It won't do

To dream of Caramel,

To think of Cinnamon

And long for you...

Monday, 10 August 2009

ტაქსისტების შესახებ, ანუ ტყუილი

აქამდე ყოველთვის მეგონა, რომ თბილისელი ტაქსისტები უნიკალური რასის წარმომადგენლები არიან.… რომელ ჩვენთაგანს არ უხუმრია უკვდავ თემაზე – მინიმუმ ორი უმაღლესი განათლება მაინც სჭირდება ტაქსიტობის ლიცენზიის აღებასო?! არადა საქართველოს კანონმდებლობის დღევანდელი მდგომარეობით სულაც არ საჭიროებს ეს საქმიანობა ლიცენზირებას და მეტიც, არც იბეგრება როგორც ინდმეწარმეობა. ამიტომაცაა ალბათ ასეთი მომგებიანი, მაგრამ ეს აქ რა შუაშია…

აი ახლაც, რამოდენიმე კვირის წინ, თბილისში რომ ვიყავი (რა კარგი იყო), ერთი ასეთი უნიკუმი შემხვდა. დაიწყო ყველაფერი ძალიან საინტერესოდ – მოვდიოდით ავლაბარში კოპალასთან და შუა ქვაფენილზე მდედრი და მამრი ერთმანეთს უკაცრავად გამოთქმისათვის და კუჭის წვენს უღებდნენ.… ჩემს მძღოლსაც მეტი რა უნდოდა - წამოვიდა და წამოვიდა: ეს როგორ შეცვვლილა თბილისი, როგორ დაკარგა ყველამ სინდისი და ნამუსი... როდესაც გამომძალა, რომ მე ცვლილებას ვერ ვამჩნევ რადგან თბილისში აღარ ვცხოვრობ, შეცვალა “პლასწინკა” და დაიწყო იმაზე ლაპარაკი, თუ როგორი შანსი ჰქონდა რომ თვითონაც დარჩენილიყო უცხოეთში, სტრასბურგში, სადაც კურსებზე იყო მიწვეული და სადაც გამზადებულ სამსახურს სთავაზობდნენ, “კომისიაში. მოგეხსენებათ, იქ ბევრნაირი კომისიებია სხვადასხვა და...”

ვიჯექი და გაოცებული ვუსმენდი... აი, რომ არ ვიცოდე, რომ ეს ადამიანი ახლა აბსოლუტურ სისულელეს ბოდავს, ხომ ვერც კი შევატყობდი რომ ტყუის, ისეთი დამაჯერებლობით ყვებოდა. ამდენი მსახიობური ნიჭი ჩვენ ახლადაღმოცენებულ თეატრალურ ვარსკვლავებს რომ ჰქონოდათ, რა სასიამოვნო იქნებოდა ალბათ სპექტაკლებზე სიარული...

ეს ყველაფერი არც კი დამამხსოვრდებოდა, რომ არა კიდევ ერთი საინტერესო ინციდენტი: აწ უკვე ემიგრაციაში დაბრუნებულს ერთხელაც სახლში ტაქსით წასვლამ მომიწია. მძღოლი კი, ჩემდა ბედად, აღმოჩნდა კიდევ უფრო დიდი მეზღაპრე ვიდრე მისი ქართველი კოლეგა – დამიწყო მოყოლა, რომ თურმე უკრაინაში სამი მაღაზია აქვს, რომ 18 ადამიანს ამუშავებს, რომ ეს მანქანა საერთოდაც მას ეკუთვნის...და საბოლოოდ, ეტყობა, საკუთარი პრეზენტაბელურობით გაოცებულმა, გადაწყვიტა რომ მეც აუცილებლად მოვექცეოდი შთაბეჭდილების ქვეშ და დავთანხმდებოდი ნაცნობობის გაღრმავებას... (შეცდა).

უძლიერესი დეჟა ვუ მქონდა – ისევ იგივე დარწმუნებულობა, თვალის დახამხამების გარეშე მეზღაპრეობა...

მანქანიდან როდესაც გადავდიოდი, სიცილს ვერ ვიკავებდი. ძალიან გამიკვირდა, როდესაც მივხვდი, რომ ფანტაზიის მდიდარი უნარი მარტო მშობლიური ტაქსისტების ნიჭი არ ყოფილა. რომ არ იცოდე, იფიქრებდი, ტაქსისტობას ადამიანი ფულის საშოვნელად კი არა, გულკეთილობისა და ქველმოქმედების გამო იწყებს...

ხოდა ამ ყველაფერთან დაკავშირებით ასეთი საინტერესო რიტორიკული შეკითხვა დამებადა: როდესაც მართლა გჯერა იმის, რასაც ამბობ, მაგრამ იცი, რომ სიმართლეს არ შეესაბამება, მაინც სტყუი?!

5 comments:

  1. aferistni ama qveynisani :D :D :D

    ReplyDelete
  2. კი, ტყუი, მაგრამ რაღაცნაირი კრეატიული ტყუილია, რახან ადამიანს გონება ეყო შეეთხზა :D killing me softly? Nigh, Lie to me softer :D

    ReplyDelete
  3. მელკერ მელკერსონი გამახსენდა, წიგნიდან ’ჩვენც სალტკროკელები ვართ’ :) ესე ამბობს რომ კი არ ვტყუი, ვიგონებო :)

    ალბათ მძღოლებიც იგონებენ, რაც ძალიან უნდოდათ და არ გამოუვიდათ :)

    ReplyDelete
  4. This comment has been removed by the author.

    ReplyDelete
  5. მეც ასეთი შთაბეჭდილება მექმნება, ნატალია :)
    და იცი, ვერ ვიჯერებ რომ მატყუებენ...
    არ ქვია ალბათ ამას ტყუილი...
    არშემდგარი რეალობა უფროა, რომელიც მათ აზროვნებაში იმდენად რეალურია, რომ სჯერათ კიდევაც მისი...
    და ეს ფენომენი ძალიან ხშირად გვახასაითებს ჩვენც :)

    ReplyDelete