It won't do

To dream of Caramel,

To think of Cinnamon

And long for you...

Sunday, 10 January 2010

საახალწლო პოსტი



თითქმის ჩაიარა ამ ახალწლებმა... არ ვიცი რატომ, მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ამჯერად განსაკუთრებით გაიწელა. ბაკურიანიდან ჩამოვედი 6-ში და თბილისში ნაძვისხეები და საახალწლო გაფორმება რომ დავინახე, ძალიან გამიკვირდა, ამდენი ხანი რით ვერ მოხსნეს-თქო ვიფიქრე...

არადა, ახალი წელი და საერთოდ, ზამთრის ეს დღესასწაულები როგორი კარგი დროა ზოგადად... მემგონი, ეს დღეები რომ არა, ზამთარი საერთოდ აუტანელი სეზონი იქნებოდა - აბა რა შესაყვარებელია სიცივე, ჭუჭყიანი თბილისი და გაორმაგებული დენისა და გაზის გადასახადები... არადა, ამტკიცებენ მავანნი რომ ქრისტეს შობა ზამთარს დაამთხვიესო იმიტომ რომ მანამდე წარმართული დღესასწაული იყო ამ პერიოდში და ამ ძველი ტრადიციის ჩანაცვლება უნდოდათო. მე კიდე მაინც მგონია რომ უბრალოდ უღიმღამო ზამთრის გასახალისებლად მოხდა ასე - რომ გვიხაროდეს თოვლის ფიფქი, ნაძვის ხე და სიცივეც კი.



დეკემბრის 24-ი რომ მოდის, უკვე იწყება ჩვენს ოჯახში ფაციფუცი - ბებიაჩემი კათოლიკეა და ამიტომ, რაც თავი მახსოვს, ქრისტეს შობას 25შიც ავღნიშნავთ ხოლმე და ეს თარიღი ერთგვარი სასტარტო ხაზია მთელ ამ საახალწლო ორომტრიალში, რომელიც, როგორც წესი, იანვრის შუამდე გრძელდება.

24ში საღამოს ბებოს სარდაფიდან ამოაქვს ნაძვის ხე და მთელი შესაბამისი ატრიბუტიკა. ნაწილს (უფრო დიდს) ჩვენ გვიტოვებს, ნაწილი კი თვითონ მიაქვს. ადრე ნაძვის ხის აწყობა ბავშვების დავალება იყო, მაგრამ მას მერე, რაც ჩემი ძმა ცოტა წამოიზარდა, მსგავსი რაღაცეები აღარ აინტერესებს და შევრჩი მხოლოდ მე, ვინაიდან კეთილსინდისიერება და სადღესასწაულო ტრადიცია არ მაძლევს უფლებას ეს საქმეც დედაჩემს მივაჩეჩო. მას ისიც ეყოფა, რომ ჩვენი სახლის ყოველ კუთხე-კუნჭულში ნაირ-ნაირ საახალწლო განწყობილებას ალაგებს...

25ში კი ბებოსთან ავდივართ ყველანი. ის გვახვედრებს თავის უგემრიელეს ლორიან ღვეზელებს, გოზინაყებს, და დარიჩინიან ვაშლის ნამცხვარს. მიყვარს შობა (ორივენაირი), ოჯახური დღესასწაულია...

26-იდან კი იწყება ე.წ. მოთელვითი დღესასწაულობა - ნელ ნელ რომ გადავინაცვლოთ ღამის ცხოვრებისა და დღისით ძილის რეჟიმზე. თანაც, უბრალოდ გადასვლა არაფერია, ეს ისე უნდა მოახერხო, რომ თან ალკოჰოლის არც თუ ისე მცირე დოზები მიიღო და ამავე დროს სიცოცხლის ხალისი არ დაგეკარგოს.

ამასთანავე, იწყება დიდი სამომხმარებლო ფაციფუცი, რაც მოიცავს ბაზარში, გუდვილში და გვერდზე კორპუსის გარაჟის მაღაზიაში მრავალჯერ სტუმრობას მანამდე, სანამ არ მოგროვდება საახალწლო სუფრისათვის საჭირო ყველა ინგრედიენტი. ჩვენ ოჯახში განსაკუთრებით მომწონს ეს ტრადიცია - შრომის იდეალური დანაწილება გვაქვს: მამაჩემს ევალება ლოჯისტიკური მომსახურება, ხოლო ბებიაჩემი და დედაჩემი ინაწილებენ უშუალოდ სუფრას. წელს პირველად მეც ჩამრთეს ამ ტანდემში და სიხარულს ჩემსას საზღვარი არ ჰქონდა - სალათა ოლივიე, ბაჟე (მე და ჩემი ძმა საცივს ოფიციალურად არ ვეკარებით) და გოზინაყი მთლიანად ჩემს სინდისზე იყო.


ამასობაში კი 31ის სანატრელი ღამეც მოდის... თავისი საჩუქრების შეფუთვითა და კისკისით... ზოგი საჩუქარი დედაჩემის ნაყიდია, ზოგიც მამის, ზოგიც ჩემი... მაგრამ რაც მთავარია, ადრესატმა არასოდეს უნდა იცოდეს, თუ ვისგანაა საჩუქარი და არც ის უნდა იცოდეს წინასწარ, თუ თავად საჩუქარი რა არის. დაახლოებით ორიოდე საათი რომ არის დარჩენილი ძველი წლის, ჩვენი ნაძვის ხის ძირი ნელ ნელა ივსება ყუთებითა და იდუმალი ხვეულებით...

საახალწლო სუფრა გაშლილია, ოჯახის წევრები მაგიდასთან ვსხედვართ, ცქრიალა ღვინო უკვე თამაშობს ბოკალებში (ნეტა არსებობს ქართული სიტყვა?!) და თითოეული ჩვენთაგანი წუთებს ითვლის. მახსოვს, ადრე ყოველთვის მეჯავრებოდა ეს ტრადიცია, ახალი წლის სახლში შეხვედრის, სულ მინდოდა მეგობრებთან ერთად ვყოფილვიყავი, მაგრამ ახლა შემეცვალა აზრი. რაღაცნაირი სხვანაირი სიმყუდროვეა იმაში, როდესაც ოჯახთან ერთად ჩუმად და თბილად ეგებები ახალ წელს...

სწორედ მაშინ გრძნობ, რომ ყველა შენი უსაყვარლესი ადამიანი სუნთქვას აჩერებს, როდესაც ბოლო წამებია დარჩენილი მანამდე, სანამ კედლის საათი თორმეტს ჩამოკრავს. იქნება ეს ბაბუ თუ ბებო, მამა თუ დედა, ძმა თუ შენ - ყველა, ასაკისა და სქესის, გემოვნებისა და შეხედულებების მიუხედავად ამ ჯადოსნურ დროს სასწაულს ელოდება... და სჯერა, რომ აუცილებლად აუხდება ყველა ოცნება, ყველაზე თამამიც კი...



და თორმეტიც გახდება... და კიდევ ერთი ბოთლი ცქრიალა ღვინოც გაიხსნება... და ბროლის დაჭახუნების ხმაც გაიჟღერებს... და საახალწლო შუშხუნებიც აშრიალდება... და საჩუქრებიც გაიხსნება... და სახეებიც განათდება...და ტელეფონებიც აწკრიალდება...

გავალთ გარეთ, ვნახავთ მეგობრებს, აქეთაც გვნახავენ... მერე გათენდება ახალი წლის დილა... მერე ბედობაც მოვა, შობაც, ძველი ახალი წელიც...

და ყველა ამ პრინციპში პირობით თარიღს მაინც გულისფანცქალით შევხვდებით, იმიტომ რომ

ვინ იცის, რა გველოდება კალენდრის ახალ გვერდზე?!

და იქნებ, არცაა საჭირო ვიცოდეთ?!

რადგან არ ვიცით, ხომ შეიძლება ვიოცნებოთ, რომ რაღაც ლამაზი და აქამდე არნახული შემოაბიჯებს ჩვენს ცხოვრებაში? იმიტომ რომ სიახლე, სანამ მხოლოდ მოლოდინია, ხომ ყოველთვის კარგია...

და რომც არ გამართლდეს ჩვენი მოლოდინი, რამოხდა... იქნებ, სწორედ ეს უკეთესის იმედი და ჯადოსნური განწყობა ახალი წლის ყველაზე დიდი საჩუქარია?!

გილოცავთ ყველას შობა-ახალ წელს!!!