It won't do

To dream of Caramel,

To think of Cinnamon

And long for you...

Saturday 24 October 2009

კონტროლი

დღეს რატომღაც ასეთი აზრი მომივიდა თავში - საკმაოდ ხშირად ვხმარობ ამ ბოლო დროს მგონი სიტყვა კონტროლს. თვითონ სიტყვაა რაღაცნაირი, მკაცრი, ძლიერი, თვითდარწმუნებული, მნიშვნელობაზე რომ არაფერი ვთქვათ...

კარგი რამეა კონტროლი. რა თქმა უნდა, მაშინაა კარგი, როდესაც შენ გიპყრია იგი, ასე ვთქვათ, ხელთ... როდესაც შენს ცხოვრებას აკონტროლებ, ეს სიძლიერის შეგრძნებას გაძლევს თითქოს. უცხო ხდება ისეთი სიტყვა და გრძნობა, როგორიცაა შიში. თავს სოციუმის სრულფასოვან წარმომადგენლად გაგრძნობინებს კონტროლი - ყველაფერს შენს ირგვლივ ისე აწყობ, როგორც შენ მიგაჩნია საჭიროდ. ბოლოს და ბოლოს, ხომ შენ ხარ ყველაფრის მაკონტროლებელი...

და მაინც, რას ნიშნავს გქონდეს კონტროლი?

ძნელია ამ კითხვას პასუხი ერთმნიშვნელოვნადს გასცე - სხვადასხვა ცხოვრებისეულ ასპექტში კონტროლის ქონა სხვადასხვანაირად ვლინდება.

ყოველდღიურობაში ეს ასე შეიძლება გამოიხატებოდეს: ადამიანს აქვს კონტროლი, თუ იგი არის დამოუკიდებელი იდეურად. ცხოვრობს ისე, როგორც მიაჩნია მართებულად. იდეალურ შემთხვევაში, ფინანსურადაც დამოუკიდებელია და ასე ვთქვათ, ცეკვავს საკუთარ და არა სხივს დაკრულზე (და მუსიკასაც თვითონ უკვეთავს). როცა უნდა გადის სახლიდან, როცა უნდა მოდის, ის თავად ქმნის თავის ცხოვრების რითმს და წესებს...


კარიერაშიც კარგი რამეა კონტროლი: საუკეთესო შემთხვევაში თუ ადამიანი ხელმძღვანელ თანამდებობაზეა და საკუთარი თავის ბოსია, კონტროლი ავტომატურად მის ხელშია. მაგრამ შესაძლებელია სულაც არც თუ ისე მოწინავე პოზიციაზე იყოს ადამიანი, მაგრამ თავად აკონტროლებდეს საკუთარ პროფესიულ წარმატებას - გაზომილი გრაქფიკი, მუდმივ მზადყოფნაში ყოფნა ფორს-მაჟორებისათვის, გაწონასწორებული ურთიერთობა კოლეგებთან...

კონტროლი სქესთაშორის ურთიერთობებშიც ნამეტანი სასარგებლო რამაა. როდესაც ადამიანი აკონტროლებს სიტუაციას, ინიციატივა მის ხელთაა (პირდაპირ თუ შეფარულად). ის თავად ირჩებვს როდის შეხვდეს "გულის სწორს", რამდენი ხნით, რა ვითარებასა თუ გარემოში. ურთიერთობის ფარგლებსდაც ის განსაზღვრავს - უწესებს ზღვარს, ზომას და ჩარჩოს. მეთოდსაც თავას ირჩევს და ამპლუასაც... ხანდახან საკუთარ ემოციებსაც და მოზღვავებულ გრძნობებსაც კი აკონტროლებს ადამიანი, თუ საჭიროა... 

ამას ყველაფერს კი საკუთარი მაქსიმალური კომფორტისთვის აკეთებს...


ბევრი შემიძლია კიდევ გავაგრძელო... მაგალითები კონკრეტულიც არსებობს და ზოგადიც... სხვა რომ არაფერი ვთქვათ, როდესაც ცხოვრება რაიმე გაუგებრობაში გაგაყოფინებს ხოლმე თავს, პირველ რიგში რას გირჩევენ მეგობრები და ახლობლები? მართალია - თავი ხელში აიყვანე, ნუ დაკარგავ კონტროლსო... თუნდაც საკუთარ თავზე...

შენი ცხოვრების, მისი ყველანაირი ასპექტებით, მემანქანე შენ თვითონ უნდა იყოო, თქმულა...


მაგრამ...

ხო, მართლაც და მაგრამ (რაც უკვე ჩემი ჩვევაა, ეს მურტალი მაგრამ)...

მოდით, ერთად დავფიქრდეთ - თუ კონტროლი ასეთი კარგი რამეა მაინცდამაინც,
რატომაა რომ ყველაზე მეტად სიცოცხლეს, სიხარულს, ბედნიერებას, ემოციას მაშინ ვგრძნობთ, როდესაც სწორედ ამ სანუკვარ კონტროლს ვკარგავთ?!

ესეც ჩემი დღევანდელი რიტორიკული შეკითხვა, მადლობთ ყურადღებისთვის :)



P. S. არა, არ ჩაივლის ოქტომბერი უპოსტოდ :)




2 comments:

  1. საინტერესო კითხვაა :) ალბათ იმიტომ, რომ მუდმივად წინასწარ გათვლილი და დაგეგმილი ცხოვრება მოსაბეზრებელია და სწორედ დაუგეგმაობა და უკონტროლობა გვანიჭებს ბედნიერებას..

    ReplyDelete
  2. ამ პოსტმა დამაფიქრდა და ვფიქრობ ახლა მაგაზე :)

    ReplyDelete