It won't do

To dream of Caramel,

To think of Cinnamon

And long for you...

Sunday 27 September 2009

მეთოდები

ცხოვრებაში ორი სახის პრობლემა არსებობს, ჩემი აზრით. არის ისეთი, რომლის მოგვარება ჩვენს ძალებს აღემატება, ე.წ. nothing-you-can-do-about-it და არის ისეთიც, რომლის გადაწყვეტა პრინციპში შესაძლებელია.

ამას წინათ დავფიქრდი, როგორ ვაკეთებთ ამას? ანუ, როგორ ვებრძვით ხოლმე მეორე ტიპის პრობლემებს ადამიანები? ყველას გვაქვს ჩვენ-ჩვენი მეთოდები, ხერხები, გზები... ზოგჯერაც სპონტანური, ზოგიც მრავალგზის აპრობირებული... ზოგჯერაც ჩვენი მოფიქრებული, ზოგიც სხვისი ნარჩევი... ზოგჯერაც ლოგიკური, ზოგიც სულელური...

დავფიქრდი რა ამაზე, გადავწყვიტე რატომღაც დღეს გამეკეთებინა საუკეთესო “პრობლემათა მოგვარების მეთოდების” ხუთეული (აი ტოპჩარტები რომ არის მუსიკალურ არხებზე, ასეთი ტიპის). ვნახოთ, რა გამომივა.

ყველანაირად ღია ვარ შემოთავაზებებისათვის, კრიტიკისათვის და შენიშვნებისათვის :) მაშ ასე, დავიწყოთ.

I ადგილი – უპირობოდ არის ე.წ. “გულის გადაყოლება” გართობაში. ამ ხერხს ერთნაირი წარმატებულებით იყენებს როგორც მდედრობითი, ასევე მამრობითი სქესი. გართობაში გადის ისეთი ქვესახეობები, როგორიცაა სმა, “პონტებში” სიარული, ზოგჯერ მსუბუქი (და განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში არც ისე მსუბუქი) ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება. ნეგატიური მხარე – როდესაც ყველა შენს ირგვლივ მხიარულობს და იცინის, შენ ამ დროს ხვდები, რომ შენი მხიარულება ნაძალადევია და ეს აღმოჩენა ორმაგად გიმწარებს ცხოვრებას.

II ადგილი – საქმის კეთება. ცნობილია რომ, ადამიანის პროდუქტიულობა სწავლაში/მუშაობაში ერთიორად მატულობს მაშინ, როდესაც არაკარიერულ ცხოვრებაში არც თუ ისე კარგად აქვს ყველაფერი. სხვათა შორის, ეს ხერხი მუშაობს მაშინაც, როდესაც კარიერული პრობლემებია სახეზე – უფროსის მოთაფლვის ერთ-ერთი კარგი ხერხია ხარისხიანად შესრულებული დავალება. ნეგატიური მხარე – ფსიქოლოგიური გადაღლილობა და რამოდენიმე წუთი დაძინების წინ, ის საშიში რამოდენიმე წუთი, როდესაც მოგონებას ვეღარ გაურბიხარ და შეიძLება იმდენად მტკივნეული აღმოჩნეს, რომ ასეთი სანუკვარი რამოდენიმე საათის მოსვენებაც კი დაგიფრთხოს.

III ადგილი – მეგობრებში გათქვეფა. ოღონდაც საკუთარი თავის კი არა (ეგ პირველ ადგილზე მოხვედრილ ხერხში ისედაც იგულისხმება), არამედ პრობლემის. განსაკუთრებით ეს ხერხი პოპულარულია მდედრებში – შეიკრიბება დიდი კონსილიუმი და საათობით განიხილავენ და ბჭობენ ერთ კონკრეტულ რაღაცაზე მანამ, სანამ ყველანაირ ასპექტში და ქვეტექსტში არ განიხილავენ. საბოლოოდ კი ეს ყველაფერი სრულდება მორიგი ჯადოსნური ფრაზით” “ყველაფერი კარგად იქნება, აგერ ნახავ”. ნეგატიური მხარე – ეფექტი ძალზედ დროებითია. ცოტა ხნით მოგეშვება, იმიტომ რომ დაგროვილ დაძაბულობას “გამოუშვებ” და მერე ისევ ბრუნდები საწყის ეტაპზე.

IV ადგილი – კრეატიული “გამოსავალი”. აქ იგულისხმება ე.წ. soulsearching-ი, რაშიც შედის დიდი რაოდენობით ხელოვნების ნიმუშების მოხმარება, იქნება ეს ლიტერატურა, მუსიკა, კინემატოგრაფია თუ სხვა. ძალიან უხდება ამას ყველაფერს ყავა და სიგარეტი (პირადი გამოცდილებიდან). კარგი, შესაფერისი მუსიკის თანხმელბით (ზოგისთვის ეს მუსიკა ხასიათივით დეპრესიულია, ზოგისთვის პირიქით, მხარული და “ყურადღებისგადამტანია”) რამე საინტერესო წიგნის კითხვა საკმაოდ ეფექტური საშუალებაა ნერვების დამშვიდების. ვინ იცის, იქნება სადმე რაიმე საინტერესო გამოსავალიც კი აღმოჩნდეს დამალული, ძაღლის თავის არ იყოს... ნეგატიური მხარე – მოითხოვს განსაკუთრებით საზოგადოებრივ იზოლირებას, რისი ფუფუნებაც ბევრ ჩვენთაგანს არ გააჩნია და, რაც მთავარია, იწვევს საშინელ მიჩვევას...

V ადგილი – იგნორირება. ამ დროს ადამიანი საერთოდ არ აღიარებს, რომ რაიმე პრობლემის წინაშე დგას და სირაქლემას ნაცად ხერხს მიმართავს. არც საზოგადოებაში და არც საკუთარ თავთან არ იმჩნევს, რომ რაღაცა აწუხებს. ზოგს კარგად გამოსდის, ეფექტურად, ზოგს არც თუ ისე და დროდადრო მაინც ვარდება პროსტრაციაში. ნეგატიური მხარე: ფაქტია, რომ მარტო აუტოტრენინგით ვერაფერს გახდები – საკუთარი თავის მოტყუება შეუძლებელია.

ცხადია, რომ ბევრი სხვა მეთოდიც არსებობს ალბათ, როგორც უკვე ზემეთაც აღვნიშნე. ზოგს ღამე ბოდიალი უყვარს მარტოს, ზოგს ფოტოების გადაღება, ზოგს სალონში სიარული, ზოგს შოპინგზე...

ზოგჯერ კი ყველა მეთოდს ერთიანად ვიყენებთ ან რაღაც ჩვენთვის მისაღებ კომბინაციებში...

მაგრამ ყველა ამ მეთოდს ერთი რამ აქვს საერთო, რაც ჩემ დღევანდელ რიტორიკულ შეკითხვაში გამოიხატება:

თუ პრობლემა სნეულებაა, რატომ ვმკურნალობთ მის სიმპტოპმებს, მაგრამ არა მის გამომწვევ მიზეზს?!

რატომ ვცდილობთ ამოვიგდოთ თავიდან ის, რომ რაღაცა გვაწუხებს, იმის მაგივრად რმ თავად შეწუხების წყარო მოვსპოთ?!

Thursday 24 September 2009

To my life partner

მერვე კლასიდან ვიცოდი რომ მე და შენ არ ავცდებოდით ერთმანეთს... ოღონდ მართლა... ვიცოდი, რომ აუცილებლად ერთად ვიქნებოდით მთელი ცხოვრება, განუყრელად, რაიმე სასწაული თუ არ მოხდებოდა. ცნობილი ფსიქოლოგიური ფენომენია – გოგო ყოველთვის აიდეალებს მამას და ქვეცნობიერად მის “კლონებს” ეძებს საკუთარ პოტენციურ ცხოვრებისეულ პარტნიორად (ისევე, როგორც ბიჭები დედის კლონებს ეძებენ). რა გასაკვირია, რომ მე შენ აგირჩიე...

მაგრამ ერთია არჩევა და მეორეა წარმატება. უნივერსიტეტში როდესაც ჩავაბარე, ყველაფერი არც თუ ისე ბრწყინვალედ დაიწყო. მახსოვს, თავიდან იმდენი სირთულე შემხვდა, იმდენი პრობლემა და ისე გამიჭირდა შენთან დაახლობა, მარტო მე კი არა, ყველას უკვირდა... ერთი პერიოდი ეჭვიც კი შემეპარა საკუთარ მიზანმიმართულებასა და გრძნობაში – იქნებ და შევცდი? მაგრამ, თქმულა რომ ძვირფასი ურთიერთობის შესანარჩუნებლად ბრძოლაა საჭირო და მეც გადავწყვიტე რა, რომ ცოტა მეტი ძალისხმევა ჩამედო, ვცადე ახლიდან. ოღონდაც ამჯერად უკვე ყველა distraction factor-ი მოვიშორე და ისე.

რა თქმა უნდა, გამომივიდა. თან საკმაოდ კარგად გამომივიდა. მე და შენ ისეთი შეთანხმებული ურთიერთობა არასოდეს გვქონია, როგორც მაშინ. გადასარევად ვგრძნობდი თავს შენთან და ეჭვი მაქვს, შენც უკვე რეალურად შემეჩვიე... თან, ბალანსირებასაც ვახერხებდით – შენს გარდა სხვა ცხოვრებაც მქონდა, მეგობრები, გართობა, მუსიკა, კითხვა...

მერე, რაღაც ეტაპზე, თითქოს მეტოქე გამოგიჩნდა, მაგრამ... როგორი სასაცილოც არ უნდა იყოს, ამ მეტოქემ საბოლოოდ კიდევ უფრო დაგვაახლოვა ერთმანეთს... მე და შენ ჯერ ვერ ვიქნებოდით ერთად, ვიცოდით ორივემ, ამიტომ ამ მეტოქესთან საერთო ზუსტად შენმა არსებობამ მაპოვნინა თავიდან. თუმცა, შენი არსებობა იყო ისიც, რამაც ერთმანეთი დაგვაკარგვინა საბოლოოდ...

და აი, მე ვიფიქრე, რომ მე და შენ უკვე ერთად ვიქნებოდით. ფაქტირუად, ვიყავით კიდეც, მცირე ფორმალობას თუ არ ჩავთვლიდით. დიდი ამბავი – გამოცდა... ყველა ურთიერთობაში არსებობს გამოცდა, თანაც არაერთი და რა მოხდა ერთი ჯერ ჯერობით თუ ჩაუბარებელი იყო... მაგრამ... მერე გარემო შეიცვალა... როდესაც ეს გამოცდა ჩავაბარე და თითქოს ოფიციალურად “შევუღლდით”, ძალიან გამიცრუე იმედი... ალბათ იმიტომ, რომ ზედმეტად ბევრს ველოდი შენგან. 

ძალიან გამიჭირდა ამასთან შეგუება. ვერც შევეგუე – ავურიე. გადავვარდი ტოტალურ უარყოფაში. კვლავ გამოგიჩინე მეტოქე და თავქვე გადავეშვი ურთიერთობის მორევში... პრინციპში, თავიდანვე ვხვდებოდი რომ სიგიჟეს ჩავდიოდი, მაგრამ მაინც ვაკეთებდი ამას... ჯიუტად... და ალბათ სწორედ ამ შეცდომამ საბოლოოდ დამანახა ის, რომ მე შენს გარეშე უბრალოდ არ შემიძლია...

ამიტომ გადავდგი დიდი ნაბიჯი და მოვწყდი ჩემ რეალობას. ძველ რეალობას ვგულისხმობ. მოვიკრიბე გამბედაობა და გავიქეცი იქ, სადაც ყველაფერი უცხო და ახალი იყო და სადაც მხოლოდ მე და შენ ვიქნებოდით. ჩვენ ურთიერთობას კიდევ ერთი შანსი მივეცი...

და, თურმე მართალი აღმოვჩნდი! ჩემი ფსონი გაათმაგდა და ურთიერთობის მოსამზადებელი ეტაპი ორივემ ძალიან დიდი წარმატებით გავიარეთ. ისეთი წარმატებით, რომელსაც არც შენ და არც მე არ ველოდი! ესეიგი, შეგვძლებია თუ მოვინდომებთ, არა?

ამიტომ, ძალიან გთხოვ, ახლა, ამ ეტაპზე ნუ დამეკარგები... ვიცი, რომ კრიზისია, რომ ძნელია, რომ საჩალიჩოა... მაგრამ ხომ გახსოვს, მე და შენ უკვე თითქმის 8 წელია ერთად ვართ და ნუ გადამაყრევინებ წყალში ამდენი ხნის ნაწვალებს...

მერე რა, რომ ამბობენ შენ ცივ ღამეს საწოლში ვერ გამათბობ,

აშკარად ამდენი ხნის განმავლობაში ყველაზე “მუდმივი” ურთიერთობა მხოლოდ შენთან მქონდა...

ძალიან მინდა ისევ ურთიერთობის თეორიიდან პრაქტიკაში გადავინაცვლოთ...

ჩემო ძვირფასო

კარიერავ...

Wednesday 23 September 2009

What it could have been

ჩემი დღევანდელი პოსტი რიტორიკულ შეკითხვათა კატეგორიას კი განეკუთვნება, მაგრამ განსხვავდება სხვა დანარჩენებისაგან. ამჯერად ამ კითხივთ კი არ ვამთავრებ, არამედ ვიწყებ. ვნახოთ, რა გამოვა.

(სექტემბერი რაღაც ექსპერიმენტული თვე მაქვს ბლოგზე :P)

შესაძლებელია თუ არა ყველაფერი მართლა არ იყოს საკმარისი?!

ახლა ცოტა შორიდან მოვლა მომიწევს. აი, წარმოიდგინეთ, სადაცაა აპირებთ წამოიწყოთ ურთიერთობა, მორცხვი და ურცხვი ფლირტის ფაზები უკვე დასრულებულია, სანუკვარი სიტყვები უკვე ნათქვამია და ჰა, უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება. ხოლო იმისათვის, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღოთ, გონებაც უნდა ჩართოთ ამ პროცესში და გულიც. გულის როლი ამ შემთხვევაში ასე თუ ისე ნათელია და ანალიზს არ ექვემდებარება, მაგრამ აი გონება... მთავარი მომენტი აქ ურთიერთობის დასაწყისია – რამდენად დიდი როლი უჭირავს გონებრივ მიდგომას საწყის ეტაპზე?!

აი მაგალითად – არსებობს თქვენს ცხოვრებაში ადამიანი, რომელიც მიზანმიმართულად უტევს თქვენს მსოფლმედველობას და სინამდვილეში თვენს გულს უმიზნებს... შინაგანად კი ხვდებით, რომ ეს პიროვნება “თქვენი” არაა, მაგრამ მისი მიზანმიმართულობა გიზიდავთ, მოგწონთ ის ფაქტი, რომ თუნდაც მას ასე მოწონხართ და გგონიათ, რომ თქვენთვის აქ არავითარი საშიშროება არ არსებობს...

მაგრამ ჰოი, საოცრებავ! გადის დრო და ეს მართლა არც თუ ისე “თქვენი” ადამიანი ისე იჭრება ყოველდღიურობაში, რომ ვეღარ შლით... ნებით თუ უნებლიედ სულ მასზე გეფიქრებათ, გამახსოვრდებათ, გახსენდებათ, გეჩვენებათ...

და მერე იღვიძებს თქვენი რაციონალურობა და იწყებს თქვენი ციხის შიგნიდან გატეხვას (გარედან მიზანმიმართული ადამიანი გიტევთ). ის ჩაგჩურჩულებთ, რომ აი, ესაა ის, ეს ადამიანი სინამდვილეში თქვენია, ხოლო თქვენ კი მისი ხართ, იმიტომ რომ მას თქვენთან უნდა, მას თქვენ უყვარხართ, თქვენი უსიტყვოდ ესმის, თქვენი მეგობარია, თქვენი მუდმივი დამცველი... და თქვენ უბრალოდ ვერ წარმოგიდგენიათ მის გარეშე ცხოვრება...

მაგრამ...

თითქოს აკლია სანელებელი კერძს... ყველაფერი თითქმის იდეალურია, მაგრამ ზუსტად ეს იდეალურობა იმდენად მკვეთრს ხდის დანაკლისს, რომ მასზე თვალის დახუჭვა შეუძლებელია... და რამდენიც არ უნდა იყვიროს თქვენმა ტვინმა, მაინც გული არ გიშვებთ...

და ბოლოს და ბოლოს ხვდებით, რომ ეს გზა არსად არ მიგიყვანთ. იცით, რომ არაფერი არ გამოვა, იმიტომ რომ თქვენ მხოლოდ ეს, ახლანდელი აჟიტირება მოგწონთ თქვენში, დაძაბულობა, ექსტრიმი, ბალანსირება... და როგორც კი ის გაქრება, ურთიერთობაც საპნის ბუშტივით გასკდება...

ხოდა ასრულებთ ამ ჯერ კიდევ არც დაწყებულ, პრელუდიულ ურთიერთობას... სამაგიეროდ, იწყებთ სუნთქვას ახლიდან... ახლიდან უყურებთ სამყაროს... ახლიდან უგებთ გემოს საჭმელს... ახლიდან აღმოაჩენთ რომ არსებობს ფილმები, წიგნები, სიმღერები...

და ერთხელაც იღვიძებთ დილით და ხვდებით, რომ ცხოვრებაში კიდევ უამრავი რამ გელოდებათ წინ და აუცილებლად, 

აი მართლა აუცილებლად,

ეს კარგი თქვენ გიპოვით მაშინ, როდესაც თქვენ მას ყველაზე ნაკლებად ელოდებით :)

P. S. აუცილენბლად ნახეთ ეს ვიდეო. წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე...


Tuesday 22 September 2009

ბავშვობაში მეგონა

ჩემამდეც მოაღწია ამ ვირუსმა, კერძოდ კი, დამთაგეს თავიანთ ბლოგებში ანამ და ნასტასიამ. პირველ რიგში, დიდი მადლობა მათ! ძალიან მესიამოვნა რომ ხალხს ჩემი არც თუ ისე ინტენსიური ბლოგი მოსწონს. აქამდე არასოდეს დამიწერია პოსტი "პო ზაკაზუ" და ვნახოთ, რა გამოვა. ძალიანაც მკაცრად ნუ განმსჯით :P

ბავშვობაში ძალიან ბევრი რამე მეგონა, ძალიან მდიდარი წარმოსახვის უნარის პატრონი ვიყავი და სიგიჟემდე მიყვარდა კითხვა, ამიტომ ჩემი საბავშვო "მოსაზრებების" უმეტესობა სწორედ მათ უკავშირდება. მაშ, ასე:

კარგა ხანი მეგონა რომ
1. ჩემი მშობლები ჩემი ბიოლოგიური მშობლები არ იყვნენ და სინამდვილეში, 18 წლის რომ გავხდებოდი, რომელიმე ზღაპრული ქვეყნის პრინცესად გამომაცხადებდნენ.

2. ჩემი თოჯინები ღამე ცოცხლდებოდნენ და ჩვეულებრივად, ადამიანებივით ცხოვრობდნენ. ვინ იცის, რამდენი ღამის გათენება ვცადე მათი თვალთვალით...

3. შემთხვევით ალუბლის კურკა რომ გადამეყლაპა, კუჭიდან ალუბლის ხე ამომივიდოდა. ამიტომ მეტ-ნაკლებად ზრდასრულ ასაკამდე საერთოდ არ ვჭამდი ალუბალს და ბალს :P.

4. "ჩეხური" მეგონა არა ნივთის გეოგრაფიული წარმოშობის ადგილი, არამედ რაღაც განსაკუთრებული ზეხარისხიანი ფირმის სახელი, რახან ყველაფერი ჩეხური ითველობა რომ იყო "ძალიან კარგი" (You know I know ;)).

5. ჩემი ბალიშის ქვეშ დამალულ ნეფრიტის პატარა დრაკონს მართლა მოჰქონდა ჩემთვის პიტნის კამფეტი ყოველ ღამეს. ამიტომ, როდესაც ჩემ მშობლებს პიტნისას გამოელიათ და ჩამიდეს მარწყვის, ჩავთვალე რომ დრაკონი გამებუტა და 1 კვირის განმავლობაში ვარკვევდი როგორ მომეგო მისი გული უკან. მერე ეტყობა მომბეზრდა და შევეშვი :P

6. ფილაქანზე სიარულისას ფილაქნებს შორის ნაპრალზე რომ დამებიჯებინა, აუცილებლად რამე ცუდი დამემართებოდა.

7. "რესპუბლიკა" ცომეულის რაღაც განსაკუთრებული სახეობა იყო (ეტყობა "ბუბლიკს" ვამსგავსებდი, სხვა ახსნას ვერ ვპოულობ).

8. ჩემი ბაგა ბაღის მეორე ცვლის მასწავლებელი იყო ბოროტი ჯადოქარი (დარწმუნებული ვიყავი ამაში).

9. დიდი მას შემდეგ გავხდებოდი, რაც ქუსლიანი ფეხსაცმელების ჩაცმის ნებას დამრთავდნენ.

10. ჩემი ძმა იყო ჩემი #1 მტერი.

11. სპორტული გადაცემები უფროსების "ძილისპირული" იყო, იმიტომ რომ მამაჩემს პირველი ნახევარი საათის შემდეგ ეგრევე ეძინებოდა, დედაჩემი კი სულ წუწუნებდა რომ ამ სისულელის ყურების გარეშეც არ უჩივის ძილუნარიანობას.

12. საინტერესო ადგილებიდან ყოველთვის იმის გამო მივდივოდით ხოლმე, რომ "ჭამის დრო იყო". ამიტომ, გადავწყვიტე რომ წინასწარ თუ შევაგროვებდი საკმარის საჭმელს, უფრო დიდხანს დავრჩებოდი იქ, სადაც მინდოდა. 1 კვირის შემდეგ ჩემი "საწყობი" დედაჩემმა აღმოაჩინა საკმაოდ არასასიამოვნო სურნელის მიხედვით...

13. 5 ლარი ძალიან, ძალიან, ძალიან ბევრი ფული იყო რადგან დაახლოებით 10 ცალი შოკოლადი მოგივიდოდა ამ ფულით :)

ესენია, რაც ჯერ ჯერობით მახსენდება... დარწმუნებული ვარ, გაცილებით მეტი იყო სინამდვილეში, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ мы все родом из детства, ბევრი რამე უკვე სამწუხაროდ მივიწყებულია...

იმედია, გაგეცინათ. მე კი :)

პირადად მე ვთაგავ Tiko-ს და INDIEVIDI-ს.