რამდენნაირი სიყვარული არსებობს ამქვეყნად!
ჯერ ის, რომ არის ე.წ. “ქალ-ვაჟური” (ან თუნდაც ჰომოსექსუალური, ვიყოთ პოლიტიკურად კორექტულები), დედა-შვილური და ოჯახური, მეგობრული, კეთილმეზობლურიც კი... რა თქმა უნდა, ყველა ზემოთხსენებული ტიპის განხილვას არც კი შევეცდები, მით უფრო რომ არც გამაჩნია სურვილი... ადვილი მისახვედრია ალბათ, რომელ ერთზე შევაჩერებ არჩევანს.
თითოეულ ადამიანსაც სხვადასხვანაირად უყვარს. ამბობენ, რამდენი ადამიანიცაა, იმდენნაირი სიყვარულიც არსებობსო. ძნელია არ დაეთანხმო. მითუმეტეს, რომ ხანდახან ერთსა და იმავე პიროვნებას სხვადასხვანაირად უყვარს ცხოვრების მანძილზე სხვადასხვა ადამიანი.
ყველაზე მძაფრი, როგორც წესი, პირველი სიყვარულია. ყოველ შემთხვევაში, ასე არის ჩემს მიერ გაგონილ უმეტეს შემთხვევაში (და ამას მოწმობს ჩემი პიროვნული გამოცდილებაც). რატომაა მძაფრი? ალბათ იმიტომ, რომ პირველად როცა გვიყვარს, უკანმოუხედავად გვიყვარს... არ გვაინტერესებს რა იქნება მომავალში, ვუხდებით თუ არა ერთმანეთს პიროვნულად, საერთოდ, ვიქნებით თუ არა ჩვენი გრძნობის ობიექტთან ერთად ოდესმე. უბრალოდ გვიყვარს, და მორჩა. ყოველგვარი ლოგიკისა და აზრის წინააღმდეგაც კი (და ხშირად, ჩვენი მშობლებისაც). გვიყვარს სულისშემაძრწუნებლად, პათეტიკურად, ხანდახან უიმედოდ, ხანდახან ბედნიერად… უფრო ხშირად კი, ამ ყველაფრის ერთობლიობით. ზოგს უმართლებს და ეს პირველი გრძნობა მათი ერთადერთი და უმთავრესი ხდება, ზოგი კი, წარუმატებლობის შემდეგ აგრძელებს გზას და ძიებას.
არის კიდევ პლატონური სიყვარული. საქართველოში უმეტესობა ასეთია. ოღონდაც იმიტომ კი არა, რომ თავად გრძნობაა ასეთი არაფრისმომთხოვნი და უმწიკვლო, არამედ ძირითადად იმიტომ რომ “აბა მერე ცოლად რომ არ მომიყვანოს?!” ანდა კიდევ “ეგ მე თუ დამნებდა, სხვასაც დანებდება”. გამონაკლისებს, როდესაც თავს რელიგიური ან სხვა რაიმე საფუძვლიანი მიზეზის გამო იკავებენ, არ ვეხები. ჩემი ღრმა რწმენით, პლატონურ სიყვარულს დიდი ხნის მომავალი არ უწერია, ის მხოლოდ ლამაზ ეპისტოლარულ რომანებში თუ ცოცხლობს. თუმცა ეს მხოლოდ ჩემი აზრით, ისევ და ისევ, რა ვქნა რომ ლაურა მე არა ვარ და არც პეტრარკას წერილებს და სონეტებს ველი...
პლატონური სიყვარულის ანტიპოდია სექსუალური ლტოლვა. ან თუნდაც უბრალო მიზიდულობა. ინგლისურად ამ ფენომენს ასეთ საინტერესო ტერმინად მოიხსენიებენ – chemistry. და მართლაც, ეს განმარტება, ჩემი აზრით, ყველაზე ახლოს დგას ამ ფენომენის არსთან, იმიტომ რომ თუ არა ფერომონებით, რითი ახსნი ამ გაუაზრებელ სურვილს შეეხო ახალგაცნობილ ადამიანს, თუნდაც ის სრულიადაც არ მოგწონდეს, როგორც პიროვნება... აქვე მინდა ვთქვა, რომ გავრცელებული მითის საწინააღმდეგოდ, ასეთი ლტოლვა არა მარტო კაცებს აქვთ, არამედ ქალებსაც. ამას პირადი გამოცდილებიდან ვიძახი ასევე და რავიცი, ბოლოს რომ სარკეში ჩავიხედე, დამიმოწმა, თუ რომელ სქესს განვეკუთვნები...
არსებობს კიდევ ცალმხრივი სიყვარული. მწარე რამეა ძალიან, მტკივნეული, განსაკუთრებით ეგოცენტრიული ადამიანებისათვის, თუმცა, ჩემი აზრით, აუცილებელი. თუ ცალმხრივად არ გყვარებია, არ გყვარებია “საზღაურის” მიღების გარეშე, ვერასოდეს შეიყვარებ ნამდვილად. ცალმხრივი სიყვარულის კიდევ ის მომწონს, რომ ძალიან “პროდუქტიულია”. თუ დავაკვირდებით, ყველაზე კარგი წინგნები, ლექსები, მუსიკალური შედევრები ცალმხრივი სიყვარულის ნიადაგზე შექმნილა... ძალიან მარტივი პირადი პარალელი – ბლოგზე გაცილებით მეტს მაშინ ვწერ, როდესაც გულგატეხილობა მიტევს...
ზემოთჩამოთვლილის გარდა კიდევ უამრავი სიყვარული არსებობს... როგორც უკვე ვთქვი, ყველას ჩვენ-ჩვენი გაგვაჩნია, მაგრამ მთავარი ეს არ არის... მთავარი უფრო ისაა მგონი, როგორ ვიპოვოთ ამდენ არსებულ ვარიანტში ნამდვილი?!
და ალბათ სწორი პასუხი ამ კითხვაზე არ არსებობს...
ისევ და ისევ იმიტომ, რომ ეს პასუხი ყველას ჩვენ ჩვენებურად გვესახება.
მე ერთს დავამატებ მხოლოდ,
ჩემს პასუხს.
ჩემი ნამდვილი სიყვარული ადვილია...
წლები დამჭირდა იმისათვის, რომ მივსულვიყავი ამ დასკვნამდე.
ჩემი სიყვარული მშვიდია, მაგრამ ვნებიანი. ჩემი სიყვარული მსუბუქია, მაგრამ ძლიერი. ჩემი სიყვარული არ არის საზოგადოებაზე გათვლილი, ის მხოლოდ ერთი ადამიანისაა. ჩემი სიყვარული არ აყენებს მოთხოვნებს, ის უბრალოდ სიცოცხლის კალაპოტს მიყვება. ჩემი სიყვარული ტკბება ერთად გატერებული წუთით და არ დარდობს უერთმანეთოდ გატარებულ დღეზე... ჩემი სიყვარული ბევრს არ ლაპარაკობს საკუთარ თავზე, მაგრამ სამაგიეროდ ბევრს მაწერინებს... ჩემი სიყვარული არ არის ცხოვრების არსი, ის მისი თანამდევია... ჩემი სიყვარული არ აწყობს გეგმებს, ის ტკბება დღევანდელი დღით...
ბოლოს და ბოლოს, ვინ იცის, რამდენი ბედნიერი დღე შეიძლება ჩაითვალოს მარადისობად?!
P. S.
It won't do
To dream of Caramel,
To think of Cinnamon
And long for you...
Saturday, 21 November 2009
Subscribe to:
Post Comments (Atom)
mechemnaira ki arada,meaxlova... da kide gulgatexilobas ar gavda da siyvaruli ro gacerinebs xolme eg unda iyos :)
ReplyDeletebe happy...
მემგონი ცნობისმოყვარეობა მაწერინებს - მაინტერესებს, რა დაემართება აზრს, როდესაც მას ეკრანზე ამოვტვიფრავ...
ReplyDeleteემოციას მაწერინებს, ტკბილმწარე...
მადლობა :)
შენ ბლოგს მივეწაფე დღეს... რამდენი კარგი რამე გადმოგილაგებია, სანამ მოწყვეტილი ვარ ვებსივრცეს...