It won't do

To dream of Caramel,

To think of Cinnamon

And long for you...

Monday 17 August 2009

Sorry seems to be the hardest word

სამწუხაროდ, ყველას ცხოვრებაში ხდება ისეთი შემთხვევები, როდესაც ჩვენს მიერ ჩადენილი ქმედებისათვის ბოდიშის მოხდა არის საჭირო...

ნუ, სიტყვა “საჭირო” ცოტა შეუსაბამოა ალბათ, გააჩნია ვისთვისაა საჭირო... და საერთოდაც, ბევრმა შეიძლება მიიჩნიოს, რომ საზოგადოებრივი მორალის ფარგლებს გარეთ გასვლა სულაც არ არის საბოდიშო საქმე, რაც ერთისთვის კარგია, მეორესთვის ცუდია და ა.შ. ამჯერად არ მინდა შევიჭრა პოლემიკაში იმის შესახებ, თუ რა არის კარგი და რა არის ცუდი, მითუმეტეს რომ ეს თემა მართლაც და ამოუწურავია და იმდენ “სათუო” ცნებას შეიცავს, რომ დემაგოგიას ვერ ავცდები. ამიტომ მოდით შევთანხმდეთ იმაზე, რომ იმ შემთხვევაში, რომელსაც ახლა მე განვიხილავ (ან ვცდი განხილვას) საქმე ეხება ისეთ სიტუაციას, როდესაც ჩვენ თვითონვე ვხვდებით, რომ რაღაცა დავაშავეთ და ბოდიში გვაქვს მოსახდელი, რადგან ამას მორალი კი არა, არამედ საკუთარი სინდისი გვკარნახობს.

ზოგ ადამიანს უჭირს ბოდიშის მოხდა, ზოგს ისიც კი უჭირს, რომ საერთოდ აღიაროს რომ არ იყო მართალი და რაიმე შეეშალა, ზოგი კი იმდენად “უხერხემლოა”, რომ ნებისმიერი კონფლიქტის გადაჭრის საუკეთესო საშუალებად ამ კონფლიქტის არიდება მიაჩნია და ამას ნებისმიერი ბრალდების გულწრფელი აღიარებით აღწევს.

ძალიან ძნელია ეურთიერთო პირველი კატეგორიის ადამიანებს. როგორც წესი, ისინი საკმაოდ არამიმტევებლები არიან სხვათა შეცდომების მიმართ და არასოდეს გაუშვებენ შანსს რაიმე ნაკლოვანებაზე მიუთითონ მეგობარს. კლასიკური შემთხვევაა საკუთარ თვალში მორის არდანახვის. რაც ყველაზე საინტერესოა, ამ თავის “განსჯადობას” მოხერხებულად ფუთავენ “შენთვის-უკეთესი-მინდა” ქაღალდში და გინდა არ გინდა გულუხვად გტენიან საჩუქრად. აბა გაბედე და არ მიიღო ან, ღმერთმა დაგიფაროს და საპასუხო ძღვენი გაუკეთო, ვერ გადარჩები. “მაპატიე, არ ვიყავი მართალი” – ეს ის ფრაზაა, რომელსაც არასოდეს გაიგონებთ მათგან, სამაგიეროდ, თუ ამის გამო პრეტენზიას გამოთქვამთ, მოგიწევთ ოხრად თქვენ თვითონ მისი განმეორება. საბოლოოდ, ალბათ ყელში გეჩრებათ არსებული დისბალანსი და ნელ-ნელა, მაგრამ მტკიცედ წყვეტთ ყველანაირ კავშირს ასეთ ადამიანებთან... 

აქედან დასკვნა, ბოდიშის მოხდა ხანდახან ძალიან საჭიროა ნორმალური ადამიანური ურთიერთობის შესანარჩუნებლად...

მაგრამ, გადაზედმეტებული არაფერი ვარგაო, თქმულა. ადამიანები საზიზღარი ხალხი ვართ, ემოციებს და ხასიათებს ვყვებით ხოლმე ხანდახან და თუ არ მოგვიყვანა ვინმემ აზრზე, გაუკვალავში გავდივართ. ხშირათ ასეთ "აყოლიებას" მივყავვართ სხვათა უსამართლო გაკრიტიკებისკენ ან მთლად უარესი, მეგობრებისათვის უსაფუძვლო ბრალდებების წაყენებისაკენ. არიქა და ყველაა მტყუანი ჩვენი საკუთარი ძვირფასი თავების გარდა... და წარმოიდგინეთ, რა რთულია, როდესაც იმის მაგივრად, რომ მეგობარმა მიგვანიშნოს, რომ არასწორედ ვიქცევით და მოგვიწოდოს აგრესიის ან სხვა რომელიმე არამართებული საქციელის შეწყვეტისკენ, თავად გვიხდის ბოდიშს ჩვენი გაღიზიანებისათვის?! თანაც ორივე კონფლიქტის მონაწილემ ისედაც იცის, ვინაა ამ შემთხვევაში მართალი, მაგრამ ბოდიშს რატომღაც მტყუანი იხდის ერთგვარი “სულგრძელობის” გამოსაჩენად და კონფლიქტის დასრულების მიზნით. საბოლოოდ კი ასეთ საქციელსაც საკმაოდ სავალალო შედეგამდე მივყავვართ – ამ შემთხვევაშიც მეგობრული კავშირი წყდება, მაგრამ უბრალოდ იმიტომ, რომ არავის სურს იურთიეთოს ადამიანთან, რომელსაც საკუთარი პოზიციის დაცვა და საკუთარი სიმართლის დამტკიცება არ შეუძლია.

აქედან მომდევნო დასკვნა – ბოდიში მხოლოდ მაშინ უნდა მოიხადო, როდესაც მართლა მოსახდელია...

თუმცა...

ისევ მიჩნდება ერთი რიტორიკული შეკითხვა...

არ ვიცი, თქვენ დაკვირვებიხართ თუ არა მაგრამ,

რატომაა, რომ მართალისათვის გაცილებით უფრო ადვილია აღიაროს არდაშვებული შეცდომა, ვიდრე მტყუანისათვის მოიხადოს ბოდიში?!





Saturday 15 August 2009

To the perfect Man

შენნაირი კაცები ყოველთვის მომწონდა...

აი მართლა კაცები, ბიჭები კი არა... კაცები...

პირველად როდესაც გაგიცანი, არ ვიყავი თავისუფალი, ურთიერთობაში ვიყავი, მაგრამ პირველივე ნახვიდან თვალი ვერ მოგწყვიტე... სიტუაციას ის აადვილებდა, რომ ჩემმა იმდროინდელმა პარტნიორმაც გაიზიარა ჩემი სიმპატია შენს მიმართ და კარგა ხანი ჩემს შენდამი მიზიდულობას ეფექტურად “ვაკამუფლირებდი” უბრალო პატივისცემითა და აღფრთოვანებით...

ყვლაზე მეტად შენმა გარეგნობამ მომხიბლა თავიდან – მიყვარს ჭაღარა... მაჯადოებს... ისიც მომწონდა, რომ ფიზიკური დეფექტი გაგაჩნდა, ჭაღარასთან ერთად განსაკუთრებით ამძაფრებდა “ჭირვარამგამოვლილის” ეფექტს შენში – შინაგანად და გარეგნულადაც დასახიჩრებული, უფრო მიზიდავდი. მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, რომ ნარკოტიკებს ეტანებოდი, ავტომატურად არ შემეზიზღე (რაც მახასიათებს ხოლმე) და საკმაოდ “ბლაგვი”, მაგრამ მაინც გამართლება მოგიფიქრე – ჯერ ერთი ტკივილგამაყუჩებელი გჭირდებოდა და მეორეც ერთი, შენისთანა ადამიანი ყოველთვის on the edge უნდა იყოს... სხვანაირად ხომ ვერ იაზროვნებდი “ჩარჩოებს გარეთ” და ვერ ამოხსნიდი შენს წინაშე დასახულ ამოცანებს...

და ეს მხოლოდ თავიდან... როდესაც შენი პროფესიული წარმატებაც დავინახე, საერთოდ “გადამეკეტა”... არ ვიცი, მჭირს რაღაცა თვითრელიზებული მამაკაცების მიმართ. ალბათ რაღაც პრესიტორიული გენია, რომელიც მკარნახობს, რომ თუ “ნადირობაში” განსწავლულია ჩემი რჩეული, მეც და ჩვენს შთამომავალსაც მშიერს არასოდეს გვამყოფებს. მაგრამ სულაც რომ დავანებოთ მაგას თავი, უბრალოდ თვალი და ყური ტკბებოდა შენი ვირტუოზობის აღქმით...

შენი მუსიკალური გემოვნება ხომ საერთოდ ცალკე საკითხია. ყველაზე მეტად მეც და შენც ალბათ ჯაზი გვიყვარს, მაგრამ შიგადაშიგ ორივენი როკით ვაზავებთ... და რაც საინტერესოა, ხანდახან დროის სატარებლად და ეფექტის შესაქმნელად ჰიპ-ჰოპსაც არ ვთაკილობთ (რა დამავიწყებს შენს თავბუდამხვევ ცეკვას ზოლიან სათვალეებში და “მამა კუკუს” დროინდელი მაგნიტაფონით მხარზე. კარგა ხანი ვერ მასულიერებდნენ). იმაზე ხომ აღარაფერს ვამბობ, რომ როდესაც პირველად მოვისმინე შენი ფორტეპიანოზე და გიტარაზე შესრულება, მოზღვავებული ემოციისაგან კინაღამ ვიტირე. ვირტუოზი იყავი აქაც...

და ბოლოს, მაგრამ, როგორც ინგლისელები იტყვინ, definately not least, შენი იუმორის გრძნობა... ვაღიარებ, რომ თავიდან ცოტა გამიჭირდა შენი ყველა შეფარული თუ აშკრარა ხუმრობის, ცინიკური შენიშვნის, ირონიული ფრაზისა თუ სარკასტული კომენტარის აღქმა და სრულფასოვნად გაგება (შეიძლება ახლაც არ მესმის), მაგრამ როდესაც “ჩავაღწიე”, უკვე ვეღარასოდეს “ამოვაღწიე”... შენსავით მართლა ვერავინ მაცინებს...

რა მოხდა მერე, რომ ჩვენს შორის ძალიან დიდი ასაკობრივი სხვაობაა...

რა მოხდა მერე, რომ ჩემი და შენი მშობლიური ენა განსხვავდება ერთმანეთისაგან...

რა მოხდა მერე, რომ გარეგნობა ერთი ადამიანისგან გაქვს ნასესხები, ხოლო პიროვნება კი მეორისგან და რეალურად, არც არსებობ?!

ჩემთვის შენ მაინც ერთადერთი სრულყოფილი მამაკაცი ხარ...

განუმეორებელო,

გრეგორი ხაუსო…

Friday 14 August 2009

ბინძური თამაშები

ყველამ ვიცით, რომ თუ რაღაცა ძალიან გინდა, აკრძალულიც რომ იყოს, მაინც позволительно. ნუ, იმაზე აღარ გავამახვილებ ყურადღებას, რომ რაც უფრო “არ შეიძლება”, მით უფრო გინდა რატომღაც ზუსტად “ის”. ეგ აკრძალული ხილის ფენომენია და ოდესმე სულ სხვა პოსტში იქნება განხილული (თუ ვიქენი მაგის ხასიათზე). ახლა კი ცოტა განსხვავებულ მიმართულებას მინდა რომ გავყვე.

ყველას ალბათ გვაქვს გამოცდილი “შეჯიბრებითობის” გარემო პროფესიონალურ სივრცეში, იქნებოდა ეს სკოლა, უნივერსიტეტი თუ სამსახური. კარგად გვახსოვს ე.წ. “ვაზელინი” ელემენტები, რომელბიც არა მხოლოდ თავისი პროფესიონალური შესაძლებლობებით, არამედ პირფერობით ცდილობდნენ უფროსის/მასწავლებლის გულის მოგებას და შესაბამისად, დაწინაურებას. არსებობდნენ ასევე “პოდლი” ტიპებიც, რომლებიც საკუთარი თავის წარმოჩენას კი არა, სხვების დამცირებას ცდილობდნენ და “საერთო ფონზე უკეთესი გამოვჩნდები”-ს პრიცნიპის ცხოვრებაში გატარებით იყვნენ დაკავებულები. შეიძლება, რომელიღაცა ჩვენთაგანიც კი იყო რომელიმე ზემოთმოყვანილ როლში ხანდახან, ვისა არ მოსვლია, მითუმეტეს თუ რაღაც ძალიან ძალიან გინდა...

იგივე ტენდენცია შეიმჩნევა ჩვეულებრივ ცხოვრებისეულ ასპარეზზეც - ყველაზე კარგად ის მაინც ადამიანურ ურთიერთობებში ვლინდება. ვის არ შეგვყვარებია “არასწორი” ადამიანი, ადამიანი, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა გვყვარებოდა, თუნდაც იმიტომ, რომ სხვას ეკუთვნოდა იგი... და მაინც, ყველა ღონე გვიხმარია იმისთვის, რომ ჩვენსკენ შემოგვეტრიალებინა – ხვეწნა, ინტირგა, ტყუილი, თამაში... ვის არ დაგვიდგავს სპექტაკლები და მთელი ტელესერიალები იმისათვის, რომ ის მიგვეღო, რაც გვინდა... და როდესაც ამას ვაკეთებდით, არც კი გვიფიქრია იმაზე (ან თუ გვიფიქრია, მალევე დაგვიწყებია), თუ რამდენ ადამიანს გულს ვტკენთ. არც ის გაგვიაზრებია, ვის, რას და, რაც მთავარია, რამდენს ვუშავებთ ჩვენი ასეთი ეგოისტური საქციელით... უბრალოდ ვიცოდით, რომ “ის” ჩვენი უნდა ყოფილიყო მიუხედავად ყველაფრისა... საბოლოოდ მიღწეული ბედნიერება ხომ ყველა გაღებულ მსხვერპლს გადაფარავდა. 

მაგრამ...

ხანდახან ხომ მომხდარა ისე, რომ მოგვიპოვებია, რაც გვინდა და მერე მიუხედავად იმისა, რომ კვლავ ყველაზე და ყველაფერზე მეტად გვინდოდა ჩვენი მონაპოვარი, მის ხელში ჩასაგდებად ჩადენილ საქციელს იმდენად შევუწუხებივართ, რომ უბრალოდ ვეღარ ვირგებდით გამარჯვებას?!

თითქოს იმ ლამაზ და ბრჭყვიალა ტროფეის, რომელიც ამდენი შრომის შედეგად მოვიპოვეთ, დაედო რაღაც ამოუშლელი ლაქა...

თითქოს გაღებული რისკის შედეგად მიღებულ შამპანიურს მომჟავო გემო დაკრავდა...

ხოდა შესაბამისად, მებადება რიტორიკული შეკითხვა: თუ მიზანი ამართლებს საშუალებას, საშუალება ამართლებს მიზანს?! 

Thursday 13 August 2009

Update

ესეიგი, ვინაიდან და რადგანაც კარგა ხანი არ შემომიხედია ჩემს ბლოგსივრცეში (ნუ, ეს ორი დღეა ადრე დადრაფტულ ნამუშევრებს ვაქვეყნებ) გადავწყვიტე, რაღაც გარკვეული update გავაკეთო ჩემი ცხოვრების, ანუ ზოგადად და მშრალად ჩამოვაყალიბო ის, თუ რა შეიცვალა მას შემდეგ, რაც აქ ბოლოს შემოვიხედე. ვაცნობიერებ რა, რომ ალბათ პირადი შემცველობის პოსტები ყველაზე მოსაწყენი წასაკითხია სხვებისათვის, თავიდანვე ბოდიშს ვიხდი მკითხველების წინაშე, უბრალოდ ამგვარი ნაჯღაბნები შემდეგ მეხმარებიან იმაში, რომ დავადგინო ცხოვრების ამა თუ იმ პერიოდში რითი მქონდა ტვინი დაკავებული :)

მაშ ასე, დავიწყოთ:

დავუბრუნდი ბლოგს: არ ვიცი, რა იყო ამის კატალიზატორი, ალბათ უფრო ის, რომ სახლში ჯდომა და საჭირო რაღაცეების წერა მომწყინდა და არასაჭიროობების წერის სურვილი გამიჩნდა, თუნდაც უბრალო პროტესტის გრძნობის გამო. ამას შედეგად მოყვა ის, რომ აქამდე დადრაფტული 2 პოსტი ერთმანეთის თითქმის მიყოლებით გამოვაქვეყნე და მომდევნო დღეს იმპროვიზაციის ნაყოფი მივაყოლე. სწორედ ამ იმპროვიზაციის გამო შევქმენი ჩემი პოსტების ახალი კატეგორია - კორესპონდენცია, რომელიც, იმედია, მალე შეივსება ახალ ახალი ნიმუშებით. მისი აზრი ისაა, რომ მივწერო წერილები იმ ადამიანებს, პერსონაჟებს ან თუნდაც მოვლენებს, რომელბიც ჩემს ცნობიერებაში კვალს ტოვებენ. გარდა ამისა, შევქმენი ჩემი ბლოგობრების (ბლოგერი მეგობრების) სია. თავიდან არც კი მიფიქრია, რომ ამას ოდესმე გავაკეთებდი, რადგან ვერც კი წარმოვიდგენდი რომ ამ ჩემს ნაჯღაბნს ვინმე ოდესმე წაიკითხავდა ან კიდევ მეტიც, დაინტერესდებოდა. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველა ჩემს ერთგულ და არც თუ ერთგულ მკითხველს - ძალიან ბევრს ნიშნავთ ჩემთვის :)

შევიცვალე ვარცხნილობა: არ დაიჯერებთ, მაგრამ ამდენი წელიწადის შემდეგ პირველად ჩემი თმა აღარ მთავრდება ჩემივე კისერის დასაწყისსში და თქვენ წარმოიდგინეთ, მხრებამდეც კი მწვდება. არ მიყვარს დიდად გრძელი თმა, მაგრამ ყველა ჩემი ნაცნობ-მეგობრის დაჟინებული თხოვნით, არ ვეხები. ბოლოს და ბოლოს, როგორც ამიხსნეს, დავემსგავსე X ქრომოსომის ნამდვილ მატარებელს.

დავამთავრე სწავლა: ხო, ბოლო გამოცდა ჩავაბარე სადღაც ივლისის შუაში და ამ პარასკევს საბოლოოდ მივაშავებ ჩემ სამეცნიერო ნაშრომს. აგვისტოს ბოლოს დაჯილდოვების ცერემონია მელის და ბოლოს და ბოლოს გავიგებ, მეღირსა თუ არა ეს წარჩინების დიპლომი. აქამდე მიღებული ნიშნებიდან გამომდინარე მეკუთვნის, მაგრამ აი ნაშრომს როგორ შემიფასებენ და რამდენად, ეგ უკვე აღარ ვიცი :)

ვიმოგზაურე: ამჯერადაც ევროპაში. მოვინახულე ლუქსემბურგი და ბელგია. გეგმაშია პრაღა უკვე მეორედ (ამჯერად გიდის მოვალეობებს შევასრულებ) გერმანია (ადრეც ვარ ნამყოფი, მაგრამ ახლა დუსელდორფი უნდა ვნახო და კიოლნი მეორედ) და ისევ ბელგია, ოღონდაც ამჯერად ბრიუსელი კი არა, არამედ ბრიუჟი და ხენტი. ამ უკანასკნელ ორს განსაკუთრებით ველოდები, ბრიუჟს იმიტომ, რომ ულამაზესიაო, ამბობენ და ხენტს კი ბოსხისა და ვან ეიკის ნახატების გამო :)

ვიკონცერტე: დავესწარი Nouvelle Vague-ის კონცერტსა და North Sea Jazz-ის ფესტივალს. ამიტომ, არაა გასაკვირი რომ ამ ბოლო ორიოდე თვის განმავლობაში ჩემი აიპოდიც მოსმენილ შემსრულებელთა დისკოგრაფიითაა გადაჭედილი. განსაკუთრებით დიდი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე Nouvelle Vague-მა (არაჩვეულებრივი კონცერტი ჰქონდათ, ოდესმე, თუ მეცლება, ცალკე პოსტს მარტო მათ დავუთმობ), Jamie Cullum-მა (ადრეც მომწონდა, მაგრამ ასეთი საოცრება თუ იყო ცოცხლად, რას წარმოვიდგენდი) და Jazzanova-მ. 23 აგვისტოს პრაღაში დაგეგმილია ჩემი დიდი ხნის სიყვარულთან, ტომ იორკთან შეხვედრა. Can't wait :)

ვითბილისე: ეს ცალკე კატეგორიაა და მოგზაურობაში არ გადის. როგორც великан Антей (მაპატიეთ, ბერძნულ მითოლოგიას თავის დროზე რუსულად ვეცნობოდი და არ ვიცი, ქართულად როგორ ეძახიან ამ პერსონაჟს) მე დავუბრუნდი მშობლიურ მიწას, რომ გახარჯული ძალები აღმედგინა და ახალი შემართებით დავბრუნებოდი ჩემს ახლანდელ საცხოვრებელს და საქმეს. გადასარევი ორი კვირა გავატარე, დაწყებული პირველვიე დღიდან, როდესაც მეგობრებმა ყველაზე თბილი და გულის გამხარებელი სიურპრიზ-დახვედრა მომიწყვეს, დამთავრებული ჩემი გაცილების მწვადებით და პერსონალური ნატვრის ხით, რომელსაც თითოეულმა მათგანმა მოაბა ჩემდამი სურვილი, დაწერილი თეთრ ნაჭერზე. დღემდე ჩანთაში მიწყვია ყველა და როდესაც მოვიწყენ, ვკითხულობ ხოლმე და მიხარია, რომ ამდენ ადამიანს ვუყვარვარ ამქვეყნად...

და ბოლოს, თავი გავყავი შარში: უფრო სწორედ, გამაყოფინეს... არ ვიცი ამ შარიდან რა გამოვა და არც ვარ დარწმუნებული, რომ მინდა რომ ვიცოდე, მაგრამ, როგორც იტყვიან ... подкрался незаметно, და თუ არ გავრისკე, ვერც შამპანიურს დავლევ, ასე რომ... მემგონი ჯობია ტვინის ღუნვას ამ თემატიკაზე დავანებო თავი და უბრალოდ მივცე ვიღაცას სხვას საშუალება მართოს სიტუაცია... გამიმართლა თუნდაც იმაში, რომ ამ ადამიანს შემიძლია ეს ვანდო ;)

ეს იყო მემგონი და ეს. დარწმუნებული ვარ, სხვა საინტერესო რაღაცეებიც გადამხდებოდა თავს, მაგრამ  ამჯერად უკვე სჯობს რაც დავწერე, იმით შემოვიფაგლო. ისედაც საკმაოდ ბევრი რამე დავწერე, თქვენ რას იტყვით?
:)

Tuesday 11 August 2009

To my Soulmate

წერილი შენ, ადამიანს, რომელიც ამდენს ნიშნავს ჩემთვის.

როდესაც გაგიცანი, პატარა ვიყავი ძალიან, მახსოვს. ინგლისში ვიყავი ჩასული, სულ რაღაც 13-ის. მართალია, პირველი შეხედვით კი გავდი უცნაურ ადამიანს და მეტსაც ვიტყოდი, ცოტა შერეკილსაც (ჩემი მაშინდელი სტანდარტებით ხომ განსაკუთრებით), მაგრამ მაინც ძალიან მომეწონე. ყველაზე მეტად იმან მომხიბლა, რომ შეგეძლო ადამიანი გყვარებოდა უანგაროდ, ყოველგვარი საპასუხო გრძნობის გარეშე… მერე რა, რომ ცოტა creepy იყავი. რომანტიკოსი ვიყავი მაშინ :)

მერე კარგა ხანი არ გვიკონტაქტია… არ ვიცი, რა იყო ამის მიზეზი, მაგრამ ალბათ უფრო ის, რომ მე სხვანაირი ტიპაჟები მომწონდა მაშინ და სხვანაირ შემოქმედებთან მერჩივნა ურთიერთობა. თუმცა, ასე სადღაც ორ წელიწადში კვლავ გადაეკვეთა ჩვენი გზები ერთმანეთს. მეც შეცვლილი ვიყავი და შენც, უკვე აღარ იყავი რომანტიკოსი და მეც ცხოვრებაში ცოტა არ იყოს და ბნელი პერიოდი მქონდა… ეტყობა ეგ იყო მიზეზი იმისა, რომ ასე კარგად გავუგეთ ერთმანეთს – ორივეს გვეგონა, რომ გვჭირდა პარანოია (ან ალბათ გვჭირდა კიდეც), გარშემომყოფნი გვძულდა და კარმის პოლიციას ვთხოვდით ყველას დაპატიმრებას, დანაგარეთგამოყრილები დავდიოდით და მიუხედავად იმისა, რომ გავცემდით ყველაფერს, ეს მაინც არ იყო საკმარისი არც ჩვენთვის და არც ვინმე სხვისათვის… და ბოლოს და ბოლოს მეც და შენც იმდენად დაგვღალა ცხოვრებისეულმა სიურპრიზებმა, რომ კარბონის მონოქსიდის ერთი კარგი ულუფა ძალიანაც გემრიელად გვეჩვენებოდა ერთი პერიოდი...

და რატომღაც ისევ გადავეკარგეთ ერთმანეთს... არ ვიცი, ალბათ მე იმიტომ დაგკარგე, რომ ცხვრებაში “თეთრი ზოლი” დამეწყო და შენ და შენი მსოფლმხედველობა უბრალოდ did not fit the picture anymore... მაგრამ ამ ბოლო წელიწადს, რატომღაც ისევ ხშირად მახსენდებოდი და საბოლოოდ, ფაზლის ნაწილები თავისით აეწყო – მე მიხვდი, რომ მაშინაც კი, როდესაც კედლებზე ცოცვით ვარ დაკავებული, შენ ჩემს თავის ქალაში იჯდები. ჩვენ ყოველთვის ერთად გადავდგამთ 15 ნაბიჯს ისე, რომ ისევ იქ აღმოვჩნდებით, საიდანაც დავიწყეთ. ორივე დავიწამლებით შხამიანი კბენით, მოვაწყობთ მთვრალ დებოშს ქორწილში და საბოლოოდ, გავქრებით ქუჩის სულის ძიებაში…

თუმცა, მე შეიძლება ვცდებოდე...

მაგრამ, მაინც, მინდა გითხრა რომ საბოლოოდ მზად ვარ პირადად დაგელაპარაკო, ან თუნდაც მოგისმინო, რისი საშუალებაც ამდენიხნიანი ნაცნობობის განმავლობაში სამწუხაროდ არ მქონია...

სულმოუთქმელად ველი პრაღაში 23 აგვისტოს შენს ნახვას, ჩემო ძვირფასო

ტომ იორკო...

Monday 10 August 2009

სული vs. სხეული

როდესაც ქრისიტიანულ რელიგიაზე, ბიბლიაზე საუბრობენ ხოლმე, მე პირველი ასოციაცია რატომღაც სულიერისა და ხორციელის მუდმივი ჭიდილის შესახებ მიჩნდება...

არ ვიცი რატომაა ასე, უამრავ სხვა რამესაც გვასწავლის წმინდა წიგნი, მაგრამ ერთ-ერთი უმთავრესი ალბათ მაინც ისაა, რომ ადამიანის სხეული არაფერია, მხოლოდ ფიტულია, ხოლო მთავარი საგანძური კი ადამიანის სულია...

ეს აქსიომა სხვათა შორის, ძალიან კარგადაა გამჯდარი სოციალურ მორალშიც - მთავარი პიროვნებააო, ასე გვასწავლის მსოფლიო ლიტერატურა (სირანო დე ბერჟერაკი, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი), ხალხური შემოქმედება (ურჩხული და ლამაზმანი, კონკია) და პირადი გამოცდილებაც (ვის არ შეყვარებია ბავშობაში და არც თუ ისე ბავშვობაში თავისი "ლამაზი" კლასელი/ჯგუფელი/თანამშრომელი, რომელმაც მერე უმოწყალოდ გატეხა ჩვენი გული)...

დროის მსვლელობასთან ერთად ვამჩნევთ, რომ ჩვენს ირგვლივ კარგა ხანია უკვე მხოლოდ ის ხალხი ტრიალებს, იქნებიან ეს მეგობრები თუ მეორე ნახევრები, რომელთა ხასიათებს, შინაგან სამყაროს, ინტერესებს თუ მისწრაფებებს ჩვენც ვიზიარებთ მეტ-ნაკლებად... და უკვე ყველა ვაცნობიერებთ იმ მარტივ სიმართლეს, რომ ადამიანის სულში ჩახედვა ადვილი საქმე არ არის... თქვენ არ ვიცი და მე ძალიან მიჭირს აწი უკვე ჩემს ასაკში (არადა ნამდვილად არ გადავცილებივარ ჯერ 30ს) ახალი ადამიანი "მივიშვა" გულთან ახლოს, გადავუშალო ჩემი ფიქრები, აზრები, პიროვნული შიშები...

მაგრამ ყოველივე ზემოაღნიშნულის მიუხედავად, ჩვენს საზოგადოებაში დაკვირვებული ვარ ერთ საინტერესო პარადოქსს, რომელიც ცოტა არ იყოს და აცამტვერებს სულიერების უპირატესობის დგომას და შესაბამისად, წარმომიშობს (საოცარი ქართულით ვმეტყველებ, მე მაპატიეთ) აწ უკვე მერამდენე რიტორიკულ შეკითხვას:


თუ ასეთი სანუკვარი, წმინდა და ძვირფასი რამეა სული, რატომაა რომ ზოგ ადამიანს შეუძლია ერთ ღამეში ის აბსოლუტურად უცხო ადამიანს გადაუშალოს, მაგრამ საკუთარ სხეულს არ მიაკარებს უახლოეს "სულიერ მეგობარსაც" კი?!

რატომაა რომ ადამინები ჩუქნიან ერთმანეთს გულებს, ოცნებებს, ლექსებს, სიმღერებს, წამებს, წუთებს და წლებს, მაგრამ უჭირთ აჩუქონ ან თუნდაც იჩუქონ (კი, ასეთებიც შემხვედრია, ადრესატობაც კი უჭირს ზოგს, იმდენად "სულიერია") ალერსი და კოცნა?!

რატომაა რომ, დღევანდელ საქართველოში სხეული გაცილებით უფრო ძნელი მოსაპოვებელია, ვიდრე სული?!

დავიჯერო იმიტომ, რომ ასეთი გულუხვები ვართ რომ არ გვენანება?!

ნუთუ იმისთვის, რომ ადამიანის არსობამდე ჩახვიდე, სიღრმეში რომ შეაღწიო, ჯერ გარე მხარე არ უნდა შეისწავლო?!

რაღაც არა მგონია...


P. S. გთხოვთ, ზემოაღნიშნულ პოსტს ნუ მიიღებთ პრომისკუიტეტის წახალისებად... მე მხოლოდ უკიდურესობებზე ვსაუბრობ...


ტაქსისტების შესახებ, ანუ ტყუილი

აქამდე ყოველთვის მეგონა, რომ თბილისელი ტაქსისტები უნიკალური რასის წარმომადგენლები არიან.… რომელ ჩვენთაგანს არ უხუმრია უკვდავ თემაზე – მინიმუმ ორი უმაღლესი განათლება მაინც სჭირდება ტაქსიტობის ლიცენზიის აღებასო?! არადა საქართველოს კანონმდებლობის დღევანდელი მდგომარეობით სულაც არ საჭიროებს ეს საქმიანობა ლიცენზირებას და მეტიც, არც იბეგრება როგორც ინდმეწარმეობა. ამიტომაცაა ალბათ ასეთი მომგებიანი, მაგრამ ეს აქ რა შუაშია…

აი ახლაც, რამოდენიმე კვირის წინ, თბილისში რომ ვიყავი (რა კარგი იყო), ერთი ასეთი უნიკუმი შემხვდა. დაიწყო ყველაფერი ძალიან საინტერესოდ – მოვდიოდით ავლაბარში კოპალასთან და შუა ქვაფენილზე მდედრი და მამრი ერთმანეთს უკაცრავად გამოთქმისათვის და კუჭის წვენს უღებდნენ.… ჩემს მძღოლსაც მეტი რა უნდოდა - წამოვიდა და წამოვიდა: ეს როგორ შეცვვლილა თბილისი, როგორ დაკარგა ყველამ სინდისი და ნამუსი... როდესაც გამომძალა, რომ მე ცვლილებას ვერ ვამჩნევ რადგან თბილისში აღარ ვცხოვრობ, შეცვალა “პლასწინკა” და დაიწყო იმაზე ლაპარაკი, თუ როგორი შანსი ჰქონდა რომ თვითონაც დარჩენილიყო უცხოეთში, სტრასბურგში, სადაც კურსებზე იყო მიწვეული და სადაც გამზადებულ სამსახურს სთავაზობდნენ, “კომისიაში. მოგეხსენებათ, იქ ბევრნაირი კომისიებია სხვადასხვა და...”

ვიჯექი და გაოცებული ვუსმენდი... აი, რომ არ ვიცოდე, რომ ეს ადამიანი ახლა აბსოლუტურ სისულელეს ბოდავს, ხომ ვერც კი შევატყობდი რომ ტყუის, ისეთი დამაჯერებლობით ყვებოდა. ამდენი მსახიობური ნიჭი ჩვენ ახლადაღმოცენებულ თეატრალურ ვარსკვლავებს რომ ჰქონოდათ, რა სასიამოვნო იქნებოდა ალბათ სპექტაკლებზე სიარული...

ეს ყველაფერი არც კი დამამხსოვრდებოდა, რომ არა კიდევ ერთი საინტერესო ინციდენტი: აწ უკვე ემიგრაციაში დაბრუნებულს ერთხელაც სახლში ტაქსით წასვლამ მომიწია. მძღოლი კი, ჩემდა ბედად, აღმოჩნდა კიდევ უფრო დიდი მეზღაპრე ვიდრე მისი ქართველი კოლეგა – დამიწყო მოყოლა, რომ თურმე უკრაინაში სამი მაღაზია აქვს, რომ 18 ადამიანს ამუშავებს, რომ ეს მანქანა საერთოდაც მას ეკუთვნის...და საბოლოოდ, ეტყობა, საკუთარი პრეზენტაბელურობით გაოცებულმა, გადაწყვიტა რომ მეც აუცილებლად მოვექცეოდი შთაბეჭდილების ქვეშ და დავთანხმდებოდი ნაცნობობის გაღრმავებას... (შეცდა).

უძლიერესი დეჟა ვუ მქონდა – ისევ იგივე დარწმუნებულობა, თვალის დახამხამების გარეშე მეზღაპრეობა...

მანქანიდან როდესაც გადავდიოდი, სიცილს ვერ ვიკავებდი. ძალიან გამიკვირდა, როდესაც მივხვდი, რომ ფანტაზიის მდიდარი უნარი მარტო მშობლიური ტაქსისტების ნიჭი არ ყოფილა. რომ არ იცოდე, იფიქრებდი, ტაქსისტობას ადამიანი ფულის საშოვნელად კი არა, გულკეთილობისა და ქველმოქმედების გამო იწყებს...

ხოდა ამ ყველაფერთან დაკავშირებით ასეთი საინტერესო რიტორიკული შეკითხვა დამებადა: როდესაც მართლა გჯერა იმის, რასაც ამბობ, მაგრამ იცი, რომ სიმართლეს არ შეესაბამება, მაინც სტყუი?!