ნუ, სიტყვა “საჭირო” ცოტა შეუსაბამოა ალბათ, გააჩნია ვისთვისაა საჭირო... და საერთოდაც, ბევრმა შეიძლება მიიჩნიოს, რომ საზოგადოებრივი მორალის ფარგლებს გარეთ გასვლა სულაც არ არის საბოდიშო საქმე, რაც ერთისთვის კარგია, მეორესთვის ცუდია და ა.შ. ამჯერად არ მინდა შევიჭრა პოლემიკაში იმის შესახებ, თუ რა არის კარგი და რა არის ცუდი, მითუმეტეს რომ ეს თემა მართლაც და ამოუწურავია და იმდენ “სათუო” ცნებას შეიცავს, რომ დემაგოგიას ვერ ავცდები. ამიტომ მოდით შევთანხმდეთ იმაზე, რომ იმ შემთხვევაში, რომელსაც ახლა მე განვიხილავ (ან ვცდი განხილვას) საქმე ეხება ისეთ სიტუაციას, როდესაც ჩვენ თვითონვე ვხვდებით, რომ რაღაცა დავაშავეთ და ბოდიში გვაქვს მოსახდელი, რადგან ამას მორალი კი არა, არამედ საკუთარი სინდისი გვკარნახობს.
ზოგ ადამიანს უჭირს ბოდიშის მოხდა, ზოგს ისიც კი უჭირს, რომ საერთოდ აღიაროს რომ არ იყო მართალი და რაიმე შეეშალა, ზოგი კი იმდენად “უხერხემლოა”, რომ ნებისმიერი კონფლიქტის გადაჭრის საუკეთესო საშუალებად ამ კონფლიქტის არიდება მიაჩნია და ამას ნებისმიერი ბრალდების გულწრფელი აღიარებით აღწევს.
ძალიან ძნელია ეურთიერთო პირველი კატეგორიის ადამიანებს. როგორც წესი, ისინი საკმაოდ არამიმტევებლები არიან სხვათა შეცდომების მიმართ და არასოდეს გაუშვებენ შანსს რაიმე ნაკლოვანებაზე მიუთითონ მეგობარს. კლასიკური შემთხვევაა საკუთარ თვალში მორის არდანახვის. რაც ყველაზე საინტერესოა, ამ თავის “განსჯადობას” მოხერხებულად ფუთავენ “შენთვის-უკეთესი-მინდა” ქაღალდში და გინდა არ გინდა გულუხვად გტენიან საჩუქრად. აბა გაბედე და არ მიიღო ან, ღმერთმა დაგიფაროს და საპასუხო ძღვენი გაუკეთო, ვერ გადარჩები. “მაპატიე, არ ვიყავი მართალი” – ეს ის ფრაზაა, რომელსაც არასოდეს გაიგონებთ მათგან, სამაგიეროდ, თუ ამის გამო პრეტენზიას გამოთქვამთ, მოგიწევთ ოხრად თქვენ თვითონ მისი განმეორება. საბოლოოდ, ალბათ ყელში გეჩრებათ არსებული დისბალანსი და ნელ-ნელა, მაგრამ მტკიცედ წყვეტთ ყველანაირ კავშირს ასეთ ადამიანებთან...
აქედან დასკვნა, ბოდიშის მოხდა ხანდახან ძალიან საჭიროა ნორმალური ადამიანური ურთიერთობის შესანარჩუნებლად...
მაგრამ, გადაზედმეტებული არაფერი ვარგაო, თქმულა. ადამიანები საზიზღარი ხალხი ვართ, ემოციებს და ხასიათებს ვყვებით ხოლმე ხანდახან და თუ არ მოგვიყვანა ვინმემ აზრზე, გაუკვალავში გავდივართ. ხშირათ ასეთ "აყოლიებას" მივყავვართ სხვათა უსამართლო გაკრიტიკებისკენ ან მთლად უარესი, მეგობრებისათვის უსაფუძვლო ბრალდებების წაყენებისაკენ. არიქა და ყველაა მტყუანი ჩვენი საკუთარი ძვირფასი თავების გარდა... და წარმოიდგინეთ, რა რთულია, როდესაც იმის მაგივრად, რომ მეგობარმა მიგვანიშნოს, რომ არასწორედ ვიქცევით და მოგვიწოდოს აგრესიის ან სხვა რომელიმე არამართებული საქციელის შეწყვეტისკენ, თავად გვიხდის ბოდიშს ჩვენი გაღიზიანებისათვის?! თანაც ორივე კონფლიქტის მონაწილემ ისედაც იცის, ვინაა ამ შემთხვევაში მართალი, მაგრამ ბოდიშს რატომღაც მტყუანი იხდის ერთგვარი “სულგრძელობის” გამოსაჩენად და კონფლიქტის დასრულების მიზნით. საბოლოოდ კი ასეთ საქციელსაც საკმაოდ სავალალო შედეგამდე მივყავვართ – ამ შემთხვევაშიც მეგობრული კავშირი წყდება, მაგრამ უბრალოდ იმიტომ, რომ არავის სურს იურთიეთოს ადამიანთან, რომელსაც საკუთარი პოზიციის დაცვა და საკუთარი სიმართლის დამტკიცება არ შეუძლია.
აქედან მომდევნო დასკვნა – ბოდიში მხოლოდ მაშინ უნდა მოიხადო, როდესაც მართლა მოსახდელია...
თუმცა...
ისევ მიჩნდება ერთი რიტორიკული შეკითხვა...
არ ვიცი, თქვენ დაკვირვებიხართ თუ არა მაგრამ,
რატომაა, რომ მართალისათვის გაცილებით უფრო ადვილია აღიაროს არდაშვებული შეცდომა, ვიდრე მტყუანისათვის მოიხადოს ბოდიში?!