It won't do

To dream of Caramel,

To think of Cinnamon

And long for you...

Wednesday, 25 November 2009

რა და როგორ ანუ, რატრომაც არა

ყველა ადამიანის ცხოვრებაში მომხდარა ალბათ (თანაც არაერთხელ) პიროვნული შეუთავსებლობის კატაკლიზმი. უფრო მარტივი ენით რომ ვთქვათ – მოგვწონებია ადამიანი, მას კი რატომღაც არა. რა დასანანია.

მოწონებაში მაინცდამაინც რომანტიკულ მიზიდულობას არ ვგულისხმობ, თუმცა, ალბათ არსებული შეუთავსებლობებიდან ეს ალბათ ყველაზე მწარეა.

ადრე არასოდეს დავფიქრებულვარ რეალურად იმაზე, თუ რატომ ხდება ასე. უფრო ახალგაზრდა და შესაბამისად, უფრო რადიკალური და ფატალისტური რომ ვიყავი, ვამბობდი, რას იზამ, ასდოლარიანი არ ვარ ყველას რომ მოვეწონო-მეთქი და ამ დებულებას მესამე პირთა შეუთავსებლობების მიმართაც ვავრცელებდი. ახლა კი ვხვდები, რომ არც ისე მარტივად არ არის საქმე, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.

რატომ არის ხოლმე, რომ ჩვენი სიმპატია პიროვნების მიმართ ხანდახან უპასუხოდ რჩება? ანუ, თუ ჩვენგან კი, რატომ არა მართგან?!

პასუხად გთავაზობთ ჩემს მიერ ნაპოვნ და განზოგადებულ მიზეზთა “საუკეთესო” სამეულს.

I. ინტერესები.

ალბათ გასაგებია, რომ თუ ერთ ადამიანს აინტერესებს მუსიკა, ხოლო მეორეს ავტომობილები, მელომანს ძალიანაც რომ უნდოდეს, ძნელად თუ მოახერხებს ავტომოყვარულის გულის მოგებას. გასაგებია, რომ რეალურ ცხოვრებაში ადამიანები საბედნიეროდ არ არიან ასე სწორხაზოვანნი, მაგრამ ეს არანაირად არ გამორიცხავს ინტერესთა შეუთავსებლობის ნიადაგზე პიროვნული შეუთავსებლობის აღმოცენებას. ისიც მგონი ნათელია, რომ თუ ორივე ადამიანს აინტერესებს ვთქვათ არქეოლოგია, მათთვის გაცილებით უფრო ადვილი იქნება ურთიერთგაგების დამყარება. სწორედ ამიტომ არსებობს უამრავი საზოგადოება, წრე თუ სხვა რამ, რომლიც საერთო ინტერესების მქონე ადამიანებს აერთიანებს. და არანაკლებ ხშირია ასეთი საერთო ინტერესებიდან აღმოცენებული ბედნიერი ოჯახებიც.

II. წარმომავლობა

აქ შედის უამრავი ფაქტორი, რომლებზეც აბსტრაქტულად საუბარი ძალიან შორს წამიყვანს. ამიტომ ისევ მარტივი თვალსაჩინო მაგალითით შევეცდები ჩემი აზრის ილუსტრირებას – თუ ერთი ადამიანი არის იაპონიიდან, ხოლო მეორე კი თუნდაც საქართველოდან, უფრო დიდია ალბათობა იმისა, რომ ისინი ერთმანეთს “ვერ გაუგებენ”. და ამაში მხოლოდ ენის ბარიერი არ იქნება დამნაშავე – აღზრდა, ყოველდღიური ცხოვრების წესი, ეტიკეტი და უამრავი სხვა ფაქტორი განაპირობებს იმას, რომ რამდენიც არ უნდა იწვალოს იაპონელმა, ქართველს გულს ვერ მოუთაფლავს. ასეთ რადიკალურ პოლუსებზეც რომ არ ვისაუბროთ, ხშირადაა რომ ერთი თბილისელი ადამიანი მეორეს თავს ვერ აწონებს იმის გამო რომ სიმპატიის ობიექტი ვაკელია, ხოლო სუბიექტი კი გლდანელი.

III. გარეგნობა

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ამ ფაქტორს არა მარტო რომანტიულ ურთიერთობებში აქვს დიდი მნიშნველობა. სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ რამდენიც არ უნდა ვეცადოთ ამის უარყოფას, გარეგნობა ადამიანის საუკეთესო სავიზიტო ბარათია და გადამწყვეტი ძალა აქვს პირველი შთაბეჭდილების შექმნაში. გარდა ამისა, გარეგნობის მიხედვით ძალიან ხშირად შესაძლებელია ამოიცნო ადამიანის მიახლოებითი ინტერესებიც (თუ ხელოვნება უყვარს, ბოჰემურად ეცმევა, ხოლო თუ “როკერია”, ტატუებით და პირსინგებით ექნება მორთული სხეული) და წარმომავლობაც (ეთნიკური კუთვნილება თავისთავად აშკარაა, ხოლო “ვაკელ-გლდანელობა” ჩაცმულობის სტილითაც თვალსაჩინოდ ადვილად ამოცნობადია). Dა სულ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მიუხედავად იმისა, რომ ხალხური სიბრძნე საწინააღმდეგოს გვასწავლის, თუ შეფუთვა არ მოგვწონს, შიგთავსით დაინტერესებაც კი არ გვინდა, ასეთია ადამიანის ბუნება...

ასე და ამგვარად გამომივიდა იდეალური “შეთავსებადობის” ფორმულა – თუ გაქვთ შესაბამისი ინტერესები, და გარეგნობა – გილოცავთ, თქვენი სიმპატია გარანტირებულად გაზიარებული აღმოჩნდება!

მაგრამ...

ყველა წესიდან არსებობს გამონაკლისიო და ამ წესის ( ;) )დასამტკიცებლად რამოდენიმე მაგალითი შემიძლია მოვიყვანო:

ხშირადაა, რომ ერთი და იმავე რეჟისორის ფანატებს 5 წუთის შემდეგ არაფერზე აქვთ სალაპარაკო, ხოლო ავტომოყვარული და მელომანი წლების მანძილზე დაგრიალობენ ღამის ქუჩებში მანქანით და უსმენენ რადიოს... მთავარია, ერთს თქმა შეეძლოს და მეორეს მოსმენა სურდეს...

ორი იაპონელი ჩამოჯდება და დიდი დიდი ქვეყნის პოლიტიკაზე გაისაუბრებს და ახალ ამბებზე, თურქი და შვედი კი საათობით გაართობს ერთმანეთს საინტერესო ნაციონალური ჩვეულებების მოყოლით... და აქაც, მთავარია, ერთს თქმა შეეძლოს და მეორეს მოსმენა სურდეს...

გარეგნობაზე ხომ საერთოდ არაფერს ვამბობ – ისეთი წყვილები, როგორიცაა სერჟ გეინსბორო და ელენ ბირკინი ყველა სხვა მაგალითზე უკეთ ასახავს ჩემს აზრს... შეიძლება ადამიანი სულ არ იყო ლამაზი, მაგრამ ისეთი ქარიზმა გამოიმუშავო, მთელი მსოფლიო შენზე გიჟდებოდეს...

და რახან არსებობენ ეს გამონაკლისები, ესეიგი, არის რაღაც მიზეზი, არა?!

იქნებ საქმე იმაში კი არაა, რა ინტერესი, წარმომავლობა თუ გარეგნობა გვაქვს,

არამედ თუ როგორ გამოვხატავთ მა
?!

3 comments:

  1. რა საინტერესოა ისე...
    მე მქონდა შემთხვევა - როცა "იმ" ადამიანს უნდა მოვწონებოდი ყველანაირად, მე ასე მეგონა, ყოველ შემთხვევაში და როცა სულაც არ მოვეწონე, დეპრესიაში ჩავვარდი და კარგა ხანი დამჭირდა to recover. ახლა ვიცი, რომ ის სტანდარტები, რასაც ჩვენ ვსახავთ, ვაკელობა-გლდანელობაზე ავიღოთ, შეიძლება სულაც არ იყოს ასე, პირიქით, ყველაზე საპირისპირო ადამიანებს მოეწონოთ ერთმანეთი, ვიდრე იმათ, რომლებიც ვითომ ჰგვანან და ამ დროს შინაგანი სამყარო რადიკალურად განსხვავებული აქვთ.
    რატომღაც მგონია, რომ მიხვდები, რას ვგულისხმობ, ზოგჯერ ადამიანი ჩრდილოეთ პოლუსზეა და სული სამხრეთული აქვს, რა თქმა უნდა, ჩრდილოეთელი ადამიანი იმას არ მოეწონება და პირიქით.

    P.S. ვგიჟდები შენს პოსტებზე, იშვიათი და ფიქრებისამშლელია.

    ReplyDelete
  2. ჯერ ჯერობით სიყვარულს არ ვცნობ და არასოდეს ვყოფილვარ შეყვარებული. მოწონებით მომწონს ნიკოლ კიდმანი ან პენელოპა კრუსი, მაგრამ იმათ სად გავაგებინო ჩემი მათდამი სიმპატია...

    უფრო მეტად ვინც მომწონს მას ვუმეგობრდები ხოლმე, თუმცა ესეც იშვიათია...

    ReplyDelete
  3. @ Sophie

    ვერ წარმოიდგენ, როგორ კარგად მესმის, როდესაც თითქოს ყველანაირად უნდა მოწონდე ადამიანს, შენც მოგწონს, იმას კი - არა. და ამის ვერავითარ ლოგიკურ ახსნას ვერ პოულობ. ამას მეც ჩავუგდივარ ხშირად ბნელ ხვრელში და ბევრი კომპლექსებიც გაუჩენია...
    მაგრამ მერე მოგვიანებით ხვდები, რომ სამაგიეროდ, ადამიანი, რომელსაც წესით აი სულ არ უნდა გაინტერესებდეს, რატომღაც მოგწონს... და გადასარევად ამყარებ მასთან ურთიერთობას, თუნდაც ორ სხვადასხვა "ენაზე" საუბრობდეთ...
    და რატომ მემგონი იცი? იმიტომ რომ ღია გაქვს გონება ახლისთვის...

    @როდრიგო სანტორო
    სიყვარულზე არც მე ვსუაბრობ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, თუმცა, რახან ახსენე, იმედს გამოვთქვამ რომ გესტუმრება მალე, არაჩვეულებრივი გამოცდილებაა :)
    და უბრალო, არარომანტიულ მოწონებას რაც შეეხება, იმედი მაქვს ასევე მეტ ისეთ ხალხს გაიცნობ, რომელიც შენში მეგობრობის და დაახლოების სურვილს გამოიწვევს :)

    ReplyDelete