It won't do

To dream of Caramel,

To think of Cinnamon

And long for you...

Tuesday, 15 December 2009

და აშრიალდა ფარდა...

მე რომ მიყვარს, ისეთი საღამო გავატარე გუშინ. გარეთ საოცრად ციოდა (მოყინა მგონი კიდევაც), სახლში კი გაღუღუნებული რადიატორი, ჩაის ჭიქა და კარგი მოსაუბრე მითბობდა სულს.


სასაუბრო თემა, რასაკვირველია, ჩვენს ირგვლივ მოტრიალე ადამიანები იყვნენ – ბიჭები, გოგოები, მათთან დაკავშირებული ემოციები და პრობლემები. ჩვეულებრივი
Girl Talk, რომელიც ასე ჰაერივით გვჭირდება ხანდახან, რომ ცხოვრებაში მოჩვენებითი არეულობა უცებ ძალიან პროპორციულად დალაგდეს ცნობიერების თაროებზე...


ვმსჯელობდით ერთ ჩვენ საერთო ნაცნობზე, რაც, თავისთავად, საკმაოდ ტრივიალურად შეიძლება ჩაითვალოს, მაგრამ საუბარში გაირკვა, რომ ამ გოგონას ჩემეული პიროვნული პორტრეტი რადიკალურად არ ემთხვეოდა ამავე ადამიანის აღწერას ჩემი მოსაუბრის ინტერპრეტაციით. ამ ფაქტმა ძალიან დამაინტრიგა, რადგანაც ზოგადად მე და ჩემს
roomate-ს საკმაოდ ჰარმონიული შეფასებითი ტანდემი გვაქვს და ძალიან იშვიათად, რომ განსხვავებული შთაბეჭდილება დაგვრჩეს ამა თუ იმ პიროვნებაზე. 


ორივეს ძალიან გაგვიკვირდა ეს ამბავი... ამიტომაც ვიმსჯელეთ ამ განხეთქილების სავარაუდო მიზეზზეც და საბოლოოდ ერთადერთ შესაძლო ახსნამდე მივედით – ჩვენი საერთო ნაცნობი ძალიან კარგი ცხოვრებისეული მსახიობი ყოფილა. ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის ერთნაირი წარმატებულობით თამაშობდა ერთ როლს ჩემს და აბსოლუტურად სხვანაირს ჩემი
roomate-ის წინაშე.


საუბარი ამით კი დამთავრდა, მაგრამ ჩემი ფიქრი არ გაჩერებულა. თავად მსჯელობის საგანი გოგონა, სიმართლე გითხრათ, დიდად არ მაღელვებდა, მაგრამ მის მიერ წამოჭრილმა დილემამ ცოტა არი იყოს და დამაფიქრა...


ჯერ კიდევ შექსპირმა თქვა, რომ მთელი ცხოვრება თეატრია და ადამიანები კი მასში მსახიობები არიან. მარტივი მაგალითისათვის – ერთი და იგივე ადამიანი მშობლებთან შვილის როლს თამაშობს, მეგობრებთან – მეგობრის, ძვირფას ადამიანთან – შეყვარებულის, სამსახურში – მუშაკის... ყოველ ამპლუაში, რა თქმა უნდა, მას გადააქვს ძირითადი პიროვნული თვისებები, რომელბიც მის შინაგან “მე”-ს განუყრელ ნაწილს უნდა შეადგენდნენ...


მაგრამ...


ხშირად ყოფილა ასე, რომ ერთსა და იმავე ამპლუაშიც კი ადამიანი სხვადასხვა როლებს თამაშობს მაინც... ჩემი დაკვირვებით, განსაკუთრებით კარგად ეს ჩანს მაშინ, როდესაც ადამიანი ერთ რომელიმე სოციალურ გარემოშია მოხვედრილი, ანუ, როგორც კიდევ ერთი ჭკვიანური, ამჯერად ხალხური გამონათქვამი გვეუბნება, რა ქვეყანაშიც არის, იმის ქუდს იხურავს...


განსაკუთრებით მკაფიოდ ეს ტენდენცია ინტერნეტსამყაროში შეიმჩნევა... ხშირად გამკვირვებია, ჯერ კიდევ იმ დროს, როდესაც ფორუმზე ხშირად ვპოსტავდი, თუ რამდენად განსხვავებულები არიან ავატარებს ამოფარებული ადამიანები იმ პერსონებისგან, რომლებსაც ისინი ქმნიან ვებსივრცეში... არ ვიცი, ამას შეგნებულად აკეთებენ თუ ასე გამოსდით, მაგრამ თავად ფაქტია საგულისხმო და არა მის უკან მდგომი მოტივები...


კიდევ, დაკვირვებული ვარ, ძალიან მოსწონთ ადამიანებს რაღაც “ტიპაჟისეული” როლები ამოირჩიონ, ორიგინალურობის დასამტკიცებლად და ყველანაირად ცდილობენ, რაღაც კონკრეტული “სახელი გაუვარდეთ”... ასეთი ცვლადი ტიპაჟები კი უამრავია – “სტრანნი”, “სწერვა”, “გაჩითული”, “ნაშა”, “ემო”, “პოხუისტი”, “უკომპლექსო” და ასე შემდეგ. განსაკუთრებით თვალში მხვდება ეს ტიპაჟები როდესაც მათ რომელიმე ჩემი დიდი ხნის ნაცნობი “მოირგებს” – ათმაგად უფრო ყალბად ჩანს...


არანაკლებ პოპულარულია როლები “პუბილკაზე”... ძალიან ხშირად მომისმენია და წამიკითხავს იმაზე, თუ რამდენად განსხვავდებიან ადამიანები აღებულები ცალკე და იგივე ადამიანები გათქვეფილები ხალხში... ყველაზე ხშირი და ადვილადიდენტიფიცირებადი შემთხვევა ამისა არის მაშინ, როდესაც ადამიანი ამტკიცებს, რომ საზოგადოებაში ერთი ხასიათის მქონე პიროვნებასავით იქცევა (მაგალითად, არის მხიარული), ხოლო მარტო როდესაც რჩება, სულ სხვანაირი ხდება (იგივე მაგალითისათვის, ხდება სევდიანი და მელანქოლური).


ანუ, რა გამოდის? გამოდის რომ ერთი და იგივე ადამიანი თავისი ცხოვრების მანძილზე მართლაც უამრავ როლს თამაშობს – ის ერთდროულად შეიძლება იყოს შვილი მშობელთან, შეყვარებული ძვირფას ადამიანთან, მუშაკი სამსახურში, ინტერნეტ-“პოხუისტი” ერთთან და “ემოც” მეორესთან... და ამ ყველაფერთან ერთად საერთოდ სულ სხვა, აბსოლუტურად რადიკალურად განსხვავებული პიროვნება რეალურად?!


კიმაგრამ...


თუ ასეა მართლა, როგორ გავიგოთ, ამ მორგებული როლებიდან რომელი არის მართლაც და როლი და რომელი არის ადამიანის ნამდვილი სახე?!


ამბობენ, რომ ისეთები ვართ, როგორებიც დღის ბოლოს საკუთარ თავებთან ვრჩებით მარტონი მაგრამ... ეს ხომ ისე იშვიათად ხდება... და ისე ცოტახნით... იქნებ, ყოველდილას ფარდის აშრიალებამ და სხვადასხვა როლის თამაშმა იმდენად გადაფარა ის ფუნდამენტი, ბირთვი, სახელად “მე”, რომ ის უკვე ფაქტიურად აღარც ჩანს?


იქნებ, საკუთარი თავების წინაშეც უკვე როლს ვთამაშობთ?!

6 comments:

  1. ოჰო! რამდენი ხნის ბლოგერი ყოფილხარ და მე ამ წუთას აღმოგაჩინე :)

    ReplyDelete
  2. ici bevr rameze damafiqra shenma postma... madloba...

    ReplyDelete
  3. ბლოგროლზე ვერ ვნახე შენი ბლოგი : შ რა ხდება?

    ReplyDelete
  4. ’მე რომ მიყვარს, ისეთი საღამო გავატარე გუშინ. გარეთ საოცრად ციოდა (მოყინა მგონი კიდევაც), სახლში კი გაღუღუნებული რადიატორი, ჩაის ჭიქა და კარგი მოსაუბრე მითბობდა სულს.’ ააჰ, ერთადერთი ამიტომ მიყვარს ცუდი ამინდი, ყველაზე მეტად ამ დროს ვგრძნობ სიმყუდროვეს სახლში..

    ყოველთვის მაქვს შიში, რომ სხვადასხვა ადამიანთან სხვადასხვა როლები არ მოვირგო, თუნდაც უნებურად. არ ვიცი, ამას ვაკეთებ თუ არა, ალბათ ისინი შეამჩნევენ, ვინც კარგად მიცნობს. თუმცა, ვთვლი რომ რაღაც დონეზე როლების მორგება საჭიროც არის, ოღონდ შენს პიროვნებას არ უნდა ცილდებოდეს.. როგორ ავხსნა, მაგალითად, ვიღაცასთან არ უნდა თქვა რომ გიყვარს ჰოკეი, როცა ამ სპორტს საერთოდ ვერ იტან.. პირადად უფრო კარგად ავხსნი, იმიტომ რომ მოკლედ ვერ ვამბობ სათქმელს და ბევრი ბოდიალი მჭირდება რომ აზრი გადმოვცე :))

    ReplyDelete
  5. @ Sweet ამისათვის დიდი მადლობა ნასტასიას, მან გამიწია პიარი :)

    @ camomile მართლა დაგაფიქრა??? ძალიან მსიამოვნებს, როდესაც ასეთ რამეს მწერენ ხოლმე, იმიტომ რომ ჩემი მთავარი მიზანი და სურვილი არის ხალხი დავაფიქრო იმაზე, რაც მეც მაფიქრებს და იქნებ იმათ მაინც მოიფიქრონ ის პასუხები, რომელბიც მე მარიდებენ თავს...

    @ ♥ The Dream Teller ♥ ჩემდა სამარცხვინოდ, არც კი ვიცი, ეგ რა არის :P

    @ Natalia მიყვარს შენი კომენტარები ძალიან, ზუსტად ისეთია, აი თემას რომ აგრძელებს იქითკენ, სადაც ჩემი ფიქრი ვერ გავიდა... და მინდა გითხრა, რომ როლების თამაშიც აუცილებლობაზე, როგორც ჩანს, გეთანხმები... და ზუსტად ისევე ვფიქრობ, როგორც შენ, შესაბამისად, გადასარევად გავიგე, რისი თქმა გინდოდა :)

    ReplyDelete
  6. მე ამაზე საერთოდ არ ვფიქრობ.

    თამაშითაც ვთამაშობ, ოღონდ იმას არა, რომ მაგარი ტიპი ვარ, უბრალოდ უმეტეს შემთხვევაში ადამიანებს არ ვუხსნი გულს და არც იმას ვცდილობ, ჩემი ესა თუ ის თვისება დაინახონ.

    არ ვიცი, იმ გოგოს ხასიათის გარჩევამ რა მოგცათ, მაგრამ ყველაზე კარგია, როცა საკუთარ თავს უღრმავდები და საკუთარ ხასიათს, who cares about others???

    ReplyDelete