It won't do
To dream of Caramel,
To think of Cinnamon
And long for you...
Friday, 30 April 2010
To the wise One
вдребезги разбились
о чугунную жопу действительности»
ცნობილია, რომ ასაკთან ერთად ადამიანი, საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, იცვლება. ამიტომ, არცაა გასაკვირი, რომ დროის მსვლელობასთან ერთად მას ფასეულობებიც ეცვლება, ჯერ იმიტომ, რომ სანამ არ აქვს, თავში უდებენ და მერე უკვე ამ ჩადებულებს ან ცვლის, ან კიდევ ავსებს.
შენ კიდევ უკვე ყველაფერი წინასწარ იცოდი. როგორი გასაკვირიც არ უნდა ყოფილიყო - როდესაც გაგიცანი, შენ უკვე ყველაფრის თქმა და გაზიარება შეგეძლო ჩემთვის, მე კი ნელ-ნელა ვისრუტავდი შენს სიბრძნეს, იმიტომ რომ თავიდან უბრალოდ არ შემწევდა იმის უნარი, სრული მოცულობით გამეთავისა შენი ცოდნა. Ironically enough, შენ ეგეც კი იცოდი.
თუმცა, შენით ამას უარყოფ. მეუბნები, რომ არ ხარ იმდენად ახალგაზრდა, რომ ყველაფერი იცოდე და ამით მიმანიშნებ, რომ ჩემი ახალგაზრდობიდან გამომდინარე, საკუთარი სიბრძნით უკვე გავსებული ვარ და თავისუფალი ადგილი აღარ დამრჩა. მაგრამ მინდა გითხრა რომ დაბერება იმაზე ადრე დავიწყე, ვიდრე შენ გგონია, ჯერ კიდევ ბავშვობაში. მაშინ პირველად ვიგრძენი ღალატის სიმწარე და მახსოვს, შენ მითხარი, რომ ამაში არაფერია გასაკვირი, რადგან ნამდვილი მეგობარი ყოველთვის გულში გირტყამს (და არა ზურგში). მტრებს კი ყოველთვის უნდა აპატიო, ვინაიდან ამით ყველაზე მეტად გაამწარებ. და საერთოდაც, სისულელეა დაყო ადამიანები ცუდებად და კარგებად - ისინი ან მომხიბლავნი, ან კიდევ გულისამრევნი არიან. მათი უმრავლესობა კი საერთოდ „სხვები“ არიან - მათი ფიქრები სხვათა მოსაზრებებია, მათი ცხოვრება - მიმიკრია და მათი ვნებები კი მხოლოდ ციტატებია.
მე გამეცინა - ასე დაიწყე შენ ჩემი ცხოვრებისეული გაკვეთილები. ირონიითა და ღიმილით მაჭმევდი კოვზ-კოვზ სიბრძნის მწარე მიქსტურას...
მერე მოვიდა პირველი ცდუნებები - ისეთი კი არა, ნაყინი ან შოკოლადი რომ მოგინდება და ფიქრობ, შეჭამო თუ არა სხვისი კუთვნილი წილი, არამედ ნამდვილი, გააზრებული. ღამეები რომ მათზე ფიქრობ და ვერ გადაგიწყვეტია, მიყვე თუ მაინც გაუძლო. და მაშინ, ჩემს მორალურ ტანჯვებს რომ უყურებდი, მახსოვს, შენი ჩვეული ღიმილით მკითხე - ნუთუ გგონია, რომ ცდუნებას მიყოლა სისუსტეა? მე გეუბნები, არსებობენ ისეთი საშინელი ცდუნებები, რომელთა მიყოლა სიძლიერეს, სიძლიერესა და დიდ გამბედაობას ითხოვსო. მეც ავდექი და გამოვიჩინე ასეთი და ვუკბიჩე ედემის ვაშლს.
სინანულმაც არ დააყოვნა. მაშინაც ჩემს გვერდით იყავი და დამამშვიდე. შენი თქმით, თვითგვემა ფუფუნებაა, რადგან როდესაც ჩვენ საკუთარ თავებს ვადანაშაულებთ, ისე ვგრძნობთ თავს, თითქოს სხვას ამის უფლება აღარ გააჩნია. გამოცდილება ხომ სხვა არაფერია, ვიდრე სახელი, რომელსაც დაშვვებულ შეცდომებს ვარქმევთ...
და მე ისევ გამეცინა და ცრემლები მოვიწმინდე...
მერე მოვიდა სრულყოფის დრო - პირველობის სურვილი. განსაკუთრებით პროფესიულ ასპარეზზე - წიგნებზე ტვინის მისხმა და ნაშრომებზე თენება. შენ კი ამას ყველაფერს შორიდან აკვირდებოდი და გეცინებოდა. მეუბნებოდი - დროდადრო გაიხსენე რომ მართალია, განათლება პატივსაცემი საქმეა, მაგრამ არაფერია ისეთი ცოდნად ღირებული, რაც შესაძლებელია ნასწავლ იქნეს...
სიყვარულის დროც მოვიდა ჩემს ცხოვრებაში თავის დროზე. რაღა თქმა უნდა, შენც იქვე, მახლობლად იყავი მოკალათებული და ყოველ ახალ საფეხურზე ჩემი წაბორძიკების მერე დისტილირებულ სიბრძნეს მაწვდიდი - რომ მამაკაცი შეიძლება ნებისმიერ ქალთან იყოს ბედნიერი, სანამ არ უყვარს ის, ხოლო მას შემდეგ, რაც მის სიყვარულს შეწყვეტს, ყველაფერს გააკეთებს ქალისთვის, გარდა მისი სიყვარულის გაგრძელებისა. ზოგადად, ყოველთვის არის რაღაცა სასაცილო იმ ადამიანის ემოციებში, რომელიც ჩვენ უკვე აღარ გვიყვარს. ყველა ქალი ხომ საბოლოოდ დედმისს ემსგავსება და ეს მათი ტრაგედიაა, კაცი კი არც ერთი და ეს - მისი. და სწორედ ამიტომ ყველა ქალი იწყებს იმით, რომ ეწინააღმდეგება მამაკაცის ყურადღების ნიშნებს და ამთავრებს მამაკაცის უკან დახევის დაბლოკვით...
და აქაც, სიმწრის მიუხედავად, მაინც გამეცინა, იმიტომ რომ ირონია ზოგადად ასე მოქმედებს ადამიანზე...
ერთი პერიოდი პოლიტიკითაც დავინტერესდი. ვიფიქრე, ცოტა გავცდები საკუთარ ინდივიდუალიზმს და უფრო დიდ სურათს შევხედავ-მეთქი, შენ კიდევ კვლავ გაგეღიმა და მითხარი, რომ დემოკრატია სხვა არაფერია, თუ არა ხალხის ჟლეტა ხალხისვე მიერ ხალხის სახელით, პატრიოტიზმი კი მანკიერთა ღირსებაა.
და აი, მე, ჩემი ცხოვრების პირველ მესამედს (იმედია) ისე ვასრულებ, რომ შენს მიერ მოწოდებული ეს სიბრძნეები გავითავისე და შევისისხლხორცე. მათი სისწორის ყოველი განმტკიცებას ცხოვრებისეულ გზაზე უკვე სიმწარე აღარ მოაქვს, არამედ ჩემთვისაც უკვე ღიმილი. მეც მეღიმება და ვუფიქრდები, ნუთუ მეც, შენი თქმის არ იყოს, ცინიკოსი გავხდი და კი ვიცი ყველაფრის ფასი, მაგრამ არაფრის ღირებულება?!
და ყველა ბავშვობისდროინდელი ჭეშმარიტი და ლამაზი იდეალი მართლაც და მოკვდა?!
შენ კიდევ აქაც გამიღიმე და მითხარი, რომ ნებისმიერ დროს, როდესაც ადამიანები გეთანხმებიან, შენ გიჩნდება შეგრძნება რომ მტყუანი ხარ...
და საერთოდაც, არის რაღაც საშინლად სულისშემზარავი ამ თანამედროვე ტკივილისადმი თანაგრძნობაში. ადამიანმა უნდა უთანაგრძნოს ფერს, სილამაზეს, სიცოცხლეს. რაც უფრო ნაკლები ითქმის ცხოვრებისეულ სიმწარეზე, მით უკეთესი...
და მე ისევ მეღიმება...
ოღონდაც სიმწრით და ირონიულად კი არა,
არამედ გულით...
და პარიზში, პერ ლაშეს სასაფლაოზე ტუჩსაცხს ვისმევ, რომ კიდევ ერთი მსუქანი ნაამბორალი დავატყო შენს უზარმაზარ საფლავის ლოდს.
იმიტომ რომ შენ ყველაზე ბრძენი ხარ ჩემთვის,
საყვარელო
ოსკარ უაილდო...
Saturday, 27 March 2010
To the Enemy
Saturday, 5 December 2009
To my Best Friend
თუ მძულხარ?
არ ვიცი, ძნელი დასადგენია. დროს გააჩნია, ხასიათს და მემგონი, რაც მთავარია, საჭიროებას.
ძირგავარდნილი ქვევრი ხარ. რამდენიც არ უნდა გტენო, მაინც ყოველთვის ცარიელი ხარ. მაინც ყოველთვის საათობით უნდა ვიდგე შენს წინაშე და გეხვეწო და გეხვეწო რომ დამეხმარო. მუხლებზეც კი უნდა დავიჩოქო ხანდახან. ხანდახან დედაბუდიანად ამოგატრიალო კიდეც მანამ, სანამ ჩემთვის და სიტუაციისათვის მისაღებ გამოსავალს არ შემომთავაზებ.
ამავე დროს, ჩემი უსაყვარლესი გამრთობი ხარ. შენთან ერთად დროის გატარება არასოდეს მეზარება. ხანდახან, როდესაც აბსოლუტური სინაცრისფრეა ცხოვრებაში (და ფანჯარაშიც) ფინჯან ჩაისთან ერთად ძალიან მიყვარს შენთან ჩაჯდომა. მე ჩემს გულს გადაგიშლი ხოლმე, შენ კი – შენსას და ამ გადაშლადობის შედეგებს შემდეგ ერთმანეთს ვუხამებთ. განსაკუთრებით მიყვარს რაღაც მივიწყებული ელემენტების აღმოჩენა და მათთვის ახალი ცხოვრებისა და გამოყენების მიცემა – ყველაფერი ახალი ხომ კარგად დავიწყებული ძველიაო, ამბობენ. თუმცა, არის შემთხვევები როდესაც როგორც ჩემი, ისევე შენი რეალობიდან რაღაცა უბრალოდ და უკანმოუხედავად უნდა წაიშალოს. გეთანხმები, ძნელი გასაკეთებელია, მაგრამ ჩვენ ხომ გამბედავი გოგონები ვართ და ამას მაინც ვახერხებთ.
ძველის ახლადაღმოჩენაზე მეტად მხოლოდ ახლის განხილვა თუ მიყვარს. საათობით შემიძლია შენთან ერთად ვიჯდე და ვიმსჯელო სიახლეებზე და რაც უფრო მეტს ვისაუბრებთ მათზე, მით უფრო დადებითად დამამახსოვრდება ეს ახალი ამბები. ხანდახან, როდესაც განსაკუთრებით ბევრი სიახლეა ხოლმე ჩვენს ცხოვრებებში, ან კიდევ, რაოდენობრივად ცოტაა, მაგრამ ძაააააალიან მნიშვნელოვანია, მარტო მე და შენ ვეღარ ვიტევთ ამდენ ბედნიერებას და აუცილებლად ვსაჭიროებთ თანამონაწილეებს. და ისინიც არ აყოვნებენ გამოჩენას, აღფრთოვანებითა და პოზიტიური შეფასებებით.
შენს გარეშე უბრალოდ ვერ წარმომიდგენია ჩემი თავი. შენ ჩემი ცხოვრების ყოველ ასპექტს განსაზღვრავ და ყველგან დამყვები, იქნება ეს ვარჯიშზე წასვლა თუ რაიმე სუპერპრეტენზიული წვეულება. ჩემი ხასიათის პირდაპირი გამოხატულება ხარ და სწორედ ეს მომწონს შენში. ბევრს, აქედან გამომდინარე, შენი არ ესმის და ზოგჯერ ზედმეტად პრეტენზიულად გთვლის, ზოგჯერ კი ზედმეტად უბრალოდ. თუმცა, მინდა ვთქვა, რომ ყოველთვის ამჩნევენ შენს უნიკალურობას.
მართალია, როგორც ყველას ამ ცხოვრებაში, შენც მოგსვლია უამრავი შეცდომა წარსულში, განსაკუთრებით ადრეულ თინეიჯერობის ასაკში, მაგრამ, ჩემი არ იყოს, ასაკთან ერთად ჭკუაც გემატება და გემოვნებაც. ამიტომ, სულაც არაა გასაკვირი, რომ ევროპა შენც ძალიან მოგიხდა. ახლა უკვე არა მარტო მე, არამედ უამრავ ჩემ მეგობარსა და ნაცნობ მოწონხარ და, რაც მთავარია, გამჩნევენ... და იმიტომ კი არა, რომ თვალში საცემი ხარ, არამედ იმიტომ, რომ გაგაჩნია შენი საკუთარი, განუმეორებელი, სადა, მაგრამ არაიაფფასიანი, მრავალფეროვანი, მაგრამ ამავე დროს შეთანხმებული სტილი...
ერთი სული მაქვს, როდის შეგმატებ კიდევ რამოდენიმე ელემენტს ამ თვის ბოლოსკენ. დარწმუნებული ვარ, ძალიან მოგიხდება!
ჩემო ძვირფასო
გარდერობო...
P. S. ეს პოსტი ეძღვნება ნატალიას აი ამ პოსტს,
ჩემს ახლანდელ გატაცებას nu jazz-ით
და ჩემს ბერეტს :)
Tuesday, 1 December 2009
To the Big One
საოცარი ვინმე ხარ.
მთელი ცხოვრებაა გიცნობ, მაგრამ ასე მგონია, ბოლომდე ვერასოდეს გაგიცნობ. ყოველთვის აღმოჩნდება რაღაც ახალი შტრიხი, რომელიც აქამდე შენში არ შემიმჩნევია...
მემგონი, ყველა შენი საოცარი მახასიათებელი თვისდება ერთადერთი რამის ბრალია – პიროვნული გაორება გჭირს. ხომ არსებობს ასეთი დაავადება? ფსიქოლოგებისაგან გამიგია. განსაკუთრებით ხშირად ემართებათ საზოგადო ფიგურებს – ეკრანზე, სცენაზე, პუბლიკის წინაშე ერთნი არიან, ხოლო ყოველდღიურ ცხოვრებაში აბსოლუტურად სხვანაირები. შენც ასეთი ხარ. ხანდახან, როდესაც გხედავ ტელევიზორში, გაზეთში, ინტერნეტში, ძლივს ვიკავებ ყბას ჩამოვარდნისგან... არადა ჩვეულებრივ, მარტივ, ყოველდღიურ ვარიანტში რამდენად სხვანაირი ხარ...
ეს ბოლო წელიწადნახევარია შენი ყოველდღიურობა დამავიწყდა. ცხადია, ამის მიზეზი ისაა, რომ საქართველოს მოწყვეტილი ვარ. ხოდა გული მტკივა რაღაც... ამ ბოლო დროს მხოლოდ შენს საზოგადოებრივ ნაწილს ვხედავ ხოლმე და ძალიან მაწუხებ ასეთი...
იცი რა არ მომწონს შენში ყველაზე ძალიან?! ყველაფერში განტევების ვაცს ეძებ...
აი მაგალითად, ხშირად წუწუნებ მძიმე სინამდვილეზე, ყოველდღიურ ყოფაზე... წუწუნებ, რომ გშია, რომ გცივა, რომ არ გაქვს არაფრის მატერიალური საშუალება... და იმის მაგივრად რომ აიღო და ბოდიში და ერთი ადგილი მოიფხანო, მზად ხარ ყველას და ყველაფერს დააბრალო არსებული ვითარება – დაწყებული ცუდი მთავრობიდან დამთავრებული არახელსაყრელი კლიმატური პირობებით... არადა ეს მთავრობაც ხომ შენი არჩეულია, არა? და ბოლოს და ბოლოს, მთავრობაშიც ხომ ადამიანები არიან და შეუძლებელია ერთი ჯადოსნური საარჩევნო პროგრამით რომელიმე პოლიტიკოსმა რამოდენიმე წელიწადში მართლაც და ააყვავოს ეკონომიკა?! ეს ხომ აბსურდია! კლიმატურ პირობებს რაც შეეხება – საქართველო უნიკალური ქვეყანაა, ჩვენს ერთ ბეწო ტერიტორიაზე უამრავი კლიმატური სარტყელი იყრის თავს და მოდი, დადებით მხარეს შეხედე, არ გინდა?! ერთ წელს ზაფხულში გვალვა თუა, იქნებ ზამთარში ზვავები აღარ ჩამოწვნენ...
ან მაგალითად, ჩავარდები ხოლმე ნოსტალგიაში... არიქა და რა კარგი იყო თუნდაც კომუნისტების დროს, როგორ დაფრინავდი მოსკოვში 32 მანეთად, ძეხვი 7 მანეთი და 56 კაპიკი ღირდა და ხელფასით ხალხი ცხოვრობდა... ან კიდევ მთლად კიდევ უფრო უკან გადავარდები, აწ უკვე ისტორიულ მოგონებებში და იწყებ გაუთავებელ მჯიღის გულში რტყმას და იმაზე საუბარს, თუ როგორი რაინდები გვყავდა წარსულში, რა გენიალური წიგნია ვეფხისტყაოსანი და როგორი ლამაზი იყო საქართველო გადაჭიმული ნიკოფსიიდან დარუბანდამდე... კიბატონო, ამას არავინ გართმევს, მაგრამ როდემდე?! გასაგებია, რომ საგმირო წარსული გვქონდა და კომუნისტების დროს არავის შიოდა, მაგრამ არასოდეს დაფიქრებულხარ, რომ ახლა ის დრო კარგად გეჩვენება, იმიტომ რომ აღარ არის?! ხომ იცი, ადამიანის მეხსიერება ადვილად ივიწყებს ცუდს და წლების საკმაოდ ჩაბურული ფარდის უკან არც თუ ისე სწორად და მკაფიოდ ჩანს ყველაფერი, როგორც იყო... და საერთოდ, იქნებ გეყოფა წუწუნი წარსულზე და ბოლოს და ბოლოს მიხედო მომავალს?! და თუ მაინცდამაინც გინდა ამაზე ილაპარაკო, იქნებ გამოიყენო წარსული, როგორც შთაგონება და შეგრცხვეს იმისა, რასაც დღეს წარმოადგენ?! მაგრამ არა, აქაც ხომ განტევების ვაცი გყავს - ეს არის დაქცეული ეკონომიკის ბრალი რომლის ასაღორძინებლად, შენ, რა თქმა უნდა, ვერაფერს გაახერხებ...
ან კიდევ, გაუთავებლად მოთქვამ იმაზე, რომ არ მოგწონს საკუთარი თავი. გარეგნობაზე არ ვლაპარაკობ ამ შემთხვევაში, პიროვნულობაზე მაქვს საუბარი. თან ყველაზე ცუდი რა არის იცი? არ მოგწონს ერთია, ეგ არასოდეს ყოფილა ვინმესთვის პრობლემა – როდესაც მიხვდები, რა არ მოგწონს, მერე ცვლი ამას და ეს ცხოვრების ბუნებრივი ნაწილია. მაგრამ შენი უბედურება სწორედ ესაა, რომ არ იცი რა არ მოგწონს – ერთ დღეს იძახი რომ ძალიან ჩამორჩენილი აზროვნება გაქვს და უფრო თანამედროვე უნდა გახდე... მეორე დღეს რაღაც სხვა ბუზი გიკბენს და ტრადიციულობას აწვები... და საბოლოოდ რაღაც ისეთი აჯაბსანდალი გამოდის, რომ არც იქით ხარ, არც აქეთ და კრილოვის იგავის არ იყოს, Да только воз и ныне там... ეს ყველაფერი კი, შენი თქმით და მყარი რწმენით, ხან თავსმოხვეული უცხოური კულტურის ან კიდევ ძველი თაობების არქაისტული ჩამორჩენილობის ბრალია (გააჩნია, რომელ მსოფლმხედველობას ქადაგებ ამ კონკრეტულ მომენტში)...
ყველასი და ყველაფრის ბრალია, შენს გარდა...
არადა, ყოველდღიურობაში ხომ სულ სხვანაირი მახსოვხარ...
ერთადერთი, განუმეორებელი, თბილი, სტუმარტმოყვარე, მხიარული, გულუხვი, გვერშიმდგომი და ხელგაშლილი მაშინაც კი, როდესაც არაფერი გაგაჩნია...
და ასეთი რომ მახსენდები, მიხარია, რომ მეც შენი ნაწილი ვარ, მთელი ჩემი პატარა მიკროკოსმოსით...
ჩემო საყვარელო
ქართველო ერო...
P. S. ამ სიმღერას გიძღვნი განწყობიუსათვის ;)
Sunday, 25 October 2009
გულის მეზობელს
რომ იცოდე, როგორ მომენატრე...
კი გნახე ივლისში, მაგრამ, როგორც იტყვიან, საშინლად "მეცოტავე"... რთულია, როდესაც ვიღაცას, რაღაცას მიჩვეული ხარ ყოველდღიურობაში და მერე უცებ უნდა იკმარო დოზირებულად...
არადა, არც ისე ძალიან მჭირდები... არა, გთხოვ, ცუდად არ გამიგო, უბრალოდ სიმართლეს გეუბნები - მიყვარხარ ძალიან, მაგრამ ამავე დროს მშვიდად, აუჩქარებლად. მენატრები კიდევაც ხანდახან. აი, იცი როგორი ხარ ჩემთვის? ბავშობიდან გამოყოლილი მეგობარი ხარ. ის შეჩვეული ჭირი ხარ, ახალ ბედნიერებას რომ ურჩევნიათ. იყო წლები და ჩვენ ერთმანეთში ვარსებობდით - მე შენში და შენ ჩემში - მოგვწონდა ეს თუ არა. ხოდა კი შევეწყვეთ ერთმანეთს. ზოგი კი ამბობს რომ შეჩვევა სიყვარულიაო...
იცი, მე ის ვარ, ვინც ვარ იმიტომ, რომ შენ ჩემს ცხოვრებაში არსებობ. შეგნებულად არ ვამბობ "არსებობდი", იმიტომ რომ ეს აღიარება იქნება ჩემი მხრიდან... აღიარება დამარცხების. ასეთები კი მე არ მეკადრება. თანაც, ბოილოს და ბოლოს, სულაც რომ მოვინდომო, უბრალოდ უკვე ვეღარ ამოგშლი...
ამ დროს რა არის იცი ყველაზე საინტერესო? არც არასოდეს მიდნოდა. ბევრისგან გამიგია, რომ შენთან შეგუება უჭირთ... ბევრისგანაც გამიგია რომ ახლა, როდესაც შენთან აღარ აქვთ მუდმივი კავშირი, არც არასოდეს დაგიბრუნებენ თავიანთ ცხოვრებებში... მიჭირს გაგება იმისა, თუ რამ გაამწარათ ასე ძალიან.
განა არ ვიცი, რომ საზიზღარი ჭორიკანა ხარ? ძალიან კარგადაც ვიცი! მაგრამ ზუსტად მაგ შენმა ჭორიკნობამ მასწავლა, რომ სახელს ყველაფერზე ძალიან უნდა მოუფრთხილდე... განა არ ვიცი, რომ ძალიან შეზღუდული ხარ? ვიცი ბატონო, მაგრამ სწორედ ამ შენმა შეზღუდულობამ მომანდომა გამეწია ჩარჩოები და ალტერნატიული ვარიანტები მეძებნა... ისიც მშვენივრად მომეხსენება, როგორი "ხრჩობა" ხარ ხოლმე ხანდახან, ადამიანს კლაუსტრაფობიას აკიდებ... სამაგიეროდ, ჰაერის ეკონომიურად და, რაც მთავარია, მიზნობრივად ხარჯვა ვისწავლე... ერთი ის ვერ გეშველა, რომ დროდადრო ყარხარ... ოღონდაც, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. თუმცა, მე ეს ნაკლებად მეხება ხოლმე და ალბათ, არც უნდა ვწუწუნებდე.
მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად ხომ ზიხარ ჩემს გულში? შესისხლხორცებული მყავხარ... ხაომ ხარ თბილი, ხომ ხარ ასეთი ნაცნობი, მშობლიური, მაგრამ, ამავე დროს იდუმალიც, როდესაც პირისპირ მარტონი ვრჩებით... ხომ ხარ არეული და აჯაჯული, ზოგან გაპრიალებული და ზოგან დაძონძილი, ულამაზესი და ზოგჯერ მახინჯი... ბოლოს და ბოლოს, ყოველი ჩემი სიყვბარულის პირადი მოწმე ხარ და ამ გრძნობებთან დაკავშირებული ყოველი მოგონება უშენოდ წარმოუდგენელია. ჩემი ღამის ცრემლიც ნანახი გაქვს შენი მოციმციმე თვალებით და ჩემი დღის სიცილიც გაგონილი...
ხოდა რავიცი, მიჭირს ძალიან უშენოდ...
რა ვქნა, რომ ზუსტად ისეთი მენატრები, როგორიც ხარ...
შენი ჭუჭყითა და ოქროთი...
ყველა გზა ხომ რომისკენ კი არა, შენსკენ მიდის
ჩემო ერთადერთო,
თბილისო...
P. S. ესეც შთაგონების წყარო. შეგიძლიათ ჩამქოლოთ, მაგრამ ცრემლი მომადგა ამის პირველად ნახვასა და გაგონებაზე...
Thursday, 24 September 2009
To my life partner
მერვე კლასიდან ვიცოდი რომ მე და შენ არ ავცდებოდით ერთმანეთს... ოღონდ მართლა... ვიცოდი, რომ აუცილებლად ერთად ვიქნებოდით მთელი ცხოვრება, განუყრელად, რაიმე სასწაული თუ არ მოხდებოდა. ცნობილი ფსიქოლოგიური ფენომენია – გოგო ყოველთვის აიდეალებს მამას და ქვეცნობიერად მის “კლონებს” ეძებს საკუთარ პოტენციურ ცხოვრებისეულ პარტნიორად (ისევე, როგორც ბიჭები დედის კლონებს ეძებენ). რა გასაკვირია, რომ მე შენ აგირჩიე...
მაგრამ ერთია არჩევა და მეორეა წარმატება. უნივერსიტეტში როდესაც ჩავაბარე, ყველაფერი არც თუ ისე ბრწყინვალედ დაიწყო. მახსოვს, თავიდან იმდენი სირთულე შემხვდა, იმდენი პრობლემა და ისე გამიჭირდა შენთან დაახლობა, მარტო მე კი არა, ყველას უკვირდა... ერთი პერიოდი ეჭვიც კი შემეპარა საკუთარ მიზანმიმართულებასა და გრძნობაში – იქნებ და შევცდი? მაგრამ, თქმულა რომ ძვირფასი ურთიერთობის შესანარჩუნებლად ბრძოლაა საჭირო და მეც გადავწყვიტე რა, რომ ცოტა მეტი ძალისხმევა ჩამედო, ვცადე ახლიდან. ოღონდაც ამჯერად უკვე ყველა distraction factor-ი მოვიშორე და ისე.
მერე, რაღაც ეტაპზე, თითქოს მეტოქე გამოგიჩნდა, მაგრამ... როგორი სასაცილოც არ უნდა იყოს, ამ მეტოქემ საბოლოოდ კიდევ უფრო დაგვაახლოვა ერთმანეთს... მე და შენ ჯერ ვერ ვიქნებოდით ერთად, ვიცოდით ორივემ, ამიტომ ამ მეტოქესთან საერთო ზუსტად შენმა არსებობამ მაპოვნინა თავიდან. თუმცა, შენი არსებობა იყო ისიც, რამაც ერთმანეთი დაგვაკარგვინა საბოლოოდ...
და აი, მე ვიფიქრე, რომ მე და შენ უკვე ერთად ვიქნებოდით. ფაქტირუად, ვიყავით კიდეც, მცირე ფორმალობას თუ არ ჩავთვლიდით. დიდი ამბავი – გამოცდა... ყველა ურთიერთობაში არსებობს გამოცდა, თანაც არაერთი და რა მოხდა ერთი ჯერ ჯერობით თუ ჩაუბარებელი იყო... მაგრამ... მერე გარემო შეიცვალა... როდესაც ეს გამოცდა ჩავაბარე და თითქოს ოფიციალურად “შევუღლდით”, ძალიან გამიცრუე იმედი... ალბათ იმიტომ, რომ ზედმეტად ბევრს ველოდი შენგან.
ძალიან გამიჭირდა ამასთან შეგუება. ვერც შევეგუე – ავურიე. გადავვარდი ტოტალურ უარყოფაში. კვლავ გამოგიჩინე მეტოქე და თავქვე გადავეშვი ურთიერთობის მორევში... პრინციპში, თავიდანვე ვხვდებოდი რომ სიგიჟეს ჩავდიოდი, მაგრამ მაინც ვაკეთებდი ამას... ჯიუტად... და ალბათ სწორედ ამ შეცდომამ საბოლოოდ დამანახა ის, რომ მე შენს გარეშე უბრალოდ არ შემიძლია...
ამიტომ გადავდგი დიდი ნაბიჯი და მოვწყდი ჩემ რეალობას. ძველ რეალობას ვგულისხმობ. მოვიკრიბე გამბედაობა და გავიქეცი იქ, სადაც ყველაფერი უცხო და ახალი იყო და სადაც მხოლოდ მე და შენ ვიქნებოდით. ჩვენ ურთიერთობას კიდევ ერთი შანსი მივეცი...
ამიტომ, ძალიან გთხოვ, ახლა, ამ ეტაპზე ნუ დამეკარგები... ვიცი, რომ კრიზისია, რომ ძნელია, რომ საჩალიჩოა... მაგრამ ხომ გახსოვს, მე და შენ უკვე თითქმის 8 წელია ერთად ვართ და ნუ გადამაყრევინებ წყალში ამდენი ხნის ნაწვალებს...
მერე რა, რომ ამბობენ შენ ცივ ღამეს საწოლში ვერ გამათბობ,
აშკარად ამდენი ხნის განმავლობაში ყველაზე “მუდმივი” ურთიერთობა მხოლოდ შენთან მქონდა...
ძალიან მინდა ისევ ურთიერთობის თეორიიდან პრაქტიკაში გადავინაცვლოთ...
ჩემო ძვირფასო
Saturday, 15 August 2009
To the perfect Man
შენნაირი კაცები ყოველთვის მომწონდა...
აი მართლა კაცები, ბიჭები კი არა... კაცები...
პირველად როდესაც გაგიცანი, არ ვიყავი თავისუფალი, ურთიერთობაში ვიყავი, მაგრამ პირველივე ნახვიდან თვალი ვერ მოგწყვიტე... სიტუაციას ის აადვილებდა, რომ ჩემმა იმდროინდელმა პარტნიორმაც გაიზიარა ჩემი სიმპატია შენს მიმართ და კარგა ხანი ჩემს შენდამი მიზიდულობას ეფექტურად “ვაკამუფლირებდი” უბრალო პატივისცემითა და აღფრთოვანებით...
ყვლაზე მეტად შენმა გარეგნობამ მომხიბლა თავიდან – მიყვარს ჭაღარა... მაჯადოებს... ისიც მომწონდა, რომ ფიზიკური დეფექტი გაგაჩნდა, ჭაღარასთან ერთად განსაკუთრებით ამძაფრებდა “ჭირვარამგამოვლილის” ეფექტს შენში – შინაგანად და გარეგნულადაც დასახიჩრებული, უფრო მიზიდავდი. მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, რომ ნარკოტიკებს ეტანებოდი, ავტომატურად არ შემეზიზღე (რაც მახასიათებს ხოლმე) და საკმაოდ “ბლაგვი”, მაგრამ მაინც გამართლება მოგიფიქრე – ჯერ ერთი ტკივილგამაყუჩებელი გჭირდებოდა და მეორეც ერთი, შენისთანა ადამიანი ყოველთვის on the edge უნდა იყოს... სხვანაირად ხომ ვერ იაზროვნებდი “ჩარჩოებს გარეთ” და ვერ ამოხსნიდი შენს წინაშე დასახულ ამოცანებს...
და ეს მხოლოდ თავიდან... როდესაც შენი პროფესიული წარმატებაც დავინახე, საერთოდ “გადამეკეტა”... არ ვიცი, მჭირს რაღაცა თვითრელიზებული მამაკაცების მიმართ. ალბათ რაღაც პრესიტორიული გენია, რომელიც მკარნახობს, რომ თუ “ნადირობაში” განსწავლულია ჩემი რჩეული, მეც და ჩვენს შთამომავალსაც მშიერს არასოდეს გვამყოფებს. მაგრამ სულაც რომ დავანებოთ მაგას თავი, უბრალოდ თვალი და ყური ტკბებოდა შენი ვირტუოზობის აღქმით...
შენი მუსიკალური გემოვნება ხომ საერთოდ ცალკე საკითხია. ყველაზე მეტად მეც და შენც ალბათ ჯაზი გვიყვარს, მაგრამ შიგადაშიგ ორივენი როკით ვაზავებთ... და რაც საინტერესოა, ხანდახან დროის სატარებლად და ეფექტის შესაქმნელად ჰიპ-ჰოპსაც არ ვთაკილობთ (რა დამავიწყებს შენს თავბუდამხვევ ცეკვას ზოლიან სათვალეებში და “მამა კუკუს” დროინდელი მაგნიტაფონით მხარზე. კარგა ხანი ვერ მასულიერებდნენ). იმაზე ხომ აღარაფერს ვამბობ, რომ როდესაც პირველად მოვისმინე შენი ფორტეპიანოზე და გიტარაზე შესრულება, მოზღვავებული ემოციისაგან კინაღამ ვიტირე. ვირტუოზი იყავი აქაც...
და ბოლოს, მაგრამ, როგორც ინგლისელები იტყვინ, definately not least, შენი იუმორის გრძნობა... ვაღიარებ, რომ თავიდან ცოტა გამიჭირდა შენი ყველა შეფარული თუ აშკრარა ხუმრობის, ცინიკური შენიშვნის, ირონიული ფრაზისა თუ სარკასტული კომენტარის აღქმა და სრულფასოვნად გაგება (შეიძლება ახლაც არ მესმის), მაგრამ როდესაც “ჩავაღწიე”, უკვე ვეღარასოდეს “ამოვაღწიე”... შენსავით მართლა ვერავინ მაცინებს...
რა მოხდა მერე, რომ ჩვენს შორის ძალიან დიდი ასაკობრივი სხვაობაა...
რა მოხდა მერე, რომ ჩემი და შენი მშობლიური ენა განსხვავდება ერთმანეთისაგან...
რა მოხდა მერე, რომ გარეგნობა ერთი ადამიანისგან გაქვს ნასესხები, ხოლო პიროვნება კი მეორისგან და რეალურად, არც არსებობ?!
ჩემთვის შენ მაინც ერთადერთი სრულყოფილი მამაკაცი ხარ...
განუმეორებელო,
Tuesday, 11 August 2009
To my Soulmate
წერილი შენ, ადამიანს, რომელიც ამდენს ნიშნავს ჩემთვის.
როდესაც გაგიცანი, პატარა ვიყავი ძალიან, მახსოვს. ინგლისში ვიყავი ჩასული, სულ რაღაც 13-ის. მართალია, პირველი შეხედვით კი გავდი უცნაურ ადამიანს და მეტსაც ვიტყოდი, ცოტა შერეკილსაც (ჩემი მაშინდელი სტანდარტებით ხომ განსაკუთრებით), მაგრამ მაინც ძალიან მომეწონე. ყველაზე მეტად იმან მომხიბლა, რომ შეგეძლო ადამიანი გყვარებოდა უანგაროდ, ყოველგვარი საპასუხო გრძნობის გარეშე… მერე რა, რომ ცოტა creepy იყავი. რომანტიკოსი ვიყავი მაშინ :)
და რატომღაც ისევ გადავეკარგეთ ერთმანეთს... არ ვიცი, ალბათ მე იმიტომ დაგკარგე, რომ ცხვრებაში “თეთრი ზოლი” დამეწყო და შენ და შენი მსოფლმხედველობა უბრალოდ did not fit the picture anymore... მაგრამ ამ ბოლო წელიწადს, რატომღაც ისევ ხშირად მახსენდებოდი და საბოლოოდ, ფაზლის ნაწილები თავისით აეწყო – მე მიხვდი, რომ მაშინაც კი, როდესაც კედლებზე ცოცვით ვარ დაკავებული, შენ ჩემს თავის ქალაში იჯდები. ჩვენ ყოველთვის ერთად გადავდგამთ 15 ნაბიჯს ისე, რომ ისევ იქ აღმოვჩნდებით, საიდანაც დავიწყეთ. ორივე დავიწამლებით შხამიანი კბენით, მოვაწყობთ მთვრალ დებოშს ქორწილში და საბოლოოდ, გავქრებით ქუჩის სულის ძიებაში…
თუმცა, მე შეიძლება ვცდებოდე...
მაგრამ, მაინც, მინდა გითხრა რომ საბოლოოდ მზად ვარ პირადად დაგელაპარაკო, ან თუნდაც მოგისმინო, რისი საშუალებაც ამდენიხნიანი ნაცნობობის განმავლობაში სამწუხაროდ არ მქონია...
სულმოუთქმელად ველი პრაღაში 23 აგვისტოს შენს ნახვას, ჩემო ძვირფასო
ტომ იორკო...
