It won't do

To dream of Caramel,

To think of Cinnamon

And long for you...

Saturday, 5 December 2009

To my Best Friend

რომ იცოდე, როგორ მიყვარხარ...

თუ მძულხარ? 

არ ვიცი, ძნელი დასადგენია. დროს გააჩნია, ხასიათს და მემგონი, რაც მთავარია, საჭიროებას.

ყველაზე მწარედ “ზაკონ პოდლასწი”-ს შენზე განვიცდი. ზუსტად იმ დროს, როდესაც ყველაზე მეტად მჭირდები, მაინცდამაინც მაშინ უნდა მიმტყუნო. მემგონი, ეგ შენი ჰობია.

ძირგავარდნილი ქვევრი ხარ. რამდენიც არ უნდა გტენო, მაინც ყოველთვის ცარიელი ხარ. მაინც ყოველთვის საათობით უნდა ვიდგე შენს წინაშე და გეხვეწო და გეხვეწო რომ დამეხმარო. მუხლებზეც კი უნდა დავიჩოქო ხანდახან. ხანდახან დედაბუდიანად ამოგატრიალო კიდეც მანამ, სანამ ჩემთვის და სიტუაციისათვის მისაღებ გამოსავალს არ შემომთავაზებ.

ამავე დროს, ჩემი უსაყვარლესი გამრთობი ხარ. შენთან ერთად დროის გატარება არასოდეს მეზარება. ხანდახან, როდესაც აბსოლუტური სინაცრისფრეა ცხოვრებაში (და ფანჯარაშიც) ფინჯან ჩაისთან ერთად ძალიან მიყვარს შენთან ჩაჯდომა. მე ჩემს გულს გადაგიშლი ხოლმე, შენ კი – შენსას და ამ გადაშლადობის შედეგებს შემდეგ ერთმანეთს ვუხამებთ. განსაკუთრებით მიყვარს რაღაც მივიწყებული ელემენტების აღმოჩენა და მათთვის ახალი ცხოვრებისა და გამოყენების მიცემა – ყველაფერი ახალი ხომ კარგად დავიწყებული ძველიაო, ამბობენ. თუმცა, არის შემთხვევები როდესაც როგორც ჩემი, ისევე შენი რეალობიდან რაღაცა უბრალოდ და უკანმოუხედავად უნდა წაიშალოს. გეთანხმები, ძნელი გასაკეთებელია, მაგრამ ჩვენ ხომ გამბედავი გოგონები ვართ და ამას მაინც ვახერხებთ.

ძველის ახლადაღმოჩენაზე მეტად მხოლოდ ახლის განხილვა თუ მიყვარს. საათობით შემიძლია შენთან ერთად ვიჯდე და ვიმსჯელო სიახლეებზე და რაც უფრო მეტს ვისაუბრებთ მათზე, მით უფრო დადებითად დამამახსოვრდება ეს ახალი ამბები. ხანდახან, როდესაც განსაკუთრებით ბევრი სიახლეა ხოლმე ჩვენს ცხოვრებებში, ან კიდევ, რაოდენობრივად ცოტაა, მაგრამ ძაააააალიან მნიშვნელოვანია, მარტო მე და შენ ვეღარ ვიტევთ ამდენ ბედნიერებას და აუცილებლად ვსაჭიროებთ თანამონაწილეებს. და ისინიც არ აყოვნებენ გამოჩენას, აღფრთოვანებითა და პოზიტიური შეფასებებით.

შენს გარეშე უბრალოდ ვერ წარმომიდგენია ჩემი თავი. შენ ჩემი ცხოვრების ყოველ ასპექტს განსაზღვრავ და ყველგან დამყვები, იქნება ეს ვარჯიშზე წასვლა თუ რაიმე სუპერპრეტენზიული წვეულება. ჩემი ხასიათის პირდაპირი გამოხატულება ხარ და სწორედ ეს მომწონს შენში. ბევრს, აქედან გამომდინარე, შენი არ ესმის და ზოგჯერ ზედმეტად პრეტენზიულად გთვლის, ზოგჯერ კი ზედმეტად უბრალოდ. თუმცა, მინდა ვთქვა, რომ ყოველთვის ამჩნევენ შენს უნიკალურობას.

მართალია, როგორც ყველას ამ ცხოვრებაში, შენც მოგსვლია უამრავი შეცდომა წარსულში, განსაკუთრებით ადრეულ თინეიჯერობის ასაკში, მაგრამ, ჩემი არ იყოს, ასაკთან ერთად ჭკუაც გემატება და გემოვნებაც. ამიტომ, სულაც არაა გასაკვირი, რომ ევროპა შენც ძალიან მოგიხდა. ახლა უკვე არა მარტო მე, არამედ უამრავ ჩემ მეგობარსა და ნაცნობ მოწონხარ და, რაც მთავარია, გამჩნევენ... და იმიტომ კი არა, რომ თვალში საცემი ხარ, არამედ იმიტომ, რომ გაგაჩნია შენი საკუთარი, განუმეორებელი, სადა, მაგრამ არაიაფფასიანი, მრავალფეროვანი, მაგრამ ამავე დროს შეთანხმებული სტილი...

ერთი სული მაქვს, როდის შეგმატებ კიდევ რამოდენიმე ელემენტს ამ თვის ბოლოსკენ. დარწმუნებული ვარ, ძალიან მოგიხდება!

ჩემო ძვირფასო

გარდერობო...



P. S. ეს პოსტი ეძღვნება ნატალიას აი ამ პოსტს,
ჩემს ახლანდელ გატაცებას nu jazz-ით
და ჩემს ბერეტს :)


4 comments:

  1. რა საყვარელი პოსტი იყო!

    ’სადა, მაგრამ არაიაფფასიანი, მრავალფეროვანი, მაგრამ ამავე დროს შეთანხმებული სტილი...’

    - სისადავე მომწონს ყოველთვის, ყველგან! :)

    ReplyDelete
  2. ლოლ
    პოსტის დასაწყისში ვფიქრობდი, ახლა რა დავუწერო, როგორ გავამხნევო, ასეთი ძირგავარდნილი ქვევრი best friend რომ ჰყოლია-მეთქი :D

    ReplyDelete
  3. ვიამეე : )) მე მართლა ვფიქრობდი რომ საუკეთესო მეგობარი ადამიანი იყო, დაჟე ჩემს წარმოსახვაშიც "დავხატე" მისი თვისებები და ყველაფერი : D

    ჰუჰ : ))

    ReplyDelete
  4. ყველას დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის :) ეს პოსტი ნახევრად ხუმრობით მქონდა ჩაფიქრებული, მაგრამ ბოლოსკენ რომ გავედი, მივხვდი რომ უფრო მეტი სიმართლეა, ვიდრე ხუმრობა :)

    @ ♥ The Dream Teller ♥ შენ თუ ეს წერილი მოგეწონა, ასეთი ტეგით რაც მაქვს, ისინი ყველა წაიკითხე, გახალისდები :)

    ReplyDelete