მემგონი გამეხსნა შთაგონება.
რაც დავბრუნდი სამშობლოში, შევამჩნიე, რომ საგრძნობლად მოვუკელი წერას. რა თქმა უნდა, აღნიშნულის მიზეზად ყოველთვის შემიძლია დავასახელო დროის არქონა (რაც აბსოლუტურად მართალია), კომპიუტერთან ჯდომის იშვიათობა (არანაკლებ) და სახლში ხალხმრავლობა, რაც კონცენტრირების საშუალებას არ მაძლევს (ასევე). მაგრამ უმთავრესი მიზეზი, ვფიქრობ, მაინც გამქარალი შთაგონებაა...
და რა ვუყო რომ შთაგონება, რომლიც ხანდახან მეწვევა ხოლმე, ძირითადად ისეთ საკითხებს უკავშირდება, რომლებიც ახალ ასპექტში დავინახე სამშობლოში წელიწადნახევრიანი არყოფნის შემდეგ. არ მინდა ამას ეროვნულ-ნაციონალური ნიშანი მივცე, იმიტომ რომ ღრმად მჯერა, ეს არაფერს შუაშია. უფრო, ვფიქრობ, სოციალური ფაქტორის ბრალია. მაგრამ ამაზე ჯობია სხვა დროს ვისაუბრებ, თუ მექნება საერთოდ საშუალება და უნარი იმისა, რომ ეს უდიდესი „კონცეპტი“ რამენაირად განვიხილო.
ახლა კი ვუბრუნდები საწყისს - შთაგონებას. იგი მომაწოდა აბსოლუტურად შემთხვევითმა ფრაზამ, რომელიც სულ რაღაც ერთი საათის წინ გავიგონე დერეფანში. ორი ჩემი თანამშრომელი ხმაურიანი პროშნისა და ურთიერთმოკითხვის ფონზე, აჟღერებნენ რა მოზღვავებულ ემოციებს, უნისონში წარმოთქვეს შემდეგი წინადადება - „ვაიმე, როგორ საშნლად მომენატრე!!!“.
თითქოს, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი ფრაზა, რომელიც აბსოლუტურად ყოველდღიურად ყოველ ჩვენთაგანს გაუგია და ზედმეტი ყურადღება არც კი მიუქცევია. რა მოხდა.
ჩემში კი მან რაღაც უცნაური გაღიზიანება გამოიწვია.
რომ მივხვდი, რომ გავღიზიანდი, გამიკვირდა.
და რომ გამიკვირდა, დავინტერესდი - რატომ?
და ვიფიქრე - ხომ შეიძლება იმიტომ, რომ ზუსტადაც არ უნდა იყოს ეს ფრაზა ასე „ყოველდღიურად“ გასაგონი?!
დავიჯერო, მარტო მე მეჩვენება რომ ჩემს ირგვლივ ხალხი გადამეტებულად აღიქვამს, გამოხატავს და აფასებს საკუთარ და სხვის ემოციებს?!
ასეთი მაგალითები უამრავია:
ყველას გაგიჟებამდე ენატრება, უყვარს, მოსწონს, სძულს და ეზიზღება სხვა ადამიანები ან თუნდაც უბრალო მოვლენები...
ყველა გრძნობა, რაც გააჩნია ჩემს ირგვლივ მოტრიალე ადამიანებს, არის მარადიული და აბსოლუტური. თუ სიყვარულია - კუბოს ფიცრამდეა... თუ ცრემლია - უშრეტია... თუ მონატრებაა - სიგიჟემდეა... თუ სიძულვილია - სამისდღემშიოა... თუ გლოვაა - საუკუნოა...
ყველა ისე ადვილად აპელირებს ამ იდეალური ცნებებით (და რაც მთავარია, დერეფანში ან ფინჯან ყავაზე), უბრალოდ მიკვირს, საიდან გააჩნიათ ამხელა სულიერი მარაგები... და მათ ფონზე თავი ძალიან უმნიშვნელო, ნაცრისფერი და მდაბიო მეჩვენება...
მე პირადად ცხოვრებაში მონატრება რეალურად სულ 5-6ჯერ თუ მიგრძვნია. ჩემი სიძულვილი სიყვარულზე ბევრად უფრო წარმავალი გამოდგა. ყველაზე მძიმე ცხოვრებისეულ ტრაგედიასაც კი, რაც ცხოვრებაში განმიცდია, ისე გადავიტანე, რომ ღამე თეთრად არ გამითენებია...
ვიტყოდი, ეს ყველაფერი ცინიზმის ბრალიაო, მაგრამ ცინიკოსებად, მოგეხსენებათ, არ იბადებიან, ცინიკოსები ხდებიან... ხოდა დავიჯერო მე გენეტიკურ-ქრონიკული დეფექტით დავიბადე?!
რა თქმა უნდა, ვიცი რომ არ არის ასე. საიდან ვიცი? თუნდაც იქიდან, რომ სხვა ადამიანებისაგან ხანდახან, ჩუმად და მალულად, გამიგია, რომ აღარ შეუძლიათ აიტანონ ეს ფარისევლური ყოვლისმომცველი შეთქმულება და კივილი უნდებათ ამგვარი შაბლონური და არაფრისმთქმელი ფრაზების გაგონებაზე. და თუნდაც იქიდან, რომ აღნიშნულზე ჩემ ერთ-ერთ უსაყვარლეს მწერლებს, ძმებს სტრუგაცკებს, დაუწერიათ თავიანთ გენიალურ ნაწარმოებში «Град Обреченный»:
Особенно я ненавижу, когда вечностями швыряются. Братья навек. Вечная дружба. Навеки вместе. Вечная слава...
Откуда они все это берут?
Что они видят вечного?!
It won't do
To dream of Caramel,
To think of Cinnamon
And long for you...
Thursday, 29 April 2010
Subscribe to:
Post Comments (Atom)
ქართველებს რომ ყველაფერში რადიკალურობა [თუ რადიკალიზმი] ახასიათებთ, ცნობილი ამბავია. ერთ ადამიანს აღმერთებენ [მაგალითად, ვინმე ოლიმპიურ ჩემპიონი თუ გახდა], მეორეს კი ქვებს ესვრიან, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით [მაგალითად, თუ საკუთარ კარში 2 გოლი გაიტანა შემთხვევით]. თან ეს ორი გრძნობა - გაღმერთება და სიძულვილი, ერთმანეთში ძალიან ადვილად შეიძლება გადავიდეს. უფრო პირველი მეორეში ალბათ.
ReplyDeleteგააჩნია იმ ფრაზასაც რა ტონალობით და რა მუსიკალურობით იტყვი :D :D:D
ReplyDeleteზოგი ზეემოციებში ვარდება :D :D :D
(რა თქმა უნდა ცრუ ემოციებში)
ხოდა ხშირად პოსტე, მიყვარს შენი პოსტები ^^
და რომელ ქვეყანაში იყავი? ^^
მე რომ ვამბობ რადიკალიზმი ჩვენი ჭირია-თქო, არ მიჯერებენ და აი, თუ არა, ნატალიაც იმასვე ამბობს თურმე და შენც.
ReplyDeleteგუშინ ვფიქრობდი ზუსტად ტრანსპორტში ჯაყჯაყისას, რომ ბოლო პერიოდში ბევრ ადამიანზე მგონია, რომ ძალიან მიყვარს და რომ ადრე ამ დასკვნას ასე ადვილად არ/ვერ ვაკეთებდი. კიდევ მივხვდი იმას, რომ მონატრებასაც ხშირად ვიბრალებ და საერთოდ, დროა გავარკვიო, ვინ მართლა მენატრება და მიყვარს და ვისი ნახვა უბრალოდ მსიამოვნებს.
ხოოდა, ასე, მგონი დაბრუნებულობის სინდრომია ეგეც :)
@ Natalia - მართალი ხარ... გარდა იმისა, რომ ძალიან უყვარს ჩვენს ირგვლივ ხალხს უკიდურესობა, ერთიდან მეორეშიც ისე ადვილად გადადიან, თვალის დახამხამებას ვერ ასწრებ... იქნება ეს მართლაც და ოლიმპიური ჩემპიონი, პოლიტიკოსი თუ სხვა. დიდი სიმაღლიდან დიდ სიღმეში ვარდებიო, თქმულა და ვამტკიცებთ ამ გამონათქვამს...
ReplyDelete@ Clown - მე იცი რას დავაკვირდი? ნამდვილი, ჭეშმარიტი გრძნობით გამოხატული მონატრება რატომღაც ძალიან ჩუმია და მორიდებული... თუ ამას მარტო მე დავაკვირდი? ;)
მადლობა წახალისებისათვის :) მიხარია, თუ გსიამოვნებთ ჩემი ნადღაბნის კითხვა :)
@ Nastasia - დაბრუნებულობის სინდრომი - რა მაგარი რაღაცაა :) წიგნის დაწერა რომ შემეძლოს, ალბათ საინტერესო რამე გამოვიდოდა.
გუშინ შენ ბლოგს ვეცნობოდი და კვლავ მიკვირდა, როგორ ერთნაირად აღვიქვამთ ხოლმე მოვლენებს, მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვანაირად გადმოვცემთ... ნეტავ ეს სინდრომი ქრონიკულში გადაგვივა?? :)