It won't do

To dream of Caramel,

To think of Cinnamon

And long for you...

Monday, 26 October 2009

Update

დრო მოვიდა მორიგი შემეცნებით-სამეცნიერო შეჯამებნა გავაკეთო ჩემი გასული ცხოვრების გარკევული პერიოდის. მახსოვს რა, რომ წინა ამ სახის პოსტმა საკმაო პოპულარობით ისარგებლა, შევეცდები რომ არ დავაგდო "დონე" და ესეც მაქსიმალურად საინტერესო გავხადო მკითხველისათვის. მაშ ასე, წავიდა:

გავუშინაურდი ბლოგს: გაშინაურებაში იმას ვგულისხმობ, რომ, როგორც იქნა, დავადგინე, როგორი სახით და სტილით უნდა ვეურთიერთო ჩემს აქაურობას. არ გამომივა ყოველდღე ან თუნდაც კვირაში რამოდენიმჯერ პოსტვა, ნონსენსია. არ შემიძლია ჩემი ცხოვრებისეული ქორონოლოგიის გამოფენა და არც ვთვლი საჭიროდ, მიუხედავად იმისა, რომ სხვა ასეთი ბლოგების კითხვა ძალიან მიყვარს. მაგრამ ჩემით მაინც არ და ვერც გავაკეთებ - ჯერ ერთი, მიზანმიმართულება და ნებისყოფა არ მეყოფა, მეორეც ერთი - არ ვთვლი რომ ჩემი ყოველდღიური ცხოვრება მაინცდამაინც საინტერესო წასაკითხია და მესამეც - არ შემიძლია ლაპარაკი, როდესაც არ "მელაპარაკებინება" და შესაბამისად, იგივე გავრცელდა წერაზეც. აქედან გამომდინარე შევიმუშავე იდეალური ვარიანტი - ჩემი ცნობიერება უკვე ცნობს ე.წ. "საბლოგო აზრებს" როდესაც ასეთები მიჩნდება თავში და მერე, რამოდენიმე დღე ტვინში ვამუშავებ. შემდეგ ნელ ნელა ფურცელზე გადამაქვს და ბოლოს, როდესაც მივხვდები, რომ ნამდვილად ღირს ეს აზრი გამოსახატავად, ვაგდებ ვებ-სივრცეში. აი მერე კი იწყება ყველაზე საინტერესო რამ - რაღაც უცნაური ჯაჭვური რეაქცია - მოდიან და მოდიან ემოციები, აზრები... და მეც ვწერ, სანამ არ დაშრებიან... შემდეგ თვემდე :)

დავბერდი: ხო, ოქტომბერში ჩემი ბიოლოგიური წელიწადი იღებს სათავეს. გავხდი ერთი წლით კიდევ უფრო ბებერი, ვიდრე აქამდე ვიყავი. რომ გითხრათ, შეცვლილად მეჩვენება რამე, მოგატყუებთ. სინამდვილეში, რატომღაც ზუსტად ახლა მაქვს ისეთი გრძნობა რომ ჯერ ზედმეტად ახალგაზრდა ვარ იმისთვის, რომ თავი დამშვიდებულად ვიგრძნო - ამიტომ ათას შესაძლო ვარიანტს ვხედავ წინ ჩემი ცხოვრების. და რასაც ვერ ვხედავ, იმას ჩემით ვქმნი :) ვნახოთ, კიდევ მაქვს დრო რომ ვივარაუდო რაღაცეები. არ გამოვა ერთი, გამოვა მეორე და თუ მეორეც არ გამოვიდა, მესამე ხომ ყოველთვის გარანტირებულია. აი ესე :) ხო, თვითონ აღნიშნვნას რაც შეეხება, ძალიან კარგი იყო. პარიზში ვიყავი. და მქონდა ეიფელის კოშკიც და თეთრი ფერარიც :)

ავიღე დიპლომი: გაგიკვირდებათ და, კურსზე პირველი ვარ აკადემიურ მოსწრებაში. არა მარტო წარჩინებით დავამთავრე, არამედ მთელს ჯგუფში ყველაზე მაღალი საშუალო მოსწრების ქულა ავიღე და ამის გამო გამოსაშვებ საღამოზე სიტყვით გამოსვლა მომიწია. სიტყვა იქით იყოს, მაგრამ ძალიან კი გამიხარდა. ის კი არ გამიხარდა, რომ აი, ყველაზე მაგარი ვყოფილვარ (არადა არანაირად არ მიცდია, თავისით გამოვიდა), არამედ ის გამიხარდა, რომ ქართველმა აჯობა ყველას... უცხო ენაზე სწავლობდა, წერდა, მეცადინეობდა, აზროვნებდა, კითხულობდა და მაინც აჯობა ამ ენასთან მშობლიურ დამოკიდებულებაში მყოფებს... 10 წლის პრაქტიკის მქონეებს... ევროპისა და ამერიკის საუკეთესო უნივერსიტეტებში განათლებამიღებულებს... აი, იშ! მართლა ძალიან მეამაყება, რომ ჩემი, ქართული გვარი სამუდამოდ დარჩა კურსდამთავრებულთა ოთახის კედელზე და რაც მთავარია, არქივებში, როგორც 2008-2009 წლის საუკეთესო სტუდენტის... და მიხარია, როდესაც მამაჩემის და დედაჩემის ამაყი სახეები მახსენდება აუდიტორიაში - დედაჩემს ცრმელიც კი ლამის წამოუვიდა... მხიარულ ნოტაზე რომ დავამთავრო ეს აბზაცი - გადასარევი საჩუქარი მივიღე. ჩემი დიდი ხნის ოცნების, ავსტრიელი მინანქრის ოსტატის Frey Wille-ის, ოქროს საათი ალფონს მუხას მოტივებზე. ულამაზესია <3

ვიმოგზაურე: პრაღაში რომ ვიყავი აგვისტოს ბოლოს, მოგეხსენებათ. შემდეგ ოჯახთან ერთად მანქანით მოვიარეთ ჰოლანდია (ამსტერდამი, როტერდამი), გერმანია (კიოლნი და დიუსელდორფი) და ასევე ბელგიაც (ბრიუსელი, ბრიუჟი და ხენტი). ყველაზე მეტად ბოლო ორი მესიამოვნა - მანამდე არ ვიყავი ნამყოფი. საოცარი ქალაქუნებია, თუ ოდესმე მიგიწვდებათ ხელი, ნახეთ სურათები ინტერნეტში... გენტში ოცნება ავისრულე - ვან ეიკების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნახატი ვნახე, Het Lam Gods) და ბრიუჟის არხებზე ნავით გავისეირნე (Belfry-დანაც ჩავიხედე ქვემოთ, მეთი უცებ კოლინ ფარელმა არ გამოიაროს-მეთქი)... და შემიყვარდა ეს ქალაქუნები... თუ ოდესმე შევქმნი ოჯახს, იქ მინდა თაფლობის თვეში...

ვიკონცერტე: შედარებით მწირედ... საქმეები მქონდა ბევრზე ბევრი და ვეღარ მოვაბი თავი... ვიყავი რადიოთავზე და კონცერტმა ყველანაირ ჩემს მოლოდინს გადააჭარბა. უბრალოდ არც კი ღის იმის აღწერა, თუ როგორი ემოციური კატაკლიზმი გადავიტანე იქ ყოფნისას. ოდესმე, ნერვები და გამძლეობა თუ მეყო, ცალკე პოსტს მივუძღვნი (კი, ვიცი, რომ უკვე მეორე ასეთ "დაპირებას" ვაკეთებ, მაგრამ მეტი უბრალოდ არ შემიძლია). რადიოთავის მერე კი ნაკლებად ნიჭიერ, მაგრამ მეტად ოპტიმისტურ და ამიტომ საყვარელ ჯგუფს ვემეგობრე - Keane-ს... ძალიან, ძალიან მომეწონა მათი კონცერტი... ახლო იყო, ნაცნობი, თბილი და პირადული... ამჯერად გეგმაში მყავს ქალბატონი, რომლის სრული დისკოგრაფია კარგა ხანია ყველაზე სმენადია ჩემს აიპოდში - დაიანა კროლი. ანტვერპენში იქნება ნოემბრის ბოლოსო და თუ ყველაფერი ისე წავიდა, როგორც მე ვაწყობ, ალბათ მასაც ვესტუმრები...

და ბოლოს, აწ უკვე მეორედ (ანუ, ეტყობა ამაშიც ტრადიციას ვამყარებ, ჩემდა სამწუხაროდ), უარეს შარში გავყავი თავი... მიგრძნობდა გული, რომ იმ პირველი შარიდან კარგი არაფერი გამოვიდოდა და გამართლდა კიდევაც ჩემი ნაწინასწარგრძნბალი... გარდა იმისა, რომ უახლოესი ადამიანი დავკარგე, გული დავწყვიტე კიდევაც ამ ყველაფერთან ერთად... მაგრამ განა მიზანმიმართულად, ისე, გზადაგზა... რა ცუდია, როდესაც ჩვენი საკუთარი ცხოვრება აღარ გვეკუთვნის ხოლმე - ცდილობ შენთვის რაღაცის გარკვევას, გაგებას, ბოლო ბოლო, ნაიარევბის შეხორცებას და ამითი სხვას აყენებ ტკივილს... ძნელი თემაა, ორმხრივი თემაა, შეიძლება შემდეგ, ნაკლებად მტკივნეული როდესაც იქნება, ცალკე განვიხილო კიდეც მაგრამ ჯერ კიდევ ვერა... და თითქოს ეს ერთი არ მეყო - მეორე უნდა დამცემოდა თავში... რომელსაც თამამად ვებრძვი... ვებრძვი, როგორც დონ კიხოტი ქარის წისქვილებს და არამც და არამც არ მინდა ვაღიარო, რომ შარს კი არა, საკუთარ თავს ვებრძვი, ჩემში დარჩენილ უკანასკენლ იმედებსა და ილუზიებს ვიცავ საკუთარივე თავისგან...

აი ასე და ამგვარად...

ბევრი დრო მაქვს საფიქრალი, რაც, არც თუ ისე კარგია ყოველთვის...

ეს უბრალოდ იმისთვის, რომ მახსოვდეს მომავალში, სად ვიდექი...

Sunday, 25 October 2009

გულის მეზობელს

რომ იცოდე, როგორ მომენატრე...

კი გნახე ივლისში, მაგრამ, როგორც იტყვიან, საშინლად "მეცოტავე"... რთულია, როდესაც ვიღაცას, რაღაცას მიჩვეული ხარ ყოველდღიურობაში და მერე უცებ უნდა იკმარო დოზირებულად...

არადა, არც ისე ძალიან მჭირდები... არა, გთხოვ, ცუდად არ გამიგო, უბრალოდ სიმართლეს გეუბნები - მიყვარხარ ძალიან, მაგრამ ამავე დროს მშვიდად, აუჩქარებლად. მენატრები კიდევაც ხანდახან. აი, იცი როგორი ხარ ჩემთვის? ბავშობიდან გამოყოლილი მეგობარი ხარ. ის შეჩვეული ჭირი ხარ, ახალ ბედნიერებას რომ ურჩევნიათ. იყო წლები და ჩვენ ერთმანეთში ვარსებობდით - მე შენში და შენ ჩემში - მოგვწონდა ეს თუ არა. ხოდა კი შევეწყვეთ ერთმანეთს. ზოგი კი ამბობს რომ შეჩვევა სიყვარულიაო...

იცი, მე ის ვარ, ვინც ვარ იმიტომ, რომ შენ ჩემს ცხოვრებაში არსებობ. შეგნებულად არ ვამბობ "არსებობდი", იმიტომ რომ ეს აღიარება იქნება ჩემი მხრიდან... აღიარება დამარცხების. ასეთები კი მე არ მეკადრება. თანაც, ბოილოს და ბოლოს, სულაც რომ მოვინდომო, უბრალოდ უკვე ვეღარ ამოგშლი...

ამ დროს რა არის იცი ყველაზე საინტერესო? არც არასოდეს მიდნოდა. ბევრისგან გამიგია, რომ შენთან შეგუება უჭირთ... ბევრისგანაც გამიგია რომ ახლა, როდესაც შენთან აღარ აქვთ მუდმივი კავშირი, არც არასოდეს დაგიბრუნებენ თავიანთ ცხოვრებებში... მიჭირს გაგება იმისა, თუ რამ გაამწარათ ასე ძალიან.

განა არ ვიცი, რომ საზიზღარი ჭორიკანა ხარ? ძალიან კარგადაც ვიცი! მაგრამ ზუსტად მაგ შენმა ჭორიკნობამ მასწავლა, რომ სახელს ყველაფერზე ძალიან უნდა მოუფრთხილდე... განა არ ვიცი, რომ ძალიან შეზღუდული ხარ? ვიცი ბატონო, მაგრამ სწორედ ამ შენმა შეზღუდულობამ მომანდომა გამეწია ჩარჩოები და ალტერნატიული ვარიანტები მეძებნა... ისიც მშვენივრად მომეხსენება, როგორი "ხრჩობა" ხარ ხოლმე ხანდახან, ადამიანს კლაუსტრაფობიას აკიდებ... სამაგიეროდ, ჰაერის ეკონომიურად და, რაც მთავარია, მიზნობრივად ხარჯვა ვისწავლე... ერთი ის ვერ გეშველა, რომ დროდადრო ყარხარ... ოღონდაც, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. თუმცა, მე ეს ნაკლებად მეხება ხოლმე და ალბათ, არც უნდა ვწუწუნებდე.

მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად ხომ ზიხარ ჩემს გულში? შესისხლხორცებული მყავხარ... ხაომ ხარ თბილი, ხომ ხარ ასეთი ნაცნობი, მშობლიური, მაგრამ, ამავე დროს იდუმალიც, როდესაც პირისპირ მარტონი ვრჩებით... ხომ ხარ არეული და აჯაჯული, ზოგან გაპრიალებული და ზოგან დაძონძილი, ულამაზესი და ზოგჯერ მახინჯი... ბოლოს და ბოლოს, ყოველი ჩემი სიყვბარულის პირადი მოწმე ხარ და ამ გრძნობებთან დაკავშირებული ყოველი მოგონება უშენოდ წარმოუდგენელია. ჩემი ღამის ცრემლიც ნანახი გაქვს შენი მოციმციმე თვალებით და ჩემი დღის სიცილიც გაგონილი...

ხოდა რავიცი, მიჭირს ძალიან უშენოდ...

რა ვქნა, რომ ზუსტად ისეთი მენატრები, როგორიც ხარ...

შენი ჭუჭყითა და ოქროთი...

ყველა გზა ხომ რომისკენ კი არა, შენსკენ მიდის

ჩემო ერთადერთო,

თბილისო...



P. S. ესეც შთაგონების წყარო. შეგიძლიათ ჩამქოლოთ, მაგრამ ცრემლი მომადგა ამის პირველად ნახვასა და გაგონებაზე...

Saturday, 24 October 2009

კონტროლი

დღეს რატომღაც ასეთი აზრი მომივიდა თავში - საკმაოდ ხშირად ვხმარობ ამ ბოლო დროს მგონი სიტყვა კონტროლს. თვითონ სიტყვაა რაღაცნაირი, მკაცრი, ძლიერი, თვითდარწმუნებული, მნიშვნელობაზე რომ არაფერი ვთქვათ...

კარგი რამეა კონტროლი. რა თქმა უნდა, მაშინაა კარგი, როდესაც შენ გიპყრია იგი, ასე ვთქვათ, ხელთ... როდესაც შენს ცხოვრებას აკონტროლებ, ეს სიძლიერის შეგრძნებას გაძლევს თითქოს. უცხო ხდება ისეთი სიტყვა და გრძნობა, როგორიცაა შიში. თავს სოციუმის სრულფასოვან წარმომადგენლად გაგრძნობინებს კონტროლი - ყველაფერს შენს ირგვლივ ისე აწყობ, როგორც შენ მიგაჩნია საჭიროდ. ბოლოს და ბოლოს, ხომ შენ ხარ ყველაფრის მაკონტროლებელი...

და მაინც, რას ნიშნავს გქონდეს კონტროლი?

ძნელია ამ კითხვას პასუხი ერთმნიშვნელოვნადს გასცე - სხვადასხვა ცხოვრებისეულ ასპექტში კონტროლის ქონა სხვადასხვანაირად ვლინდება.

ყოველდღიურობაში ეს ასე შეიძლება გამოიხატებოდეს: ადამიანს აქვს კონტროლი, თუ იგი არის დამოუკიდებელი იდეურად. ცხოვრობს ისე, როგორც მიაჩნია მართებულად. იდეალურ შემთხვევაში, ფინანსურადაც დამოუკიდებელია და ასე ვთქვათ, ცეკვავს საკუთარ და არა სხივს დაკრულზე (და მუსიკასაც თვითონ უკვეთავს). როცა უნდა გადის სახლიდან, როცა უნდა მოდის, ის თავად ქმნის თავის ცხოვრების რითმს და წესებს...


კარიერაშიც კარგი რამეა კონტროლი: საუკეთესო შემთხვევაში თუ ადამიანი ხელმძღვანელ თანამდებობაზეა და საკუთარი თავის ბოსია, კონტროლი ავტომატურად მის ხელშია. მაგრამ შესაძლებელია სულაც არც თუ ისე მოწინავე პოზიციაზე იყოს ადამიანი, მაგრამ თავად აკონტროლებდეს საკუთარ პროფესიულ წარმატებას - გაზომილი გრაქფიკი, მუდმივ მზადყოფნაში ყოფნა ფორს-მაჟორებისათვის, გაწონასწორებული ურთიერთობა კოლეგებთან...

კონტროლი სქესთაშორის ურთიერთობებშიც ნამეტანი სასარგებლო რამაა. როდესაც ადამიანი აკონტროლებს სიტუაციას, ინიციატივა მის ხელთაა (პირდაპირ თუ შეფარულად). ის თავად ირჩებვს როდის შეხვდეს "გულის სწორს", რამდენი ხნით, რა ვითარებასა თუ გარემოში. ურთიერთობის ფარგლებსდაც ის განსაზღვრავს - უწესებს ზღვარს, ზომას და ჩარჩოს. მეთოდსაც თავას ირჩევს და ამპლუასაც... ხანდახან საკუთარ ემოციებსაც და მოზღვავებულ გრძნობებსაც კი აკონტროლებს ადამიანი, თუ საჭიროა... 

ამას ყველაფერს კი საკუთარი მაქსიმალური კომფორტისთვის აკეთებს...


ბევრი შემიძლია კიდევ გავაგრძელო... მაგალითები კონკრეტულიც არსებობს და ზოგადიც... სხვა რომ არაფერი ვთქვათ, როდესაც ცხოვრება რაიმე გაუგებრობაში გაგაყოფინებს ხოლმე თავს, პირველ რიგში რას გირჩევენ მეგობრები და ახლობლები? მართალია - თავი ხელში აიყვანე, ნუ დაკარგავ კონტროლსო... თუნდაც საკუთარ თავზე...

შენი ცხოვრების, მისი ყველანაირი ასპექტებით, მემანქანე შენ თვითონ უნდა იყოო, თქმულა...


მაგრამ...

ხო, მართლაც და მაგრამ (რაც უკვე ჩემი ჩვევაა, ეს მურტალი მაგრამ)...

მოდით, ერთად დავფიქრდეთ - თუ კონტროლი ასეთი კარგი რამეა მაინცდამაინც,
რატომაა რომ ყველაზე მეტად სიცოცხლეს, სიხარულს, ბედნიერებას, ემოციას მაშინ ვგრძნობთ, როდესაც სწორედ ამ სანუკვარ კონტროლს ვკარგავთ?!

ესეც ჩემი დღევანდელი რიტორიკული შეკითხვა, მადლობთ ყურადღებისთვის :)



P. S. არა, არ ჩაივლის ოქტომბერი უპოსტოდ :)