It won't do

To dream of Caramel,

To think of Cinnamon

And long for you...

Sunday, 27 September 2009

მეთოდები

ცხოვრებაში ორი სახის პრობლემა არსებობს, ჩემი აზრით. არის ისეთი, რომლის მოგვარება ჩვენს ძალებს აღემატება, ე.წ. nothing-you-can-do-about-it და არის ისეთიც, რომლის გადაწყვეტა პრინციპში შესაძლებელია.

ამას წინათ დავფიქრდი, როგორ ვაკეთებთ ამას? ანუ, როგორ ვებრძვით ხოლმე მეორე ტიპის პრობლემებს ადამიანები? ყველას გვაქვს ჩვენ-ჩვენი მეთოდები, ხერხები, გზები... ზოგჯერაც სპონტანური, ზოგიც მრავალგზის აპრობირებული... ზოგჯერაც ჩვენი მოფიქრებული, ზოგიც სხვისი ნარჩევი... ზოგჯერაც ლოგიკური, ზოგიც სულელური...

დავფიქრდი რა ამაზე, გადავწყვიტე რატომღაც დღეს გამეკეთებინა საუკეთესო “პრობლემათა მოგვარების მეთოდების” ხუთეული (აი ტოპჩარტები რომ არის მუსიკალურ არხებზე, ასეთი ტიპის). ვნახოთ, რა გამომივა.

ყველანაირად ღია ვარ შემოთავაზებებისათვის, კრიტიკისათვის და შენიშვნებისათვის :) მაშ ასე, დავიწყოთ.

I ადგილი – უპირობოდ არის ე.წ. “გულის გადაყოლება” გართობაში. ამ ხერხს ერთნაირი წარმატებულებით იყენებს როგორც მდედრობითი, ასევე მამრობითი სქესი. გართობაში გადის ისეთი ქვესახეობები, როგორიცაა სმა, “პონტებში” სიარული, ზოგჯერ მსუბუქი (და განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში არც ისე მსუბუქი) ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება. ნეგატიური მხარე – როდესაც ყველა შენს ირგვლივ მხიარულობს და იცინის, შენ ამ დროს ხვდები, რომ შენი მხიარულება ნაძალადევია და ეს აღმოჩენა ორმაგად გიმწარებს ცხოვრებას.

II ადგილი – საქმის კეთება. ცნობილია რომ, ადამიანის პროდუქტიულობა სწავლაში/მუშაობაში ერთიორად მატულობს მაშინ, როდესაც არაკარიერულ ცხოვრებაში არც თუ ისე კარგად აქვს ყველაფერი. სხვათა შორის, ეს ხერხი მუშაობს მაშინაც, როდესაც კარიერული პრობლემებია სახეზე – უფროსის მოთაფლვის ერთ-ერთი კარგი ხერხია ხარისხიანად შესრულებული დავალება. ნეგატიური მხარე – ფსიქოლოგიური გადაღლილობა და რამოდენიმე წუთი დაძინების წინ, ის საშიში რამოდენიმე წუთი, როდესაც მოგონებას ვეღარ გაურბიხარ და შეიძLება იმდენად მტკივნეული აღმოჩნეს, რომ ასეთი სანუკვარი რამოდენიმე საათის მოსვენებაც კი დაგიფრთხოს.

III ადგილი – მეგობრებში გათქვეფა. ოღონდაც საკუთარი თავის კი არა (ეგ პირველ ადგილზე მოხვედრილ ხერხში ისედაც იგულისხმება), არამედ პრობლემის. განსაკუთრებით ეს ხერხი პოპულარულია მდედრებში – შეიკრიბება დიდი კონსილიუმი და საათობით განიხილავენ და ბჭობენ ერთ კონკრეტულ რაღაცაზე მანამ, სანამ ყველანაირ ასპექტში და ქვეტექსტში არ განიხილავენ. საბოლოოდ კი ეს ყველაფერი სრულდება მორიგი ჯადოსნური ფრაზით” “ყველაფერი კარგად იქნება, აგერ ნახავ”. ნეგატიური მხარე – ეფექტი ძალზედ დროებითია. ცოტა ხნით მოგეშვება, იმიტომ რომ დაგროვილ დაძაბულობას “გამოუშვებ” და მერე ისევ ბრუნდები საწყის ეტაპზე.

IV ადგილი – კრეატიული “გამოსავალი”. აქ იგულისხმება ე.წ. soulsearching-ი, რაშიც შედის დიდი რაოდენობით ხელოვნების ნიმუშების მოხმარება, იქნება ეს ლიტერატურა, მუსიკა, კინემატოგრაფია თუ სხვა. ძალიან უხდება ამას ყველაფერს ყავა და სიგარეტი (პირადი გამოცდილებიდან). კარგი, შესაფერისი მუსიკის თანხმელბით (ზოგისთვის ეს მუსიკა ხასიათივით დეპრესიულია, ზოგისთვის პირიქით, მხარული და “ყურადღებისგადამტანია”) რამე საინტერესო წიგნის კითხვა საკმაოდ ეფექტური საშუალებაა ნერვების დამშვიდების. ვინ იცის, იქნება სადმე რაიმე საინტერესო გამოსავალიც კი აღმოჩნდეს დამალული, ძაღლის თავის არ იყოს... ნეგატიური მხარე – მოითხოვს განსაკუთრებით საზოგადოებრივ იზოლირებას, რისი ფუფუნებაც ბევრ ჩვენთაგანს არ გააჩნია და, რაც მთავარია, იწვევს საშინელ მიჩვევას...

V ადგილი – იგნორირება. ამ დროს ადამიანი საერთოდ არ აღიარებს, რომ რაიმე პრობლემის წინაშე დგას და სირაქლემას ნაცად ხერხს მიმართავს. არც საზოგადოებაში და არც საკუთარ თავთან არ იმჩნევს, რომ რაღაცა აწუხებს. ზოგს კარგად გამოსდის, ეფექტურად, ზოგს არც თუ ისე და დროდადრო მაინც ვარდება პროსტრაციაში. ნეგატიური მხარე: ფაქტია, რომ მარტო აუტოტრენინგით ვერაფერს გახდები – საკუთარი თავის მოტყუება შეუძლებელია.

ცხადია, რომ ბევრი სხვა მეთოდიც არსებობს ალბათ, როგორც უკვე ზემეთაც აღვნიშნე. ზოგს ღამე ბოდიალი უყვარს მარტოს, ზოგს ფოტოების გადაღება, ზოგს სალონში სიარული, ზოგს შოპინგზე...

ზოგჯერ კი ყველა მეთოდს ერთიანად ვიყენებთ ან რაღაც ჩვენთვის მისაღებ კომბინაციებში...

მაგრამ ყველა ამ მეთოდს ერთი რამ აქვს საერთო, რაც ჩემ დღევანდელ რიტორიკულ შეკითხვაში გამოიხატება:

თუ პრობლემა სნეულებაა, რატომ ვმკურნალობთ მის სიმპტოპმებს, მაგრამ არა მის გამომწვევ მიზეზს?!

რატომ ვცდილობთ ამოვიგდოთ თავიდან ის, რომ რაღაცა გვაწუხებს, იმის მაგივრად რმ თავად შეწუხების წყარო მოვსპოთ?!

3 comments:

  1. meotxe emtodi cehmi favoritia da kide,xaisatis mixedvit an tvitizolacia,an sadme ugzo-ukvlod cacancaleba da cota xani chveul garemos moshoreba...
    rac ar miyvars, mdedrebis sabchoebia,problemis gadachris garda yvelafers emsaxureba...

    ReplyDelete
  2. ყველაზე კარგი მეთოდი სწორედ პრობლემის გამომწვევი მიზეზის გადაჭრაა. სხვა მხრივ, როგორც არ უნდა გადაიტანო ყურადღება, მაინც გულზე გაწევს ის პრობლემა და სულე გეფიქრება.
    ზემოთ ჩამოთვლილი ხერხებიდან, მე ზუსტად არც ვიცი რომელს ავირჩევ. რაღაცას უნდა ვაკეთებდე, თუნდაც ვერ მოვაგვარო საქმე, გულზე მაინც მომეშვება, რომ ყველაფერი ვიღონე რაც შემეძლო :)

    ReplyDelete
  3. ეს ყველა ერთად უნდა იყოს, შეზავებული და პლიუს საკუთარი გონება ისე მომართო, რომ მიზეზი მოსპო!
    საკუტარი თავი უნდა დაატრეინინგო ,თუ ეს არ ქენი,მაშინ არცერთი ეს საშუალებები არ გიშველის.

    ReplyDelete