It won't do

To dream of Caramel,

To think of Cinnamon

And long for you...

Monday 10 May 2010

Alfama/Bairro Alto

აქ, როგორც ლისაბონის ნებისმიერ სხვა ადგილას, ყველაზე ადვილად და სწრაფად მეტროთი მოხვდებით. ვიცი, ტურისტები და მათი გიდები დაჟინებით შეეცდებიან მოგხიბლონ ტრამვაებით, მაგრამ მე თუ მენდობით, მაინც მეტრო ჯობია. ჯერ მარტო იმიტომ, რომ სწორედ მეტროში ყველაზე მეტ ადგილობრივ მაცხოვრებელს დაინახავთ, ყველაზე ადვილად ამოიცნობთ მათ სახეებზე აღბეჭდილ ემოციებსა და საფიქრალს და საკუთარ თავსაც უფრო ადვილად გათქვიფავთ ხალხის ორომტრიალში. მოკლედ და კონკრეტულად - მეტრო 4eva!

ყველაზე მოსახერხებელი სადგური ჩვენთვის Baixa/Chiado-ა. როგორც კი ამოვალთ ესკალატორზე, წესით ჩვენს პირდაპირ უნდა დავინახოთ აღმართი, რომლის გაყოლების შემთხვევაში ადვილად მივადგებით დღევანდელი გასეირნების პირველ დანიშნულების პუნქტს - Se de Lisboa-ს, ანუ ლისაბონის საკათედრო ტაძარს, რომელიც ამავე დროს ქალაქის უძველეს ნაგებობას წარმოადგენს. აქვე გირჩევთ მოემზადოთ - დღევანდელი ჩვენი გზა, წინანდელისაგან განსხვავებით, უმეტესად აღმართში მიდის და სუნთქვის დაზოგვა მოგვიწევს. არადა როგორ გინდა ეს მოახერხო, როდესაც გზად აი ასეთი გასაოცარი შენობები და ქუჩები შემოგვხვდება?

Alfama პირადად ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი უბანია ლისაბონში. ამავე დროს, ის ყველაზე ძველიცაა და მავრების ბატონობის პერიოდში ქალაქის გულს წარმოადგენდა. ეტყობა კიდეც - აქ თითქმის ყოველი მეორე სახლია მოპირკეთებული ნაირ-ნაირი ფილებით, ქუჩები ვიწრო და მიკიბულ-მოკიბულია, ფანჯრები კი - დარაბებიანი. კათედრალიც, გარკვეულწილად, თითქოს ინარჩუნებს რაღაცას აზიურს ამ ადგილას ადრე მდგარი მეჩეთისაგან, მიუხედავად იმისა, რომ კათოლიკურია. გარედან იგი ჩემი საყვარელი ფერის - ქვიშისფერისაა და მძიმედ, მასიურად დაჰყურებს ირგვლივ მდებარე დანარჩენ შენობებს. ვიტყოდი, რომ ადრეული გოთიკის სტილშია აგებული, მაგრამ, აშკარაა, რომ თითქოს და მარტივი ფასადის მიუხედავად, მასში ათასი არქიტექტურული გავლენა იგრძნობა.

კათედრალის ინტერიერი ექტერიერთან შედარებით საკმაოდ კონტრასტულია. თუ გარედან იგი მასიურობის ასოციასიას აღძრავს, შიგნიდან უფრო ჰაეროვანი და ცაში აშვერილია, სიბნელის და მიუხედავად. განსაკუთრებით საინტერესოა ცენტრალური ნაწილის ირგვლივ გაშენებული გალერეა, რომელშიც პატარა ნახევარნიშებში საინტერესო ქანდაკებიანი საფლავებია განლაგებული (მე განსაკუთრებით აი ეს მომეწონა, გეგონება, ეს ქალი უბრალოდ ტახტზე წამოწოლილა და რიმე მოდურ ჟურნალს კითხულობსო) და ასევე ე.წ. შიდა ეზო, რომელშიც დღემდე არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს. თუ გინდათ და არ გეზარებათ, შეგვიძლია ყოველ კუთხე-კუნჭულში მიმაგრებული საინფორმაციო დაფების შინაარს გავეცნოთ, რომ უკეთესად გავიგოთ, თუ რა და როგორ ხდებოდა ამ მდიდარი ისტორიის მქონე ადგილას.


როდესაც აღნიშნული მოგვწყინდება ან დავამთავრებთ, მოემზადეთ კიდევ ერთი მარშ-სროლისათვის აღმართში. ამჯერად ჩვენ ვნახავთ ლისაბონისათვის ძალიან დამახასიათებელ ადგილთაგან ერთ-ერთს - Miradouro de Santa Luzia-ს. საერთოდ, ეს miradouro-ები, ფილებიან სახლებთან ერთად, ლისაბონის ყველაზე დამახასიათებელი ნიშნებია ალბათ - თავად ეს ცნება სიტყვასიტყვით ითარგმნება როგორც „ხედის წერილი“ და როგორც ადვილად მიხვდებით, მთაგორებზე განლაგებული მდინარისპირა საპორტო ქალაქის ყველაზე შთამბეჭდავ ხედებს გვპირდება. ასეთს კიდევ არაერთს ვნახავთ, მაგრამ ეს ჩემთვის განსაკუთრებით საყვარელია - ჯერ მარტო ისევ და ისევ იმის გამო, რომ ლურჯი ფერის ფილებითაა მოპირკეთებული. მერე იმიტომ, რომ ნაკლებად ტურისტულია და ძირითადად, აქ ადგილობრივი ახალგაზრდა წყვილები ბუდობენ და მესამე იმიტომ, რომ თავის დროზე, იგი სრულიად შემთვევით აღმოვაჩინე, იმიტომ რომ დავიკარგე :)

საერთოდ, დაკარგვა უცხო ქალაქის შეცნობის და შეგრძნების ჩემი საყვარელი ხერხია. განსაკუთრებით კარგად ეს ძველ, სამხრეთულ ქალაქებში გამომიცდია - უბრალოდ შეუძლებელია იხელმძღვანელო რუკით ისეთ ქუჩებში, როგორიც იქაა. სჯობს მოდუნდე, მიენდო ნიავს, ხალხის მოძრაობას ან საკუთარ ცნობისმოყვარეობას და გაუყვე გზას. ადრე თუ გვიან მაინც ამოხვალ სადმე ცენტრალურ ადგილას, ან რამიე სახის ტრანსპორტს მაინც მიადგები.
აუცილებლად გადავიხედოთ ამ miradouro-დან და, სურვილის შემთხვევაში, ჩამოვსხდეთ კიდეც. მწეველთათვის გადასარევი ადგილია ერთი გაბოლებისათვის - ფიქრებიც თავისუფლად მიყვებიან ჯერ ქვემოთ მიმოფანტულ სახლის სახურავებს, ხოლო მერე , სკუპვა-სკუპვით, მდინარის წყალში ცვივდებიან. წყალში, რომელიც ასეთ ღრუბლიან დღეს ჰორიზონტის ხაზის გარეშე პირდაპირ ცაში გადადის... ძალიან ლამაზი და მშვიდი ადგილია...

მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენი გასეირნება აქ არ მთავრდება. შემდეგი დანიშნულების წერტილი აქაური ნარიყალა, Castelo de Sao George-ა. ახლა სადაც ვდგავართ, იმ ტერასიდან ის ჯერ არ ჩანს, ამიტომ გეზი მარცხნისაკენ, სიღრმეში უნდა ავიღოთ, სადაც ცოტა ხანში პატარა ქუჩებით კიდევ ერთ „ხედის წერტილს“ მივადგებით. ამჯერად ეს Miradouro da Nossa Senhora do Monte იქნება - ქალაქის ყველაზე მაღალი წერტილი. სწორედ აქედან დავინახავთ პირველად ციხე-სიმაგრეს, რომლიც VI საუკუნიდან ახლო წარსულამდე ქალაქის ყველაზე მნიშვნელოვან სტრატეგიულ წერტილს წარმოადგენდა.

სხვა დანარჩენზე მეტად მე პირადად ამ ციხესიმაგრეში მომწონს მისი შიდა ეზო - ნაცრისფერი ქვებისა და მარადმწვანე მცენარეების ერთობლიობით. ტურისტების გარდა აქ უამრავი ჯიშის და რჯულის ცხოველი შეგვხვდება, რიგითი კატებითა და ძაღლებით დაწყებული, ასეთი ეგზოტიკური ფარშევანგებით დამთავრებული. ეზოს თითქმის ყოველი წერტილიდან სულნთქვისშემკვრელი ხედები იშლება, როგორც თვითონ ლისაბონზე, ასევე პორტსა და მდინარეზეც. ჩემი ფავორიტი აქ Praca do Commercio-ს მხარეა, საიდანაც უზარმაზარი თანამედროვე ხიდის სილუეტიც კი მოჩანს მკრთალ ძაფად ჰორიზონტზე...
კიბეებზე, ზარბაზნებზე და კედლებზე ძრომიალისას გადაშლილი ხედების თანხმებით ადვილად ხვდები, თუ რატომ იბადებოდნენ ამ ქვეყანაში ისეთი ადამიანები, როგორებიც როგორიც იყო ვასკო და გამა და რატომ მაინცდამაინც აქედან გავიდა თავისი ექსპედიციით ქრისტეფორე კოლუმბი. თითქოს ჰაერიც კი გაჟღენთილია აქამდე უნახავი ადგილების შემეცნების სურვილით და სწრაფვით სიახლისაკენ - მე პირადად გულიც კი დამწყდა, რომ დედამიწაზე აღარ დარჩა აღმოუჩენელი თუნდაც კუნძულიც კი და მე არ შემიძლია მისი პოვნა... მაგრამ, რას იზამ. ჩვენ პროგრესისა და კოსმოსის საუკუნეში დაბადებულებს, სხვა მიმართულებები გვაქვს ასათვისებელი.

თუმცა, ყველა დროებისა და ერის ადამიანებს გვაერთიანებს პირველადი მოთხოვნები - როგორიცაა დასვენება და კვება. სწორედ ამიტომ ამჯერად მინდა გაზიაროთ პორტუგალიურ სამზარეულოს და, მასთან ერთად, აქაური კულტურის ისეთ მნიშვნელოვან ნაწილს, როგორიცაა fado.

ყველაზე გემრიელი რესტორნები და ყველაზე კარგი fado-ს შემსრულებლები ჩემი გამოცდილებით, Bairro Alto-ში მოიპოვებიან. სიტყვასიტყვით ეს სახელწოდება „ზემო უბანს“ ნიშნავს, ამიტომ აქაც, Alfama-ს მსგავსად, აღმართ-დაღმართ ფორთხიალი მოგვიწევს. მაგრამ, გამომდინარე რა იქიდან, რომ უკვე საკმაოდ დავიღალეთ და აგრეთვე იმის გამო, რომ ამ ძველებურ უბნებში მეტრო, ცხადია, არ არსებობს, უნდა ვისარგებლოთ ტრამვაით. ამჯერად გვაწყობს 28-ე ხაზი, რომელიც პირდაპირ ჩაგვაცუნცულებს ლისაბონის ერთ-ერთ ყველაზე კოლორიტულ fado წერტილში.

თქვენ ალბათ გაინტერესებთ, რა არის ეს fado, რომელზეც ამდენს ვლაპარაკობ. პროფესიონალები გეტყვიან, რომ ეს არის უნიკალური მუსიკის ჟანრი, რომელიც მხოლოდ პორტუგალიას ახასიათებს და ამ ქვეყნის მთელ არსებას შეგაგრძნებინებთ. მეც ვეთანხმები ამ დებულებას, ოღონდაც ნაწილობრივ. ჩემი აზრით, არსობრივადაც და სტილისტურადაც fado-სთან ძალიან ახლოსაა როგორც რუსული რომანსი, ასევე ესპანური ფოლკლორი. მაგრამ, ასეა თუ ისე, ლისაბონში ჩვენის სტუმრობა არასრული იქნება ამ სულისშემხუთველი მუსიკის გარეშე.
რაც შეეხება კვებას - აუცილებლად მიირთვით ხორცი და ზღვის პროდუქტები, თუგინდ მათი მოყვარული დიდად არ იყოთ. ყველაზე გემრიელად აქ სწორედ ამ პროდუქტებს ამზადებენ. ღვინოს რაც შეეხება, მე დიდად ვერ ვერკვევი, ამიტომ, არჩევანი თქვენთვის ან მიმტანისათვის მომინდვია.

საღამოს „გაჩაღებასთან“ ერთად რესტორნის თაღების ქვეშ ჩვენი დღევანდელი პირველი შემსრულებელი ჩნდება. მისი არც სახელი ვიცი და არც გვარი, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს. ერთადერთი, რაც მასში მაინტერესებს, მისი ემოციური სახე და სევდიანი და ამავე დროს ვნებიანი ხმაა. რამოდენიმე სიმღერის შემდეგ მას ცვლის აი ეს მამაკაცი, რომლის სიმღერაშიც მე მოთვინიერებულ აგრესიას ვგრძნობ - არ ვიცი, რაზე მღერის ის, მაგრამ ინტონაციითა და მისი სახის გამომეტყველებით ვხვდები, რომ ალბათ ღალატზე, ტკივილზე და უსამართლობაზე... მისი ხმა იმდენად ემოციურია, რომ მაჯადოებს, თვალს ვერ ვწყვეტ მის სახეს და ჩემი უგემრიელესი ველური ტახის ანტრეკოტიც კი მავიწყდება... მოულოდნელად, ამ მამაკაცს უფრო ენერგიული და შემიძლია ვთქვა, კეკლუცი ქალბატონი ცვლის - ვიზუალურად მე ის მედეა ჩახავას მივამსგავსე მაგრამ არ ვიცი, თქვენ რამდენად დამეთანხმებით. სულ სხვანაირია ამ ქალბატონის სიმღერა და მე მალევე ვხვდები რატომაც - უცხო სიტყვათა შორის ძალიან მკაფიოდ გამოვიჭირე „ლიშბოა“. სწორედ ასე ეძახიან ამ უნიკალური ქვეყნის ბინადრები თავიანთ დედაქალქს... ამიტომაც არ მიკვირს, რომ მასზე ნამღერი სევდიანი fado-ც კი რაღაცნაირად მხიარულად ჟღერს...
და აი, დარჩა ამ საღამოს პროგრამაში გათვალისწინებული ბოლო შემსრულებელი - თავად ამ რესტორნის პატრონი, თურმე ძალიან ცნობილი შემსრულებელი ქალი. როდესაც მეგონა, რომ უკვე გადავაბიჯე გაოცების და ემოციური დაძაბულების ზღვარს, თურმე შევმცდარვარ. ამ ქალბატონის არაჩვეულებრივმა, მთრთოლვარე ხმის ტემბრმა ლამის მატირა. მაგრამ ყველაზე ძალიან მაინც მისი სევდიანი თვალები დამამახსოვრდა, რომლებშიც თითქოს ჩანდა ყველაფერ იმის ილუსტრაცია, რასაც იგი სიმღერად გადმოგვცემდა...
თუმცა, არალირიული გადახვევის სახით მაინც უნდა აღვნიშნო, რომ ყველაზე მეტად მაინც ერთი გიტარისტი ბიჭი მომეწონა :) მთელი საღამო მესროდა მრავლისმეტყველ მზერებს და მეც არ ჩამოვრჩებოდი, ვაჩხაკუნებდი და ვაჩხაკუნებდი აპარატს. ვინ იცის, მარტო რომ ვყოფილვიყავი, იქნებ გამომლაპარაკებოდა კიდეც, მაგრამ... მოკლედ, აშკარაა რომ აქ მეორედ აუცილებლად უნდა ჩამოვიდე.
ამასობაში ლისაბონში უკვე ღამეც დამდგარა. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ დასაძნებლად უნდა გავეშუროთ - პირიქით. ახლა Bairro Alto-ს ყველაზე მხიარული, ყველაზე ცოცხალი და კოლორიტული დრო იწყება. რა დროს ძილია, როდესაც ჩვენს ირგვლივ ახალგაზრდა, სიმპატიური პორტუგალიელებით გავსებული აი ასეთი ქუჩებია :) სულ რომ არ აპირებდე დალევას და გართობას, მოგანდომებენ...

ყოველი ბარიდან, ყოველი პატარა კლუბიდან ჟრიამული, სიცილი და მუსიკა ისმის. აქ ვერ ნახავთ დიდ, ქრომირებულ და მჟავისფერ დისკოტეკებს - აქ ყველაფერი გაცილებით უფრო შინაურია - დეკორატიული წვიმებითა და ლამპიონებით გალამაზებული. მე ვიტყოდი, ბოჰემურიც... აქ ქუჩებში იმპროვიზირებული კონცერტები იმართება, აქ ერთმანეთს უცხოები ესალმებიან და მეგობრები ემშვიდობებიან, აქ მხიარულებაა, აქ ყველას ერთმანეთის ესმის, იმიტომ რომ ჯადოსნური ღამის უნივერსალურ ენაზე საუბრობენ...

ვფიქრობ, საღამოს დასასრულისათვის მშვენიერი ადგილია. ოღონდაც დასრულებაში იმას კი არ ვგულისხმობ, რომ სახლისაკენ/სასტუმროსაკენ უნდა წავიდეთ, არამედ იმას, რომ ჩვენთვის სასურველი ერთი რომელიმე ბარი ავირჩიოთ, თუნდაც დასაწყისისათვის და პორტუგალიური კულტურის თანამედროვე, სოციალურ ნაწილს გავეცნოთ უფრო სიღრმისეულად. სასურველია, ცოტაოდენი ალკოჰოლის თანლებით, if you know what I mean ;)

წარმატებებს გისურვებთ! დარწმუნებული ვარ, ჩემს მსგავსად თქვენც ძალიან მოგეწონებათ აქაურობა...


მე კი მომავალ გასეირნებამდე გემშვიდობებით!

Thursday 6 May 2010

Baixa

დღევანდელი გასეირნება (იმათთვის, ვისთვისაც გაურკვეველია, სად ვსეირნობთ და რატომ, იხილეთ აი ეს პოსტი) დავიწყოთ Marques de Pombal-ის მოედნიდან, რომელიც, რომ არ მოგატყუოთ, ერთი უღიმღამო რამ არის. უფრო კომერციული, ახალი და კუთხოვანი. შთაბეჭდილებას განსაკუთრებით გვიმძაფრებს ის ფაქტი, რომ შადრევნის აუზი შიგნიდან ელექტრიკი ლურჯი ფერის პარკისმაგვარი მეტერიით არის გადაკრული. ამის გამო ის ზედმეტად თვალშისაცემი, კიჩური და გამომწვევი ჩანს... მაგრამ მოდით, ამაზე არ გავამახვილოთ ყურადღება - სასტუმროდან მარჯვენა მხარეს მოჩანს განიერი გამზირი, რომელიც, პირობას გაძლევთ, გაცილებით უფრო მოგეწონებათ. ეს არის ცნობილი Avenida de Liberdade, რომლის გავლითაც პირველად დაიწყებთ ლისაბონის შეგრძნებას.




აუჩქარებლად ჩავუყვეთ დაღმართს. დაივიწყეთ ნებისმიერი ტრანსპორტი და ვიაროთ ფეხით! ასე ყველაფერს კიდევ უფრო კარგად დავინახავთ - მერე რა, რომ მარტო Avenida კილომეტრნახევარი სიგრძისაა. მერწმუნეთ, თქვენ ამას ვერც კი შეამჩნევთ. ხოლო მაინცდამაინც ძალიან თუ დაიღლებით - უამრავი სკამია ჩაყოლებაზე. აირჩიეთ თქვენთვის სასურველი და დასხედით, ბატონო.

ამბობენ, ეს გამზირი პარიზის შანზ-ელიზეს გავლენით გაკეთდა და ალბათ, ეტყობა კიდევაც... აქაც ჩადო არქიტექტორმა პათოსი და მასიურობა - სიგანე ამ გამზირის 90 მეტრია. მაგრამ მე პირადად უფრო მხიბლავს აი ასეთი ტიპის შენობების მეზობლობა, რომლის მაგვარსაც პარიზში, მერწმუნეთ, შანზ ელიზეზე ვერ ნახავთ. და სწორედ ეს შენობები აღმოჩნდებიან ჩემთვის მაჩვენებელნი იმისა, რომ ლისაბონი არც ისეთი გაკრიალებული და გამოჭიმულია, როგორც მე შეიძლება თავიდან მომეჩვენოს...





ამასობაში გამოჩნდა ცნობილი Praça dos Restauradores. განსაკუთრებით იპყრობს ყურადღებას საინტერესო შენობა, რომელსაც მე სემირამიდას ბაღები დავარქვი - იმის გამო, რომ ზედ შენობაში გაშენებულია საკმაოდ შთამბეჭდავი ბოტანიკური ბაღი.
არადა ეს თავის დროზე კინოთეატრი იყო და ახლა საკმაოდ ძვირადღირებული სასტუმროა. არ ვიცი რატომ, მაგრამ მე დიდად არ მიყვარს ეს ადგილი - მიუხედავად იმისა, რომ შთამბეჭდავია. საკუთარი სიდიადით თითქოს მაწვება კიდეც. ამიტომ, თუ არ მიწყენთ, უცებ გავეცალოთ აქაურობას.

ვაგრძელებთ გზას ქვემთკენ და ჩვენგან ხელმარჯვნივ გამოჩნდება ერთ-ერთი ულამაზესი შენობა ლისაბონში - Estação de Caminhos de Ferro do Rossio (როსსიოს სადგური). მახსოვს, ძალიან დიდი ხანი ვიწვალე იმისათვის, რომ მისი მთლიანი ფასადი მომექცია ობიექტივში და ამ ჩემი ნაწვალების ყველაზე უფრო წარმატებულ მცდელობას თქვენც გიზიარებთ. პირდაპირ კი ლისაბონის ნამდვილი გული, Praça de D. Pedro IV, ხოლო ხალხისათვის კი მარტივად - როსსიოს მოედანი გადაიშლება. ეს მოედანი ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ადგილია მთელს ქალაქში - თუნდაც იმიტომ, რომ იგი მოპირკეთებულია ტიპური პორტუგალიური მოზაიკურიო ფილებით და თუნდაც იმის გამო, რომ მასზე განლაგებულია აი ეს იასამნისფერი სასტუმრო, რომელშიც მე ოდესმე აუცილებლად გავჩერდები, თუნდაც ერთი ღამით. სასტუმროს გაყოლებაზე ხელმარცხნივ თუ გავიხედებით, საკმაოდ შთამბეჭდავი ციხე-სიმაგრის ნაწილს დავინახავთ ამაღლებულზე, მაგრამ ამჯერად მოდით მივანებოთ მას თავი. ჩვენი მარშრუტი თავის დროზე იქაც გაივლის, ოღონდაც არა ახლა. მოპირდაპირე მიმართულებით მდებარეობს კიდევ ერთი მოედანი, Praça da Figueira, რომლიც, სიმართლე გითხრათ, გარდა იმისა, რომ საკმაოდ მოსახერხებელი მეტროს გაჩერების ადგილია, სხვა ვერაფრით აღმაფრთოვანებს. ამიტომ, გზა რომ არ გავიმრუდოთ, მივანებოთ თავი.

იასამნისფერ სასტუმროსთან შევუხვიოთ მარჯვნივ და გამოვყვეთ ქუჩას. სულ მალე, კვლავ ჩვენგან ხელმარჯვნივ შევამჩნევთ ერთ-ერთ ყველაზე უცნაურ ნაგებობას, რაც კი მე ოდესმე ცხოვრებაში მინახავს - Elevador de Santa Justa. სახელიდანვე ადვილად მიხვდებით, რომ ეს ლურსმანისებური რკინის კოშკი არის ლიფტი და მისი დანიშნულება სხვა არაფერია, თუ არა ლისაბონის ჰაერხედის მიწოდება მსურველთათვის. მე მითხრეს, რომ მისი შემქმნელი გუსტავ ეიფელის მოწაფე ყოფილა და პრინციპში, შემიძია ვთქვა რომ მასალის გარდა ამ ორ ნაგებობას ერთმანეთთან საერთო არაფერი აქვთ. სწორედ ეს მონუმენტი აერთიანებს ერთმანეთთან Baixa-სა და Chiado-ს, ლისაბონის ე.წ. „საშოპინგო“ უბანს.


ლიფტის მოპირდაპირე მხარეს ერთი ძალიან ლამაზი შენობაა, რომელსაც მყისვე გამორჩევთ სხვებისგან. ჩვენს აქამდე გამოვლილ გზაზე ეს იქნება პირველი, რომლიც გარედან ლამაზორნამენტიანი ფილებით იქნება მოპირკეთებული. სწორედ ეს ფილები, მე თუ მკითხავ, ანსხვავებენ ლისაბონს ყველა დანარჩენი ევროპული ქალაქებისაგან და მას გარკვეულ „აზიურობას“ ანიჭებენ. რა თქმა უნდა, ეს არცაა გასაკვირი, რადგან 4 საუკუნის განმავლობაში აქაურობას მუსულმანი მავრები მართავდნენ - სწორედ მათი გავლენით შემოვიდა ორნამენტული გამოსახულებები ფილებზე, რომელბიც წმინდა დეკორატიული დატვირთვის გარდა საკმაოდ პროზაულ, საყოფაცხოვრებო სარგებლობასაც ატარებდნენ - იცავდნენ სახლის კედლებს ზედმეტი ნესტისგან. ასეთ ლამაზ სახლუკებში დღესაც ცხოვრობენ ალბათ მათი შთამომავლები - სხვა ვერაფრით ავხსენი ჯაგარივით თმა და გამურული, კეთილი სახეები ამ ფანჯრების მობინადრეებისა. ვიცი, რომ შეიძლება ვცდები, მაგრამ რაღაც ასე უფრო რომანტიკული გამოდის თითქოს, არა?

ფილებიანი შენობიდან ხელმარჯვნივ კი იშლება ერთ-ერთი ყველაზე მონუმენტური პრომენადი ლისაბონში, სახელად Rua Augusta. სეზონის და ამინდის და მიუხედავად ის ყოველთვის გადავსებულია სხვადასხვა რჯულისა და წარმომავლობის ადამინებით, რომელთაგან ზოგი სეირნობს, ზოგიც საქმეზე მიიჩქარის და ზოგიც კი (და ეს უკანასკნელები მე პირადად ყველაზე ძალიან მომწონს) აქვე შოულობს ლუკმაპურს - მაგალითად, ყიდის მოხალულ წაბლს, რომელსაც ლისაბონში, დამერწმუნეთ, სრულიად განსხვავებული გემო აქვს. ეს ქუჩა სრულდება მონუმენტური ორმხრივი თაღით, რომელსაც ჩვენსკენ ამჯერად საათიანი ნახევარი აქვს მოშვერილი.



ამ თაღს როდესაც გავივლით, აღმოვჩნდებით მართლაც და უზარმაზარ მოედანზე სახელად Praça do Comércio, დიდი ძეგლით შუაგულში, ჩვენს პირდაპირ კი გადაიშლება მდინარე თაგუსი (ძალიან მეცინება დღემდე ამ სახელზე) და მასზე გაშენებული პორტი. სიმართლე გითხრათ, თავდაპირველად მეგონა რომ ზედ ოკეანეზე გამოვედი, მასშტაბებიდან და გამომდინარე, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, მოვტყუვდი. მოვტყუვდი იმაშიც, რომ მონუმენტური ყვითელი ფერის შენობა, რომელიც გარს აკრავს „ორპირ“ თაღს, სულაც არ წარმოადგენს სამეფო სასახლეს, არამედ ერთმანეთისაგან განცალკევებული, საკმაოდ პროზაული შენობების ერთობლიობაა, რომლშიც განთავსებულია სხვადასხვა ადმინისტრაციული დაწესებულებები.


სწორედ ეს უზარმაზარი მოედანი წარმოადგენს ერთგვარ დაგვირგვინებას ე.წ. ახლადაღმართული, მიწისძვრამდგრადი უბნისა, რომელიც პომბალის პირველმა მარკიზმა გააშენა XVII-XIX საუკუნეებში მაშინდელი მოდერნისტული დაგეგმარების მიხედვით. ამიტომაცაა, რომ მთელ ამ შემოგარენს მეორენაირად Pombaline Baixa-ს უწოდებენ. როგორც ჩანს, ეს უბანი იმდენად უნიკალურია, რომ 2007 წელს მთლიანად იქნა შეტანილი მსოფლიო მემკვიდრეობის ადგილთა კანდიდატების სიაში. ჩემგან მხოლოდ იმას დავამატებ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად მონუმენტური სტილის არქიტექტურა არ მხიბლავს (განსაკუთრებით ისეთი, რომელშიც ცდილობენ რომ იმპერიის ან სახელმწიფოს სიძლიერე და სიდიადე გადმოსცენ), მაგრამ ამ მოედანმა მართლაც და სუნთქვა შემაკვრევინა. შეიძლება, ეს იმის დამსახურება იყო რომ წყლის პირას დგას და საკადრისად არის დაბალანსებული ამ ერთ-ერთი უძლიერესი სტიქიით, რომლის ფონზე ჩვენ, ცალკეული პიროვნებები, კიდევ უფრო უმნიშვნელოები ვჩანვართ.

არ ვიცი, შეიძლება არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სიამოვნებთ ერთი დიდი მთლიანობის ნაწილად გრძნობა თავის, ამგრამ მე მათ რიცხვს ნამდვილად არ განვეკუთვნები. ამიტომ, ისევე, როგორც Praça dos Restauradores-ზე, აქაც აგოროფობიის მსუბუქი შეტევა მემართება და გული მიმიწევს მარცხნისაკენ, სადაც საკმაოდ საინტერესო სკვერები და ჩემს მიერ ასე მოწონებული ფილებით მოპირკეთებული შენობები დავლანდე პერიფერიული მზერით. გული მიგრძნობს, იქ იწყება სხვანაირი ლისაბონი, ისეთი, რომელიც შეიძლება ნაკლებად დიადი და შთამბეჭდავია, მაგრამ სამაგიეროდ, უფრო პირადული და მგრძნობიარე. აქ იწყება Alfama, ლისაბონის კიდევ ერთი ღირშესანიშნავი უბანი, რომელიც, სამწუხაროდ, ამ პოსტში ვეღარ მეტევა და რომელსაც მალე, ცხადია, თქვენი სურვილის შემთხვევაში ცალკე დავათვალიერებთ.

იმედს ვიტოვებ, რომ ძალიან არ დაიღალეთ და არ მოგაწყინეთ თავი ჩემი გაუთავებელი ლაქალქით. როგორც უკვე აღვნიშნე, ნებისმიერი სახის რჩევებს და შენიშვნებს ვიღებ დიდი სიამოვნებით. ასევე, ძალიან გამიხარდება თუ რომელიმე მკითხველს ექნება რაიმე გამოცდილება ამ ქალაქთან მიმართებაში და არ დაიზარებს და გამიზიარებს.

მე კი გემშვიდობებით მომავალ გასეირნებამდე :)

Wednesday 5 May 2010

პრეზენტაცია

რაღაც ძალიან დიდი ხანია არ მიმოგზაურია. შევწუხდი. ვხვდები, რომ მექმნება ე.წ. „შთაბეჭდილებითი ვაკუუმი“, რომელიც სასწრაფოდ ამოვსებას საჭიროებს...


და რას აკეთებს ადამიანი, რომელსაც ძალიან მოენატრა მოგზაურობა, მაგრამ მოკლებულია საშუალებას „ოცნება რეალობად აქციოს“? საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე ვამბობ, რომ სავარაუდოდ ის იხსენებს ადგილებს, სადაც უკვე იყო და სურს ხელახლა მოინახულოს. ან აწყობს გეგმებს იმ ადგილთან დაკავშირებით, სადაც აწი უნდა გამგზავრება. ამ ორიდან მე დღეს რატომღაც პირველი ვარჩიე. მაგრამ არა სუფთა სახით - მარტო მე რომ ვიმოგზაურო მეორედ, მგონი არაფერს მომცემს. გაცილებით უფრო საინტერესოც და სასარგებლოც იქნება, ჩემი აზრით, თქვენც გაგიყოლოთ ამ მოგზაურობაში - იქნებ, თქვენთვის საინტერესო ამბებს გაიგებთ ამ ჩემი ნაბოდიალებისაგან.


სწორედ ამგვარმა მოსაზრებებმა მიმიყვანეს იდეამდე შემექმნა ახალი ტიპის და სტრუქტურის პოსტი, რომელიც აქამდე არსებულებში ვერაფრით მოვათავსე. ამიტომ დღეს თქვენს წინაშეა ჩემი ცხელ-ცხელი ბლოგ-კატეგორიის პრეზენტაცია, რომელსაც პირობითად, „წარმოსახვითი გასეირნება“ დავარქვი. ერთად გავიაროთ ის ქუჩები, გზები და ბილიკები, რაც შემოგვხვდება და მე, შეძლებისდაგვარად, თქვენი გიდის როლს ვითამაშებ. შეფასებები ჩემი „ოსტატობის“ თქვენთვის მომინდვია... აქვე დავძენ, რომ ჯანსაღ კრიტიკას ვიღებ ხელგაშლილად.


რაც შეეხება გასეირნების ადგილს - რას იტყვით პორტუგალიის შესახებ? ეს ბოლო დღეებია ძალიან ხშირად მახსენდება ლისაბონი. დარწმუნებით ვერ ვიტყვი რატომ, მაგრამ ეჭვი მაქვს, იმიტომ, რომ ახლანდელი ამინდი თბილისში მაგონებს იქაურ იანვარს... გარდა ამისა, პირველ გასეირნების ადგილას ლისაბონს იმიტომაც ვირჩევ, რომ იგი ის ქალაქია, რომელიც ჩემთვის პირადად ბევრ სხვა ასპექტშიცაა პირველი. ჯერ მარტო იმიტომ, რომ სწორედ იქ ვიმოგზაურე პირველად მას შემდეგ, რაც ევროპაში გადავცხოვრდი წელიწადნახევრით. პირველია იმიტომაც, რომ სწორედ იქ შევიძინე და პირველად გამოვიყენე ჩემი ფოტოაპარატი (Canon 450D EOS 200იანი ლინზით). პირველია ასევე იმ ქალაქთა შორის, რომელმაც სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, თავზარი დამცეს, რადგანაც არანორმალური მაჩვენებლით გადააჭარბეს ჩემს მოლოდინს, რაც, თავისთავად იშვიათად ხდება და სასიამოვნოდ გაკვირვებულს მტოვებს. ის ჩემი პირადი ქალაქი-სიურპრიზია და შეძლებისდაგვარად შევეცდები, თქვენც ასეთად დაგანახოთ იგი.


მოკლედ რომ ვთქვა, თუ თქვენც, ჩემსავით, დიდად არ გხიბლავთ სიცივე და გიყვართ პორტუგალიური ენა, ოკეანე და გემრიელად კვება, იქაურობა ნამდვილად მოგეწონებათ...


თავიდან მე და ლისაბონმა ისე გულგრილად ავუარეთ ერთმანერთს გვერდი, როგორც კინომელოდრამის ორმა მთავარმა გმირმა შეხვედრის პირველ სცენაში - ერთი იმ განსხვავებით, რომ ალბათ, საბოლოოდ ლისაბონი ჩემთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე მე მისთვის. თუმცა, მე ეს გარემოება ნამდვილად არ მწყინს.


აქვე მინდა ვთქვა, რომ აწ დაწერილის მოცულობიდან გამომდინარე, უკვე ვხვდები რომ ეს პოსტი უშველებელად გრძელი გამომდის და ალბათ აჯობებს, ნაწილებად დავშალო. მითუმეტეს რომ ლისაბონი გარდა სიურპრიზისა, ასევე კონტრასტების ქალაქიცაა და უბრალოდ შეუძლებელია ხასიათის ერთ ტალღაზე გავეცნოთ, ისევე როგორც ერთად არ შეიძლება რძის პროდუქტებისა და მჟავე კიტრის მირთმევა. უბრალოდ ვერც ერთს გავუგებთ გემოს და რაც მთავარია, კუჭსაც წყნენს :). გარდა ამისა, სხვა პოსტებისაგან განსხვავებით, ამ კატეგორიაში ფოტომასალის ჩართვასაც ვაპირებ, რაც კიდევ ბარე ორჯერ გაზრდის პოსტის მოცულობას.


ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, გადავწყვიტე ლისაბონი დავაქუცმაცო და ამის ჩათვლით 5 პოსტში გადავანაწილო უბნების მიხედვით: პირველში Baixa-ს მოვათავსებ, რომელიც ლისაბონის გულად ითვლება, მეორეში - Alfama-სა და Bairro Alto-ს, რომლებიც უფრო ძველი და ბოჰემური უბნებია, სავსე წვრილი მიხლართული ქუჩებით, მესამეში Belem-სა და ლისაბონის შემოგარენს, რომელიც ზღვა-ოკეანეების ჩემნაირ მოყვარულებს ალბათ განსაკუთრებით მოეწონებათ და ბოლოს, მეოთხეში კი ქალაქის თანამედროვე ნაწილს „ჩავტენი“, რომელიც Gare do Oriente-ს და ოკეანარიუმს მოიცავს.


ჯერ ჯერობით ძნელად წარმომიდგენია, ამას როგორ მოვახერხებ, მაგრამ როგორც ხედავთ, პირველი ნაბიჯი უკვე გადადგმულია და მას შემდეგ, რაც ამ პოსტს გამოვაქვეყნებ, უკან დასახევი გზა აღარ მექნება.


ამიტომ, ან ფარით, ან ფარზე :)


ვნახოთ, რა გამომივა.

Monday 3 May 2010

დღეები ჩემი ცხოვრებისა

ზოგი ადამიანი დღეებს რიცხვების მიხედვით ანაწილებს, ზოგი სეზონურად, ზოგიც თვეებით, ზოგიც კი საერთოდ ღამეებით ითვლის :)

მე, ალბათ როგორც უმეტესობა მომუშავე ადამიანებისა (თან ე.წ. "საოფისე" მომუშავეებისა) კვირის დღეებს პარასკევიდან პარასკევამდე ვანაწილებ... და თუ მაინცდამაინც რიცხვზეა საუბარი - 26 ყველას ჯობია (ალბათ, მიხვდით უკვე რომ ხელფასის დღეა).

გამომდინარე ასეთი აღრიცხვის მეთოდებიდან, ყოველ კვირის დღეს ჩემთვის რაღაც რიტუალური, სოპეციფიკური ნიშანი გააჩნია, რომლიც მინდა თქვენც გაგიზიაროთ. იქნებ, თქვენასას დაემთხვეს ან რაიმე ისეთი იდეა მომაწოდოთ, რაც მე არ გამჩენია (უფრო უკანასკნელის იმედი მაქვს).

დავიწყოთ თავიდან:

ორშაბათი - ზოგადსაკაცობრიო აზრით მძიმე დღეა, თუმცა, მე ამ ასპექტში უმცირესობაში ვარ მოყოლილი. სამუშაო დღეებიდან არც ერთი არ მიადვილდება ისე, როგორც ორშაბათი. შაბათ-კვირის განმავლობაში დასვენებას ვასწრებ, ამიტომ ორშაბათს ძალების მოზღვავებასთან ერთად შრომისუნარიანობაც მემატება და დიდი ხალისით ვეჭიდები ყველა საქმეს, განსაკუთრებით, ახალი წამოწყება თუა. ერთადერთი უარყოფითი მხარე ამ დღის არის ის, რომ ბენზინის ჩასხმა მიწევს ხოლმე, რაც საგრძნობლად ათხელებს ჩემს საბანკო ანგარიშს :)

სამშაბათი - ერთ-ერთი უღიმღამო დღეა ჩემი კლასიფიკაციით. ძალებიც შედარებით გამოცლილი მაქვს, საქმეებიც უკვე ნაკლებად მაინტერესებს და ამიტომ ინერციით მისი გავლის გარდა აღარაფერი მრჩება. ამიტომ, რაღაცით მაინც რომ გავხალისდე, საღამოს რომელიმე ჩემს მეგობარს ვუნიშნავ შეხვედრას სადმე კაფეში - მწარე აბზე გლაზურივით :)

ოთხშაბათი - აღსანიშნავია იმით, რომ ოქროს შუალედია. ამ დღეს უკვე მახსენდება, რომ ნახევარი სამუშაო კვირა გავლილია და სულ მალე შევძლებ დილით გემრიელად ჩაძინებას (ნასტასიასი არ იყოს, დილის ძილი ჩემთვის ლამის ფეტიშია). ეს გრძნობა განსაკუთრებით მიმძაფრდება საღამოსკენ, რასაც ე.წ. მეორე სუნთქვის გახსნა მოსდევს, ამიტომ საღამოს განსაკუთრებით მიმეხარება ჩემი იოგის ერთსაათიანი გაკვეთილი - მოზღვავებულ ენერგიას კუნთების მიწელვ-მოწელვაში ვხარჯავ.

ხუთშაბათი - ეს სამშაბათის ბიძაშვილია, ოღონდაც კიდევ უფრო უღიმღამო. ამ დღეს საერთოდ არაფერი მახალისებს, ამიტომ აქაც, საკუთარი განწყობის მოთაფლვის მიზნით პატარ-პატარა საჩუქრებს ვიკეთებ. ასე მაგალითად - შესვენებაზე გავდივარ შენობიდან სადმე სასადილოდ, საღამოს კი ვცდილობ ან კინოში, ან თეატრში წავიდე. განსაკუთრებით ბოლო ვარიანტია მომგებიანი - ბალის აქციაა ჩემს საყვარელ თეატრში, მარჯანიშვილში (11 ლარის მაგივრად 3 ლარად შეგიძლია შეიძინო ბილეთი).

პარასკევი - ყველაზე ლენჩი დღე, რომელის ერთადერთი დანშნულებაა, მსუბუქად შემაგუოს შაბათ-კვირას. ამ დროს ვასრულებ კვირის განმავლობაში გამოყოლილ საქმეებს და ყოველთვის უარს ვაცხადებ ახალი დავალებების მიღებაზე - ასეთები თუ მომდის, ორშაბათის "ყულაბაში" ვყრი :) საღამოს 6 საათის მოახლოებასთან ერთად ჩემი განწყობაც პირდაპირპროპორციულად მაღლა იწევს და საღამოს 8-9 საათისთვის უკვე ისეთი აჟიტირებული ვარ ხოლმე, სახლში რომ ვეღარ ვჩერდები და ტყვიასავით ვვარდები გარეთ.

შაბათი - კვირის უსაყვარლესი დღე, დილიდანვე გემრიელი. ჯერ ერთი, იმიტომ, რომ ვიღვიძებ არა იმის გამო, რომ მაღვიძარა ასე მეუბნება, არამედ იმიტომ, რომ ასე მინდა :) საუზმესაც ჩემ გემოზე ვირგებ - სამუშაო დღეებში დილის 9ის ნახევარზე რძიანი ბურბუშელის მეტი მაინც არაფერი ჩამდის ყელში, შაბათს კი გემრიელი, მსუყე საუზმით შემიძლია გავინებივრო თავი. იოგის გაკვეთილიც უფრო სასიამოვნოა დილის საათებში. საღამო კი საერთოდ ჩემი საყვარელია - დალევის, ცეკვის და გართობის ტრადიციდული საღამოა შაბათი. და სახლში რაც უფრო გვიან (ან, ფაქტიურად, ადრე) მივალ, მით უფრო კმაყოფილი ვარ ხოლმე.

კვირა - რელაქსაციის, ტახტზე წამოწოლის დღეა. კვირას არაფრის კეთება არ მინდა ხოლმე (გარდა სახლის მილაგებისა, რასაც უფრო ვალდებულების გამო ვაკეთებ, ვიდრე სრუვილის). კვირა ოჯახის დღეცაა - ვინმეს აგარაკზე ასვლა, გუდვილში წაყვანა ან საერთოდ, ა პუნქტიდან ბ პუნქტში გადაადგილება ესაჭიროება, ყოველთვის მზად ვარ დავეხმარო (სინდისის დასაწყნარებლად :)). საღამოს კი, როგორც წესი საოჯახო კინოსეანსით ვასრულებთ.

ორშაბათს კი ყველაფერი თავიდან იწყება...

ფანჯარაში კი იცვლება ფერები - ნაცრისფერიდან მწვანეში, მწვანიდან ყვითელში და ყვითლიდან ხანდახან თეთრში...

და ისევე, როგორც ჩემი დღეები, ბუნებაც თითქოს წრეზე მოძრაობს.

მაგრამ, ხანდახან ვფიქრობ, კარგად რომ დავაკვირდეთ, იქნებ ყველაფერი წრიულად კი არა, სპირალურად მოძრაობს? ისეთ დიდ სპირალზე, რომელსაც არც თავი და აქვს და არც ბოლო?!

თითოეული რგოლი კი კავს ერთმანეთს, მაგრამ ხომ მაინც ახალი რგოლია, არა?

ხშირად გამიგია, რომ რუტინა ძალიან ცუდიაო, ყველაფერს კლავსო. ხანდახან მეც ასე მგონია... მაგრამ მერე ვუფიქრდები და ისევ "მეკითხებინება" ჩვეული რიტორიკული შეკითხვები...

იქნებ, როგორც შავის გარეშე თეთრი ვერ იარსებებდა,

როგორც ცუდის გარეშე კარგი,

ისე რუტინის გარეშეც არ იქნებოდა სასწაული?!

Saturday 1 May 2010

ქუჩაში რომ შემოგხვდეთ

ამგვარი სათაურით პოსტი ზურიუსის ბლოგზე ვნახე და ძალიან მომეწონა. ვფიქრობ, მისგან საკმაოდ კარგი ტაგ-პოსტი გამოვა, რომლიც, ჩემი ვარაუდით, წარმატებით შემოივლის ქართულ ბლოგსფეროს. უმეტესობა, ვინც აქ პოსტავს, ასე თუ ისე (ყოველ შემთხვევაში, მე რომლებსაც ვკითხულობ) უცნობი ადამიანები არიან ერთმანეთისათვის და შესაბამისად, შესაძლებელია, ერთმანეთისათვის ხშირად ჩაუვლიათ ქუჩაში გვერდზე და ვერც კი მიმხვდარან.

ამიტომ, საინტერესოა, შევაგროვოთ და ერთმანეთს მივაწოდოთ მინიშნებები საკუთარი თავების შესახებ - ისეთი კი არა, საპასპორტო-სამედიცინო მონაცემებს რომ გვანან, არამედ უფრო პიროვნული, მიხარული და ორიგინალური. მოკლედ ისეთი, როგორიც ზურიუსმა ჩამოთვალა.

მე ვცდი ჩემსას და ვნახოთ, რა გამოვა.

მაშ ასე, დავიწყოთ:

1. საკმაოდ სწრაფი სიარულის მანერა მაქვს. მაშინაც კი, როდესაც წესისამებრ უნდა მივსეირნობდე :).
2. ჩაცმულობის რომელიმე ელემენტი მაინც მექნება ყავისფერი, ბეჟი ან კარამელ-დარიჩინისფერი. ტყუილად კი არ ჰქვია ჩემს ბლოგს ასე ;)
3. თუ მზიანი დღეა, აუცილებლად მზის სათვალე მეკეთება. ეს პიჟონობის გამოვლინება კი არა, უფრო სამედიცინო აუცილებლობითაა გამოწვეული - პირდაპირი მზის სხივების „პერედოზისგან“ თვალები მიცრემლიანდება, მიწითლდება და მისივდება.
4. თუ წვიმს, მეცმევა ბოტები და არც ერთ ტყლაპოს არ ავუვლი გვერდს, იმით ბედნიერი რომ თამამდ შემიძლია მათზე გადავლა.
5. თუ მარტო მოვდივარ, აუცილებლად თეთრ აიპოდის ყურსასმენებს შეამჩნევთ ჩემს ყურებში. ამიტომ, არანაირ დაძახილზე არ ვრეაგირებ.
6. თუ მარტო მოვდივარ და ყურსასმენები არ მიკეთია, ორადორი ვარიანტია: ან აქვე ვარ მაღაზიაში გადასული ან კიდევ მანქანაში ვჯდები. დააკვირდით ჩემს ხელებს - თუ ვათამაშებ გასაღებს წითელი გოჭის ბრელოკით, ესეიგი მეორეა :).
7. ამინდის და მიუხედავად, თითქმის ყოველთვის მეკეთება რაიმე დასახელების კაშნი/შალი/მოსახვევი. დიდი ფანატი ვარ გარდერობის ამ ელემენტის.
8. თუკი კაშნი ვერ შემამჩნიეთ, კისერზე დამაკვირდით - ყოველთვის მიკეთია ერთი წითელი ბროლის გული და ვერცხლის პატარა ნემსიყლაპია. ამ ორი ძეწკვის გარეშე ვერასოდეს მნახავთ ვერსად. მაშინაც კი, როდესაც ისინი არ ჩანან, ესეიგი ტანსაცმლის შიგნიდან იმალებიან.

აქვე მეორე ნაწილი - როდესაც უკვე აღმოაჩენთ რომ თქვენთან მახლობლად მიმავალი ადამიანი მე ვარ და გადაწყვიტეთ, დამელაპარაკოთ:

1. არ გაგიკვირდეთ, თუ თავიდანვე გაოგნებული ღიმილით შემოგხედავთ - ალბათ როგორც ყოველი სხვა ადამიანი, მარტო ქუჩაში სიარულისას რაღაცა აბსოლუტურად განყენებულ თემაზე ვფიქრობ და აზრი რომ გამიწყდება, ვიბნევი.
2. როდესაც მეტყვით, რომ ჩემი ბლოგ-აღწერიდან ამომიცანით, გამეცინება და გავწითლდები. იცოდეთ, რომ გულში ძალიან გამიკვირდება, რომ მიცანით.
3. გამოლაპარაკებისას პირდაპირ თვალებში რომ შემოგხედავთ, ნუ გაგიკვირდებათ. მე ასე ვიმახსოვრებ ხალხს.
4. რომ გამეცნობით, თქვენი სახელი და საკონტაქტო მონაცემები კი არა, თქვენი ბლოგის მისამართი მიწილადეთ... აწი უკვე გაათმაგებული ინტერესით ჩავეკითხები თქვენს ნაწერს!

არ ვიცი, რამდენად „იდენტიფიცირებადი“ გამოვედი ყოველივე ამ ზემოთჩამოთვლილიდან გამომდინარე, მაგრამ მემგონი, ზუსტად ეს არის ამ პოსტის „მუღამი“... თუ გეგონებათ, რომ ამომიცანით, არ მოგერიდოთ, მოდით და მომესალმეთ, თუნდაც სახეზე უპირქუშესი გამომეტყველება მქონდეს აფარებული. იცოდეთ, რომ აუცილებლად გამიხარდება!

ამ ჩემს პოსტში ვთაგავ ნასტასიას და ნატალიას. ძალიან, ძალიან მინდა ეს ორი ჯერ კიდევ ჩემთვის ასე თუ ისე უცნობი ადამიანი შევძლო ამოვიცნო ქუჩაში, სრულიად შემთხვევით...