It won't do

To dream of Caramel,

To think of Cinnamon

And long for you...

Thursday, 6 May 2010

Baixa

დღევანდელი გასეირნება (იმათთვის, ვისთვისაც გაურკვეველია, სად ვსეირნობთ და რატომ, იხილეთ აი ეს პოსტი) დავიწყოთ Marques de Pombal-ის მოედნიდან, რომელიც, რომ არ მოგატყუოთ, ერთი უღიმღამო რამ არის. უფრო კომერციული, ახალი და კუთხოვანი. შთაბეჭდილებას განსაკუთრებით გვიმძაფრებს ის ფაქტი, რომ შადრევნის აუზი შიგნიდან ელექტრიკი ლურჯი ფერის პარკისმაგვარი მეტერიით არის გადაკრული. ამის გამო ის ზედმეტად თვალშისაცემი, კიჩური და გამომწვევი ჩანს... მაგრამ მოდით, ამაზე არ გავამახვილოთ ყურადღება - სასტუმროდან მარჯვენა მხარეს მოჩანს განიერი გამზირი, რომელიც, პირობას გაძლევთ, გაცილებით უფრო მოგეწონებათ. ეს არის ცნობილი Avenida de Liberdade, რომლის გავლითაც პირველად დაიწყებთ ლისაბონის შეგრძნებას.




აუჩქარებლად ჩავუყვეთ დაღმართს. დაივიწყეთ ნებისმიერი ტრანსპორტი და ვიაროთ ფეხით! ასე ყველაფერს კიდევ უფრო კარგად დავინახავთ - მერე რა, რომ მარტო Avenida კილომეტრნახევარი სიგრძისაა. მერწმუნეთ, თქვენ ამას ვერც კი შეამჩნევთ. ხოლო მაინცდამაინც ძალიან თუ დაიღლებით - უამრავი სკამია ჩაყოლებაზე. აირჩიეთ თქვენთვის სასურველი და დასხედით, ბატონო.

ამბობენ, ეს გამზირი პარიზის შანზ-ელიზეს გავლენით გაკეთდა და ალბათ, ეტყობა კიდევაც... აქაც ჩადო არქიტექტორმა პათოსი და მასიურობა - სიგანე ამ გამზირის 90 მეტრია. მაგრამ მე პირადად უფრო მხიბლავს აი ასეთი ტიპის შენობების მეზობლობა, რომლის მაგვარსაც პარიზში, მერწმუნეთ, შანზ ელიზეზე ვერ ნახავთ. და სწორედ ეს შენობები აღმოჩნდებიან ჩემთვის მაჩვენებელნი იმისა, რომ ლისაბონი არც ისეთი გაკრიალებული და გამოჭიმულია, როგორც მე შეიძლება თავიდან მომეჩვენოს...





ამასობაში გამოჩნდა ცნობილი Praça dos Restauradores. განსაკუთრებით იპყრობს ყურადღებას საინტერესო შენობა, რომელსაც მე სემირამიდას ბაღები დავარქვი - იმის გამო, რომ ზედ შენობაში გაშენებულია საკმაოდ შთამბეჭდავი ბოტანიკური ბაღი.
არადა ეს თავის დროზე კინოთეატრი იყო და ახლა საკმაოდ ძვირადღირებული სასტუმროა. არ ვიცი რატომ, მაგრამ მე დიდად არ მიყვარს ეს ადგილი - მიუხედავად იმისა, რომ შთამბეჭდავია. საკუთარი სიდიადით თითქოს მაწვება კიდეც. ამიტომ, თუ არ მიწყენთ, უცებ გავეცალოთ აქაურობას.

ვაგრძელებთ გზას ქვემთკენ და ჩვენგან ხელმარჯვნივ გამოჩნდება ერთ-ერთი ულამაზესი შენობა ლისაბონში - Estação de Caminhos de Ferro do Rossio (როსსიოს სადგური). მახსოვს, ძალიან დიდი ხანი ვიწვალე იმისათვის, რომ მისი მთლიანი ფასადი მომექცია ობიექტივში და ამ ჩემი ნაწვალების ყველაზე უფრო წარმატებულ მცდელობას თქვენც გიზიარებთ. პირდაპირ კი ლისაბონის ნამდვილი გული, Praça de D. Pedro IV, ხოლო ხალხისათვის კი მარტივად - როსსიოს მოედანი გადაიშლება. ეს მოედანი ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ადგილია მთელს ქალაქში - თუნდაც იმიტომ, რომ იგი მოპირკეთებულია ტიპური პორტუგალიური მოზაიკურიო ფილებით და თუნდაც იმის გამო, რომ მასზე განლაგებულია აი ეს იასამნისფერი სასტუმრო, რომელშიც მე ოდესმე აუცილებლად გავჩერდები, თუნდაც ერთი ღამით. სასტუმროს გაყოლებაზე ხელმარცხნივ თუ გავიხედებით, საკმაოდ შთამბეჭდავი ციხე-სიმაგრის ნაწილს დავინახავთ ამაღლებულზე, მაგრამ ამჯერად მოდით მივანებოთ მას თავი. ჩვენი მარშრუტი თავის დროზე იქაც გაივლის, ოღონდაც არა ახლა. მოპირდაპირე მიმართულებით მდებარეობს კიდევ ერთი მოედანი, Praça da Figueira, რომლიც, სიმართლე გითხრათ, გარდა იმისა, რომ საკმაოდ მოსახერხებელი მეტროს გაჩერების ადგილია, სხვა ვერაფრით აღმაფრთოვანებს. ამიტომ, გზა რომ არ გავიმრუდოთ, მივანებოთ თავი.

იასამნისფერ სასტუმროსთან შევუხვიოთ მარჯვნივ და გამოვყვეთ ქუჩას. სულ მალე, კვლავ ჩვენგან ხელმარჯვნივ შევამჩნევთ ერთ-ერთ ყველაზე უცნაურ ნაგებობას, რაც კი მე ოდესმე ცხოვრებაში მინახავს - Elevador de Santa Justa. სახელიდანვე ადვილად მიხვდებით, რომ ეს ლურსმანისებური რკინის კოშკი არის ლიფტი და მისი დანიშნულება სხვა არაფერია, თუ არა ლისაბონის ჰაერხედის მიწოდება მსურველთათვის. მე მითხრეს, რომ მისი შემქმნელი გუსტავ ეიფელის მოწაფე ყოფილა და პრინციპში, შემიძია ვთქვა რომ მასალის გარდა ამ ორ ნაგებობას ერთმანეთთან საერთო არაფერი აქვთ. სწორედ ეს მონუმენტი აერთიანებს ერთმანეთთან Baixa-სა და Chiado-ს, ლისაბონის ე.წ. „საშოპინგო“ უბანს.


ლიფტის მოპირდაპირე მხარეს ერთი ძალიან ლამაზი შენობაა, რომელსაც მყისვე გამორჩევთ სხვებისგან. ჩვენს აქამდე გამოვლილ გზაზე ეს იქნება პირველი, რომლიც გარედან ლამაზორნამენტიანი ფილებით იქნება მოპირკეთებული. სწორედ ეს ფილები, მე თუ მკითხავ, ანსხვავებენ ლისაბონს ყველა დანარჩენი ევროპული ქალაქებისაგან და მას გარკვეულ „აზიურობას“ ანიჭებენ. რა თქმა უნდა, ეს არცაა გასაკვირი, რადგან 4 საუკუნის განმავლობაში აქაურობას მუსულმანი მავრები მართავდნენ - სწორედ მათი გავლენით შემოვიდა ორნამენტული გამოსახულებები ფილებზე, რომელბიც წმინდა დეკორატიული დატვირთვის გარდა საკმაოდ პროზაულ, საყოფაცხოვრებო სარგებლობასაც ატარებდნენ - იცავდნენ სახლის კედლებს ზედმეტი ნესტისგან. ასეთ ლამაზ სახლუკებში დღესაც ცხოვრობენ ალბათ მათი შთამომავლები - სხვა ვერაფრით ავხსენი ჯაგარივით თმა და გამურული, კეთილი სახეები ამ ფანჯრების მობინადრეებისა. ვიცი, რომ შეიძლება ვცდები, მაგრამ რაღაც ასე უფრო რომანტიკული გამოდის თითქოს, არა?

ფილებიანი შენობიდან ხელმარჯვნივ კი იშლება ერთ-ერთი ყველაზე მონუმენტური პრომენადი ლისაბონში, სახელად Rua Augusta. სეზონის და ამინდის და მიუხედავად ის ყოველთვის გადავსებულია სხვადასხვა რჯულისა და წარმომავლობის ადამინებით, რომელთაგან ზოგი სეირნობს, ზოგიც საქმეზე მიიჩქარის და ზოგიც კი (და ეს უკანასკნელები მე პირადად ყველაზე ძალიან მომწონს) აქვე შოულობს ლუკმაპურს - მაგალითად, ყიდის მოხალულ წაბლს, რომელსაც ლისაბონში, დამერწმუნეთ, სრულიად განსხვავებული გემო აქვს. ეს ქუჩა სრულდება მონუმენტური ორმხრივი თაღით, რომელსაც ჩვენსკენ ამჯერად საათიანი ნახევარი აქვს მოშვერილი.



ამ თაღს როდესაც გავივლით, აღმოვჩნდებით მართლაც და უზარმაზარ მოედანზე სახელად Praça do Comércio, დიდი ძეგლით შუაგულში, ჩვენს პირდაპირ კი გადაიშლება მდინარე თაგუსი (ძალიან მეცინება დღემდე ამ სახელზე) და მასზე გაშენებული პორტი. სიმართლე გითხრათ, თავდაპირველად მეგონა რომ ზედ ოკეანეზე გამოვედი, მასშტაბებიდან და გამომდინარე, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, მოვტყუვდი. მოვტყუვდი იმაშიც, რომ მონუმენტური ყვითელი ფერის შენობა, რომელიც გარს აკრავს „ორპირ“ თაღს, სულაც არ წარმოადგენს სამეფო სასახლეს, არამედ ერთმანეთისაგან განცალკევებული, საკმაოდ პროზაული შენობების ერთობლიობაა, რომლშიც განთავსებულია სხვადასხვა ადმინისტრაციული დაწესებულებები.


სწორედ ეს უზარმაზარი მოედანი წარმოადგენს ერთგვარ დაგვირგვინებას ე.წ. ახლადაღმართული, მიწისძვრამდგრადი უბნისა, რომელიც პომბალის პირველმა მარკიზმა გააშენა XVII-XIX საუკუნეებში მაშინდელი მოდერნისტული დაგეგმარების მიხედვით. ამიტომაცაა, რომ მთელ ამ შემოგარენს მეორენაირად Pombaline Baixa-ს უწოდებენ. როგორც ჩანს, ეს უბანი იმდენად უნიკალურია, რომ 2007 წელს მთლიანად იქნა შეტანილი მსოფლიო მემკვიდრეობის ადგილთა კანდიდატების სიაში. ჩემგან მხოლოდ იმას დავამატებ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად მონუმენტური სტილის არქიტექტურა არ მხიბლავს (განსაკუთრებით ისეთი, რომელშიც ცდილობენ რომ იმპერიის ან სახელმწიფოს სიძლიერე და სიდიადე გადმოსცენ), მაგრამ ამ მოედანმა მართლაც და სუნთქვა შემაკვრევინა. შეიძლება, ეს იმის დამსახურება იყო რომ წყლის პირას დგას და საკადრისად არის დაბალანსებული ამ ერთ-ერთი უძლიერესი სტიქიით, რომლის ფონზე ჩვენ, ცალკეული პიროვნებები, კიდევ უფრო უმნიშვნელოები ვჩანვართ.

არ ვიცი, შეიძლება არსებობენ ადამიანები, რომლებსაც სიამოვნებთ ერთი დიდი მთლიანობის ნაწილად გრძნობა თავის, ამგრამ მე მათ რიცხვს ნამდვილად არ განვეკუთვნები. ამიტომ, ისევე, როგორც Praça dos Restauradores-ზე, აქაც აგოროფობიის მსუბუქი შეტევა მემართება და გული მიმიწევს მარცხნისაკენ, სადაც საკმაოდ საინტერესო სკვერები და ჩემს მიერ ასე მოწონებული ფილებით მოპირკეთებული შენობები დავლანდე პერიფერიული მზერით. გული მიგრძნობს, იქ იწყება სხვანაირი ლისაბონი, ისეთი, რომელიც შეიძლება ნაკლებად დიადი და შთამბეჭდავია, მაგრამ სამაგიეროდ, უფრო პირადული და მგრძნობიარე. აქ იწყება Alfama, ლისაბონის კიდევ ერთი ღირშესანიშნავი უბანი, რომელიც, სამწუხაროდ, ამ პოსტში ვეღარ მეტევა და რომელსაც მალე, ცხადია, თქვენი სურვილის შემთხვევაში ცალკე დავათვალიერებთ.

იმედს ვიტოვებ, რომ ძალიან არ დაიღალეთ და არ მოგაწყინეთ თავი ჩემი გაუთავებელი ლაქალქით. როგორც უკვე აღვნიშნე, ნებისმიერი სახის რჩევებს და შენიშვნებს ვიღებ დიდი სიამოვნებით. ასევე, ძალიან გამიხარდება თუ რომელიმე მკითხველს ექნება რაიმე გამოცდილება ამ ქალაქთან მიმართებაში და არ დაიზარებს და გამიზიარებს.

მე კი გემშვიდობებით მომავალ გასეირნებამდე :)

3 comments:

  1. ძალიან მაგარია ^^

    მეც ამ პოსტთან ერთად მივჩუქჩუქებდი ^_^


    ხოდა როგორ დეტალურად დაკვირვებიხარ ყველაფერს და როგორ დეტალურად გახსოვს ყველაფერი <3

    ReplyDelete
  2. დიდი მადლობა ასეთი დადებითი შეფასებისთვის <3

    შენ არ იცი მე როგორ მსიამოვნებს - ასეთ სამუშაო დღეებში, როდესაც არაფრის ხალისი არ მაქვს, თითქოს შვებულებას ვიწყობ ამ ყველაფრის გახსენებით.

    მიხარია, შენც თუ გსიამოვნებს :)

    ReplyDelete
  3. როგორი მოზაიკური ყოფილა ლისაბონი :) თუმცა, მე უფრო პატარა ქუჩებს ველოდები, დიდი სივრცეები და უზარმაზარი მოედნები არ მიყვარს :) ასე რომ, შემდეგ პოსტს უფრო მეტი ინტერესით ველი.

    პ.ს ის კაცი როგორ თბილად იღიმება ფანჯრიდან :)

    ReplyDelete