It won't do

To dream of Caramel,

To think of Cinnamon

And long for you...

Wednesday, 15 April 2009

უსათაურო

გუშინ დავბრუნდი პრაღიდან.კი მითხრეს და წაკითხულიც მქონდა, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქია და თუნდაც ის ფაქტი, რომ რამოდენიმე ასეული ჰექტარი მთლიანად იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი, თავისთავად მეტყველებს ამაზე მაგრამ...

ამდენს მაინც არ ველოდი...

და "ამდენში" სულაც არ ვგულისხმობ რომანულ, რენესანსულ, ბაროკო, როკოკო და სხვა "კო-კო" არქიტექტურას... არამედ ვგულისხმობ ერთ პარტარა, საყვარელ უბანს, რომელიც ხელმარცხნივ იწყება, სტარომესტკას მეტროს სადგურიდან თუ ამოხვალ...

ამ უბანს ქვია Josefov და არის შუა ევროპის ებრაულ ტომთა ყველაზე დიდი ისტორიული მემკვიდრეობა...

საერთოდ, ყოველთვის მქონდა "რაღაც" ებრაელებისა და მათი ისტორიის მიმართ. განსაკუთრებით ჰოლოკოსტის ისტორიით ვიყავი (და ახლაც ვარ) დაინტერესებული. ეს ჩემი გატაცება ყველა ჩემი ნაცნობ-მეგობრისთვის ამოუცნობ ფენომენად რჩებოდა და პრინციპში, ჩემთვისაც. არ ვიცი რატომ დავბინტერესდი ასე ძალიან, უბრალოდ პირველად რომ გავიგე, თუ რა მოხდა გერმანიაში ფაშისტური პარტიის სათავეში მოსვლისას და რა მსოფლიო შედეგები მოყვა ამას, რაღაც გადატრიალდა ჩემში, მიუხედავად იმისა, რომ პატარა ბავშვი ვიყავი ჯერ კიდევ. თავდაპირველად უბრალოდ არ მესმოდა, როგორ შეიძლება ადამიანი დევნო, აწამო და კლა მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაც განსხვავებულ ერს ეკუთვნის. კიდევ უფრო მიჭირდა ამის გაგება, როდესაც ზვიად გამსახურდიას მმართველობის პერიოდში დედაჩემი რამოდენიმე თვის განმავლობაში სკოლაში არ მიშვებდა, იმიტომ რომ რუსულად კარგად ვლაპარაკობდი და უთეთრესი თმა მქონდა... მე კი უბრალოდ ჩემი მეგობრების ნახვა მინდოდა... მას მერე ყოველგვარი მასშტაბის ნაციონალიზმი მძულს.

მერე ცოტა წამოვიზარდე და კიდევ უფრო მიუღებელი გახდა ჩემთვის ეს ყოველივე - დღემდე ვერ გამიგია, როგორ შეიძლებოდა ევროპის ერთ-ერთ უგანათლებულეს და უკულტურეს ერში სულ რამოდენიმე წელიწადში ისეთი "ცხოველიზმი" ჩამოუყალიბებულიყო, რომ მათი ფაქტიურად შესისხლხორცებული ნაწილი, მთელი ეთნიკური სეგმენტი, ასე შეეძულათ...

უამრავი ვიდეომასალა მაქვს ნანახი შესაბამის თემაზე, დაწყებული BBC-ს და სხვა დოკუმენტურებით, დამთავრებული ნიურნბერგის პროცესითა და ბიჭუნათი ზოლიან პიჟამოში. მახსოვს, ჩემმა მეგობარმა გიორგიმ შინდლერის სიაც კი მაჩუქა ვიდეოკასეტაზე (ეჰ, რა დრო იყო). წაკითხული მაქვს უამრავი ენციკლოპედია, ნარკვევი თუ უბრალოდ მხატვრული ლიტერატურა (ანა ფრანკის დღიური ნეტავ მხატვრულად ითვლება?)... ამ ყველაფრის ფონზე მეგონა რომ ასე თუ ისე გათვითცნობიერებული ვიყავი იმაში, თუ რა იყო ჰოლოკოსტი...

მაგრამ თურმე ვცდებოდი.

პატარმა უბანმა პრაღაში, რომელიც ადრე ებრაელების გეტოს წარმოადგენდა (მემგონი მეთერთმეტე საუკუნის შემდეგ უკვე შემოღობილი იყო), სრული თავზარი დამცა და წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე. დღესდღეისობით ამ უბანში მდებარე ყველა ებრაული მონუმენტი (რამოდენიმეს გარდა) შედის ე.წ. ებრაულ მუზეუმში, რომლის მონახულებას ერთი სრული დღე მაინც სჭირდება. ძალიან გამიკვირდა თავიდან, რომ ეს პატარა არქიტექტურული ნაგლეჯები ნაცისტურ ოკუპაციას გადაურჩა, მაგრამ თურმე მათ გეგმაში ჰქონიათ "გამქრალი რასის" გრანდიოზული მუზეუმის მოწყობა, ამიტომაც შეინარჩუნეს ამდენი რამ, ძველი რელიგიური ვერცხლის ჩათვლით, რომელიც ახლა გამოფენილია ე.წ. ესპანურ სინაგოგაში (თორას საკითხები, ყდები, გვირგვინები, სხვადასხვა სარიტუალო ატრიბუტიკა). საკმაოდ ირონიულია ასევე ისიც, რომ ჯერ კიდევ ნაცისტებამდე ამ უბნის საცხოვრებელი ნაწილი ძირითადში გაანადგურეს, პარიზისთვის რომ დაემსგავსებიანთ ქალაქი და ახლა, ძველი გეტოს ტერიტორიაზე გუჩის, კრისტიან დიორის და ბარბერისის მსგავსი ბრენდების ბუწიკებია "გაშენებული"...

დღესდღეისობით ებრაულ მუზეუმში შედის 6 მნიშვნელოვანი "სტოპი" (ჩემს დახვრეტილ ბილეთს ვუყურებ ახლა და ისე ვწერ ამას :)). მე ექვსივე მოვინახულე, მაგრამ ყველას არ ჩამოვთვლი, დავასახელებ მხოლოდ იმათ, რომლებმაც ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება დატოვეს:

1. პინკასის სინაგოგა - ამ შენობამ და მისმა გამოფენებმა სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ჭკუიდან გადამიყვანეს... ნაგებობის მთავარი ნავი და მის ირგვლივ მდებარე კედლები დაფარულია წვრილი შრიფტით დაწერილი ადამიანების სახელებითა და მათი ცხოვრების წლებით. ეს ერთგვარი მასიური საფლავის ქვაა ყველა იმ ადამიანისა, რომელიც ნაცისტურ ეთნიკურ წმენდას შეეწირა. თავიდან თითქოს არაფერი, მაგრამ ერთ კედელთან როდესაც გავჩერდი და დავიწყე სახელების კითხვა, გავიაზრე, რომ ყოველი სახელის, ყოველი წლების უკან დგას ადამიანი, ცოცხალი არსება, რომლიც ყოველგვარი დაკითხვისა და სასამართლოს გარეშე მოკლეს უბრალოდ იმიტომ, რომ ის ებრაელი იყო... ამას დაემატა მეორე სართულის გამოფენა, სადაც გამოფენილი იყო ტერეზინის (პრაღის მახლობლად მდებარეობდა ტერეზინის საკონცენტრაციო ბანაკი, რომელი ერთგვარ სატრანზიტო წერტილს წარმოადგენდა პრაღის გეტოსა და ოსვენცემის ბანაკს შორის) პატიმარ ბავშვთა ნახატები. აი იქ უკვე ვეღარ შევიკავე ცრემლები -ეს ბავშვები სიკვდილისკენ მიდიოდნენ და ხატავდნენ მზეს, პეპლებს და ზოგადად, ფერად სიცოცხლეს...

2. ძველი სასაფლაო - საოცარი ადგილია... თავს ძალიან სულელურად ვგრძნობდი, ლამაზ მზიან დღეს, ჭრელ ტანსაცმელში გამოწყობილ და ხმამაღლე მოსაუბრე იტალიელ ტურისტთა ჯგუფთან ერთად რომ დავდიოდი ამ მრავალსაუკუნოვან საფლავებს შორის... მივაგენი ცნობილი რაბის, ლეგენდის მიხედვით, საშიში გოლემის შემქმნელი ბენ ბეცალელის საფლავს (ეს სახელი პირველად მახსოვს, სტრუგაცკების რომანში შემხვდა, "ორშაბათი იწყება შაბათს"). ილუსტრაციისათვის ერთი ფოტოც, რომ ნახოთ როგორი უცნაურია ეს ადგილი - თითქოს საფლავის ქვები, მოქუჩულები ერთად, გვიყურებენ ჩვენ ცოცხლებს და ისევე ცდილობენ ჩვენს სხეულებში ამოიკითხონ ჩვენი ასავალ დასავალი, როგორც ჩვენ, ცოცხლები, ვაშტერდებით ამ დახავსულ საფლავის ქვებს და მათი უცნაური დამწერლობისა და სიმბოლოების უკან ამბის ამოკითხვას ვცდილობთ... http://www.facebook.com/photo.php?pid=394718&l=9e5760eebe&id=107360599

3. ცერემონიათა დარბაზი - მდებარეობს უშუალოდ სასაფლაოს გვერდზე და როგორც შენობა, დიდად ვერ შთამაგონებს, სამაგიეროდ მასში არსებული გამოფენა ნამდვილად საოცარია. შემიძლია თამამდ ვთქვა, რომ აქამდე წარმოდგენა არ მქონდა, თუ რამხელა მნიშვნელობა ჰქონია ებრაულ სარწმუნოებაში დასაფლავებას - მათ სპეციალური ე.წ. დამკრძალავი საზოგადოებიც კი გააჩნიათ და სწორედ პრაღაში შეიქმნა ერთ-ერთი უძველესი მათგანი, Hevrah Kaddishah, რომლის ე.წ. "შტაბი" სწორედ აქ იყო. ექსპოზიციაში შესულია უამრავი სარიტუალო ნივთი - სპეციალური სავარცხლები, ფრჩხილების დაქნის მოწყობილობები, სამარხი კოსწუმები, თავად საზოგადოების წევრთა ფორმები და სხვა.

4. ე.წ. ესპანური სინაგოგა - რომელიღაც ბუკლეტში ეწერა რომ ევროპის ულამაზესი სინაგოგაა და არ შემიძლია არ დავეთანხმო... ასეთი ორნამენტები, სიმდიდრე და ამავე დროს, სიმკაცრე იშვითად თუ მინახავს... ვერ დავიკვეხნი, მაინცდამაინც ბევრ სინაგოგაში ვარ ნამყოფი, მაგრამ რამდენშიც ვარ, ამან ყველ დაჩრდილა. სამწუხაროა, რომ შიგნით აკრძალულია ფოტოების გადაღება,მაგრამ მე მაინც ჩუმად ჩავაჩხაკუნე ჩემი აპარატი და ზოგადი წარმოდგენის შესაქმნელად აგერ ლინკს დავაგდებ http://www.facebook.com/photo.php?pid=394753&l=5f9cae993d&id=1073605993. ფოტოს ხარისხზე მომიტევეთ, ცალი ხელით გადავიღე ისე, რომ ობიექტივშიც არ ჩამიხედავს, პერსონალს რომ არ "დავეწვი". მაინც ებრაელები არიან და გამჭრიახი გონება აქვთ ;)

სინაგოგიდან რომ გამოვედი, რაღაცნაირად სხვანაირად მსუბუქად ვიგრძენი თავი. არ ვიცი, უბრალო დამთხვევაა თუ არა, მაგრამ რაღაც კანონზომიერება დავინახე ამ მუზეუმის განლაგებაში - თავიდან გვახსენებენ, თუ რამხელა დანაშაული არის ჩადენილი ამ მართლა მრავალტანჯული ერის მიმართ, შემდეგ გვაჩვენებენ მათ რეალურ ყოფა-ცხოვრებას, ადათ წერსებს, გვაჩვენებენ მათ სიკვდილს, როგორც სიცოცხლის განუყოფელ ნაწილს და დასასრულს და ბოლოს, მივყავართ ულამაზეს შენობაში, რომელშიც აგრეთვე გამოფენილია ებრაელთა ემანსიპაციის ისტორიის ამსახველი დოკუმენტები (ჯოსეფ II-ის მმართველობის დროს მათ სრული თანასწორუფლებიანობა მიენიჭათ). ანუ საბოლოოდ, ყველაფერი მაინც კარგად მთავრდება, შეიძლება ითქვას...

და ამ ყველაფრის მერე მე რის მე ვიქნებოდი, ჩემი ჩვეული რიტორიკული შეკითხვა რომ არ დამბადებოდა:

მართალია, რომ სანამ სხვისას არ დააფასებ, შენსას ვერ შეიყვარებ თუ მაინც პირიქითაა?!

4 comments:

  1. ძალიან საინტერესო პოსტი იყო და მიხარია, რომ ასე დაინტერესდი ებრაული კულტურით, ისტორიით. სამწუხაროა მართლა და ალბათ ვერასოდეს გავიგებთ, როგორ შეიძლება ასე ბრბოდ იქცეს ადამიანთა ჯგუფი და მეორე ჯგუფი გაანადგუროს :| ებრაელთა ისტორიაში შოა (იგივე ჰოლოკოსტი) ყველაზე ტრაგიკულია. არსად გასწორებიან ასე ებრაელებს, როგორც შუაგულ ევროპაში, სამწუხაროდ :(
    მიხარია, რომ ასე კარგად გადმოეცი ნანახი.
    შენს შეკითხვაზე კი ასე გიპასუხებ, აუცილებლად უნდა გიყვარდეს შენი, რომ სხვისი დააფასო და შეიყვარო. ისევე როგორც, თუ შენი ახლობელი, ნათესავი არ გეყვარება. უცხო ადამიანს ვერასოდეს შეიყვარებ.

    ReplyDelete
  2. დიდი მადლობა, სოფი ;)
    მიხარია, თუი მოგეწონა და მიხარია, თუ თვული რომ კარგად გადმოვეცი ნანახი, იმიტომ რომ ეს ნაწერი ერთი ამოსუინთქვით დავწერე, ისე რომ არც გამისწორებია არაფერი და არც კომპოზიცია "შევკარი" ასე ვთქვათ.
    სულ ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ვერ გადმოვცემ იმის ნახევარსაც კი, როსო გადმოცემაც მინდა, მაგრამ ეგ ალბათ უბრალო უნიჭობის ბრალია, ანუ მწერლობის ნიჭის არქონის :)
    მაგრამ მაინც ძალიან მსიამოვნებს, ვინმეს თუ მოეწონა...

    ხოლო ებრაული ერის ისტორიას რაც შეეხება, მაინტერესებდა ყოველთვის, რაც ავღნიშნე კიდევაც. დედაჩემს განსაკუთრებით უკვირს, ვინმე მაინც გყავდეს ებრაელიო სადმე სისხლში :P

    ReplyDelete
  3. პრაღის ქუჩებში მომინდა სეირნობა ლამაზ და ჭკვიან გოგონასთან ერთად. :) მოგეხსენება ებრაელების დევნას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს, რამაც თავისი განვითარების უმაღლეს ფაზას ჰიტლერის დროს მიაღწია ნაცისტური იდეოლოგიის გამო. გერმანელების უმრავლესობას ყველაზე კულტურული და განათლებული რომ ეგონათ თავიაანთი თავი მაგიტომაც მოხდა ეგ ამბები. საბოლოოდ კი დამკრძალავი საზოგადოება ფაშიზმს დასჭირდა.

    ReplyDelete
  4. martla saintereso postia...da ebraelebis da germanelebis urtiertoba da saertod nacizmi yvela shemtxvevashi zalian emociuri movlenaa...
    ogond me ragacatom pragis mere sxva qucha damrcha tavshi...xelovnebis ubeni,sadac yvela saxlis pirvel sartulse saxelosno-magasiebia ganlagebuli...

    ReplyDelete