It won't do

To dream of Caramel,

To think of Cinnamon

And long for you...

Friday 27 November 2009

უმარილო მადლი

დიდი ხანია მაქვს სურვილი დავწერო იმ საღამოს შესახებ, რომელიც საქართველოს საელჩოში გავატარე დაახლოებით ერთი თვის წინ. მიზეზი იმისა, თუ რატომ არაფერი დამიწერია ამ დრომდე, გახლავთ ის, რომ ზედმეტად ურთიერთგასმომრიცხავი ემოცია და აზრი მიტრიალებდა თავში და ველოდებოდი, როდის “გაფილტრავდა” დრო მათ უმრავლესობას და საბოლოოდ ყველაზე საგულისხმო და წონიანს დატოვებდა ჩემს მეხსიერებაში.

მაშ ასე, რა მინდოდა საელჩოში?

ერთ მშვენიერ დღეს ელ-ფოსტაზე მომივიდა მოსაწვევი: საქართველოს ელჩი მეპატიჟებოდა დავსწრებოდი სადისკუსიო საღამოს თემაზე “ხელოვანის როლი დღევანდელ ქართულ პოლიტიკაში”. სპეციალურად ამ ღონისძიებისათვის საქართველოდან ჩამოვიდნენ გოგი გვახარია, ლაშა ბუღაძე, დავით ტურაშვილი და რატი ამაღლობელი. რა თქმა უნდა, ფრიად მოვიხიბლე აღნიშნული შესაძლებლობით და დანიშნულ დღეს ზომიერად და ამავე დროს, ოდნავ ოფიციალურად გაპრანჭული წამოვიჭიმე საელჩოს კარის ზღურბლზე.

თავიდან მინდოდა დამეწერა იმაზე, თუ რაზე იყო იმ საღამოს დისკუსია, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ ეს ფუჭი წამოწყება გამოვიდოდა. ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ, რომ ქართველებს პოლემიკის კულტურა არ გაგვაჩნია. ყველაზე განათლებულ საზოგადოების წევრებსაც კი საკუთარი თავების სმენა ურჩევნიათ ყველაფერს... ამიტომ, მხოლოდ რამოდენიმე იქ თქმულ მარგალიტზე მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება.


გოგი გვახარიას ზოგადად პატივს ვცემდი. თუნდაც იმიტომ, რომ საკუთარ სფეროში კარგ პროფესიონალად მიმაჩნდა და, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, განათელბული კაცია. მართლაც, თავდაპირველად ყველაფერი გადასარევად დაიწყო – ბევრი ისაუბრა იმაზე, თუ როგორი დამოკიდებული მედია გვყავს საქართველოში, რომ რეალურად დეზინფორმაციის და ხალხის დაშინების მეტს არაფერს აკეთებს და ხანდახან აბსოლუტურად დაუჯერებელ და აბსურდულ ფაქტებს ისე აჭმევს საზოგადოებას, როგორც წმინდა წყლის ჭშმარიტებას. თუნდაც აგვისტოს ომის დროს. და მერე, უცებ, არ ვიცი საიდან, დასძინა, რომ მის ხელთ არსებული აბსოლუტურად სანდო ინფორმაციით, თბილისში სწორედ იმ დროს 250 000 “კაგებე”-ს აგენტი იმყოფებოდა...

კარგით რა, ბატონო გოგი! არ გცხვენიათ?! მედიისგან მოწოდებული დეზინფორმაცია არ უნდა მივიღოთ და თქვენი პირიდან აღმოხდილი სისულელე მშვიდად გადავყლაპოთ?! დავიჯეროთ, რომ თქვენ ასე, უბრალოდ, ხელთ გაქვთ ეს ალბათ ათმაგად გასაიდუმლოებული ინფორმაცია და ასე თამამად ააშკარავებთ?!

რატი ამაღლობელი ბევრს საუბრობდა ქართულ კულტურაზე. ის ამბობდა, რომ საქართველომ თავისი დღევანდელი სავალალო მდგომარეობიდან გამოსავალი ევროპის და ამეირკის მაგალითიდან კი არა, არამედ საკუთარი ისტორიული განვითარებიდან გამომდინარე უნდა მოიძიოს, რადგანაც მხოლოდ ის იქნება მისთვის ადეკვატური და შესაბამისად, ეფექტური. ძნელია არ დავეთანხმოთ ამ შემთხვევაში...

მაგრამ, ბატონო რატი, რატომაა რომ თქვენ ელემენტარულად არ აცლით ადამიანს აუდიტორიიდან დაგისვათ კითხვა? ან, რატომაა რომ თქვენი თანამოსაუბრის შუა სიტყვაში ფეხზე დგებით, აცხადებთ რომ ამ კითხივს ბოლომდე ნამდვილად ვერ მოითმენთ და მოსაწევად გადიხართ?! ნუთუ ეს თქვენ მიერ ნაქები ქართული კულტურის შემადგენელი ნაწილია?!

ბატონი ლაშა ბუღაძე მოგვიწოდებდა, არ დაგვევიწყა უზენაესი და უანგარო სიყვარული. ისეთი სიყვარული, რომელიც კონფერანსიეს მიერ შუაში გაწყვეტილ მაილს დევისის კონცერტზე ეუფლება მავანსს, როდესაც გამოუცხადებენ რომ ბერლინის კედელი დაინგრა... ისეთი სიყვარული, რომლიც საფეხბურთო მატჩის დამთავრებისას გამარჯვებული გუნდის გულშემატკივარ ქალბატონს ბარის “სტოიკაზე” აიყვანს და მთელი შეკრებილი საზოგადოებისათვის სტრიპტიზს ჩაატარებინებს (გთხოვთ გაითვალისწინოთ, აქ არაფერს შუაშია გარყვნილება, მხოლოდ და მხოლოდ შიშველ ემოციებზე ვსაუბრობთ... როგორც ჩანს...).

ეს ყველაფერი კარგი, ბატონო ლაშა, მაგრამ... თუ თავად თქვენ მუდამ გახსოვთ ეს სიყვარული, იქნებ არ გადამიაროთ თავზე თქვენს ახალგაზრდა თანამემამულეს და არ გამიტანოთ თქვენი ბასრი იდაყვით მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი არც თუ ისე მასიური სხეული ერთადერთი დაბრკოლებაა თქვენსა და ფენოვან ხაჭაპურებით გავსებულ თეფშს შორის... ან თუ მაინცდამაინც გინდათ ასე ძალიან ეს ხაჭაპურები (მოგენატრებოდათ, ერთი კვირით სამშობლოდან მოწყვეტილს), ბოდიში მაინც მომიხადოთ?!

დავით ტურაშვილი ამბობდა, რომ უნდა დავიშალოთ პატრიარქის ბრეჟნევიზაცია და ქურდული მენტალიტეტი... მადლობელი ფრიად, ბატონო დავით, მაგრამ ჩემს უკან მსხდომ აჩი და რეზი არველაძეებს ხომ არ ესმით, თქვენ რას გულისხმობთ და ამიტომ არ გაცლიან თქმას – მყისვე მკრეხელობას დაგწამებენ (სად კომუნისტი ბრეჟნები და სად ჩვენი პატრიარქი) და აქეთ შეგეკითხებიან, პამიდორს თუ ჭამთ და რა ცხოვრებით ცხოვრობთ... და ნუ დაიბნევით, ბატონო დავით, ისინი ხომ ჩვეულებრივი, ყოველდღიური ქართული საზოგადოების ტიპური წარმომადგენელბი არიან და მათ თუ ვერ აგებინებთ სათქმელს, ვერც სხვებს გააგებინებთ...

და ამ ყველაფრის მერე, ბუნებრივია, იბადება კითხვა, რა შუაშია აქ ხელოვანის როლი, არა? მინდა დაგამშვიდოთ – ეს კითხვა დისკუსიის დასრულებამდე ათი წუთით ადრე, როგორც იქნა, დაისვა და პასუხი გამაოგნებლად ერთსულოვანი იყო – არც არაფერი შეუძლიაო თურმე. აი ასე.

მე კი სხვა კითხვა უფრო მაწუხებდა ამ მთელი დროის განმავლობაში...

ჩემი სანუკვარი, ასეთი ახლობელი და გათავისებული რიტორიკული შეკითხვა...

როდის ვისწავლით ქართველები იმას, რომ როდესაც მოყვასს რაიმესაკენ მოვუწოდებთ, პირველ რიგში ეს მოწოდება შენს საკუთარ შესაბამის საქციელში უნდა გამოიხატებოდეს?! წინააღმდეგ შემთხვევაში ამ შთაგონებას ხომ ჩალის ფასი აქვს... უმარილო მადლის არ იყოს...

P. S. დისკუსიის ბოლოს ყოველ მოსაუბრეს შოთი არველაძემ საინტერესო კითხვა დაუსვა:
- ბატონო გოგი, ლექციების კითხვას გიშლიან?
არაო, იყო პასუხი.
- ბატონო რატი, ლექსების წერას გიშლიან?
არაო, იყო პასუხი.
- ბატონო ლაშა, პიესების წერას გიშლიან?
არაო, იყო პასუხი.
- ბატონო დავით, მოთხრობების წერას გიშლიან?
არაო, იყო პასუხი...
- აბა ფეხბურთის თამაშს მეც არ მიშლიან და ეგებ ყველამ ჩვენ ჩვენი საქმე რომ ვაკეთოთ, ეშველება კიდევაც ამ ჩვენს ქვეყანას რამე..
ყოჩაღ, შოთი...

4 comments:

  1. [quate] როდის ვისწავლით ქართველები იმას, რომ როდესაც მოყვასს რაიმესაკენ მოვუწოდებთ, პირველ რიგში ეს მოწოდება შენს საკუთარ შესაბამის საქციელში უნდა გამოიხატებოდეს?! წინააღმდეგ შემთხვევაში ამ შთაგონებას ხომ ჩალის ფასი აქვს... უმარილო მადლის არ იყოს... [/quate]


    +1 :)

    ReplyDelete
  2. @ Clown - მიხარია, რომ მხოლოდ მე არ მიჩნდება ასეთი კითხვა...

    @ ბებერი - კარგია, თუ ასეა. მაგრამ ამ შემთხვევაში მგონი ვიმსახურებ შენს ბლოგზე წვდომასაც, არა?

    ReplyDelete
  3. შოთას სიტყვებზე სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი, და გამიხარდა რომ უთქვამს, მართლა ყოჩაღ.

    მოსმენის კულტურა რომ არ გვაქვს ქართველებს ამ ბოლო დროს მივხვდი. ყველას უნდა საკუთარი აზრი გამოხატოს -მთავარია ხმამაღლა, დამაჯერებელი ტონით, ისე რომ ყველას ხმა გადაფარო, თქვა შენ რას ფიქრობ, და სხვების აზრი ფეხებზე დაიკიდო ისე, რომ მოსმენაც არ ინებო.

    ReplyDelete