It won't do

To dream of Caramel,

To think of Cinnamon

And long for you...

Friday, 30 April 2010

To the wise One

«Хрустальные мечты детства
вдребезги разбились
о чугунную жопу действительности»


ცნობილია, რომ ასაკთან ერთად ადამიანი, საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, იცვლება. ამიტომ, არცაა გასაკვირი, რომ დროის მსვლელობასთან ერთად მას ფასეულობებიც ეცვლება, ჯერ იმიტომ, რომ სანამ არ აქვს, თავში უდებენ და მერე უკვე ამ ჩადებულებს ან ცვლის, ან კიდევ ავსებს.

შენ კიდევ უკვე ყველაფერი წინასწარ იცოდი. როგორი გასაკვირიც არ უნდა ყოფილიყო - როდესაც გაგიცანი, შენ უკვე ყველაფრის თქმა და გაზიარება შეგეძლო ჩემთვის, მე კი ნელ-ნელა ვისრუტავდი შენს სიბრძნეს, იმიტომ რომ თავიდან უბრალოდ არ შემწევდა იმის უნარი, სრული მოცულობით გამეთავისა შენი ცოდნა. Ironically enough, შენ ეგეც კი იცოდი.

თუმცა, შენით ამას უარყოფ. მეუბნები, რომ არ ხარ იმდენად ახალგაზრდა, რომ ყველაფერი იცოდე და ამით მიმანიშნებ, რომ ჩემი ახალგაზრდობიდან გამომდინარე, საკუთარი სიბრძნით უკვე გავსებული ვარ და თავისუფალი ადგილი აღარ დამრჩა. მაგრამ მინდა გითხრა რომ დაბერება იმაზე ადრე დავიწყე, ვიდრე შენ გგონია, ჯერ კიდევ ბავშვობაში. მაშინ პირველად ვიგრძენი ღალატის სიმწარე და მახსოვს, შენ მითხარი, რომ ამაში არაფერია გასაკვირი, რადგან ნამდვილი მეგობარი ყოველთვის გულში გირტყამს (და არა ზურგში). მტრებს კი ყოველთვის უნდა აპატიო, ვინაიდან ამით ყველაზე მეტად გაამწარებ. და საერთოდაც, სისულელეა დაყო ადამიანები ცუდებად და კარგებად - ისინი ან მომხიბლავნი, ან კიდევ გულისამრევნი არიან. მათი უმრავლესობა კი საერთოდ „სხვები“ არიან - მათი ფიქრები სხვათა მოსაზრებებია, მათი ცხოვრება - მიმიკრია და მათი ვნებები კი მხოლოდ ციტატებია.

მე გამეცინა - ასე დაიწყე შენ ჩემი ცხოვრებისეული გაკვეთილები. ირონიითა და ღიმილით მაჭმევდი კოვზ-კოვზ სიბრძნის მწარე მიქსტურას...

მერე მოვიდა პირველი ცდუნებები - ისეთი კი არა, ნაყინი ან შოკოლადი რომ მოგინდება და ფიქრობ, შეჭამო თუ არა სხვისი კუთვნილი წილი, არამედ ნამდვილი, გააზრებული. ღამეები რომ მათზე ფიქრობ და ვერ გადაგიწყვეტია, მიყვე თუ მაინც გაუძლო. და მაშინ, ჩემს მორალურ ტანჯვებს რომ უყურებდი, მახსოვს, შენი ჩვეული ღიმილით მკითხე - ნუთუ გგონია, რომ ცდუნებას მიყოლა სისუსტეა? მე გეუბნები, არსებობენ ისეთი საშინელი ცდუნებები, რომელთა მიყოლა სიძლიერეს, სიძლიერესა და დიდ გამბედაობას ითხოვსო. მეც ავდექი და გამოვიჩინე ასეთი და ვუკბიჩე ედემის ვაშლს.

სინანულმაც არ დააყოვნა. მაშინაც ჩემს გვერდით იყავი და დამამშვიდე. შენი თქმით, თვითგვემა ფუფუნებაა, რადგან როდესაც ჩვენ საკუთარ თავებს ვადანაშაულებთ, ისე ვგრძნობთ თავს, თითქოს სხვას ამის უფლება აღარ გააჩნია. გამოცდილება ხომ სხვა არაფერია, ვიდრე სახელი, რომელსაც დაშვვებულ შეცდომებს ვარქმევთ...

და მე ისევ გამეცინა და ცრემლები მოვიწმინდე...

მერე მოვიდა სრულყოფის დრო - პირველობის სურვილი. განსაკუთრებით პროფესიულ ასპარეზზე - წიგნებზე ტვინის მისხმა და ნაშრომებზე თენება. შენ კი ამას ყველაფერს შორიდან აკვირდებოდი და გეცინებოდა. მეუბნებოდი - დროდადრო გაიხსენე რომ მართალია, განათლება პატივსაცემი საქმეა, მაგრამ არაფერია ისეთი ცოდნად ღირებული, რაც შესაძლებელია ნასწავლ იქნეს...

სიყვარულის დროც მოვიდა ჩემს ცხოვრებაში თავის დროზე. რაღა თქმა უნდა, შენც იქვე, მახლობლად იყავი მოკალათებული და ყოველ ახალ საფეხურზე ჩემი წაბორძიკების მერე დისტილირებულ სიბრძნეს მაწვდიდი - რომ მამაკაცი შეიძლება ნებისმიერ ქალთან იყოს ბედნიერი, სანამ არ უყვარს ის, ხოლო მას შემდეგ, რაც მის სიყვარულს შეწყვეტს, ყველაფერს გააკეთებს ქალისთვის, გარდა მისი სიყვარულის გაგრძელებისა. ზოგადად, ყოველთვის არის რაღაცა სასაცილო იმ ადამიანის ემოციებში, რომელიც ჩვენ უკვე აღარ გვიყვარს. ყველა ქალი ხომ საბოლოოდ დედმისს ემსგავსება და ეს მათი ტრაგედიაა, კაცი კი არც ერთი და ეს - მისი. და სწორედ ამიტომ ყველა ქალი იწყებს იმით, რომ ეწინააღმდეგება მამაკაცის ყურადღების ნიშნებს და ამთავრებს მამაკაცის უკან დახევის დაბლოკვით...

და აქაც, სიმწრის მიუხედავად, მაინც გამეცინა, იმიტომ რომ ირონია ზოგადად ასე მოქმედებს ადამიანზე...

ერთი პერიოდი პოლიტიკითაც დავინტერესდი. ვიფიქრე, ცოტა გავცდები საკუთარ ინდივიდუალიზმს და უფრო დიდ სურათს შევხედავ-მეთქი, შენ კიდევ კვლავ გაგეღიმა და მითხარი, რომ დემოკრატია სხვა არაფერია, თუ არა ხალხის ჟლეტა ხალხისვე მიერ ხალხის სახელით, პატრიოტიზმი კი მანკიერთა ღირსებაა.

და აი, მე, ჩემი ცხოვრების პირველ მესამედს (იმედია) ისე ვასრულებ, რომ შენს მიერ მოწოდებული ეს სიბრძნეები გავითავისე და შევისისხლხორცე. მათი სისწორის ყოველი განმტკიცებას ცხოვრებისეულ გზაზე უკვე სიმწარე აღარ მოაქვს, არამედ ჩემთვისაც უკვე ღიმილი. მეც მეღიმება და ვუფიქრდები, ნუთუ მეც, შენი თქმის არ იყოს, ცინიკოსი გავხდი და კი ვიცი ყველაფრის ფასი, მაგრამ არაფრის ღირებულება?!

და ყველა ბავშვობისდროინდელი ჭეშმარიტი და ლამაზი იდეალი მართლაც და მოკვდა?!

შენ კიდევ აქაც გამიღიმე და მითხარი, რომ ნებისმიერ დროს, როდესაც ადამიანები გეთანხმებიან, შენ გიჩნდება შეგრძნება რომ მტყუანი ხარ...

და საერთოდაც, არის რაღაც საშინლად სულისშემზარავი ამ თანამედროვე ტკივილისადმი თანაგრძნობაში. ადამიანმა უნდა უთანაგრძნოს ფერს, სილამაზეს, სიცოცხლეს. რაც უფრო ნაკლები ითქმის ცხოვრებისეულ სიმწარეზე, მით უკეთესი...

და მე ისევ მეღიმება...

ოღონდაც სიმწრით და ირონიულად კი არა,

არამედ გულით...

და პარიზში, პერ ლაშეს სასაფლაოზე ტუჩსაცხს ვისმევ, რომ კიდევ ერთი მსუქანი ნაამბორალი დავატყო შენს უზარმაზარ საფლავის ლოდს.

იმიტომ რომ შენ ყველაზე ბრძენი ხარ ჩემთვის,

საყვარელო

ოსკარ უაილდო...

3 comments:

  1. გამაჟრიალა ^_^

    ReplyDelete
  2. @ Clown - შენ წარმოიდგინე და მეც :)

    ReplyDelete