It won't do

To dream of Caramel,

To think of Cinnamon

And long for you...

Monday 26 October 2009

Update

დრო მოვიდა მორიგი შემეცნებით-სამეცნიერო შეჯამებნა გავაკეთო ჩემი გასული ცხოვრების გარკევული პერიოდის. მახსოვს რა, რომ წინა ამ სახის პოსტმა საკმაო პოპულარობით ისარგებლა, შევეცდები რომ არ დავაგდო "დონე" და ესეც მაქსიმალურად საინტერესო გავხადო მკითხველისათვის. მაშ ასე, წავიდა:

გავუშინაურდი ბლოგს: გაშინაურებაში იმას ვგულისხმობ, რომ, როგორც იქნა, დავადგინე, როგორი სახით და სტილით უნდა ვეურთიერთო ჩემს აქაურობას. არ გამომივა ყოველდღე ან თუნდაც კვირაში რამოდენიმჯერ პოსტვა, ნონსენსია. არ შემიძლია ჩემი ცხოვრებისეული ქორონოლოგიის გამოფენა და არც ვთვლი საჭიროდ, მიუხედავად იმისა, რომ სხვა ასეთი ბლოგების კითხვა ძალიან მიყვარს. მაგრამ ჩემით მაინც არ და ვერც გავაკეთებ - ჯერ ერთი, მიზანმიმართულება და ნებისყოფა არ მეყოფა, მეორეც ერთი - არ ვთვლი რომ ჩემი ყოველდღიური ცხოვრება მაინცდამაინც საინტერესო წასაკითხია და მესამეც - არ შემიძლია ლაპარაკი, როდესაც არ "მელაპარაკებინება" და შესაბამისად, იგივე გავრცელდა წერაზეც. აქედან გამომდინარე შევიმუშავე იდეალური ვარიანტი - ჩემი ცნობიერება უკვე ცნობს ე.წ. "საბლოგო აზრებს" როდესაც ასეთები მიჩნდება თავში და მერე, რამოდენიმე დღე ტვინში ვამუშავებ. შემდეგ ნელ ნელა ფურცელზე გადამაქვს და ბოლოს, როდესაც მივხვდები, რომ ნამდვილად ღირს ეს აზრი გამოსახატავად, ვაგდებ ვებ-სივრცეში. აი მერე კი იწყება ყველაზე საინტერესო რამ - რაღაც უცნაური ჯაჭვური რეაქცია - მოდიან და მოდიან ემოციები, აზრები... და მეც ვწერ, სანამ არ დაშრებიან... შემდეგ თვემდე :)

დავბერდი: ხო, ოქტომბერში ჩემი ბიოლოგიური წელიწადი იღებს სათავეს. გავხდი ერთი წლით კიდევ უფრო ბებერი, ვიდრე აქამდე ვიყავი. რომ გითხრათ, შეცვლილად მეჩვენება რამე, მოგატყუებთ. სინამდვილეში, რატომღაც ზუსტად ახლა მაქვს ისეთი გრძნობა რომ ჯერ ზედმეტად ახალგაზრდა ვარ იმისთვის, რომ თავი დამშვიდებულად ვიგრძნო - ამიტომ ათას შესაძლო ვარიანტს ვხედავ წინ ჩემი ცხოვრების. და რასაც ვერ ვხედავ, იმას ჩემით ვქმნი :) ვნახოთ, კიდევ მაქვს დრო რომ ვივარაუდო რაღაცეები. არ გამოვა ერთი, გამოვა მეორე და თუ მეორეც არ გამოვიდა, მესამე ხომ ყოველთვის გარანტირებულია. აი ესე :) ხო, თვითონ აღნიშნვნას რაც შეეხება, ძალიან კარგი იყო. პარიზში ვიყავი. და მქონდა ეიფელის კოშკიც და თეთრი ფერარიც :)

ავიღე დიპლომი: გაგიკვირდებათ და, კურსზე პირველი ვარ აკადემიურ მოსწრებაში. არა მარტო წარჩინებით დავამთავრე, არამედ მთელს ჯგუფში ყველაზე მაღალი საშუალო მოსწრების ქულა ავიღე და ამის გამო გამოსაშვებ საღამოზე სიტყვით გამოსვლა მომიწია. სიტყვა იქით იყოს, მაგრამ ძალიან კი გამიხარდა. ის კი არ გამიხარდა, რომ აი, ყველაზე მაგარი ვყოფილვარ (არადა არანაირად არ მიცდია, თავისით გამოვიდა), არამედ ის გამიხარდა, რომ ქართველმა აჯობა ყველას... უცხო ენაზე სწავლობდა, წერდა, მეცადინეობდა, აზროვნებდა, კითხულობდა და მაინც აჯობა ამ ენასთან მშობლიურ დამოკიდებულებაში მყოფებს... 10 წლის პრაქტიკის მქონეებს... ევროპისა და ამერიკის საუკეთესო უნივერსიტეტებში განათლებამიღებულებს... აი, იშ! მართლა ძალიან მეამაყება, რომ ჩემი, ქართული გვარი სამუდამოდ დარჩა კურსდამთავრებულთა ოთახის კედელზე და რაც მთავარია, არქივებში, როგორც 2008-2009 წლის საუკეთესო სტუდენტის... და მიხარია, როდესაც მამაჩემის და დედაჩემის ამაყი სახეები მახსენდება აუდიტორიაში - დედაჩემს ცრმელიც კი ლამის წამოუვიდა... მხიარულ ნოტაზე რომ დავამთავრო ეს აბზაცი - გადასარევი საჩუქარი მივიღე. ჩემი დიდი ხნის ოცნების, ავსტრიელი მინანქრის ოსტატის Frey Wille-ის, ოქროს საათი ალფონს მუხას მოტივებზე. ულამაზესია <3

ვიმოგზაურე: პრაღაში რომ ვიყავი აგვისტოს ბოლოს, მოგეხსენებათ. შემდეგ ოჯახთან ერთად მანქანით მოვიარეთ ჰოლანდია (ამსტერდამი, როტერდამი), გერმანია (კიოლნი და დიუსელდორფი) და ასევე ბელგიაც (ბრიუსელი, ბრიუჟი და ხენტი). ყველაზე მეტად ბოლო ორი მესიამოვნა - მანამდე არ ვიყავი ნამყოფი. საოცარი ქალაქუნებია, თუ ოდესმე მიგიწვდებათ ხელი, ნახეთ სურათები ინტერნეტში... გენტში ოცნება ავისრულე - ვან ეიკების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნახატი ვნახე, Het Lam Gods) და ბრიუჟის არხებზე ნავით გავისეირნე (Belfry-დანაც ჩავიხედე ქვემოთ, მეთი უცებ კოლინ ფარელმა არ გამოიაროს-მეთქი)... და შემიყვარდა ეს ქალაქუნები... თუ ოდესმე შევქმნი ოჯახს, იქ მინდა თაფლობის თვეში...

ვიკონცერტე: შედარებით მწირედ... საქმეები მქონდა ბევრზე ბევრი და ვეღარ მოვაბი თავი... ვიყავი რადიოთავზე და კონცერტმა ყველანაირ ჩემს მოლოდინს გადააჭარბა. უბრალოდ არც კი ღის იმის აღწერა, თუ როგორი ემოციური კატაკლიზმი გადავიტანე იქ ყოფნისას. ოდესმე, ნერვები და გამძლეობა თუ მეყო, ცალკე პოსტს მივუძღვნი (კი, ვიცი, რომ უკვე მეორე ასეთ "დაპირებას" ვაკეთებ, მაგრამ მეტი უბრალოდ არ შემიძლია). რადიოთავის მერე კი ნაკლებად ნიჭიერ, მაგრამ მეტად ოპტიმისტურ და ამიტომ საყვარელ ჯგუფს ვემეგობრე - Keane-ს... ძალიან, ძალიან მომეწონა მათი კონცერტი... ახლო იყო, ნაცნობი, თბილი და პირადული... ამჯერად გეგმაში მყავს ქალბატონი, რომლის სრული დისკოგრაფია კარგა ხანია ყველაზე სმენადია ჩემს აიპოდში - დაიანა კროლი. ანტვერპენში იქნება ნოემბრის ბოლოსო და თუ ყველაფერი ისე წავიდა, როგორც მე ვაწყობ, ალბათ მასაც ვესტუმრები...

და ბოლოს, აწ უკვე მეორედ (ანუ, ეტყობა ამაშიც ტრადიციას ვამყარებ, ჩემდა სამწუხაროდ), უარეს შარში გავყავი თავი... მიგრძნობდა გული, რომ იმ პირველი შარიდან კარგი არაფერი გამოვიდოდა და გამართლდა კიდევაც ჩემი ნაწინასწარგრძნბალი... გარდა იმისა, რომ უახლოესი ადამიანი დავკარგე, გული დავწყვიტე კიდევაც ამ ყველაფერთან ერთად... მაგრამ განა მიზანმიმართულად, ისე, გზადაგზა... რა ცუდია, როდესაც ჩვენი საკუთარი ცხოვრება აღარ გვეკუთვნის ხოლმე - ცდილობ შენთვის რაღაცის გარკვევას, გაგებას, ბოლო ბოლო, ნაიარევბის შეხორცებას და ამითი სხვას აყენებ ტკივილს... ძნელი თემაა, ორმხრივი თემაა, შეიძლება შემდეგ, ნაკლებად მტკივნეული როდესაც იქნება, ცალკე განვიხილო კიდეც მაგრამ ჯერ კიდევ ვერა... და თითქოს ეს ერთი არ მეყო - მეორე უნდა დამცემოდა თავში... რომელსაც თამამად ვებრძვი... ვებრძვი, როგორც დონ კიხოტი ქარის წისქვილებს და არამც და არამც არ მინდა ვაღიარო, რომ შარს კი არა, საკუთარ თავს ვებრძვი, ჩემში დარჩენილ უკანასკენლ იმედებსა და ილუზიებს ვიცავ საკუთარივე თავისგან...

აი ასე და ამგვარად...

ბევრი დრო მაქვს საფიქრალი, რაც, არც თუ ისე კარგია ყოველთვის...

ეს უბრალოდ იმისთვის, რომ მახსოვდეს მომავალში, სად ვიდექი...

3 comments:

  1. კარგი შეჯამება გამოგივიდა :)
    ერთი ეგეთი მეც უნდა დავწერო

    ReplyDelete
  2. მეც მალე დავბერდები :D
    მართლა კარგი იყო შეჯამება, სჭირდება ეს ყველა ადამიანს, რომ გადააფასოს, რა გააკეთა და მომავალში რა უნდა გააკეთოს.

    ძალიან კარგი იქნებოდა, ხშირად რომ პოსტავდე და საინტერესო კარამელურ ამბებს გვიყვებოდე :)

    ReplyDelete
  3. ააიაი, ეს პოსტი არ მქონდა მე წაკითხული, რატომ ნეტავ? :|

    რადიოჰედის კონცერტზე ყოფილხარ, დაბადების დღე გქონია, და მე ეხლა გავიგე :(

    ReplyDelete