოთ და მოიუხედავად იმისა, რომ მოხარშულს გიცნობთ, მაინც სცადოს ბედი...
თქვენ კიდევ კუდამოძუებული გარბიხართ, იმიტომ რომ იცით, რომ you are hollow...
არა ხო?!
ხოდა ღმერთმა არ განგაცდევინოთ.
P. S. ამასობაში რიტორიკული შეკითხებიც გამომსვლია...
Tuesday, 5 May 2009
არეული
და მემგონი იმდენი შთაგონება მაქვს, რომ აღარც ვიცი, რითი დავიწყო...
ასე მგონია, რომ რაც არ უნდა დავწერო, ვერ დავწერ კარგად...
არადა რამდენი კარგი აზრი მიტრიალებდა და ვფიქრობდი, აი ნეტავ ახლა ინტერნეტი მომცა, რა მშვენიერი ბლოგპოსტი გამომივიდოდა...
მაგრამ
სამწუხაროდ
ჯერ ჯერობით მხოლოდ ასეთი უაზრობა გამომდის.
მხოლოდ ერთს ვიტყვი
იტალია
და ამით ყველაფერი ნათქვამია
- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -
მაგრამ აშკარად ამით ვერ ვამთავრებ...
და სულ სხვა რაღაცა უნდა დავწერო - დღეს მეგობარს ვაწყენინე...
შეიძლება დღეს არ ვაწყენინე, უბრალოდ დღეს გამოამჟღავნა, მაგრამ მე ძალიან დამწყდა გული, აი არანორმალურად...
არ ვიცი, ამ ნაწერს კითხულობს თუ არა, მაგრამ თუ შემთხვევით კითხულობს, ძალიან მინდა რომ მომწეროს და უბრალოდ ამიხსნას, რა მოხდა... და რა არის მისი ჩემგან შვებულების მიზეზი...
მემგონი ამას მაინც ვიმსახურებ...
მოკლედ, ყველაზე არეული პოსტია ამქვეყნად...
უბრალოდ კისერში მომაწვა და ამოვასხი.
Sunday, 29 March 2009
რიტუალები
გაქვთ ცხოვრებისეული რიტუალები?
მე კი...
მაქვს ხანდახან ასეთი დღეები, როდესაც მინდა ყველაფერი განზომილად, დალაგებულად და გაწონასწორებულად მიდოდეს. მაგალითად როგორც ამ შაბათს.
დილით 9 საათზე გავიღვიძე, ავდექი და ჩემს საყვარელ საუზმეს ჩავუჯექი – ერბო კვერცხი, ახალგამომცხვარი პური, ლორი, ფორთოხლის წვენი, თაფლის სიმინდის ბურბუშელა და რძე.
10 საათზე იოგა მქონდა. დილით წვიმდა, მაგრამ სიზარმაცე დავძლიე და გავუდექი გზას. არ ვინანე, კარგი იყო.
იოგიდან გამოსული წავედი market-ზე. შაბათ დღეს მდინარის ორივე მხარეს გაშენებულია სავაჭრო კარვები და იყიდება უამრავი გემრიელი რამ, ახალ ხილ-ბოსტნეულთან ერთად. ამასობაში ამინდიც გამოსწორდა, გამოანათა მზემ. შევიძინე კვირის სანოვაგე და გავეშურე სახლისკენ.
სახლში მისული ოთახის დალაგებას შევუდექი. აიპოოდით ყურებში ჯერ მეთოდურად გადავწმინდე მტვერი, შემდეგ მოვატარე იატაკს მტვერსასრუტი, სველი ტილოც გადავუსვი ამ ყველაფერს ზემოდან და მივალაგე ჩემი სამუშაო მაგიდა.
ამ საქმეს რომ მოვრჩი, მზარეულობაზე გადავედი. დღეს სტუმრად მეგობარს ველოდებოდი, რომელსაც კარგა ხანია “სახლის” კერძები არ მიურთმევია, ამიტომ გავაკეთე საკმაოდ პროზაული, მაგრამ გემრიელი წითელი ლობიო და კატლეტი.
ამასაც რომ მოვრჩი, შევედი აბაზანაში, მივიღე ხანგრძლივი ცხელი შხაპი, გავიკეთე ფრჩხილები, გავიშრე თმა, დავიდე მაკიაჟი...
და უკვე 5 საათი იყო როდესაც სატელეფონო ზარმა მაუწყა, ჩემი მეგობარი სახლის კარებთან იდგა...
Saturday, 28 March 2009
რა დამთხვევაა
ყოველთვის მიმაჩნდა რომ საუკეთესო ფილმია სიყვარულზე...

