რაღაც ძალიან დიდი ხანია არ მიმოგზაურია. შევწუხდი. ვხვდები, რომ მექმნება ე.წ. „შთაბეჭდილებითი ვაკუუმი“, რომელიც სასწრაფოდ ამოვსებას საჭიროებს...
და რას აკეთებს ადამიანი, რომელსაც ძალიან მოენატრა მოგზაურობა, მაგრამ მოკლებულია საშუალებას „ოცნება რეალობად აქციოს“? საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე ვამბობ, რომ სავარაუდოდ ის იხსენებს ადგილებს, სადაც უკვე იყო და სურს ხელახლა მოინახულოს. ან აწყობს გეგმებს იმ ადგილთან დაკავშირებით, სადაც აწი უნდა გამგზავრება. ამ ორიდან მე დღეს რატომღაც პირველი ვარჩიე. მაგრამ არა სუფთა სახით - მარტო მე რომ ვიმოგზაურო მეორედ, მგონი არაფერს მომცემს. გაცილებით უფრო საინტერესოც და სასარგებლოც იქნება, ჩემი აზრით, თქვენც გაგიყოლოთ ამ მოგზაურობაში - იქნებ, თქვენთვის საინტერესო ამბებს გაიგებთ ამ ჩემი ნაბოდიალებისაგან.
სწორედ ამგვარმა მოსაზრებებმა მიმიყვანეს იდეამდე შემექმნა ახალი ტიპის და სტრუქტურის პოსტი, რომელიც აქამდე არსებულებში ვერაფრით მოვათავსე. ამიტომ დღეს თქვენს წინაშეა ჩემი ცხელ-ცხელი ბლოგ-კატეგორიის პრეზენტაცია, რომელსაც პირობითად, „წარმოსახვითი გასეირნება“ დავარქვი. ერთად გავიაროთ ის ქუჩები, გზები და ბილიკები, რაც შემოგვხვდება და მე, შეძლებისდაგვარად, თქვენი გიდის როლს ვითამაშებ. შეფასებები ჩემი „ოსტატობის“ თქვენთვის მომინდვია... აქვე დავძენ, რომ ჯანსაღ კრიტიკას ვიღებ ხელგაშლილად.
რაც შეეხება გასეირნების ადგილს - რას იტყვით პორტუგალიის შესახებ? ეს ბოლო დღეებია ძალიან ხშირად მახსენდება ლისაბონი. დარწმუნებით ვერ ვიტყვი რატომ, მაგრამ ეჭვი მაქვს, იმიტომ, რომ ახლანდელი ამინდი თბილისში მაგონებს იქაურ იანვარს... გარდა ამისა, პირველ გასეირნების ადგილას ლისაბონს იმიტომაც ვირჩევ, რომ იგი ის ქალაქია, რომელიც ჩემთვის პირადად ბევრ სხვა ასპექტშიცაა პირველი. ჯერ მარტო იმიტომ, რომ სწორედ იქ ვიმოგზაურე პირველად მას შემდეგ, რაც ევროპაში გადავცხოვრდი წელიწადნახევრით. პირველია იმიტომაც, რომ სწორედ იქ შევიძინე და პირველად გამოვიყენე ჩემი ფოტოაპარატი (Canon 450D EOS 200იანი ლინზით). პირველია ასევე იმ ქალაქთა შორის, რომელმაც სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, თავზარი დამცეს, რადგანაც არანორმალური მაჩვენებლით გადააჭარბეს ჩემს მოლოდინს, რაც, თავისთავად იშვიათად ხდება და სასიამოვნოდ გაკვირვებულს მტოვებს. ის ჩემი პირადი ქალაქი-სიურპრიზია და შეძლებისდაგვარად შევეცდები, თქვენც ასეთად დაგანახოთ იგი.
მოკლედ რომ ვთქვა, თუ თქვენც, ჩემსავით, დიდად არ გხიბლავთ სიცივე და გიყვართ პორტუგალიური ენა, ოკეანე და გემრიელად კვება, იქაურობა ნამდვილად მოგეწონებათ...
თავიდან მე და ლისაბონმა ისე გულგრილად ავუარეთ ერთმანერთს გვერდი, როგორც კინომელოდრამის ორმა მთავარმა გმირმა შეხვედრის პირველ სცენაში - ერთი იმ განსხვავებით, რომ ალბათ, საბოლოოდ ლისაბონი ჩემთვის გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, ვიდრე მე მისთვის. თუმცა, მე ეს გარემოება ნამდვილად არ მწყინს.
აქვე მინდა ვთქვა, რომ აწ დაწერილის მოცულობიდან გამომდინარე, უკვე ვხვდები რომ ეს პოსტი უშველებელად გრძელი გამომდის და ალბათ აჯობებს, ნაწილებად დავშალო. მითუმეტეს რომ ლისაბონი გარდა სიურპრიზისა, ასევე კონტრასტების ქალაქიცაა და უბრალოდ შეუძლებელია ხასიათის ერთ ტალღაზე გავეცნოთ, ისევე როგორც ერთად არ შეიძლება რძის პროდუქტებისა და მჟავე კიტრის მირთმევა. უბრალოდ ვერც ერთს გავუგებთ გემოს და რაც მთავარია, კუჭსაც წყნენს :). გარდა ამისა, სხვა პოსტებისაგან განსხვავებით, ამ კატეგორიაში ფოტომასალის ჩართვასაც ვაპირებ, რაც კიდევ ბარე ორჯერ გაზრდის პოსტის მოცულობას.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, გადავწყვიტე ლისაბონი დავაქუცმაცო და ამის ჩათვლით 5 პოსტში გადავანაწილო უბნების მიხედვით: პირველში Baixa-ს მოვათავსებ, რომელიც ლისაბონის გულად ითვლება, მეორეში - Alfama-სა და Bairro Alto-ს, რომლებიც უფრო ძველი და ბოჰემური უბნებია, სავსე წვრილი მიხლართული ქუჩებით, მესამეში Belem-სა და ლისაბონის შემოგარენს, რომელიც ზღვა-ოკეანეების ჩემნაირ მოყვარულებს ალბათ განსაკუთრებით მოეწონებათ და ბოლოს, მეოთხეში კი ქალაქის თანამედროვე ნაწილს „ჩავტენი“, რომელიც Gare do Oriente-ს და ოკეანარიუმს მოიცავს.
ჯერ ჯერობით ძნელად წარმომიდგენია, ამას როგორ მოვახერხებ, მაგრამ როგორც ხედავთ, პირველი ნაბიჯი უკვე გადადგმულია და მას შემდეგ, რაც ამ პოსტს გამოვაქვეყნებ, უკან დასახევი გზა აღარ მექნება.
ამიტომ, ან ფარით, ან ფარზე :)
ვნახოთ, რა გამომივა.
პირველ რიგში, ისე მიხარია რომ აქტიურად პოსტავ! ხშირად მიწევს ამ სიტყვები გამეორება, მაგრამ სულ მინდება და ვერ ვიკავებ თავს, რომ არ ვთქვა :))
ReplyDeleteმეორე რიგში :D მოგზაურობა და ახალი ქალაქების/ქვეყნების ნახვა ჩემი ერთ-ერთი ოცნებაა. თუმცა არა ყველა ქვეყნის, მე ცოტა რთული მოგზაური ვიქნები, ყველგან ვერ ვიწანწალებ დარწმუნებული ვარ. ანუ კლასიკური გაგებით მოგზაური არ ვარ ალბათ :D პორტუგალიით დავინტერესდი ამ ბოლო დროს ძალიან, ეს პოსტი რომ წავიკითხე, ასე მგონია რომ ნაწილობრივ ვისრულებ ჩემს ოცნებას და მოუთმენლად ველი შემდეგ ნაწილს.
ნატალია - იცი, მე შენგან მივიღე ნაწილობრივ შთაგონება ამ პოსტისთვის. როდესაც შენ ბლოგს ვათვალიერებდი ამას წინათ, დავინახე განყოფილება, რომელიც აქამდე არ შემიმჩნევია - ჩემი ესპანეთი ქვია. ხოდა იმდენად მომეწონა, რომ ასოციაციურად ასეთი რაღაცის დაწერა მომანდომა...
ReplyDeleteმადლობა, რომ ასე ხშირად მკითხულობ და შეგულიანებას არასოდეს იშურებ!
ძალიან მიყვარს შენი პოსტები ^_^
ReplyDeleteხოდა მაგარი იდეაა ^_^
მეც გიერთები მოგზაურობაში ^_^