ძალიან მძაფრ, მტკივნეულ და მგრძნობიარე თემას მინდა შევეხო ჩემს დღევანდელ პოსტში, რომელიც ვიცი, რომ ამოუწურავია და რამდენიც არ უნდა ვისაუბრო, ვამტკიცო ან უარვყო მასთან დაკავიშრებული პოსტულატები, მაინც დაუსრულებლად დარჩება...
მაგრამ მიუხედავად ამისა გადავწყვიტე ვისაუბრო (უფრო სწორედ, ვწერო) ამ თემაზე და ალბათ როგოც თქვენ უკვე მიხვდით, ეს სხვა არაფერია, გარდა რელიგიისა. და მე გადავწყვიტე, რომ არავითარ დასკვნებს, თეზისებს და დებულებებს არ დავწერ – უბრალოდ დავსვამ ჩემს საყვარელ რიტორიკულ შეკითხვებს.
რატომ გადავწყვიტე ამ თემას შევეხო? გუშინ ღამე ჩემთან დარჩა მეგობარი და ვუყურეთ ფილმს სახელად დოგმა. არ ვიცი, ნანახი გაქვთ თუ არა ეს კინონამუშევარი, მაგრამ თუ არა, გიათვალისწინეთ ჩემი რჩევა, ის სანახავად ნამდვილად ღირს. შეიძლება მან თქვენში აღშფოთება გამოიწვიოს, შეიძლება ბევრი გაცინოთ, შეიძლება გაგაღიზიანოთ და შეიძლება უბრალოდ დაგაფიქროთ...
და მაინც, რამხელა როლი აქვს დოგმას რელიგიაში, კერძოდ კი მართლმადიდებლურ ქრისტიანობაში? რას ნიშნავს იყო მართლმადიდებელი ქრისტიანი? რას უნდა აკეთებდე, რომ ასეთად იწოდებოდე, გარდა იმისა, რომ მართლმადიდებლური წესით იყო მონათლული? ეს ნიშნავს დადიოდე ეკლესიაში, გყავდეს მოძღვარი, აბარებდე აღსარებას, მარხულობდე, საჭირო დროს შესაბამის ლოცვას კითხულობდე და ეკლესიასთან ჩავლისას იწერდე პირჯვარს...
თუ სხვაა მაინც რამე?!
შეიძლება თუ არა ადამიანი არც ერთ ზემოჩამოთვლილ საქმიანობას არ ეწაფებოდეს და მაინც იყოს ქრისტიანი? საკამარისია თუ არა გულში არსებული რწმენა, სიყვარული და შიში უფლისა, თუ მინც აუცილებელია მისდევდე შენთვის მამოს მიერ შთაგონებულ რიტუალებს რეალური განცობიერებისა და გულწრფელობის გარეშე?!
ერთი პატარა ამბავი მინდა დავწერო მხოლოდ, რომელიც ერთმა ადამიანმა მომიყვა ჯერ კიდევ ჩემს თბილისში ყოფნის დროს. არ ვდებ თავს ამ აბის ჭეშმატირებაზე, არც რაიმეს დამტკიცებას ვცდილობ, უბრალოდ, მინდა დავწერო და დასკვნები მკითხველმა გააკეთოს...
ერთ-ერთ დედათა მონასტერში ჩასულ უცხოელების ექსკურსიას გამოყვა შეუსაბამოდ გამომწვევად შემოსილი ქალი. ტურისტებთან ერთად, იგი ყოველგვარი ეკლესიური დოგმის უგულვებელყოფით შევიდა უფლის ტაძარში და ეს იყო სანთლის დანთებას აპირებდა, როდესაც მონასტრის იღუმენიამ მას მოწიწებით ამ წმინდა ადგილის დატოვება სთხოვა და მიზეზად მისი უსახო სამოსი და თავშლის არარსებობა დაასახელა. იმავე ღამეს იღუმენიას ძილში ანგელოზი გამოცხადებია და ასეთი რამ უთხრა:
”30 წელია ვიღწვი რათა ეს დაკარგული სული უფლის ტაძარში შევიყვანო, ხოლო ვინ ხარ შენ, რომ მას ამ მადლიერ საქმეში ხელი შეუშალო?!”
ამ ბოლო დროს ბევრი წერს დოგმებზე, რელიგიაზე. არადა, მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთვის ბევრად ტოლერანტული იყო, ვიდრე სხვა ქრისტიანული კონფესიები. თუნდაც კათოლიციზმი, რომელიც თავის დროზე ყველანაირ "გადახრას" ეშმაკისეულად თვლიდა და მილიონობით ადამიანს კოცონზე წვავდა, ანტისემიტიზმის ფესვების ძებნას უკვე აღარ დავიწყებ. არ ვიცი, შენ რამდენად კარგად იცნობ სხვა რელიგიებს, მაგრამ მე, როგორც იუდაისტი, ვიტყვი, რომ ადამიანმა აუცილებლად უნდა სცეს პატივი თავის რელიგიას, იმ ადამიანებს მაინც, ვისაც სწამს. პირადად მე, მყავს რელიგიური მართლმადიდებელი მეგობარი, რომელთანაც, რა თქმა უნდა, ვერასოდეს შევთანხმდები, იესო ქრისტე მესია იყო თუ არა, ამიტომ უბრალოდ ერთმანეთს ვიღებთ, როგორებიც ვართ. მართლმადიდებლობა არავის არაფერში ავალდებულებს. მთავარია, სულით იყო თავისუფალი და დოგმები ვერ მოგერევა. ექსპერტი არ ვარ, მაგრამ ნორმალურად მიმაჩნია, როცა ეკლესიებში შორტებით და დეკოლტეებით არ უშვებენ, უბრალოდ, თვითონ ადამიანებს უნდა ესმოდეთ, რომ სხვებისთვის იქ სულიერი სავანეა და ნახევრად შიშველი არ უნდა შეხვიდე. რამხელა კომენტარი გამომივიდა, ძალიან საინტერესო თემას შეეხე, გმადლობ!
ReplyDeleteძალიან დიდი მადლობა ასეთი კარგი კომენტარისათვის!
ReplyDeleteაბსოლუტურად გეთანხმები იმაში, რომ ადამიანი საკუთარ რელიგიის პატივისცემასთან ერთად სხვის რელიგიასაც მოწიწებით უნდა ეპყრობოდეს. ძალიან საფრთხილო თემაა ეს ყველასათვის და სწორედ ამიტომ შევიკავე თავი რამე განსაკუთრებული დასკვნების გამოტანისაგან.
სხვა რელიგიებში ვერ ვიტყვი რომ ძალიან კარგად ვერკვევი, მაგრამ მაქვს ზოგადი წარმოდგენა ქრისტიანული სარწმუნოების ისტორიაზე (როგორც კათოლიციზმის, ასევე მართლმადიდებლობის, პროტესტანტიზმის და ა.შ. შესახებ) და ასევე მეტკნაკლებად ვერკვევი მუსულმანურ სარწმუნოებაში, მაგრამ ყურანი არ მაქვს სამწუხაროდ წაკითხული. თუმცა, ამ ჩემს პოსტში მაინც სხვა რაღაცაზე მინდოდა გამეკეთებინა აქცენტი - და ეს შენც ძალიან კარგად აღნიშნე. მთავარი ის კი არაა რისი გწამს, ან როგორ გწამს (მე არ ვამბობ, რომ ეს არ არის მნიშვნელოვანი და სისულელეა, უბრალოდ მგონი უფრო მთავარი ასპექტია), მთავარია რომ გწამს! და როგორც შენ თქვი ხარ სულით თავისუფალი, იმიტომ რომ სწორედ ჩვენი სულები გვიბოძა უფალმა უდიდეს საჩუქრად.
დოგმები კი...
დოგმები მაინც ძალიან საინტერესო რამეა და რთული - ჩემთვის პირადად რთულია დავიჯერო დებულება, უბრალოდ იმიტომ რომ "ასეა და მორჩა". ვთვლი, რომ ყველას საკუთარი გზა აქვს გასავლელი უფლისადმი.
შორტებით არშეშვება კი ცოტა ორაზროვანი რამეა - რა თქმა უნდა, როდესაც იცი, რომ ეკლესიაში მიდიხარ, შესაბამისად ცდილობ შესაფერისად შეიმოსო და თავშალიც არ დატოვო სახლში, მაგრამ წარმოიდგინე, ხარ ქუჩაში (ნუ შენ ნაკლებად გეხება, ზოგადად ვამბობ) და უცებ სურვილი გაგიჩნდა შეხვიდე ეკლესიაში, უფლის სახლშI, დაანთო სანთელი და ლოცვა აღავლინო. როგორ ფიქრობ, შენი შეუსაბამო ჩაცმულობამ ხელი უნდა შეგიშალოს?!
იუდაიზმს რაც შეეხება - მახსოვს, თბილისში ვცხოვრობდი ჯერ კიდევ, ერთხელ ჩემს მეგობარ ბიჭთან ლესელიძეზე ვსეირნობდით და გზად კათოლიკურ ეკლესიაში შევიარედ, შემდეგ კი სინაგოგაში. გვაინტერესებდა, როგორია შიგნიდან და იქ შეგვხვდა ერთი ქალბატონი, რომელმაც არ დაიზარა და ყველ ჩვენს შეკითხვას უპასუხა, აგვიხსნა, რატომ არ ლოცულობენ იუდაისტები მუხლმოდრეკით, როგორი იყო ძველი სინაგოგები გაყოფილი ორად (ქალებისთვის და კაცებისთვის) და უმარავი სხვა საინტერესო რამ. დღემდე მადლობელი ვარ იმ ქალბატონის, რომელმაც იცოდა რა, რომ სხვა რელიგიის წარმომადგენლები ვიყავით, ასე თბილად შეგვეგება და მრავალი საინტერესო რამ მოგვიყვა.
არ ვიცი, სიმართლე გითხრა, როგორ მოვიქცეოდი.
ReplyDeleteგეთანხმები, როცა ძალიან მოუნდება ადამიანს შესვლა, არ შეიძლება დაუშალო, მაგრამ ვერ გაიგებ, ძნელია. მაინც ვფიქრობ, ისევ იმ ადამიანმა უნდა გამოიჩინოს მორიდება სხვების, მორწმუნე ადამიანების მიმართ.
საქართველოში სინაგოგა ისევ გაყოფილია, ქალები "შემოღობილში" სხედან, რომ ლოცვის დროს კაცებს გონება არ გაუფანტონ :ლოლ: თუმცა თვითონ ქალებს თავისუფლად შეუძლიათ, კაცებს უჭვრიტინონ იქიდან ;) რეფორმატორულ სინაგოგებში, უფრო შტატებში, ქალები და კაცები ერთად სხედან.
ყველა რელიგია საინტერესოა და მე მჯერა, რომ ყველგან არიან მოაზროვნე, თავისუფალი სულის ადამიანები, თვითონ რაბინები და მღვდლებიც; ვიცნობ რამდენიმეს და მათთან ურთიერთობა უდიდესი სიამოვნებაა, ბევრ ფსიქოლოგს ჯობნიან.