It won't do
To dream of Caramel,
To think of Cinnamon
And long for you...
Wednesday, 30 December 2009
ძალიან მომნატრებია...
Tuesday, 15 December 2009
და აშრიალდა ფარდა...
მე რომ მიყვარს, ისეთი საღამო გავატარე გუშინ. გარეთ საოცრად ციოდა (მოყინა მგონი კიდევაც), სახლში კი გაღუღუნებული რადიატორი, ჩაის ჭიქა და კარგი მოსაუბრე მითბობდა სულს.
სასაუბრო თემა, რასაკვირველია, ჩვენს ირგვლივ მოტრიალე ადამიანები იყვნენ – ბიჭები, გოგოები, მათთან დაკავშირებული ემოციები და პრობლემები. ჩვეულებრივი Girl Talk, რომელიც ასე ჰაერივით გვჭირდება ხანდახან, რომ ცხოვრებაში მოჩვენებითი არეულობა უცებ ძალიან პროპორციულად დალაგდეს ცნობიერების თაროებზე...
ვმსჯელობდით ერთ ჩვენ საერთო ნაცნობზე, რაც, თავისთავად, საკმაოდ ტრივიალურად შეიძლება ჩაითვალოს, მაგრამ საუბარში გაირკვა, რომ ამ გოგონას ჩემეული პიროვნული პორტრეტი რადიკალურად არ ემთხვეოდა ამავე ადამიანის აღწერას ჩემი მოსაუბრის ინტერპრეტაციით. ამ ფაქტმა ძალიან დამაინტრიგა, რადგანაც ზოგადად მე და ჩემს roomate-ს საკმაოდ ჰარმონიული შეფასებითი ტანდემი გვაქვს და ძალიან იშვიათად, რომ განსხვავებული შთაბეჭდილება დაგვრჩეს ამა თუ იმ პიროვნებაზე.
ორივეს ძალიან გაგვიკვირდა ეს ამბავი... ამიტომაც ვიმსჯელეთ ამ განხეთქილების სავარაუდო მიზეზზეც და საბოლოოდ ერთადერთ შესაძლო ახსნამდე მივედით – ჩვენი საერთო ნაცნობი ძალიან კარგი ცხოვრებისეული მსახიობი ყოფილა. ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ის ერთნაირი წარმატებულობით თამაშობდა ერთ როლს ჩემს და აბსოლუტურად სხვანაირს ჩემი roomate-ის წინაშე.
საუბარი ამით კი დამთავრდა, მაგრამ ჩემი ფიქრი არ გაჩერებულა. თავად მსჯელობის საგანი გოგონა, სიმართლე გითხრათ, დიდად არ მაღელვებდა, მაგრამ მის მიერ წამოჭრილმა დილემამ ცოტა არი იყოს და დამაფიქრა...
ჯერ კიდევ შექსპირმა თქვა, რომ მთელი ცხოვრება თეატრია და ადამიანები კი მასში მსახიობები არიან. მარტივი მაგალითისათვის – ერთი და იგივე ადამიანი მშობლებთან შვილის როლს თამაშობს, მეგობრებთან – მეგობრის, ძვირფას ადამიანთან – შეყვარებულის, სამსახურში – მუშაკის... ყოველ ამპლუაში, რა თქმა უნდა, მას გადააქვს ძირითადი პიროვნული თვისებები, რომელბიც მის შინაგან “მე”-ს განუყრელ ნაწილს უნდა შეადგენდნენ...
მაგრამ...
ხშირად ყოფილა ასე, რომ ერთსა და იმავე ამპლუაშიც კი ადამიანი სხვადასხვა როლებს თამაშობს მაინც... ჩემი დაკვირვებით, განსაკუთრებით კარგად ეს ჩანს მაშინ, როდესაც ადამიანი ერთ რომელიმე სოციალურ გარემოშია მოხვედრილი, ანუ, როგორც კიდევ ერთი ჭკვიანური, ამჯერად ხალხური გამონათქვამი გვეუბნება, რა ქვეყანაშიც არის, იმის ქუდს იხურავს...
განსაკუთრებით მკაფიოდ ეს ტენდენცია ინტერნეტსამყაროში შეიმჩნევა... ხშირად გამკვირვებია, ჯერ კიდევ იმ დროს, როდესაც ფორუმზე ხშირად ვპოსტავდი, თუ რამდენად განსხვავებულები არიან ავატარებს ამოფარებული ადამიანები იმ პერსონებისგან, რომლებსაც ისინი ქმნიან ვებსივრცეში... არ ვიცი, ამას შეგნებულად აკეთებენ თუ ასე გამოსდით, მაგრამ თავად ფაქტია საგულისხმო და არა მის უკან მდგომი მოტივები...
კიდევ, დაკვირვებული ვარ, ძალიან მოსწონთ ადამიანებს რაღაც “ტიპაჟისეული” როლები ამოირჩიონ, ორიგინალურობის დასამტკიცებლად და ყველანაირად ცდილობენ, რაღაც კონკრეტული “სახელი გაუვარდეთ”... ასეთი ცვლადი ტიპაჟები კი უამრავია – “სტრანნი”, “სწერვა”, “გაჩითული”, “ნაშა”, “ემო”, “პოხუისტი”, “უკომპლექსო” და ასე შემდეგ. განსაკუთრებით თვალში მხვდება ეს ტიპაჟები როდესაც მათ რომელიმე ჩემი დიდი ხნის ნაცნობი “მოირგებს” – ათმაგად უფრო ყალბად ჩანს...
არანაკლებ პოპულარულია როლები “პუბილკაზე”... ძალიან ხშირად მომისმენია და წამიკითხავს იმაზე, თუ რამდენად განსხვავდებიან ადამიანები აღებულები ცალკე და იგივე ადამიანები გათქვეფილები ხალხში... ყველაზე ხშირი და ადვილადიდენტიფიცირებადი შემთხვევა ამისა არის მაშინ, როდესაც ადამიანი ამტკიცებს, რომ საზოგადოებაში ერთი ხასიათის მქონე პიროვნებასავით იქცევა (მაგალითად, არის მხიარული), ხოლო მარტო როდესაც რჩება, სულ სხვანაირი ხდება (იგივე მაგალითისათვის, ხდება სევდიანი და მელანქოლური).
ანუ, რა გამოდის? გამოდის რომ ერთი და იგივე ადამიანი თავისი ცხოვრების მანძილზე მართლაც უამრავ როლს თამაშობს – ის ერთდროულად შეიძლება იყოს შვილი მშობელთან, შეყვარებული ძვირფას ადამიანთან, მუშაკი სამსახურში, ინტერნეტ-“პოხუისტი” ერთთან და “ემოც” მეორესთან... და ამ ყველაფერთან ერთად საერთოდ სულ სხვა, აბსოლუტურად რადიკალურად განსხვავებული პიროვნება რეალურად?!
კიმაგრამ...
თუ ასეა მართლა, როგორ გავიგოთ, ამ მორგებული როლებიდან რომელი არის მართლაც და როლი და რომელი არის ადამიანის ნამდვილი სახე?!
ამბობენ, რომ ისეთები ვართ, როგორებიც დღის ბოლოს საკუთარ თავებთან ვრჩებით მარტონი მაგრამ... ეს ხომ ისე იშვიათად ხდება... და ისე ცოტახნით... იქნებ, ყოველდილას ფარდის აშრიალებამ და სხვადასხვა როლის თამაშმა იმდენად გადაფარა ის ფუნდამენტი, ბირთვი, სახელად “მე”, რომ ის უკვე ფაქტიურად აღარც ჩანს?
იქნებ, საკუთარი თავების წინაშეც უკვე როლს ვთამაშობთ?!
კონცერტები
განა საყვედურად მითხრა, ისე, ფაქტად აღნიშნა...
მე კი დავფიქრდი, ნეტა რატომ?
ნუ, ერთი მიზეზი ალბათ ისაა, რომ საერთოდ, დამწყები ბლოგერი ვარ, თუ ვარ ბლოგერი საერთოდ და დიდად ვერ ვერკვევი აქაურობის ვიზუალურ გაფორმებაში. მეორე ის, რომ თავიდანვე ჩაფიქრებული მქონდა სადა ბლოგი გამეკეთებინა, წყნარი, არათვალისმომჭრელი ფონით, ჩემი აზრით, ხალხისათვის ადვილი წასაკითხი. და მესამე - ვიზუალური მასალა ანონიმურობის მტერია. მე კი ეს ბლოგი მაინც ასე თუ ისე ინკოგნიტოდ
მინდა დავიცვა...
არადა, ფოტოგრაფია მიყვარს.
ნახევარი წელია დაახლოებით რაც მომეცა საშუალება ისეთი ფოტოები გადავიღო, რომ მთლად უკმაყოფილო არ ვიყო შედეგით, თუნდაც ტექნიკური მხარით...
ასე სპონტანურად მომივიდა იდეა რამოდენიმე ფოტო ამეტვირთა ამ ჩემს ბლოგზე. მართალია, პოსტის სახით, მაგრამ მაინც.
თემატურად ეს ფოტოები ერთმანეთთან კავშირშია - ყველა მათგანი ჩემი უსაყვარლესი შემსრულებლების კონცერტებზეა გადაღებული. ავტორი, ცხადია, მე ვარ.
მაპატიეთ არაპორპორციულობისთვის, კომპოზიციის დარღვევისთვის და საერთოდ, ყველა იმ შეცდომისთვის, რაც მათში, როგორც ფოტოგრაფმა, დავუშვი. საკუთარი თავის გასამართლებლად მხოლოდ იმას ვიყტვი, რომ ყველა მათგანს manual-ის რეჟიმზე ვიღებდი, თანაც ჩემს ირგვლივ საშინელი ჭყლეტვა და აურზაური იყო, ხოლო მე კი შემსრულებლის და კონცერტის ატმოსფეროს დაჭერას ვცდილობდი ობიექტივში...
დიდად არ გამომივიდა, მაგრამ მაინც, here goes...
Sia
Concha Buika
Dee Dee Bridgewater
Take 6
Hugh Masakela
Nouvelle Vague
P. S. აქვე დავამატებ იმ მუსიკოსების ჩამონათვალს, რომელთა კონცერტს მართალია დავესწარი, მაგრამ სხვადასხვა ტექნიკური მიზეზების გამო, ვერ აღვბეჭდე დოკუმენტურად (ძირითადად იმიტომ, რომ გადაღება იყო აკრძალული) - Travis, David Sanborn, Seal, Adele, Jamie Cullum, Jazzanova, Radiohead, Keane, Tiesto.
Saturday, 5 December 2009
To my Best Friend
თუ მძულხარ?
არ ვიცი, ძნელი დასადგენია. დროს გააჩნია, ხასიათს და მემგონი, რაც მთავარია, საჭიროებას.
ძირგავარდნილი ქვევრი ხარ. რამდენიც არ უნდა გტენო, მაინც ყოველთვის ცარიელი ხარ. მაინც ყოველთვის საათობით უნდა ვიდგე შენს წინაშე და გეხვეწო და გეხვეწო რომ დამეხმარო. მუხლებზეც კი უნდა დავიჩოქო ხანდახან. ხანდახან დედაბუდიანად ამოგატრიალო კიდეც მანამ, სანამ ჩემთვის და სიტუაციისათვის მისაღებ გამოსავალს არ შემომთავაზებ.
ამავე დროს, ჩემი უსაყვარლესი გამრთობი ხარ. შენთან ერთად დროის გატარება არასოდეს მეზარება. ხანდახან, როდესაც აბსოლუტური სინაცრისფრეა ცხოვრებაში (და ფანჯარაშიც) ფინჯან ჩაისთან ერთად ძალიან მიყვარს შენთან ჩაჯდომა. მე ჩემს გულს გადაგიშლი ხოლმე, შენ კი – შენსას და ამ გადაშლადობის შედეგებს შემდეგ ერთმანეთს ვუხამებთ. განსაკუთრებით მიყვარს რაღაც მივიწყებული ელემენტების აღმოჩენა და მათთვის ახალი ცხოვრებისა და გამოყენების მიცემა – ყველაფერი ახალი ხომ კარგად დავიწყებული ძველიაო, ამბობენ. თუმცა, არის შემთხვევები როდესაც როგორც ჩემი, ისევე შენი რეალობიდან რაღაცა უბრალოდ და უკანმოუხედავად უნდა წაიშალოს. გეთანხმები, ძნელი გასაკეთებელია, მაგრამ ჩვენ ხომ გამბედავი გოგონები ვართ და ამას მაინც ვახერხებთ.
ძველის ახლადაღმოჩენაზე მეტად მხოლოდ ახლის განხილვა თუ მიყვარს. საათობით შემიძლია შენთან ერთად ვიჯდე და ვიმსჯელო სიახლეებზე და რაც უფრო მეტს ვისაუბრებთ მათზე, მით უფრო დადებითად დამამახსოვრდება ეს ახალი ამბები. ხანდახან, როდესაც განსაკუთრებით ბევრი სიახლეა ხოლმე ჩვენს ცხოვრებებში, ან კიდევ, რაოდენობრივად ცოტაა, მაგრამ ძაააააალიან მნიშვნელოვანია, მარტო მე და შენ ვეღარ ვიტევთ ამდენ ბედნიერებას და აუცილებლად ვსაჭიროებთ თანამონაწილეებს. და ისინიც არ აყოვნებენ გამოჩენას, აღფრთოვანებითა და პოზიტიური შეფასებებით.
შენს გარეშე უბრალოდ ვერ წარმომიდგენია ჩემი თავი. შენ ჩემი ცხოვრების ყოველ ასპექტს განსაზღვრავ და ყველგან დამყვები, იქნება ეს ვარჯიშზე წასვლა თუ რაიმე სუპერპრეტენზიული წვეულება. ჩემი ხასიათის პირდაპირი გამოხატულება ხარ და სწორედ ეს მომწონს შენში. ბევრს, აქედან გამომდინარე, შენი არ ესმის და ზოგჯერ ზედმეტად პრეტენზიულად გთვლის, ზოგჯერ კი ზედმეტად უბრალოდ. თუმცა, მინდა ვთქვა, რომ ყოველთვის ამჩნევენ შენს უნიკალურობას.
მართალია, როგორც ყველას ამ ცხოვრებაში, შენც მოგსვლია უამრავი შეცდომა წარსულში, განსაკუთრებით ადრეულ თინეიჯერობის ასაკში, მაგრამ, ჩემი არ იყოს, ასაკთან ერთად ჭკუაც გემატება და გემოვნებაც. ამიტომ, სულაც არაა გასაკვირი, რომ ევროპა შენც ძალიან მოგიხდა. ახლა უკვე არა მარტო მე, არამედ უამრავ ჩემ მეგობარსა და ნაცნობ მოწონხარ და, რაც მთავარია, გამჩნევენ... და იმიტომ კი არა, რომ თვალში საცემი ხარ, არამედ იმიტომ, რომ გაგაჩნია შენი საკუთარი, განუმეორებელი, სადა, მაგრამ არაიაფფასიანი, მრავალფეროვანი, მაგრამ ამავე დროს შეთანხმებული სტილი...
ერთი სული მაქვს, როდის შეგმატებ კიდევ რამოდენიმე ელემენტს ამ თვის ბოლოსკენ. დარწმუნებული ვარ, ძალიან მოგიხდება!
ჩემო ძვირფასო
გარდერობო...
P. S. ეს პოსტი ეძღვნება ნატალიას აი ამ პოსტს,
ჩემს ახლანდელ გატაცებას nu jazz-ით
და ჩემს ბერეტს :)
Tuesday, 1 December 2009
To the Big One
საოცარი ვინმე ხარ.
მთელი ცხოვრებაა გიცნობ, მაგრამ ასე მგონია, ბოლომდე ვერასოდეს გაგიცნობ. ყოველთვის აღმოჩნდება რაღაც ახალი შტრიხი, რომელიც აქამდე შენში არ შემიმჩნევია...
მემგონი, ყველა შენი საოცარი მახასიათებელი თვისდება ერთადერთი რამის ბრალია – პიროვნული გაორება გჭირს. ხომ არსებობს ასეთი დაავადება? ფსიქოლოგებისაგან გამიგია. განსაკუთრებით ხშირად ემართებათ საზოგადო ფიგურებს – ეკრანზე, სცენაზე, პუბლიკის წინაშე ერთნი არიან, ხოლო ყოველდღიურ ცხოვრებაში აბსოლუტურად სხვანაირები. შენც ასეთი ხარ. ხანდახან, როდესაც გხედავ ტელევიზორში, გაზეთში, ინტერნეტში, ძლივს ვიკავებ ყბას ჩამოვარდნისგან... არადა ჩვეულებრივ, მარტივ, ყოველდღიურ ვარიანტში რამდენად სხვანაირი ხარ...
ეს ბოლო წელიწადნახევარია შენი ყოველდღიურობა დამავიწყდა. ცხადია, ამის მიზეზი ისაა, რომ საქართველოს მოწყვეტილი ვარ. ხოდა გული მტკივა რაღაც... ამ ბოლო დროს მხოლოდ შენს საზოგადოებრივ ნაწილს ვხედავ ხოლმე და ძალიან მაწუხებ ასეთი...
იცი რა არ მომწონს შენში ყველაზე ძალიან?! ყველაფერში განტევების ვაცს ეძებ...
აი მაგალითად, ხშირად წუწუნებ მძიმე სინამდვილეზე, ყოველდღიურ ყოფაზე... წუწუნებ, რომ გშია, რომ გცივა, რომ არ გაქვს არაფრის მატერიალური საშუალება... და იმის მაგივრად რომ აიღო და ბოდიში და ერთი ადგილი მოიფხანო, მზად ხარ ყველას და ყველაფერს დააბრალო არსებული ვითარება – დაწყებული ცუდი მთავრობიდან დამთავრებული არახელსაყრელი კლიმატური პირობებით... არადა ეს მთავრობაც ხომ შენი არჩეულია, არა? და ბოლოს და ბოლოს, მთავრობაშიც ხომ ადამიანები არიან და შეუძლებელია ერთი ჯადოსნური საარჩევნო პროგრამით რომელიმე პოლიტიკოსმა რამოდენიმე წელიწადში მართლაც და ააყვავოს ეკონომიკა?! ეს ხომ აბსურდია! კლიმატურ პირობებს რაც შეეხება – საქართველო უნიკალური ქვეყანაა, ჩვენს ერთ ბეწო ტერიტორიაზე უამრავი კლიმატური სარტყელი იყრის თავს და მოდი, დადებით მხარეს შეხედე, არ გინდა?! ერთ წელს ზაფხულში გვალვა თუა, იქნებ ზამთარში ზვავები აღარ ჩამოწვნენ...
ან მაგალითად, ჩავარდები ხოლმე ნოსტალგიაში... არიქა და რა კარგი იყო თუნდაც კომუნისტების დროს, როგორ დაფრინავდი მოსკოვში 32 მანეთად, ძეხვი 7 მანეთი და 56 კაპიკი ღირდა და ხელფასით ხალხი ცხოვრობდა... ან კიდევ მთლად კიდევ უფრო უკან გადავარდები, აწ უკვე ისტორიულ მოგონებებში და იწყებ გაუთავებელ მჯიღის გულში რტყმას და იმაზე საუბარს, თუ როგორი რაინდები გვყავდა წარსულში, რა გენიალური წიგნია ვეფხისტყაოსანი და როგორი ლამაზი იყო საქართველო გადაჭიმული ნიკოფსიიდან დარუბანდამდე... კიბატონო, ამას არავინ გართმევს, მაგრამ როდემდე?! გასაგებია, რომ საგმირო წარსული გვქონდა და კომუნისტების დროს არავის შიოდა, მაგრამ არასოდეს დაფიქრებულხარ, რომ ახლა ის დრო კარგად გეჩვენება, იმიტომ რომ აღარ არის?! ხომ იცი, ადამიანის მეხსიერება ადვილად ივიწყებს ცუდს და წლების საკმაოდ ჩაბურული ფარდის უკან არც თუ ისე სწორად და მკაფიოდ ჩანს ყველაფერი, როგორც იყო... და საერთოდ, იქნებ გეყოფა წუწუნი წარსულზე და ბოლოს და ბოლოს მიხედო მომავალს?! და თუ მაინცდამაინც გინდა ამაზე ილაპარაკო, იქნებ გამოიყენო წარსული, როგორც შთაგონება და შეგრცხვეს იმისა, რასაც დღეს წარმოადგენ?! მაგრამ არა, აქაც ხომ განტევების ვაცი გყავს - ეს არის დაქცეული ეკონომიკის ბრალი რომლის ასაღორძინებლად, შენ, რა თქმა უნდა, ვერაფერს გაახერხებ...
ან კიდევ, გაუთავებლად მოთქვამ იმაზე, რომ არ მოგწონს საკუთარი თავი. გარეგნობაზე არ ვლაპარაკობ ამ შემთხვევაში, პიროვნულობაზე მაქვს საუბარი. თან ყველაზე ცუდი რა არის იცი? არ მოგწონს ერთია, ეგ არასოდეს ყოფილა ვინმესთვის პრობლემა – როდესაც მიხვდები, რა არ მოგწონს, მერე ცვლი ამას და ეს ცხოვრების ბუნებრივი ნაწილია. მაგრამ შენი უბედურება სწორედ ესაა, რომ არ იცი რა არ მოგწონს – ერთ დღეს იძახი რომ ძალიან ჩამორჩენილი აზროვნება გაქვს და უფრო თანამედროვე უნდა გახდე... მეორე დღეს რაღაც სხვა ბუზი გიკბენს და ტრადიციულობას აწვები... და საბოლოოდ რაღაც ისეთი აჯაბსანდალი გამოდის, რომ არც იქით ხარ, არც აქეთ და კრილოვის იგავის არ იყოს, Да только воз и ныне там... ეს ყველაფერი კი, შენი თქმით და მყარი რწმენით, ხან თავსმოხვეული უცხოური კულტურის ან კიდევ ძველი თაობების არქაისტული ჩამორჩენილობის ბრალია (გააჩნია, რომელ მსოფლმხედველობას ქადაგებ ამ კონკრეტულ მომენტში)...
ყველასი და ყველაფრის ბრალია, შენს გარდა...
არადა, ყოველდღიურობაში ხომ სულ სხვანაირი მახსოვხარ...
ერთადერთი, განუმეორებელი, თბილი, სტუმარტმოყვარე, მხიარული, გულუხვი, გვერშიმდგომი და ხელგაშლილი მაშინაც კი, როდესაც არაფერი გაგაჩნია...
და ასეთი რომ მახსენდები, მიხარია, რომ მეც შენი ნაწილი ვარ, მთელი ჩემი პატარა მიკროკოსმოსით...
ჩემო საყვარელო
ქართველო ერო...
P. S. ამ სიმღერას გიძღვნი განწყობიუსათვის ;)
Friday, 27 November 2009
უმარილო მადლი
დიდი ხანია მაქვს სურვილი დავწერო იმ საღამოს შესახებ, რომელიც საქართველოს საელჩოში გავატარე დაახლოებით ერთი თვის წინ. მიზეზი იმისა, თუ რატომ არაფერი დამიწერია ამ დრომდე, გახლავთ ის, რომ ზედმეტად ურთიერთგასმომრიცხავი ემოცია და აზრი მიტრიალებდა თავში და ველოდებოდი, როდის “გაფილტრავდა” დრო მათ უმრავლესობას და საბოლოოდ ყველაზე საგულისხმო და წონიანს დატოვებდა ჩემს მეხსიერებაში.
მაშ ასე, რა მინდოდა საელჩოში?
ერთ მშვენიერ დღეს ელ-ფოსტაზე მომივიდა მოსაწვევი: საქართველოს ელჩი მეპატიჟებოდა დავსწრებოდი სადისკუსიო საღამოს თემაზე “ხელოვანის როლი დღევანდელ ქართულ პოლიტიკაში”. სპეციალურად ამ ღონისძიებისათვის საქართველოდან ჩამოვიდნენ გოგი გვახარია, ლაშა ბუღაძე, დავით ტურაშვილი და რატი ამაღლობელი. რა თქმა უნდა, ფრიად მოვიხიბლე აღნიშნული შესაძლებლობით და დანიშნულ დღეს ზომიერად და ამავე დროს, ოდნავ ოფიციალურად გაპრანჭული წამოვიჭიმე საელჩოს კარის ზღურბლზე.
თავიდან მინდოდა დამეწერა იმაზე, თუ რაზე იყო იმ საღამოს დისკუსია, მაგრამ მალევე მივხვდი, რომ ეს ფუჭი წამოწყება გამოვიდოდა. ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ, რომ ქართველებს პოლემიკის კულტურა არ გაგვაჩნია. ყველაზე განათლებულ საზოგადოების წევრებსაც კი საკუთარი თავების სმენა ურჩევნიათ ყველაფერს... ამიტომ, მხოლოდ რამოდენიმე იქ თქმულ მარგალიტზე მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება.
გოგი გვახარიას ზოგადად პატივს ვცემდი. თუნდაც იმიტომ, რომ საკუთარ სფეროში კარგ პროფესიონალად მიმაჩნდა და, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, განათელბული კაცია. მართლაც, თავდაპირველად ყველაფერი გადასარევად დაიწყო – ბევრი ისაუბრა იმაზე, თუ როგორი დამოკიდებული მედია გვყავს საქართველოში, რომ რეალურად დეზინფორმაციის და ხალხის დაშინების მეტს არაფერს აკეთებს და ხანდახან აბსოლუტურად დაუჯერებელ და აბსურდულ ფაქტებს ისე აჭმევს საზოგადოებას, როგორც წმინდა წყლის ჭშმარიტებას. თუნდაც აგვისტოს ომის დროს. და მერე, უცებ, არ ვიცი საიდან, დასძინა, რომ მის ხელთ არსებული აბსოლუტურად სანდო ინფორმაციით, თბილისში სწორედ იმ დროს 250 000 “კაგებე”-ს აგენტი იმყოფებოდა...
კარგით რა, ბატონო გოგი! არ გცხვენიათ?! მედიისგან მოწოდებული დეზინფორმაცია არ უნდა მივიღოთ და თქვენი პირიდან აღმოხდილი სისულელე მშვიდად გადავყლაპოთ?! დავიჯეროთ, რომ თქვენ ასე, უბრალოდ, ხელთ გაქვთ ეს ალბათ ათმაგად გასაიდუმლოებული ინფორმაცია და ასე თამამად ააშკარავებთ?!
რატი ამაღლობელი ბევრს საუბრობდა ქართულ კულტურაზე. ის ამბობდა, რომ საქართველომ თავისი დღევანდელი სავალალო მდგომარეობიდან გამოსავალი ევროპის და ამეირკის მაგალითიდან კი არა, არამედ საკუთარი ისტორიული განვითარებიდან გამომდინარე უნდა მოიძიოს, რადგანაც მხოლოდ ის იქნება მისთვის ადეკვატური და შესაბამისად, ეფექტური. ძნელია არ დავეთანხმოთ ამ შემთხვევაში...
მაგრამ, ბატონო რატი, რატომაა რომ თქვენ ელემენტარულად არ აცლით ადამიანს აუდიტორიიდან დაგისვათ კითხვა? ან, რატომაა რომ თქვენი თანამოსაუბრის შუა სიტყვაში ფეხზე დგებით, აცხადებთ რომ ამ კითხივს ბოლომდე ნამდვილად ვერ მოითმენთ და მოსაწევად გადიხართ?! ნუთუ ეს თქვენ მიერ ნაქები ქართული კულტურის შემადგენელი ნაწილია?!
ბატონი ლაშა ბუღაძე მოგვიწოდებდა, არ დაგვევიწყა უზენაესი და უანგარო სიყვარული. ისეთი სიყვარული, რომელიც კონფერანსიეს მიერ შუაში გაწყვეტილ მაილს დევისის კონცერტზე ეუფლება მავანსს, როდესაც გამოუცხადებენ რომ ბერლინის კედელი დაინგრა... ისეთი სიყვარული, რომლიც საფეხბურთო მატჩის დამთავრებისას გამარჯვებული გუნდის გულშემატკივარ ქალბატონს ბარის “სტოიკაზე” აიყვანს და მთელი შეკრებილი საზოგადოებისათვის სტრიპტიზს ჩაატარებინებს (გთხოვთ გაითვალისწინოთ, აქ არაფერს შუაშია გარყვნილება, მხოლოდ და მხოლოდ შიშველ ემოციებზე ვსაუბრობთ... როგორც ჩანს...).
ეს ყველაფერი კარგი, ბატონო ლაშა, მაგრამ... თუ თავად თქვენ მუდამ გახსოვთ ეს სიყვარული, იქნებ არ გადამიაროთ თავზე თქვენს ახალგაზრდა თანამემამულეს და არ გამიტანოთ თქვენი ბასრი იდაყვით მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი არც თუ ისე მასიური სხეული ერთადერთი დაბრკოლებაა თქვენსა და ფენოვან ხაჭაპურებით გავსებულ თეფშს შორის... ან თუ მაინცდამაინც გინდათ ასე ძალიან ეს ხაჭაპურები (მოგენატრებოდათ, ერთი კვირით სამშობლოდან მოწყვეტილს), ბოდიში მაინც მომიხადოთ?!
დავით ტურაშვილი ამბობდა, რომ უნდა დავიშალოთ პატრიარქის ბრეჟნევიზაცია და ქურდული მენტალიტეტი... მადლობელი ფრიად, ბატონო დავით, მაგრამ ჩემს უკან მსხდომ აჩი და რეზი არველაძეებს ხომ არ ესმით, თქვენ რას გულისხმობთ და ამიტომ არ გაცლიან თქმას – მყისვე მკრეხელობას დაგწამებენ (სად კომუნისტი ბრეჟნები და სად ჩვენი პატრიარქი) და აქეთ შეგეკითხებიან, პამიდორს თუ ჭამთ და რა ცხოვრებით ცხოვრობთ... და ნუ დაიბნევით, ბატონო დავით, ისინი ხომ ჩვეულებრივი, ყოველდღიური ქართული საზოგადოების ტიპური წარმომადგენელბი არიან და მათ თუ ვერ აგებინებთ სათქმელს, ვერც სხვებს გააგებინებთ...
და ამ ყველაფრის მერე, ბუნებრივია, იბადება კითხვა, რა შუაშია აქ ხელოვანის როლი, არა? მინდა დაგამშვიდოთ – ეს კითხვა დისკუსიის დასრულებამდე ათი წუთით ადრე, როგორც იქნა, დაისვა და პასუხი გამაოგნებლად ერთსულოვანი იყო – არც არაფერი შეუძლიაო თურმე. აი ასე.
მე კი სხვა კითხვა უფრო მაწუხებდა ამ მთელი დროის განმავლობაში...
ჩემი სანუკვარი, ასეთი ახლობელი და გათავისებული რიტორიკული შეკითხვა...
P. S. დისკუსიის ბოლოს ყოველ მოსაუბრეს შოთი არველაძემ საინტერესო კითხვა დაუსვა:
- ბატონო გოგი, ლექციების კითხვას გიშლიან?
არაო, იყო პასუხი.
- ბატონო რატი, ლექსების წერას გიშლიან?
არაო, იყო პასუხი.
- ბატონო ლაშა, პიესების წერას გიშლიან?
არაო, იყო პასუხი.
- ბატონო დავით, მოთხრობების წერას გიშლიან?
არაო, იყო პასუხი...
- აბა ფეხბურთის თამაშს მეც არ მიშლიან და ეგებ ყველამ ჩვენ ჩვენი საქმე რომ ვაკეთოთ, ეშველება კიდევაც ამ ჩვენს ქვეყანას რამე..
ყოჩაღ, შოთი...
Wednesday, 25 November 2009
რა და როგორ ანუ, რატრომაც არა
ყველა ადამიანის ცხოვრებაში მომხდარა ალბათ (თანაც არაერთხელ) პიროვნული შეუთავსებლობის კატაკლიზმი. უფრო მარტივი ენით რომ ვთქვათ – მოგვწონებია ადამიანი, მას კი რატომღაც არა. რა დასანანია.
მოწონებაში მაინცდამაინც რომანტიკულ მიზიდულობას არ ვგულისხმობ, თუმცა, ალბათ არსებული შეუთავსებლობებიდან ეს ალბათ ყველაზე მწარეა.
ადრე არასოდეს დავფიქრებულვარ რეალურად იმაზე, თუ რატომ ხდება ასე. უფრო ახალგაზრდა და შესაბამისად, უფრო რადიკალური და ფატალისტური რომ ვიყავი, ვამბობდი, რას იზამ, ასდოლარიანი არ ვარ ყველას რომ მოვეწონო-მეთქი და ამ დებულებას მესამე პირთა შეუთავსებლობების მიმართაც ვავრცელებდი. ახლა კი ვხვდები, რომ არც ისე მარტივად არ არის საქმე, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.
რატომ არის ხოლმე, რომ ჩვენი სიმპატია პიროვნების მიმართ ხანდახან უპასუხოდ რჩება? ანუ, თუ ჩვენგან კი, რატომ არა მართგან?!
პასუხად გთავაზობთ ჩემს მიერ ნაპოვნ და განზოგადებულ მიზეზთა “საუკეთესო” სამეულს.
I. ინტერესები.
ალბათ გასაგებია, რომ თუ ერთ ადამიანს აინტერესებს მუსიკა, ხოლო მეორეს ავტომობილები, მელომანს ძალიანაც რომ უნდოდეს, ძნელად თუ მოახერხებს ავტომოყვარულის გულის მოგებას. გასაგებია, რომ რეალურ ცხოვრებაში ადამიანები საბედნიეროდ არ არიან ასე სწორხაზოვანნი, მაგრამ ეს არანაირად არ გამორიცხავს ინტერესთა შეუთავსებლობის ნიადაგზე პიროვნული შეუთავსებლობის აღმოცენებას. ისიც მგონი ნათელია, რომ თუ ორივე ადამიანს აინტერესებს ვთქვათ არქეოლოგია, მათთვის გაცილებით უფრო ადვილი იქნება ურთიერთგაგების დამყარება. სწორედ ამიტომ არსებობს უამრავი საზოგადოება, წრე თუ სხვა რამ, რომლიც საერთო ინტერესების მქონე ადამიანებს აერთიანებს. და არანაკლებ ხშირია ასეთი საერთო ინტერესებიდან აღმოცენებული ბედნიერი ოჯახებიც.
II. წარმომავლობა
აქ შედის უამრავი ფაქტორი, რომლებზეც აბსტრაქტულად საუბარი ძალიან შორს წამიყვანს. ამიტომ ისევ მარტივი თვალსაჩინო მაგალითით შევეცდები ჩემი აზრის ილუსტრირებას – თუ ერთი ადამიანი არის იაპონიიდან, ხოლო მეორე კი თუნდაც საქართველოდან, უფრო დიდია ალბათობა იმისა, რომ ისინი ერთმანეთს “ვერ გაუგებენ”. და ამაში მხოლოდ ენის ბარიერი არ იქნება დამნაშავე – აღზრდა, ყოველდღიური ცხოვრების წესი, ეტიკეტი და უამრავი სხვა ფაქტორი განაპირობებს იმას, რომ რამდენიც არ უნდა იწვალოს იაპონელმა, ქართველს გულს ვერ მოუთაფლავს. ასეთ რადიკალურ პოლუსებზეც რომ არ ვისაუბროთ, ხშირადაა რომ ერთი თბილისელი ადამიანი მეორეს თავს ვერ აწონებს იმის გამო რომ სიმპატიის ობიექტი ვაკელია, ხოლო სუბიექტი კი გლდანელი.
III. გარეგნობა
რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ამ ფაქტორს არა მარტო რომანტიულ ურთიერთობებში აქვს დიდი მნიშნველობა. სიმართლე იმაში მდგომარეობს, რომ რამდენიც არ უნდა ვეცადოთ ამის უარყოფას, გარეგნობა ადამიანის საუკეთესო სავიზიტო ბარათია და გადამწყვეტი ძალა აქვს პირველი შთაბეჭდილების შექმნაში. გარდა ამისა, გარეგნობის მიხედვით ძალიან ხშირად შესაძლებელია ამოიცნო ადამიანის მიახლოებითი ინტერესებიც (თუ ხელოვნება უყვარს, ბოჰემურად ეცმევა, ხოლო თუ “როკერია”, ტატუებით და პირსინგებით ექნება მორთული სხეული) და წარმომავლობაც (ეთნიკური კუთვნილება თავისთავად აშკარაა, ხოლო “ვაკელ-გლდანელობა” ჩაცმულობის სტილითაც თვალსაჩინოდ ადვილად ამოცნობადია). Dა სულ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მიუხედავად იმისა, რომ ხალხური სიბრძნე საწინააღმდეგოს გვასწავლის, თუ შეფუთვა არ მოგვწონს, შიგთავსით დაინტერესებაც კი არ გვინდა, ასეთია ადამიანის ბუნება...
ასე და ამგვარად გამომივიდა იდეალური “შეთავსებადობის” ფორმულა – თუ გაქვთ შესაბამისი ინტერესები, და გარეგნობა – გილოცავთ, თქვენი სიმპატია გარანტირებულად გაზიარებული აღმოჩნდება!
მაგრამ...
ყველა წესიდან არსებობს გამონაკლისიო და ამ წესის ( ;) )დასამტკიცებლად რამოდენიმე მაგალითი შემიძლია მოვიყვანო:
ხშირადაა, რომ ერთი და იმავე რეჟისორის ფანატებს 5 წუთის შემდეგ არაფერზე აქვთ სალაპარაკო, ხოლო ავტომოყვარული და მელომანი წლების მანძილზე დაგრიალობენ ღამის ქუჩებში მანქანით და უსმენენ რადიოს... მთავარია, ერთს თქმა შეეძლოს და მეორეს მოსმენა სურდეს...
ორი იაპონელი ჩამოჯდება და დიდი დიდი ქვეყნის პოლიტიკაზე გაისაუბრებს და ახალ ამბებზე, თურქი და შვედი კი საათობით გაართობს ერთმანეთს საინტერესო ნაციონალური ჩვეულებების მოყოლით... და აქაც, მთავარია, ერთს თქმა შეეძლოს და მეორეს მოსმენა სურდეს...
გარეგნობაზე ხომ საერთოდ არაფერს ვამბობ – ისეთი წყვილები, როგორიცაა სერჟ გეინსბორო და ელენ ბირკინი ყველა სხვა მაგალითზე უკეთ ასახავს ჩემს აზრს... შეიძლება ადამიანი სულ არ იყო ლამაზი, მაგრამ ისეთი ქარიზმა გამოიმუშავო, მთელი მსოფლიო შენზე გიჟდებოდეს...
და რახან არსებობენ ეს გამონაკლისები, ესეიგი, არის რაღაც მიზეზი, არა?!
იქნებ საქმე იმაში კი არაა, რა ინტერესი, წარმომავლობა თუ გარეგნობა გვაქვს,
არამედ თუ როგორ გამოვხატავთ მათ?!
Saturday, 21 November 2009
სიყვარულების შესახებ
ჯერ ის, რომ არის ე.წ. “ქალ-ვაჟური” (ან თუნდაც ჰომოსექსუალური, ვიყოთ პოლიტიკურად კორექტულები), დედა-შვილური და ოჯახური, მეგობრული, კეთილმეზობლურიც კი... რა თქმა უნდა, ყველა ზემოთხსენებული ტიპის განხილვას არც კი შევეცდები, მით უფრო რომ არც გამაჩნია სურვილი... ადვილი მისახვედრია ალბათ, რომელ ერთზე შევაჩერებ არჩევანს.
თითოეულ ადამიანსაც სხვადასხვანაირად უყვარს. ამბობენ, რამდენი ადამიანიცაა, იმდენნაირი სიყვარულიც არსებობსო. ძნელია არ დაეთანხმო. მითუმეტეს, რომ ხანდახან ერთსა და იმავე პიროვნებას სხვადასხვანაირად უყვარს ცხოვრების მანძილზე სხვადასხვა ადამიანი.
ყველაზე მძაფრი, როგორც წესი, პირველი სიყვარულია. ყოველ შემთხვევაში, ასე არის ჩემს მიერ გაგონილ უმეტეს შემთხვევაში (და ამას მოწმობს ჩემი პიროვნული გამოცდილებაც). რატომაა მძაფრი? ალბათ იმიტომ, რომ პირველად როცა გვიყვარს, უკანმოუხედავად გვიყვარს... არ გვაინტერესებს რა იქნება მომავალში, ვუხდებით თუ არა ერთმანეთს პიროვნულად, საერთოდ, ვიქნებით თუ არა ჩვენი გრძნობის ობიექტთან ერთად ოდესმე. უბრალოდ გვიყვარს, და მორჩა. ყოველგვარი ლოგიკისა და აზრის წინააღმდეგაც კი (და ხშირად, ჩვენი მშობლებისაც). გვიყვარს სულისშემაძრწუნებლად, პათეტიკურად, ხანდახან უიმედოდ, ხანდახან ბედნიერად… უფრო ხშირად კი, ამ ყველაფრის ერთობლიობით. ზოგს უმართლებს და ეს პირველი გრძნობა მათი ერთადერთი და უმთავრესი ხდება, ზოგი კი, წარუმატებლობის შემდეგ აგრძელებს გზას და ძიებას.
არის კიდევ პლატონური სიყვარული. საქართველოში უმეტესობა ასეთია. ოღონდაც იმიტომ კი არა, რომ თავად გრძნობაა ასეთი არაფრისმომთხოვნი და უმწიკვლო, არამედ ძირითადად იმიტომ რომ “აბა მერე ცოლად რომ არ მომიყვანოს?!” ანდა კიდევ “ეგ მე თუ დამნებდა, სხვასაც დანებდება”. გამონაკლისებს, როდესაც თავს რელიგიური ან სხვა რაიმე საფუძვლიანი მიზეზის გამო იკავებენ, არ ვეხები. ჩემი ღრმა რწმენით, პლატონურ სიყვარულს დიდი ხნის მომავალი არ უწერია, ის მხოლოდ ლამაზ ეპისტოლარულ რომანებში თუ ცოცხლობს. თუმცა ეს მხოლოდ ჩემი აზრით, ისევ და ისევ, რა ვქნა რომ ლაურა მე არა ვარ და არც პეტრარკას წერილებს და სონეტებს ველი...
პლატონური სიყვარულის ანტიპოდია სექსუალური ლტოლვა. ან თუნდაც უბრალო მიზიდულობა. ინგლისურად ამ ფენომენს ასეთ საინტერესო ტერმინად მოიხსენიებენ – chemistry. და მართლაც, ეს განმარტება, ჩემი აზრით, ყველაზე ახლოს დგას ამ ფენომენის არსთან, იმიტომ რომ თუ არა ფერომონებით, რითი ახსნი ამ გაუაზრებელ სურვილს შეეხო ახალგაცნობილ ადამიანს, თუნდაც ის სრულიადაც არ მოგწონდეს, როგორც პიროვნება... აქვე მინდა ვთქვა, რომ გავრცელებული მითის საწინააღმდეგოდ, ასეთი ლტოლვა არა მარტო კაცებს აქვთ, არამედ ქალებსაც. ამას პირადი გამოცდილებიდან ვიძახი ასევე და რავიცი, ბოლოს რომ სარკეში ჩავიხედე, დამიმოწმა, თუ რომელ სქესს განვეკუთვნები...
არსებობს კიდევ ცალმხრივი სიყვარული. მწარე რამეა ძალიან, მტკივნეული, განსაკუთრებით ეგოცენტრიული ადამიანებისათვის, თუმცა, ჩემი აზრით, აუცილებელი. თუ ცალმხრივად არ გყვარებია, არ გყვარებია “საზღაურის” მიღების გარეშე, ვერასოდეს შეიყვარებ ნამდვილად. ცალმხრივი სიყვარულის კიდევ ის მომწონს, რომ ძალიან “პროდუქტიულია”. თუ დავაკვირდებით, ყველაზე კარგი წინგნები, ლექსები, მუსიკალური შედევრები ცალმხრივი სიყვარულის ნიადაგზე შექმნილა... ძალიან მარტივი პირადი პარალელი – ბლოგზე გაცილებით მეტს მაშინ ვწერ, როდესაც გულგატეხილობა მიტევს...
ზემოთჩამოთვლილის გარდა კიდევ უამრავი სიყვარული არსებობს... როგორც უკვე ვთქვი, ყველას ჩვენ-ჩვენი გაგვაჩნია, მაგრამ მთავარი ეს არ არის... მთავარი უფრო ისაა მგონი, როგორ ვიპოვოთ ამდენ არსებულ ვარიანტში ნამდვილი?!
და ალბათ სწორი პასუხი ამ კითხვაზე არ არსებობს...
ისევ და ისევ იმიტომ, რომ ეს პასუხი ყველას ჩვენ ჩვენებურად გვესახება.
მე ერთს დავამატებ მხოლოდ,
ჩემს პასუხს.
ჩემი ნამდვილი სიყვარული ადვილია...
წლები დამჭირდა იმისათვის, რომ მივსულვიყავი ამ დასკვნამდე.
ჩემი სიყვარული მშვიდია, მაგრამ ვნებიანი. ჩემი სიყვარული მსუბუქია, მაგრამ ძლიერი. ჩემი სიყვარული არ არის საზოგადოებაზე გათვლილი, ის მხოლოდ ერთი ადამიანისაა. ჩემი სიყვარული არ აყენებს მოთხოვნებს, ის უბრალოდ სიცოცხლის კალაპოტს მიყვება. ჩემი სიყვარული ტკბება ერთად გატერებული წუთით და არ დარდობს უერთმანეთოდ გატარებულ დღეზე... ჩემი სიყვარული ბევრს არ ლაპარაკობს საკუთარ თავზე, მაგრამ სამაგიეროდ ბევრს მაწერინებს... ჩემი სიყვარული არ არის ცხოვრების არსი, ის მისი თანამდევია... ჩემი სიყვარული არ აწყობს გეგმებს, ის ტკბება დღევანდელი დღით...
ბოლოს და ბოლოს, ვინ იცის, რამდენი ბედნიერი დღე შეიძლება ჩაითვალოს მარადისობად?!
P. S.
Monday, 26 October 2009
Update
დრო მოვიდა მორიგი შემეცნებით-სამეცნიერო შეჯამებნა გავაკეთო ჩემი გასული ცხოვრების გარკევული პერიოდის. მახსოვს რა, რომ წინა ამ სახის პოსტმა საკმაო პოპულარობით ისარგებლა, შევეცდები რომ არ დავაგდო "დონე" და ესეც მაქსიმალურად საინტერესო გავხადო მკითხველისათვის. მაშ ასე, წავიდა:
გავუშინაურდი ბლოგს: გაშინაურებაში იმას ვგულისხმობ, რომ, როგორც იქნა, დავადგინე, როგორი სახით და სტილით უნდა ვეურთიერთო ჩემს აქაურობას. არ გამომივა ყოველდღე ან თუნდაც კვირაში რამოდენიმჯერ პოსტვა, ნონსენსია. არ შემიძლია ჩემი ცხოვრებისეული ქორონოლოგიის გამოფენა და არც ვთვლი საჭიროდ, მიუხედავად იმისა, რომ სხვა ასეთი ბლოგების კითხვა ძალიან მიყვარს. მაგრამ ჩემით მაინც არ და ვერც გავაკეთებ - ჯერ ერთი, მიზანმიმართულება და ნებისყოფა არ მეყოფა, მეორეც ერთი - არ ვთვლი რომ ჩემი ყოველდღიური ცხოვრება მაინცდამაინც საინტერესო წასაკითხია და მესამეც - არ შემიძლია ლაპარაკი, როდესაც არ "მელაპარაკებინება" და შესაბამისად, იგივე გავრცელდა წერაზეც. აქედან გამომდინარე შევიმუშავე იდეალური ვარიანტი - ჩემი ცნობიერება უკვე ცნობს ე.წ. "საბლოგო აზრებს" როდესაც ასეთები მიჩნდება თავში და მერე, რამოდენიმე დღე ტვინში ვამუშავებ. შემდეგ ნელ ნელა ფურცელზე გადამაქვს და ბოლოს, როდესაც მივხვდები, რომ ნამდვილად ღირს ეს აზრი გამოსახატავად, ვაგდებ ვებ-სივრცეში. აი მერე კი იწყება ყველაზე საინტერესო რამ - რაღაც უცნაური ჯაჭვური რეაქცია - მოდიან და მოდიან ემოციები, აზრები... და მეც ვწერ, სანამ არ დაშრებიან... შემდეგ თვემდე :)
დავბერდი: ხო, ოქტომბერში ჩემი ბიოლოგიური წელიწადი იღებს სათავეს. გავხდი ერთი წლით კიდევ უფრო ბებერი, ვიდრე აქამდე ვიყავი. რომ გითხრათ, შეცვლილად მეჩვენება რამე, მოგატყუებთ. სინამდვილეში, რატომღაც ზუსტად ახლა მაქვს ისეთი გრძნობა რომ ჯერ ზედმეტად ახალგაზრდა ვარ იმისთვის, რომ თავი დამშვიდებულად ვიგრძნო - ამიტომ ათას შესაძლო ვარიანტს ვხედავ წინ ჩემი ცხოვრების. და რასაც ვერ ვხედავ, იმას ჩემით ვქმნი :) ვნახოთ, კიდევ მაქვს დრო რომ ვივარაუდო რაღაცეები. არ გამოვა ერთი, გამოვა მეორე და თუ მეორეც არ გამოვიდა, მესამე ხომ ყოველთვის გარანტირებულია. აი ესე :) ხო, თვითონ აღნიშნვნას რაც შეეხება, ძალიან კარგი იყო. პარიზში ვიყავი. და მქონდა ეიფელის კოშკიც და თეთრი ფერარიც :)
ავიღე დიპლომი: გაგიკვირდებათ და, კურსზე პირველი ვარ აკადემიურ მოსწრებაში. არა მარტო წარჩინებით დავამთავრე, არამედ მთელს ჯგუფში ყველაზე მაღალი საშუალო მოსწრების ქულა ავიღე და ამის გამო გამოსაშვებ საღამოზე სიტყვით გამოსვლა მომიწია. სიტყვა იქით იყოს, მაგრამ ძალიან კი გამიხარდა. ის კი არ გამიხარდა, რომ აი, ყველაზე მაგარი ვყოფილვარ (არადა არანაირად არ მიცდია, თავისით გამოვიდა), არამედ ის გამიხარდა, რომ ქართველმა აჯობა ყველას... უცხო ენაზე სწავლობდა, წერდა, მეცადინეობდა, აზროვნებდა, კითხულობდა და მაინც აჯობა ამ ენასთან მშობლიურ დამოკიდებულებაში მყოფებს... 10 წლის პრაქტიკის მქონეებს... ევროპისა და ამერიკის საუკეთესო უნივერსიტეტებში განათლებამიღებულებს... აი, იშ! მართლა ძალიან მეამაყება, რომ ჩემი, ქართული გვარი სამუდამოდ დარჩა კურსდამთავრებულთა ოთახის კედელზე და რაც მთავარია, არქივებში, როგორც 2008-2009 წლის საუკეთესო სტუდენტის... და მიხარია, როდესაც მამაჩემის და დედაჩემის ამაყი სახეები მახსენდება აუდიტორიაში - დედაჩემს ცრმელიც კი ლამის წამოუვიდა... მხიარულ ნოტაზე რომ დავამთავრო ეს აბზაცი - გადასარევი საჩუქარი მივიღე. ჩემი დიდი ხნის ოცნების, ავსტრიელი მინანქრის ოსტატის Frey Wille-ის, ოქროს საათი ალფონს მუხას მოტივებზე. ულამაზესია <3
ვიმოგზაურე: პრაღაში რომ ვიყავი აგვისტოს ბოლოს, მოგეხსენებათ. შემდეგ ოჯახთან ერთად მანქანით მოვიარეთ ჰოლანდია (ამსტერდამი, როტერდამი), გერმანია (კიოლნი და დიუსელდორფი) და ასევე ბელგიაც (ბრიუსელი, ბრიუჟი და ხენტი). ყველაზე მეტად ბოლო ორი მესიამოვნა - მანამდე არ ვიყავი ნამყოფი. საოცარი ქალაქუნებია, თუ ოდესმე მიგიწვდებათ ხელი, ნახეთ სურათები ინტერნეტში... გენტში ოცნება ავისრულე - ვან ეიკების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნახატი ვნახე, Het Lam Gods) და ბრიუჟის არხებზე ნავით გავისეირნე (Belfry-დანაც ჩავიხედე ქვემოთ, მეთი უცებ კოლინ ფარელმა არ გამოიაროს-მეთქი)... და შემიყვარდა ეს ქალაქუნები... თუ ოდესმე შევქმნი ოჯახს, იქ მინდა თაფლობის თვეში...
ვიკონცერტე: შედარებით მწირედ... საქმეები მქონდა ბევრზე ბევრი და ვეღარ მოვაბი თავი... ვიყავი რადიოთავზე და კონცერტმა ყველანაირ ჩემს მოლოდინს გადააჭარბა. უბრალოდ არც კი ღის იმის აღწერა, თუ როგორი ემოციური კატაკლიზმი გადავიტანე იქ ყოფნისას. ოდესმე, ნერვები და გამძლეობა თუ მეყო, ცალკე პოსტს მივუძღვნი (კი, ვიცი, რომ უკვე მეორე ასეთ "დაპირებას" ვაკეთებ, მაგრამ მეტი უბრალოდ არ შემიძლია). რადიოთავის მერე კი ნაკლებად ნიჭიერ, მაგრამ მეტად ოპტიმისტურ და ამიტომ საყვარელ ჯგუფს ვემეგობრე - Keane-ს... ძალიან, ძალიან მომეწონა მათი კონცერტი... ახლო იყო, ნაცნობი, თბილი და პირადული... ამჯერად გეგმაში მყავს ქალბატონი, რომლის სრული დისკოგრაფია კარგა ხანია ყველაზე სმენადია ჩემს აიპოდში - დაიანა კროლი. ანტვერპენში იქნება ნოემბრის ბოლოსო და თუ ყველაფერი ისე წავიდა, როგორც მე ვაწყობ, ალბათ მასაც ვესტუმრები...
და ბოლოს, აწ უკვე მეორედ (ანუ, ეტყობა ამაშიც ტრადიციას ვამყარებ, ჩემდა სამწუხაროდ), უარეს შარში გავყავი თავი... მიგრძნობდა გული, რომ იმ პირველი შარიდან კარგი არაფერი გამოვიდოდა და გამართლდა კიდევაც ჩემი ნაწინასწარგრძნბალი... გარდა იმისა, რომ უახლოესი ადამიანი დავკარგე, გული დავწყვიტე კიდევაც ამ ყველაფერთან ერთად... მაგრამ განა მიზანმიმართულად, ისე, გზადაგზა... რა ცუდია, როდესაც ჩვენი საკუთარი ცხოვრება აღარ გვეკუთვნის ხოლმე - ცდილობ შენთვის რაღაცის გარკვევას, გაგებას, ბოლო ბოლო, ნაიარევბის შეხორცებას და ამითი სხვას აყენებ ტკივილს... ძნელი თემაა, ორმხრივი თემაა, შეიძლება შემდეგ, ნაკლებად მტკივნეული როდესაც იქნება, ცალკე განვიხილო კიდეც მაგრამ ჯერ კიდევ ვერა... და თითქოს ეს ერთი არ მეყო - მეორე უნდა დამცემოდა თავში... რომელსაც თამამად ვებრძვი... ვებრძვი, როგორც დონ კიხოტი ქარის წისქვილებს და არამც და არამც არ მინდა ვაღიარო, რომ შარს კი არა, საკუთარ თავს ვებრძვი, ჩემში დარჩენილ უკანასკენლ იმედებსა და ილუზიებს ვიცავ საკუთარივე თავისგან...
აი ასე და ამგვარად...
ბევრი დრო მაქვს საფიქრალი, რაც, არც თუ ისე კარგია ყოველთვის...
ეს უბრალოდ იმისთვის, რომ მახსოვდეს მომავალში, სად ვიდექი...
Sunday, 25 October 2009
გულის მეზობელს
რომ იცოდე, როგორ მომენატრე...
კი გნახე ივლისში, მაგრამ, როგორც იტყვიან, საშინლად "მეცოტავე"... რთულია, როდესაც ვიღაცას, რაღაცას მიჩვეული ხარ ყოველდღიურობაში და მერე უცებ უნდა იკმარო დოზირებულად...
არადა, არც ისე ძალიან მჭირდები... არა, გთხოვ, ცუდად არ გამიგო, უბრალოდ სიმართლეს გეუბნები - მიყვარხარ ძალიან, მაგრამ ამავე დროს მშვიდად, აუჩქარებლად. მენატრები კიდევაც ხანდახან. აი, იცი როგორი ხარ ჩემთვის? ბავშობიდან გამოყოლილი მეგობარი ხარ. ის შეჩვეული ჭირი ხარ, ახალ ბედნიერებას რომ ურჩევნიათ. იყო წლები და ჩვენ ერთმანეთში ვარსებობდით - მე შენში და შენ ჩემში - მოგვწონდა ეს თუ არა. ხოდა კი შევეწყვეთ ერთმანეთს. ზოგი კი ამბობს რომ შეჩვევა სიყვარულიაო...
იცი, მე ის ვარ, ვინც ვარ იმიტომ, რომ შენ ჩემს ცხოვრებაში არსებობ. შეგნებულად არ ვამბობ "არსებობდი", იმიტომ რომ ეს აღიარება იქნება ჩემი მხრიდან... აღიარება დამარცხების. ასეთები კი მე არ მეკადრება. თანაც, ბოილოს და ბოლოს, სულაც რომ მოვინდომო, უბრალოდ უკვე ვეღარ ამოგშლი...
ამ დროს რა არის იცი ყველაზე საინტერესო? არც არასოდეს მიდნოდა. ბევრისგან გამიგია, რომ შენთან შეგუება უჭირთ... ბევრისგანაც გამიგია რომ ახლა, როდესაც შენთან აღარ აქვთ მუდმივი კავშირი, არც არასოდეს დაგიბრუნებენ თავიანთ ცხოვრებებში... მიჭირს გაგება იმისა, თუ რამ გაამწარათ ასე ძალიან.
განა არ ვიცი, რომ საზიზღარი ჭორიკანა ხარ? ძალიან კარგადაც ვიცი! მაგრამ ზუსტად მაგ შენმა ჭორიკნობამ მასწავლა, რომ სახელს ყველაფერზე ძალიან უნდა მოუფრთხილდე... განა არ ვიცი, რომ ძალიან შეზღუდული ხარ? ვიცი ბატონო, მაგრამ სწორედ ამ შენმა შეზღუდულობამ მომანდომა გამეწია ჩარჩოები და ალტერნატიული ვარიანტები მეძებნა... ისიც მშვენივრად მომეხსენება, როგორი "ხრჩობა" ხარ ხოლმე ხანდახან, ადამიანს კლაუსტრაფობიას აკიდებ... სამაგიეროდ, ჰაერის ეკონომიურად და, რაც მთავარია, მიზნობრივად ხარჯვა ვისწავლე... ერთი ის ვერ გეშველა, რომ დროდადრო ყარხარ... ოღონდაც, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. თუმცა, მე ეს ნაკლებად მეხება ხოლმე და ალბათ, არც უნდა ვწუწუნებდე.
მაგრამ ამ ყველაფერთან ერთად ხომ ზიხარ ჩემს გულში? შესისხლხორცებული მყავხარ... ხაომ ხარ თბილი, ხომ ხარ ასეთი ნაცნობი, მშობლიური, მაგრამ, ამავე დროს იდუმალიც, როდესაც პირისპირ მარტონი ვრჩებით... ხომ ხარ არეული და აჯაჯული, ზოგან გაპრიალებული და ზოგან დაძონძილი, ულამაზესი და ზოგჯერ მახინჯი... ბოლოს და ბოლოს, ყოველი ჩემი სიყვბარულის პირადი მოწმე ხარ და ამ გრძნობებთან დაკავშირებული ყოველი მოგონება უშენოდ წარმოუდგენელია. ჩემი ღამის ცრემლიც ნანახი გაქვს შენი მოციმციმე თვალებით და ჩემი დღის სიცილიც გაგონილი...
ხოდა რავიცი, მიჭირს ძალიან უშენოდ...
რა ვქნა, რომ ზუსტად ისეთი მენატრები, როგორიც ხარ...
შენი ჭუჭყითა და ოქროთი...
ყველა გზა ხომ რომისკენ კი არა, შენსკენ მიდის
ჩემო ერთადერთო,
თბილისო...
P. S. ესეც შთაგონების წყარო. შეგიძლიათ ჩამქოლოთ, მაგრამ ცრემლი მომადგა ამის პირველად ნახვასა და გაგონებაზე...
Saturday, 24 October 2009
კონტროლი
დღეს რატომღაც ასეთი აზრი მომივიდა თავში - საკმაოდ ხშირად ვხმარობ ამ ბოლო დროს მგონი სიტყვა კონტროლს. თვითონ სიტყვაა რაღაცნაირი, მკაცრი, ძლიერი, თვითდარწმუნებული, მნიშვნელობაზე რომ არაფერი ვთქვათ...
კარგი რამეა კონტროლი. რა თქმა უნდა, მაშინაა კარგი, როდესაც შენ გიპყრია იგი, ასე ვთქვათ, ხელთ... როდესაც შენს ცხოვრებას აკონტროლებ, ეს სიძლიერის შეგრძნებას გაძლევს თითქოს. უცხო ხდება ისეთი სიტყვა და გრძნობა, როგორიცაა შიში. თავს სოციუმის სრულფასოვან წარმომადგენლად გაგრძნობინებს კონტროლი - ყველაფერს შენს ირგვლივ ისე აწყობ, როგორც შენ მიგაჩნია საჭიროდ. ბოლოს და ბოლოს, ხომ შენ ხარ ყველაფრის მაკონტროლებელი...
ძნელია ამ კითხვას პასუხი ერთმნიშვნელოვნადს გასცე - სხვადასხვა ცხოვრებისეულ ასპექტში კონტროლის ქონა სხვადასხვანაირად ვლინდება.
ყოველდღიურობაში ეს ასე შეიძლება გამოიხატებოდეს: ადამიანს აქვს კონტროლი, თუ იგი არის დამოუკიდებელი იდეურად. ცხოვრობს ისე, როგორც მიაჩნია მართებულად. იდეალურ შემთხვევაში, ფინანსურადაც დამოუკიდებელია და ასე ვთქვათ, ცეკვავს საკუთარ და არა სხივს დაკრულზე (და მუსიკასაც თვითონ უკვეთავს). როცა უნდა გადის სახლიდან, როცა უნდა მოდის, ის თავად ქმნის თავის ცხოვრების რითმს და წესებს...
კარიერაშიც კარგი რამეა კონტროლი: საუკეთესო შემთხვევაში თუ ადამიანი ხელმძღვანელ თანამდებობაზეა და საკუთარი თავის ბოსია, კონტროლი ავტომატურად მის ხელშია. მაგრამ შესაძლებელია სულაც არც თუ ისე მოწინავე პოზიციაზე იყოს ადამიანი, მაგრამ თავად აკონტროლებდეს საკუთარ პროფესიულ წარმატებას - გაზომილი გრაქფიკი, მუდმივ მზადყოფნაში ყოფნა ფორს-მაჟორებისათვის, გაწონასწორებული ურთიერთობა კოლეგებთან...
კონტროლი სქესთაშორის ურთიერთობებშიც ნამეტანი სასარგებლო რამაა. როდესაც ადამიანი აკონტროლებს სიტუაციას, ინიციატივა მის ხელთაა (პირდაპირ თუ შეფარულად). ის თავად ირჩებვს როდის შეხვდეს "გულის სწორს", რამდენი ხნით, რა ვითარებასა თუ გარემოში. ურთიერთობის ფარგლებსდაც ის განსაზღვრავს - უწესებს ზღვარს, ზომას და ჩარჩოს. მეთოდსაც თავას ირჩევს და ამპლუასაც... ხანდახან საკუთარ ემოციებსაც და მოზღვავებულ გრძნობებსაც კი აკონტროლებს ადამიანი, თუ საჭიროა...
ამას ყველაფერს კი საკუთარი მაქსიმალური კომფორტისთვის აკეთებს...
ბევრი შემიძლია კიდევ გავაგრძელო... მაგალითები კონკრეტულიც არსებობს და ზოგადიც... სხვა რომ არაფერი ვთქვათ, როდესაც ცხოვრება რაიმე გაუგებრობაში გაგაყოფინებს ხოლმე თავს, პირველ რიგში რას გირჩევენ მეგობრები და ახლობლები? მართალია - თავი ხელში აიყვანე, ნუ დაკარგავ კონტროლსო... თუნდაც საკუთარ თავზე...
შენი ცხოვრების, მისი ყველანაირი ასპექტებით, მემანქანე შენ თვითონ უნდა იყოო, თქმულა...
მაგრამ...
ხო, მართლაც და მაგრამ (რაც უკვე ჩემი ჩვევაა, ეს მურტალი მაგრამ)...
მოდით, ერთად დავფიქრდეთ - თუ კონტროლი ასეთი კარგი რამეა მაინცდამაინც,
რატომაა რომ ყველაზე მეტად სიცოცხლეს, სიხარულს, ბედნიერებას, ემოციას მაშინ ვგრძნობთ, როდესაც სწორედ ამ სანუკვარ კონტროლს ვკარგავთ?!
ესეც ჩემი დღევანდელი რიტორიკული შეკითხვა, მადლობთ ყურადღებისთვის :)
P. S. არა, არ ჩაივლის ოქტომბერი უპოსტოდ :)
Sunday, 27 September 2009
მეთოდები
ცხოვრებაში ორი სახის პრობლემა არსებობს, ჩემი აზრით. არის ისეთი, რომლის მოგვარება ჩვენს ძალებს აღემატება, ე.წ. nothing-you-can-do-about-it და არის ისეთიც, რომლის გადაწყვეტა პრინციპში შესაძლებელია.
ამას წინათ დავფიქრდი, როგორ ვაკეთებთ ამას? ანუ, როგორ ვებრძვით ხოლმე მეორე ტიპის პრობლემებს ადამიანები? ყველას გვაქვს ჩვენ-ჩვენი მეთოდები, ხერხები, გზები... ზოგჯერაც სპონტანური, ზოგიც მრავალგზის აპრობირებული... ზოგჯერაც ჩვენი მოფიქრებული, ზოგიც სხვისი ნარჩევი... ზოგჯერაც ლოგიკური, ზოგიც სულელური...
დავფიქრდი რა ამაზე, გადავწყვიტე რატომღაც დღეს გამეკეთებინა საუკეთესო “პრობლემათა მოგვარების მეთოდების” ხუთეული (აი ტოპჩარტები რომ არის მუსიკალურ არხებზე, ასეთი ტიპის). ვნახოთ, რა გამომივა.
ყველანაირად ღია ვარ შემოთავაზებებისათვის, კრიტიკისათვის და შენიშვნებისათვის :) მაშ ასე, დავიწყოთ.
I ადგილი – უპირობოდ არის ე.წ. “გულის გადაყოლება” გართობაში. ამ ხერხს ერთნაირი წარმატებულებით იყენებს როგორც მდედრობითი, ასევე მამრობითი სქესი. გართობაში გადის ისეთი ქვესახეობები, როგორიცაა სმა, “პონტებში” სიარული, ზოგჯერ მსუბუქი (და განსაკუთრებით მძიმე შემთხვევებში არც ისე მსუბუქი) ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება. ნეგატიური მხარე – როდესაც ყველა შენს ირგვლივ მხიარულობს და იცინის, შენ ამ დროს ხვდები, რომ შენი მხიარულება ნაძალადევია და ეს აღმოჩენა ორმაგად გიმწარებს ცხოვრებას.
II ადგილი – საქმის კეთება. ცნობილია რომ, ადამიანის პროდუქტიულობა სწავლაში/მუშაობაში ერთიორად მატულობს მაშინ, როდესაც არაკარიერულ ცხოვრებაში არც თუ ისე კარგად აქვს ყველაფერი. სხვათა შორის, ეს ხერხი მუშაობს მაშინაც, როდესაც კარიერული პრობლემებია სახეზე – უფროსის მოთაფლვის ერთ-ერთი კარგი ხერხია ხარისხიანად შესრულებული დავალება. ნეგატიური მხარე – ფსიქოლოგიური გადაღლილობა და რამოდენიმე წუთი დაძინების წინ, ის საშიში რამოდენიმე წუთი, როდესაც მოგონებას ვეღარ გაურბიხარ და შეიძLება იმდენად მტკივნეული აღმოჩნეს, რომ ასეთი სანუკვარი რამოდენიმე საათის მოსვენებაც კი დაგიფრთხოს.
III ადგილი – მეგობრებში გათქვეფა. ოღონდაც საკუთარი თავის კი არა (ეგ პირველ ადგილზე მოხვედრილ ხერხში ისედაც იგულისხმება), არამედ პრობლემის. განსაკუთრებით ეს ხერხი პოპულარულია მდედრებში – შეიკრიბება დიდი კონსილიუმი და საათობით განიხილავენ და ბჭობენ ერთ კონკრეტულ რაღაცაზე მანამ, სანამ ყველანაირ ასპექტში და ქვეტექსტში არ განიხილავენ. საბოლოოდ კი ეს ყველაფერი სრულდება მორიგი ჯადოსნური ფრაზით” “ყველაფერი კარგად იქნება, აგერ ნახავ”. ნეგატიური მხარე – ეფექტი ძალზედ დროებითია. ცოტა ხნით მოგეშვება, იმიტომ რომ დაგროვილ დაძაბულობას “გამოუშვებ” და მერე ისევ ბრუნდები საწყის ეტაპზე.
IV ადგილი – კრეატიული “გამოსავალი”. აქ იგულისხმება ე.წ. soulsearching-ი, რაშიც შედის დიდი რაოდენობით ხელოვნების ნიმუშების მოხმარება, იქნება ეს ლიტერატურა, მუსიკა, კინემატოგრაფია თუ სხვა. ძალიან უხდება ამას ყველაფერს ყავა და სიგარეტი (პირადი გამოცდილებიდან). კარგი, შესაფერისი მუსიკის თანხმელბით (ზოგისთვის ეს მუსიკა ხასიათივით დეპრესიულია, ზოგისთვის პირიქით, მხარული და “ყურადღებისგადამტანია”) რამე საინტერესო წიგნის კითხვა საკმაოდ ეფექტური საშუალებაა ნერვების დამშვიდების. ვინ იცის, იქნება სადმე რაიმე საინტერესო გამოსავალიც კი აღმოჩნდეს დამალული, ძაღლის თავის არ იყოს... ნეგატიური მხარე – მოითხოვს განსაკუთრებით საზოგადოებრივ იზოლირებას, რისი ფუფუნებაც ბევრ ჩვენთაგანს არ გააჩნია და, რაც მთავარია, იწვევს საშინელ მიჩვევას...
V ადგილი – იგნორირება. ამ დროს ადამიანი საერთოდ არ აღიარებს, რომ რაიმე პრობლემის წინაშე დგას და სირაქლემას ნაცად ხერხს მიმართავს. არც საზოგადოებაში და არც საკუთარ თავთან არ იმჩნევს, რომ რაღაცა აწუხებს. ზოგს კარგად გამოსდის, ეფექტურად, ზოგს არც თუ ისე და დროდადრო მაინც ვარდება პროსტრაციაში. ნეგატიური მხარე: ფაქტია, რომ მარტო აუტოტრენინგით ვერაფერს გახდები – საკუთარი თავის მოტყუება შეუძლებელია.
ცხადია, რომ ბევრი სხვა მეთოდიც არსებობს ალბათ, როგორც უკვე ზემეთაც აღვნიშნე. ზოგს ღამე ბოდიალი უყვარს მარტოს, ზოგს ფოტოების გადაღება, ზოგს სალონში სიარული, ზოგს შოპინგზე...
ზოგჯერ კი ყველა მეთოდს ერთიანად ვიყენებთ ან რაღაც ჩვენთვის მისაღებ კომბინაციებში...
მაგრამ ყველა ამ მეთოდს ერთი რამ აქვს საერთო, რაც ჩემ დღევანდელ რიტორიკულ შეკითხვაში გამოიხატება:
თუ პრობლემა სნეულებაა, რატომ ვმკურნალობთ მის სიმპტოპმებს, მაგრამ არა მის გამომწვევ მიზეზს?!
Thursday, 24 September 2009
To my life partner
მერვე კლასიდან ვიცოდი რომ მე და შენ არ ავცდებოდით ერთმანეთს... ოღონდ მართლა... ვიცოდი, რომ აუცილებლად ერთად ვიქნებოდით მთელი ცხოვრება, განუყრელად, რაიმე სასწაული თუ არ მოხდებოდა. ცნობილი ფსიქოლოგიური ფენომენია – გოგო ყოველთვის აიდეალებს მამას და ქვეცნობიერად მის “კლონებს” ეძებს საკუთარ პოტენციურ ცხოვრებისეულ პარტნიორად (ისევე, როგორც ბიჭები დედის კლონებს ეძებენ). რა გასაკვირია, რომ მე შენ აგირჩიე...
მაგრამ ერთია არჩევა და მეორეა წარმატება. უნივერსიტეტში როდესაც ჩავაბარე, ყველაფერი არც თუ ისე ბრწყინვალედ დაიწყო. მახსოვს, თავიდან იმდენი სირთულე შემხვდა, იმდენი პრობლემა და ისე გამიჭირდა შენთან დაახლობა, მარტო მე კი არა, ყველას უკვირდა... ერთი პერიოდი ეჭვიც კი შემეპარა საკუთარ მიზანმიმართულებასა და გრძნობაში – იქნებ და შევცდი? მაგრამ, თქმულა რომ ძვირფასი ურთიერთობის შესანარჩუნებლად ბრძოლაა საჭირო და მეც გადავწყვიტე რა, რომ ცოტა მეტი ძალისხმევა ჩამედო, ვცადე ახლიდან. ოღონდაც ამჯერად უკვე ყველა distraction factor-ი მოვიშორე და ისე.
მერე, რაღაც ეტაპზე, თითქოს მეტოქე გამოგიჩნდა, მაგრამ... როგორი სასაცილოც არ უნდა იყოს, ამ მეტოქემ საბოლოოდ კიდევ უფრო დაგვაახლოვა ერთმანეთს... მე და შენ ჯერ ვერ ვიქნებოდით ერთად, ვიცოდით ორივემ, ამიტომ ამ მეტოქესთან საერთო ზუსტად შენმა არსებობამ მაპოვნინა თავიდან. თუმცა, შენი არსებობა იყო ისიც, რამაც ერთმანეთი დაგვაკარგვინა საბოლოოდ...
და აი, მე ვიფიქრე, რომ მე და შენ უკვე ერთად ვიქნებოდით. ფაქტირუად, ვიყავით კიდეც, მცირე ფორმალობას თუ არ ჩავთვლიდით. დიდი ამბავი – გამოცდა... ყველა ურთიერთობაში არსებობს გამოცდა, თანაც არაერთი და რა მოხდა ერთი ჯერ ჯერობით თუ ჩაუბარებელი იყო... მაგრამ... მერე გარემო შეიცვალა... როდესაც ეს გამოცდა ჩავაბარე და თითქოს ოფიციალურად “შევუღლდით”, ძალიან გამიცრუე იმედი... ალბათ იმიტომ, რომ ზედმეტად ბევრს ველოდი შენგან.
ძალიან გამიჭირდა ამასთან შეგუება. ვერც შევეგუე – ავურიე. გადავვარდი ტოტალურ უარყოფაში. კვლავ გამოგიჩინე მეტოქე და თავქვე გადავეშვი ურთიერთობის მორევში... პრინციპში, თავიდანვე ვხვდებოდი რომ სიგიჟეს ჩავდიოდი, მაგრამ მაინც ვაკეთებდი ამას... ჯიუტად... და ალბათ სწორედ ამ შეცდომამ საბოლოოდ დამანახა ის, რომ მე შენს გარეშე უბრალოდ არ შემიძლია...
ამიტომ გადავდგი დიდი ნაბიჯი და მოვწყდი ჩემ რეალობას. ძველ რეალობას ვგულისხმობ. მოვიკრიბე გამბედაობა და გავიქეცი იქ, სადაც ყველაფერი უცხო და ახალი იყო და სადაც მხოლოდ მე და შენ ვიქნებოდით. ჩვენ ურთიერთობას კიდევ ერთი შანსი მივეცი...
ამიტომ, ძალიან გთხოვ, ახლა, ამ ეტაპზე ნუ დამეკარგები... ვიცი, რომ კრიზისია, რომ ძნელია, რომ საჩალიჩოა... მაგრამ ხომ გახსოვს, მე და შენ უკვე თითქმის 8 წელია ერთად ვართ და ნუ გადამაყრევინებ წყალში ამდენი ხნის ნაწვალებს...
მერე რა, რომ ამბობენ შენ ცივ ღამეს საწოლში ვერ გამათბობ,
აშკარად ამდენი ხნის განმავლობაში ყველაზე “მუდმივი” ურთიერთობა მხოლოდ შენთან მქონდა...
ძალიან მინდა ისევ ურთიერთობის თეორიიდან პრაქტიკაში გადავინაცვლოთ...
ჩემო ძვირფასო
Wednesday, 23 September 2009
What it could have been
ჩემი დღევანდელი პოსტი რიტორიკულ შეკითხვათა კატეგორიას კი განეკუთვნება, მაგრამ განსხვავდება სხვა დანარჩენებისაგან. ამჯერად ამ კითხივთ კი არ ვამთავრებ, არამედ ვიწყებ. ვნახოთ, რა გამოვა.
(სექტემბერი რაღაც ექსპერიმენტული თვე მაქვს ბლოგზე :P)
შესაძლებელია თუ არა ყველაფერი მართლა არ იყოს საკმარისი?!
ახლა ცოტა შორიდან მოვლა მომიწევს. აი, წარმოიდგინეთ, სადაცაა აპირებთ წამოიწყოთ ურთიერთობა, მორცხვი და ურცხვი ფლირტის ფაზები უკვე დასრულებულია, სანუკვარი სიტყვები უკვე ნათქვამია და ჰა, უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება. ხოლო იმისათვის, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღოთ, გონებაც უნდა ჩართოთ ამ პროცესში და გულიც. გულის როლი ამ შემთხვევაში ასე თუ ისე ნათელია და ანალიზს არ ექვემდებარება, მაგრამ აი გონება... მთავარი მომენტი აქ ურთიერთობის დასაწყისია – რამდენად დიდი როლი უჭირავს გონებრივ მიდგომას საწყის ეტაპზე?!
აი მაგალითად – არსებობს თქვენს ცხოვრებაში ადამიანი, რომელიც მიზანმიმართულად უტევს თქვენს მსოფლმედველობას და სინამდვილეში თვენს გულს უმიზნებს... შინაგანად კი ხვდებით, რომ ეს პიროვნება “თქვენი” არაა, მაგრამ მისი მიზანმიმართულობა გიზიდავთ, მოგწონთ ის ფაქტი, რომ თუნდაც მას ასე მოწონხართ და გგონიათ, რომ თქვენთვის აქ არავითარი საშიშროება არ არსებობს...
მაგრამ ჰოი, საოცრებავ! გადის დრო და ეს მართლა არც თუ ისე “თქვენი” ადამიანი ისე იჭრება ყოველდღიურობაში, რომ ვეღარ შლით... ნებით თუ უნებლიედ სულ მასზე გეფიქრებათ, გამახსოვრდებათ, გახსენდებათ, გეჩვენებათ...
მაგრამ...
თითქოს აკლია სანელებელი კერძს... ყველაფერი თითქმის იდეალურია, მაგრამ ზუსტად ეს იდეალურობა იმდენად მკვეთრს ხდის დანაკლისს, რომ მასზე თვალის დახუჭვა შეუძლებელია... და რამდენიც არ უნდა იყვიროს თქვენმა ტვინმა, მაინც გული არ გიშვებთ...
და ბოლოს და ბოლოს ხვდებით, რომ ეს გზა არსად არ მიგიყვანთ. იცით, რომ არაფერი არ გამოვა, იმიტომ რომ თქვენ მხოლოდ ეს, ახლანდელი აჟიტირება მოგწონთ თქვენში, დაძაბულობა, ექსტრიმი, ბალანსირება... და როგორც კი ის გაქრება, ურთიერთობაც საპნის ბუშტივით გასკდება...
და ერთხელაც იღვიძებთ დილით და ხვდებით, რომ ცხოვრებაში კიდევ უამრავი რამ გელოდებათ წინ და აუცილებლად,
აი მართლა აუცილებლად,
P. S. აუცილენბლად ნახეთ ეს ვიდეო. წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე...
Tuesday, 22 September 2009
ბავშვობაში მეგონა
ჩემამდეც მოაღწია ამ ვირუსმა, კერძოდ კი, დამთაგეს თავიანთ ბლოგებში ანამ და ნასტასიამ. პირველ რიგში, დიდი მადლობა მათ! ძალიან მესიამოვნა რომ ხალხს ჩემი არც თუ ისე ინტენსიური ბლოგი მოსწონს. აქამდე არასოდეს დამიწერია პოსტი "პო ზაკაზუ" და ვნახოთ, რა გამოვა. ძალიანაც მკაცრად ნუ განმსჯით :P
ბავშვობაში ძალიან ბევრი რამე მეგონა, ძალიან მდიდარი წარმოსახვის უნარის პატრონი ვიყავი და სიგიჟემდე მიყვარდა კითხვა, ამიტომ ჩემი საბავშვო "მოსაზრებების" უმეტესობა სწორედ მათ უკავშირდება. მაშ, ასე:
კარგა ხანი მეგონა რომ
1. ჩემი მშობლები ჩემი ბიოლოგიური მშობლები არ იყვნენ და სინამდვილეში, 18 წლის რომ გავხდებოდი, რომელიმე ზღაპრული ქვეყნის პრინცესად გამომაცხადებდნენ.
2. ჩემი თოჯინები ღამე ცოცხლდებოდნენ და ჩვეულებრივად, ადამიანებივით ცხოვრობდნენ. ვინ იცის, რამდენი ღამის გათენება ვცადე მათი თვალთვალით...
3. შემთხვევით ალუბლის კურკა რომ გადამეყლაპა, კუჭიდან ალუბლის ხე ამომივიდოდა. ამიტომ მეტ-ნაკლებად ზრდასრულ ასაკამდე საერთოდ არ ვჭამდი ალუბალს და ბალს :P.
4. "ჩეხური" მეგონა არა ნივთის გეოგრაფიული წარმოშობის ადგილი, არამედ რაღაც განსაკუთრებული ზეხარისხიანი ფირმის სახელი, რახან ყველაფერი ჩეხური ითველობა რომ იყო "ძალიან კარგი" (You know I know ;)).
5. ჩემი ბალიშის ქვეშ დამალულ ნეფრიტის პატარა დრაკონს მართლა მოჰქონდა ჩემთვის პიტნის კამფეტი ყოველ ღამეს. ამიტომ, როდესაც ჩემ მშობლებს პიტნისას გამოელიათ და ჩამიდეს მარწყვის, ჩავთვალე რომ დრაკონი გამებუტა და 1 კვირის განმავლობაში ვარკვევდი როგორ მომეგო მისი გული უკან. მერე ეტყობა მომბეზრდა და შევეშვი :P
6. ფილაქანზე სიარულისას ფილაქნებს შორის ნაპრალზე რომ დამებიჯებინა, აუცილებლად რამე ცუდი დამემართებოდა.
7. "რესპუბლიკა" ცომეულის რაღაც განსაკუთრებული სახეობა იყო (ეტყობა "ბუბლიკს" ვამსგავსებდი, სხვა ახსნას ვერ ვპოულობ).
8. ჩემი ბაგა ბაღის მეორე ცვლის მასწავლებელი იყო ბოროტი ჯადოქარი (დარწმუნებული ვიყავი ამაში).
9. დიდი მას შემდეგ გავხდებოდი, რაც ქუსლიანი ფეხსაცმელების ჩაცმის ნებას დამრთავდნენ.
10. ჩემი ძმა იყო ჩემი #1 მტერი.
11. სპორტული გადაცემები უფროსების "ძილისპირული" იყო, იმიტომ რომ მამაჩემს პირველი ნახევარი საათის შემდეგ ეგრევე ეძინებოდა, დედაჩემი კი სულ წუწუნებდა რომ ამ სისულელის ყურების გარეშეც არ უჩივის ძილუნარიანობას.
12. საინტერესო ადგილებიდან ყოველთვის იმის გამო მივდივოდით ხოლმე, რომ "ჭამის დრო იყო". ამიტომ, გადავწყვიტე რომ წინასწარ თუ შევაგროვებდი საკმარის საჭმელს, უფრო დიდხანს დავრჩებოდი იქ, სადაც მინდოდა. 1 კვირის შემდეგ ჩემი "საწყობი" დედაჩემმა აღმოაჩინა საკმაოდ არასასიამოვნო სურნელის მიხედვით...
13. 5 ლარი ძალიან, ძალიან, ძალიან ბევრი ფული იყო რადგან დაახლოებით 10 ცალი შოკოლადი მოგივიდოდა ამ ფულით :)
ესენია, რაც ჯერ ჯერობით მახსენდება... დარწმუნებული ვარ, გაცილებით მეტი იყო სინამდვილეში, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ мы все родом из детства, ბევრი რამე უკვე სამწუხაროდ მივიწყებულია...
იმედია, გაგეცინათ. მე კი :)
პირადად მე ვთაგავ Tiko-ს და INDIEVIDI-ს.
Monday, 17 August 2009
Sorry seems to be the hardest word
ნუ, სიტყვა “საჭირო” ცოტა შეუსაბამოა ალბათ, გააჩნია ვისთვისაა საჭირო... და საერთოდაც, ბევრმა შეიძლება მიიჩნიოს, რომ საზოგადოებრივი მორალის ფარგლებს გარეთ გასვლა სულაც არ არის საბოდიშო საქმე, რაც ერთისთვის კარგია, მეორესთვის ცუდია და ა.შ. ამჯერად არ მინდა შევიჭრა პოლემიკაში იმის შესახებ, თუ რა არის კარგი და რა არის ცუდი, მითუმეტეს რომ ეს თემა მართლაც და ამოუწურავია და იმდენ “სათუო” ცნებას შეიცავს, რომ დემაგოგიას ვერ ავცდები. ამიტომ მოდით შევთანხმდეთ იმაზე, რომ იმ შემთხვევაში, რომელსაც ახლა მე განვიხილავ (ან ვცდი განხილვას) საქმე ეხება ისეთ სიტუაციას, როდესაც ჩვენ თვითონვე ვხვდებით, რომ რაღაცა დავაშავეთ და ბოდიში გვაქვს მოსახდელი, რადგან ამას მორალი კი არა, არამედ საკუთარი სინდისი გვკარნახობს.
ზოგ ადამიანს უჭირს ბოდიშის მოხდა, ზოგს ისიც კი უჭირს, რომ საერთოდ აღიაროს რომ არ იყო მართალი და რაიმე შეეშალა, ზოგი კი იმდენად “უხერხემლოა”, რომ ნებისმიერი კონფლიქტის გადაჭრის საუკეთესო საშუალებად ამ კონფლიქტის არიდება მიაჩნია და ამას ნებისმიერი ბრალდების გულწრფელი აღიარებით აღწევს.
ძალიან ძნელია ეურთიერთო პირველი კატეგორიის ადამიანებს. როგორც წესი, ისინი საკმაოდ არამიმტევებლები არიან სხვათა შეცდომების მიმართ და არასოდეს გაუშვებენ შანსს რაიმე ნაკლოვანებაზე მიუთითონ მეგობარს. კლასიკური შემთხვევაა საკუთარ თვალში მორის არდანახვის. რაც ყველაზე საინტერესოა, ამ თავის “განსჯადობას” მოხერხებულად ფუთავენ “შენთვის-უკეთესი-მინდა” ქაღალდში და გინდა არ გინდა გულუხვად გტენიან საჩუქრად. აბა გაბედე და არ მიიღო ან, ღმერთმა დაგიფაროს და საპასუხო ძღვენი გაუკეთო, ვერ გადარჩები. “მაპატიე, არ ვიყავი მართალი” – ეს ის ფრაზაა, რომელსაც არასოდეს გაიგონებთ მათგან, სამაგიეროდ, თუ ამის გამო პრეტენზიას გამოთქვამთ, მოგიწევთ ოხრად თქვენ თვითონ მისი განმეორება. საბოლოოდ, ალბათ ყელში გეჩრებათ არსებული დისბალანსი და ნელ-ნელა, მაგრამ მტკიცედ წყვეტთ ყველანაირ კავშირს ასეთ ადამიანებთან...
აქედან დასკვნა, ბოდიშის მოხდა ხანდახან ძალიან საჭიროა ნორმალური ადამიანური ურთიერთობის შესანარჩუნებლად...
მაგრამ, გადაზედმეტებული არაფერი ვარგაო, თქმულა. ადამიანები საზიზღარი ხალხი ვართ, ემოციებს და ხასიათებს ვყვებით ხოლმე ხანდახან და თუ არ მოგვიყვანა ვინმემ აზრზე, გაუკვალავში გავდივართ. ხშირათ ასეთ "აყოლიებას" მივყავვართ სხვათა უსამართლო გაკრიტიკებისკენ ან მთლად უარესი, მეგობრებისათვის უსაფუძვლო ბრალდებების წაყენებისაკენ. არიქა და ყველაა მტყუანი ჩვენი საკუთარი ძვირფასი თავების გარდა... და წარმოიდგინეთ, რა რთულია, როდესაც იმის მაგივრად, რომ მეგობარმა მიგვანიშნოს, რომ არასწორედ ვიქცევით და მოგვიწოდოს აგრესიის ან სხვა რომელიმე არამართებული საქციელის შეწყვეტისკენ, თავად გვიხდის ბოდიშს ჩვენი გაღიზიანებისათვის?! თანაც ორივე კონფლიქტის მონაწილემ ისედაც იცის, ვინაა ამ შემთხვევაში მართალი, მაგრამ ბოდიშს რატომღაც მტყუანი იხდის ერთგვარი “სულგრძელობის” გამოსაჩენად და კონფლიქტის დასრულების მიზნით. საბოლოოდ კი ასეთ საქციელსაც საკმაოდ სავალალო შედეგამდე მივყავვართ – ამ შემთხვევაშიც მეგობრული კავშირი წყდება, მაგრამ უბრალოდ იმიტომ, რომ არავის სურს იურთიეთოს ადამიანთან, რომელსაც საკუთარი პოზიციის დაცვა და საკუთარი სიმართლის დამტკიცება არ შეუძლია.
აქედან მომდევნო დასკვნა – ბოდიში მხოლოდ მაშინ უნდა მოიხადო, როდესაც მართლა მოსახდელია...
თუმცა...
ისევ მიჩნდება ერთი რიტორიკული შეკითხვა...
არ ვიცი, თქვენ დაკვირვებიხართ თუ არა მაგრამ,
რატომაა, რომ მართალისათვის გაცილებით უფრო ადვილია აღიაროს არდაშვებული შეცდომა, ვიდრე მტყუანისათვის მოიხადოს ბოდიში?!
Saturday, 15 August 2009
To the perfect Man
შენნაირი კაცები ყოველთვის მომწონდა...
აი მართლა კაცები, ბიჭები კი არა... კაცები...
პირველად როდესაც გაგიცანი, არ ვიყავი თავისუფალი, ურთიერთობაში ვიყავი, მაგრამ პირველივე ნახვიდან თვალი ვერ მოგწყვიტე... სიტუაციას ის აადვილებდა, რომ ჩემმა იმდროინდელმა პარტნიორმაც გაიზიარა ჩემი სიმპატია შენს მიმართ და კარგა ხანი ჩემს შენდამი მიზიდულობას ეფექტურად “ვაკამუფლირებდი” უბრალო პატივისცემითა და აღფრთოვანებით...
ყვლაზე მეტად შენმა გარეგნობამ მომხიბლა თავიდან – მიყვარს ჭაღარა... მაჯადოებს... ისიც მომწონდა, რომ ფიზიკური დეფექტი გაგაჩნდა, ჭაღარასთან ერთად განსაკუთრებით ამძაფრებდა “ჭირვარამგამოვლილის” ეფექტს შენში – შინაგანად და გარეგნულადაც დასახიჩრებული, უფრო მიზიდავდი. მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი, რომ ნარკოტიკებს ეტანებოდი, ავტომატურად არ შემეზიზღე (რაც მახასიათებს ხოლმე) და საკმაოდ “ბლაგვი”, მაგრამ მაინც გამართლება მოგიფიქრე – ჯერ ერთი ტკივილგამაყუჩებელი გჭირდებოდა და მეორეც ერთი, შენისთანა ადამიანი ყოველთვის on the edge უნდა იყოს... სხვანაირად ხომ ვერ იაზროვნებდი “ჩარჩოებს გარეთ” და ვერ ამოხსნიდი შენს წინაშე დასახულ ამოცანებს...
და ეს მხოლოდ თავიდან... როდესაც შენი პროფესიული წარმატებაც დავინახე, საერთოდ “გადამეკეტა”... არ ვიცი, მჭირს რაღაცა თვითრელიზებული მამაკაცების მიმართ. ალბათ რაღაც პრესიტორიული გენია, რომელიც მკარნახობს, რომ თუ “ნადირობაში” განსწავლულია ჩემი რჩეული, მეც და ჩვენს შთამომავალსაც მშიერს არასოდეს გვამყოფებს. მაგრამ სულაც რომ დავანებოთ მაგას თავი, უბრალოდ თვალი და ყური ტკბებოდა შენი ვირტუოზობის აღქმით...
შენი მუსიკალური გემოვნება ხომ საერთოდ ცალკე საკითხია. ყველაზე მეტად მეც და შენც ალბათ ჯაზი გვიყვარს, მაგრამ შიგადაშიგ ორივენი როკით ვაზავებთ... და რაც საინტერესოა, ხანდახან დროის სატარებლად და ეფექტის შესაქმნელად ჰიპ-ჰოპსაც არ ვთაკილობთ (რა დამავიწყებს შენს თავბუდამხვევ ცეკვას ზოლიან სათვალეებში და “მამა კუკუს” დროინდელი მაგნიტაფონით მხარზე. კარგა ხანი ვერ მასულიერებდნენ). იმაზე ხომ აღარაფერს ვამბობ, რომ როდესაც პირველად მოვისმინე შენი ფორტეპიანოზე და გიტარაზე შესრულება, მოზღვავებული ემოციისაგან კინაღამ ვიტირე. ვირტუოზი იყავი აქაც...
და ბოლოს, მაგრამ, როგორც ინგლისელები იტყვინ, definately not least, შენი იუმორის გრძნობა... ვაღიარებ, რომ თავიდან ცოტა გამიჭირდა შენი ყველა შეფარული თუ აშკრარა ხუმრობის, ცინიკური შენიშვნის, ირონიული ფრაზისა თუ სარკასტული კომენტარის აღქმა და სრულფასოვნად გაგება (შეიძლება ახლაც არ მესმის), მაგრამ როდესაც “ჩავაღწიე”, უკვე ვეღარასოდეს “ამოვაღწიე”... შენსავით მართლა ვერავინ მაცინებს...
რა მოხდა მერე, რომ ჩვენს შორის ძალიან დიდი ასაკობრივი სხვაობაა...
რა მოხდა მერე, რომ ჩემი და შენი მშობლიური ენა განსხვავდება ერთმანეთისაგან...
რა მოხდა მერე, რომ გარეგნობა ერთი ადამიანისგან გაქვს ნასესხები, ხოლო პიროვნება კი მეორისგან და რეალურად, არც არსებობ?!
ჩემთვის შენ მაინც ერთადერთი სრულყოფილი მამაკაცი ხარ...
განუმეორებელო,
Friday, 14 August 2009
ბინძური თამაშები
ყველამ ვიცით, რომ თუ რაღაცა ძალიან გინდა, აკრძალულიც რომ იყოს, მაინც позволительно. ნუ, იმაზე აღარ გავამახვილებ ყურადღებას, რომ რაც უფრო “არ შეიძლება”, მით უფრო გინდა რატომღაც ზუსტად “ის”. ეგ აკრძალული ხილის ფენომენია და ოდესმე სულ სხვა პოსტში იქნება განხილული (თუ ვიქენი მაგის ხასიათზე). ახლა კი ცოტა განსხვავებულ მიმართულებას მინდა რომ გავყვე.
ყველას ალბათ გვაქვს გამოცდილი “შეჯიბრებითობის” გარემო პროფესიონალურ სივრცეში, იქნებოდა ეს სკოლა, უნივერსიტეტი თუ სამსახური. კარგად გვახსოვს ე.წ. “ვაზელინი” ელემენტები, რომელბიც არა მხოლოდ თავისი პროფესიონალური შესაძლებლობებით, არამედ პირფერობით ცდილობდნენ უფროსის/მასწავლებლის გულის მოგებას და შესაბამისად, დაწინაურებას. არსებობდნენ ასევე “პოდლი” ტიპებიც, რომლებიც საკუთარი თავის წარმოჩენას კი არა, სხვების დამცირებას ცდილობდნენ და “საერთო ფონზე უკეთესი გამოვჩნდები”-ს პრიცნიპის ცხოვრებაში გატარებით იყვნენ დაკავებულები. შეიძლება, რომელიღაცა ჩვენთაგანიც კი იყო რომელიმე ზემოთმოყვანილ როლში ხანდახან, ვისა არ მოსვლია, მითუმეტეს თუ რაღაც ძალიან ძალიან გინდა...
იგივე ტენდენცია შეიმჩნევა ჩვეულებრივ ცხოვრებისეულ ასპარეზზეც - ყველაზე კარგად ის მაინც ადამიანურ ურთიერთობებში ვლინდება. ვის არ შეგვყვარებია “არასწორი” ადამიანი, ადამიანი, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ უნდა გვყვარებოდა, თუნდაც იმიტომ, რომ სხვას ეკუთვნოდა იგი... და მაინც, ყველა ღონე გვიხმარია იმისთვის, რომ ჩვენსკენ შემოგვეტრიალებინა – ხვეწნა, ინტირგა, ტყუილი, თამაში... ვის არ დაგვიდგავს სპექტაკლები და მთელი ტელესერიალები იმისათვის, რომ ის მიგვეღო, რაც გვინდა... და როდესაც ამას ვაკეთებდით, არც კი გვიფიქრია იმაზე (ან თუ გვიფიქრია, მალევე დაგვიწყებია), თუ რამდენ ადამიანს გულს ვტკენთ. არც ის გაგვიაზრებია, ვის, რას და, რაც მთავარია, რამდენს ვუშავებთ ჩვენი ასეთი ეგოისტური საქციელით... უბრალოდ ვიცოდით, რომ “ის” ჩვენი უნდა ყოფილიყო მიუხედავად ყველაფრისა... საბოლოოდ მიღწეული ბედნიერება ხომ ყველა გაღებულ მსხვერპლს გადაფარავდა.
მაგრამ...
ხანდახან ხომ მომხდარა ისე, რომ მოგვიპოვებია, რაც გვინდა და მერე მიუხედავად იმისა, რომ კვლავ ყველაზე და ყველაფერზე მეტად გვინდოდა ჩვენი მონაპოვარი, მის ხელში ჩასაგდებად ჩადენილ საქციელს იმდენად შევუწუხებივართ, რომ უბრალოდ ვეღარ ვირგებდით გამარჯვებას?!
თითქოს იმ ლამაზ და ბრჭყვიალა ტროფეის, რომელიც ამდენი შრომის შედეგად მოვიპოვეთ, დაედო რაღაც ამოუშლელი ლაქა...
თითქოს გაღებული რისკის შედეგად მიღებულ შამპანიურს მომჟავო გემო დაკრავდა...
Thursday, 13 August 2009
Update
მაშ ასე, დავიწყოთ:
დავუბრუნდი ბლოგს: არ ვიცი, რა იყო ამის კატალიზატორი, ალბათ უფრო ის, რომ სახლში ჯდომა და საჭირო რაღაცეების წერა მომწყინდა და არასაჭიროობების წერის სურვილი გამიჩნდა, თუნდაც უბრალო პროტესტის გრძნობის გამო. ამას შედეგად მოყვა ის, რომ აქამდე დადრაფტული 2 პოსტი ერთმანეთის თითქმის მიყოლებით გამოვაქვეყნე და მომდევნო დღეს იმპროვიზაციის ნაყოფი მივაყოლე. სწორედ ამ იმპროვიზაციის გამო შევქმენი ჩემი პოსტების ახალი კატეგორია - კორესპონდენცია, რომელიც, იმედია, მალე შეივსება ახალ ახალი ნიმუშებით. მისი აზრი ისაა, რომ მივწერო წერილები იმ ადამიანებს, პერსონაჟებს ან თუნდაც მოვლენებს, რომელბიც ჩემს ცნობიერებაში კვალს ტოვებენ. გარდა ამისა, შევქმენი ჩემი ბლოგობრების (ბლოგერი მეგობრების) სია. თავიდან არც კი მიფიქრია, რომ ამას ოდესმე გავაკეთებდი, რადგან ვერც კი წარმოვიდგენდი რომ ამ ჩემს ნაჯღაბნს ვინმე ოდესმე წაიკითხავდა ან კიდევ მეტიც, დაინტერესდებოდა. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ყველა ჩემს ერთგულ და არც თუ ერთგულ მკითხველს - ძალიან ბევრს ნიშნავთ ჩემთვის :)
შევიცვალე ვარცხნილობა: არ დაიჯერებთ, მაგრამ ამდენი წელიწადის შემდეგ პირველად ჩემი თმა აღარ მთავრდება ჩემივე კისერის დასაწყისსში და თქვენ წარმოიდგინეთ, მხრებამდეც კი მწვდება. არ მიყვარს დიდად გრძელი თმა, მაგრამ ყველა ჩემი ნაცნობ-მეგობრის დაჟინებული თხოვნით, არ ვეხები. ბოლოს და ბოლოს, როგორც ამიხსნეს, დავემსგავსე X ქრომოსომის ნამდვილ მატარებელს.
დავამთავრე სწავლა: ხო, ბოლო გამოცდა ჩავაბარე სადღაც ივლისის შუაში და ამ პარასკევს საბოლოოდ მივაშავებ ჩემ სამეცნიერო ნაშრომს. აგვისტოს ბოლოს დაჯილდოვების ცერემონია მელის და ბოლოს და ბოლოს გავიგებ, მეღირსა თუ არა ეს წარჩინების დიპლომი. აქამდე მიღებული ნიშნებიდან გამომდინარე მეკუთვნის, მაგრამ აი ნაშრომს როგორ შემიფასებენ და რამდენად, ეგ უკვე აღარ ვიცი :)
ვიმოგზაურე: ამჯერადაც ევროპაში. მოვინახულე ლუქსემბურგი და ბელგია. გეგმაშია პრაღა უკვე მეორედ (ამჯერად გიდის მოვალეობებს შევასრულებ) გერმანია (ადრეც ვარ ნამყოფი, მაგრამ ახლა დუსელდორფი უნდა ვნახო და კიოლნი მეორედ) და ისევ ბელგია, ოღონდაც ამჯერად ბრიუსელი კი არა, არამედ ბრიუჟი და ხენტი. ამ უკანასკნელ ორს განსაკუთრებით ველოდები, ბრიუჟს იმიტომ, რომ ულამაზესიაო, ამბობენ და ხენტს კი ბოსხისა და ვან ეიკის ნახატების გამო :)
ვიკონცერტე: დავესწარი Nouvelle Vague-ის კონცერტსა და North Sea Jazz-ის ფესტივალს. ამიტომ, არაა გასაკვირი რომ ამ ბოლო ორიოდე თვის განმავლობაში ჩემი აიპოდიც მოსმენილ შემსრულებელთა დისკოგრაფიითაა გადაჭედილი. განსაკუთრებით დიდი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე Nouvelle Vague-მა (არაჩვეულებრივი კონცერტი ჰქონდათ, ოდესმე, თუ მეცლება, ცალკე პოსტს მარტო მათ დავუთმობ), Jamie Cullum-მა (ადრეც მომწონდა, მაგრამ ასეთი საოცრება თუ იყო ცოცხლად, რას წარმოვიდგენდი) და Jazzanova-მ. 23 აგვისტოს პრაღაში დაგეგმილია ჩემი დიდი ხნის სიყვარულთან, ტომ იორკთან შეხვედრა. Can't wait :)
ვითბილისე: ეს ცალკე კატეგორიაა და მოგზაურობაში არ გადის. როგორც великан Антей (მაპატიეთ, ბერძნულ მითოლოგიას თავის დროზე რუსულად ვეცნობოდი და არ ვიცი, ქართულად როგორ ეძახიან ამ პერსონაჟს) მე დავუბრუნდი მშობლიურ მიწას, რომ გახარჯული ძალები აღმედგინა და ახალი შემართებით დავბრუნებოდი ჩემს ახლანდელ საცხოვრებელს და საქმეს. გადასარევი ორი კვირა გავატარე, დაწყებული პირველვიე დღიდან, როდესაც მეგობრებმა ყველაზე თბილი და გულის გამხარებელი სიურპრიზ-დახვედრა მომიწყვეს, დამთავრებული ჩემი გაცილების მწვადებით და პერსონალური ნატვრის ხით, რომელსაც თითოეულმა მათგანმა მოაბა ჩემდამი სურვილი, დაწერილი თეთრ ნაჭერზე. დღემდე ჩანთაში მიწყვია ყველა და როდესაც მოვიწყენ, ვკითხულობ ხოლმე და მიხარია, რომ ამდენ ადამიანს ვუყვარვარ ამქვეყნად...
და ბოლოს, თავი გავყავი შარში: უფრო სწორედ, გამაყოფინეს... არ ვიცი ამ შარიდან რა გამოვა და არც ვარ დარწმუნებული, რომ მინდა რომ ვიცოდე, მაგრამ, როგორც იტყვიან ... подкрался незаметно, და თუ არ გავრისკე, ვერც შამპანიურს დავლევ, ასე რომ... მემგონი ჯობია ტვინის ღუნვას ამ თემატიკაზე დავანებო თავი და უბრალოდ მივცე ვიღაცას სხვას საშუალება მართოს სიტუაცია... გამიმართლა თუნდაც იმაში, რომ ამ ადამიანს შემიძლია ეს ვანდო ;)
ეს იყო მემგონი და ეს. დარწმუნებული ვარ, სხვა საინტერესო რაღაცეებიც გადამხდებოდა თავს, მაგრამ ამჯერად უკვე სჯობს რაც დავწერე, იმით შემოვიფაგლო. ისედაც საკმაოდ ბევრი რამე დავწერე, თქვენ რას იტყვით?
:)
Tuesday, 11 August 2009
To my Soulmate
წერილი შენ, ადამიანს, რომელიც ამდენს ნიშნავს ჩემთვის.
როდესაც გაგიცანი, პატარა ვიყავი ძალიან, მახსოვს. ინგლისში ვიყავი ჩასული, სულ რაღაც 13-ის. მართალია, პირველი შეხედვით კი გავდი უცნაურ ადამიანს და მეტსაც ვიტყოდი, ცოტა შერეკილსაც (ჩემი მაშინდელი სტანდარტებით ხომ განსაკუთრებით), მაგრამ მაინც ძალიან მომეწონე. ყველაზე მეტად იმან მომხიბლა, რომ შეგეძლო ადამიანი გყვარებოდა უანგაროდ, ყოველგვარი საპასუხო გრძნობის გარეშე… მერე რა, რომ ცოტა creepy იყავი. რომანტიკოსი ვიყავი მაშინ :)
და რატომღაც ისევ გადავეკარგეთ ერთმანეთს... არ ვიცი, ალბათ მე იმიტომ დაგკარგე, რომ ცხვრებაში “თეთრი ზოლი” დამეწყო და შენ და შენი მსოფლმხედველობა უბრალოდ did not fit the picture anymore... მაგრამ ამ ბოლო წელიწადს, რატომღაც ისევ ხშირად მახსენდებოდი და საბოლოოდ, ფაზლის ნაწილები თავისით აეწყო – მე მიხვდი, რომ მაშინაც კი, როდესაც კედლებზე ცოცვით ვარ დაკავებული, შენ ჩემს თავის ქალაში იჯდები. ჩვენ ყოველთვის ერთად გადავდგამთ 15 ნაბიჯს ისე, რომ ისევ იქ აღმოვჩნდებით, საიდანაც დავიწყეთ. ორივე დავიწამლებით შხამიანი კბენით, მოვაწყობთ მთვრალ დებოშს ქორწილში და საბოლოოდ, გავქრებით ქუჩის სულის ძიებაში…
თუმცა, მე შეიძლება ვცდებოდე...
მაგრამ, მაინც, მინდა გითხრა რომ საბოლოოდ მზად ვარ პირადად დაგელაპარაკო, ან თუნდაც მოგისმინო, რისი საშუალებაც ამდენიხნიანი ნაცნობობის განმავლობაში სამწუხაროდ არ მქონია...
სულმოუთქმელად ველი პრაღაში 23 აგვისტოს შენს ნახვას, ჩემო ძვირფასო
ტომ იორკო...
Monday, 10 August 2009
სული vs. სხეული
როდესაც ქრისიტიანულ რელიგიაზე, ბიბლიაზე საუბრობენ ხოლმე, მე პირველი ასოციაცია რატომღაც სულიერისა და ხორციელის მუდმივი ჭიდილის შესახებ მიჩნდება...
არ ვიცი რატომაა ასე, უამრავ სხვა რამესაც გვასწავლის წმინდა წიგნი, მაგრამ ერთ-ერთი უმთავრესი ალბათ მაინც ისაა, რომ ადამიანის სხეული არაფერია, მხოლოდ ფიტულია, ხოლო მთავარი საგანძური კი ადამიანის სულია...
ეს აქსიომა სხვათა შორის, ძალიან კარგადაა გამჯდარი სოციალურ მორალშიც - მთავარი პიროვნებააო, ასე გვასწავლის მსოფლიო ლიტერატურა (სირანო დე ბერჟერაკი, პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი), ხალხური შემოქმედება (ურჩხული და ლამაზმანი, კონკია) და პირადი გამოცდილებაც (ვის არ შეყვარებია ბავშობაში და არც თუ ისე ბავშვობაში თავისი "ლამაზი" კლასელი/ჯგუფელი/თანამშრომელი, რომელმაც მერე უმოწყალოდ გატეხა ჩვენი გული)...
დროის მსვლელობასთან ერთად ვამჩნევთ, რომ ჩვენს ირგვლივ კარგა ხანია უკვე მხოლოდ ის ხალხი ტრიალებს, იქნებიან ეს მეგობრები თუ მეორე ნახევრები, რომელთა ხასიათებს, შინაგან სამყაროს, ინტერესებს თუ მისწრაფებებს ჩვენც ვიზიარებთ მეტ-ნაკლებად... და უკვე ყველა ვაცნობიერებთ იმ მარტივ სიმართლეს, რომ ადამიანის სულში ჩახედვა ადვილი საქმე არ არის... თქვენ არ ვიცი და მე ძალიან მიჭირს აწი უკვე ჩემს ასაკში (არადა ნამდვილად არ გადავცილებივარ ჯერ 30ს) ახალი ადამიანი "მივიშვა" გულთან ახლოს, გადავუშალო ჩემი ფიქრები, აზრები, პიროვნული შიშები...
მაგრამ ყოველივე ზემოაღნიშნულის მიუხედავად, ჩვენს საზოგადოებაში დაკვირვებული ვარ ერთ საინტერესო პარადოქსს, რომელიც ცოტა არ იყოს და აცამტვერებს სულიერების უპირატესობის დგომას და შესაბამისად, წარმომიშობს (საოცარი ქართულით ვმეტყველებ, მე მაპატიეთ) აწ უკვე მერამდენე რიტორიკულ შეკითხვას:
თუ ასეთი სანუკვარი, წმინდა და ძვირფასი რამეა სული, რატომაა რომ ზოგ ადამიანს შეუძლია ერთ ღამეში ის აბსოლუტურად უცხო ადამიანს გადაუშალოს, მაგრამ საკუთარ სხეულს არ მიაკარებს უახლოეს "სულიერ მეგობარსაც" კი?!
რატომაა რომ ადამინები ჩუქნიან ერთმანეთს გულებს, ოცნებებს, ლექსებს, სიმღერებს, წამებს, წუთებს და წლებს, მაგრამ უჭირთ აჩუქონ ან თუნდაც იჩუქონ (კი, ასეთებიც შემხვედრია, ადრესატობაც კი უჭირს ზოგს, იმდენად "სულიერია") ალერსი და კოცნა?!
რატომაა რომ, დღევანდელ საქართველოში სხეული გაცილებით უფრო ძნელი მოსაპოვებელია, ვიდრე სული?!
დავიჯერო იმიტომ, რომ ასეთი გულუხვები ვართ რომ არ გვენანება?!
ნუთუ იმისთვის, რომ ადამიანის არსობამდე ჩახვიდე, სიღრმეში რომ შეაღწიო, ჯერ გარე მხარე არ უნდა შეისწავლო?!
რაღაც არა მგონია...
P. S. გთხოვთ, ზემოაღნიშნულ პოსტს ნუ მიიღებთ პრომისკუიტეტის წახალისებად... მე მხოლოდ უკიდურესობებზე ვსაუბრობ...
ტაქსისტების შესახებ, ანუ ტყუილი
აქამდე ყოველთვის მეგონა, რომ თბილისელი ტაქსისტები უნიკალური რასის წარმომადგენლები არიან.… რომელ ჩვენთაგანს არ უხუმრია უკვდავ თემაზე – მინიმუმ ორი უმაღლესი განათლება მაინც სჭირდება ტაქსიტობის ლიცენზიის აღებასო?! არადა საქართველოს კანონმდებლობის დღევანდელი მდგომარეობით სულაც არ საჭიროებს ეს საქმიანობა ლიცენზირებას და მეტიც, არც იბეგრება როგორც ინდმეწარმეობა. ამიტომაცაა ალბათ ასეთი მომგებიანი, მაგრამ ეს აქ რა შუაშია…
აი ახლაც, რამოდენიმე კვირის წინ, თბილისში რომ ვიყავი (რა კარგი იყო), ერთი ასეთი უნიკუმი შემხვდა. დაიწყო ყველაფერი ძალიან საინტერესოდ – მოვდიოდით ავლაბარში კოპალასთან და შუა ქვაფენილზე მდედრი და მამრი ერთმანეთს უკაცრავად გამოთქმისათვის და კუჭის წვენს უღებდნენ.… ჩემს მძღოლსაც მეტი რა უნდოდა - წამოვიდა და წამოვიდა: ეს როგორ შეცვვლილა თბილისი, როგორ დაკარგა ყველამ სინდისი და ნამუსი... როდესაც გამომძალა, რომ მე ცვლილებას ვერ ვამჩნევ რადგან თბილისში აღარ ვცხოვრობ, შეცვალა “პლასწინკა” და დაიწყო იმაზე ლაპარაკი, თუ როგორი შანსი ჰქონდა რომ თვითონაც დარჩენილიყო უცხოეთში, სტრასბურგში, სადაც კურსებზე იყო მიწვეული და სადაც გამზადებულ სამსახურს სთავაზობდნენ, “კომისიაში. მოგეხსენებათ, იქ ბევრნაირი კომისიებია სხვადასხვა და...”
ვიჯექი და გაოცებული ვუსმენდი... აი, რომ არ ვიცოდე, რომ ეს ადამიანი ახლა აბსოლუტურ სისულელეს ბოდავს, ხომ ვერც კი შევატყობდი რომ ტყუის, ისეთი დამაჯერებლობით ყვებოდა. ამდენი მსახიობური ნიჭი ჩვენ ახლადაღმოცენებულ თეატრალურ ვარსკვლავებს რომ ჰქონოდათ, რა სასიამოვნო იქნებოდა ალბათ სპექტაკლებზე სიარული...
ეს ყველაფერი არც კი დამამხსოვრდებოდა, რომ არა კიდევ ერთი საინტერესო ინციდენტი: აწ უკვე ემიგრაციაში დაბრუნებულს ერთხელაც სახლში ტაქსით წასვლამ მომიწია. მძღოლი კი, ჩემდა ბედად, აღმოჩნდა კიდევ უფრო დიდი მეზღაპრე ვიდრე მისი ქართველი კოლეგა – დამიწყო მოყოლა, რომ თურმე უკრაინაში სამი მაღაზია აქვს, რომ 18 ადამიანს ამუშავებს, რომ ეს მანქანა საერთოდაც მას ეკუთვნის...და საბოლოოდ, ეტყობა, საკუთარი პრეზენტაბელურობით გაოცებულმა, გადაწყვიტა რომ მეც აუცილებლად მოვექცეოდი შთაბეჭდილების ქვეშ და დავთანხმდებოდი ნაცნობობის გაღრმავებას... (შეცდა).
მანქანიდან როდესაც გადავდიოდი, სიცილს ვერ ვიკავებდი. ძალიან გამიკვირდა, როდესაც მივხვდი, რომ ფანტაზიის მდიდარი უნარი მარტო მშობლიური ტაქსისტების ნიჭი არ ყოფილა. რომ არ იცოდე, იფიქრებდი, ტაქსისტობას ადამიანი ფულის საშოვნელად კი არა, გულკეთილობისა და ქველმოქმედების გამო იწყებს...
Monday, 15 June 2009
Winter melody in the middle of june
აი როგრც დღეს მომივიდა...
დილით, როდესაც გავიღვიძე, გარეთ მოღუშული ამინდი იყო, ცრიდა. ადგომა ძალიან გამიჭირდა, იმიტომ რომ ჩამოფარებულ ფარდებში არ იჭყიტებოდა მზის სინათლე და ტელეფონის წრიპინმა გამაღვიძა, რის გამოც ორჯერ მომიწია snooze-ის გაკეთება, რაც ცოტა უფრო ენერგიულ დღეებში არ მესაჭიროება ხოლმე...
ძილბურანში გახვეულმა ჩავრთე ავტომატური რეჟიმი - ჩამოვძვერი საწოლიდან, დავლიე ჩემი ჩვეული ჭიქა წყალი უზმოზე, გავიხეხე კბილები და შევდექი შხაპის ქვეშ. კი მეზარება ხოლმე, მაგრამ ვიცი, რომ ერთადერთი ეს თუ გამაღვიძებს - ბევრი ბევრი ორთქლი...
საუზმესთან ერთად ჩემი ჩვეული უშაქრო ჩაი დავისხი - რატომღაც მგონია, რომ შაქარი ბერგამოტს არ უხდება და ვინაიდან და რადგანაც, სწორედ შავი Earl Grey ჩემი საყვარელი flavour-ია, მივირთმევ არატკბილ ვარიანტში...
ჩავრთე კომპიუტერი, შევამოწმე ფოსტა. აღმოჩნდა, რომ ლექცია, რის გამოც ასე ადრე წამოვფრინდი, ცდება. აქედან მორალი - ჯერ მეილი შეამოწმე, მერე გაიღვიძეო :) სამაგიეროდ, ჩემს სიფათწიგნზე მეგობრის დაპოსტილი სიმღერა დამხვდა, რომელმაც უცებ ჩამიყენა ცხოვრება კალაპოტში. სიმღერა, რომლმაც მითხრა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ლექცია ცდება და გარეთ მოღუშული ამინდია, ძალა უნდა დამეტანებინა თავისთვის, ჩამეცვა ჩემი დილის ელეგანტურობა და გავსულვიყავი გარეთ ჩემს "ჩელოსთან" ერთად, რომლიც აგერ უკვე რა ხანია მიგდია ფუტლიარში და არ ვიყენებ რატომღაც...
თან, პროდუქტები მქონდა საყიდელი...
ხოდა გადავიცვი ჟაკეტი, მოვიმარჯვე აიპოდი და გავემართე მაღაზიაში, სადაც სასიამოვნოდ უცხო ხალხი თვალს ავლებს ერთმანეთს და თავის ცხოვრების ხაზს მიყვება...
I have to fight for my life :)
ვინ იცის, იქნებ უკან მობრუნებულს დამხვდება საფოსთო ყუთში წერილი რომელსაც ასე პასიურად ველოდები უკვე რამდენი ხანია...
P. S.
Thursday, 11 June 2009
ძალიან შევეჩვიე
აიპოდით ბოდიალს
კარგ კონცერტებს
უპრეტენზიო გართობას
ფლირტს without consequences
კინოში მარტო წასვლის სიამოვნებას
მზარეულობას
კარგ შოფინგს
მოგზაურობას
ხალხს რო კიდიხარ
ჩემს უნივერსიტეტს
ზღვისგან 30 წუთის დაშორებას
უცხო ენას
დიდ ფანჯრებს
ძილის წინ კიბეზე აძრომას
ქუჩაში სიარულისას მოწევას და აქაურ მწარე სიგარეტს
facebook-ზე ცხოვრებას
დამოუკიდებლობას
ფოტოების უპრობლემოდ გადაღებას
უტელევიზორობას
მაიონეზიან შემწვარ კარტოფილს და უგემურ პამიდორს
ევროებს
მობილურის უმნიშვნელობას
ნამდვილი postcard-ების წერას
ბრტყელ ლანდშაფტს
სტარბაქსის ყავას
უხეშ "ხ"-ს
ფეხით სიარულს
ალკოჰოლს
Agenda-ს შედგენას
თვითმფრინავებსა და მატარებლებს
ფილმების ინგლისურად ყურებას
PowerPoint-ის ხშირად ხმარებას
ბინის ქირის გადახდას
მონატრებას და
მარტოობას...
ძალიან შევეჩვიე...
მაგრამ განა შეჩვევაა უბრალოდ სიყვარული?!
სახლში მინდა, სახლში...
Wednesday, 10 June 2009
პიროვნული პარადოქსი
აღმოვაჩინე რა, რომელი კოლუმბი ან თუნდაც ნიუტონი ვარ, რომ "აღმოვაჩინო" რამე, უბრალოდ როგორც იტყვიან, შარშანდელი თოვლივით დამეცა თავში რაღაც იდეა.
წარმოიდგინეთ სიტუაცია - თუ ჩემი გამოთვლები მართალია, წესით ყოველ თქვენთაგანს უნდა ჰქონდეს ეს გამოცდილი - იცნობთ ადამიანს, არ აქვს მნიშნველობა, მეგობარია, თანამშრომელი თუ უბრალო ნაცნობი, რომელიც არის თითქოს და ერთი შეხედვით ძალიან აზრიანი, დალაგებული, საინტერესო მოსაუბრე, იუმორის გრძნობაც არ აკლია მაგრამ... აქვს რაღაც ერთი "ისეთი"თვისება, რომელიც არანაირად არ ჯდება ზემოთმოყვანილ კონტექსტში - მისი პატარა, პერსონალური პარადოქსი, რომელიც ხანდახან ისე გაღიზიანებთ, რომ მზად ხართ ეს ადამიანი აღგავოთ პირისაგან მიწისა უკიდურესად ბრუტალური მეთოდებით ზედმეტი დაფიქრებისა და შეკითხვების დასმის გარეშე.
კიდევ უფრო დავკონკრეტდები და რეალურ ცხოვრებისეულ მაგალითს მოვიყვან .
მყავს ერთი მეგობარი, უსაყვარლესი გოგო, რომელიც არის კარგი ოჯახიშვილი, ჭკვიანი, რაც მთავარია, ძალიან მომხიბვლელი (ლამაზს ვიტყოდი, რადგანაც ვთვლი რომ ლამაზია, მაგრამ სუბიექტური ცნებააო და თავს შევიკავებ), განათლებული, უცხოეთში ნასწავლი, გემოვნებიანი... რავიცი, უამრავი თვისება შემიძლია ჩამოვთვალო მაგრამ, ეგ არ არის ამ შემთხვევაში მთავარი... მთავარი ისაა, რომ ყველა ამ თვისებას ხანდახან, სამწუხაროდ (ამ ბოლო დროს ხშირდება ასეთი შემთხვევები), ჩრდილავს ერთი უცნაური ჩვევა - არ ვიცი, როგორ გამოვხატო ეს სხვა რაიმე სიტყვით, ამიტომ მომიტევეთ ჟარგონი - ეს ჩემი მეგობარი "იციკლება" არასწორ ბიჭებზე.
თავიდან თითქოს მოგეჩვენებათ, რომ რა მოხდა ვის არ მოსვლიაო, დიდი ამბავი, მაგრამ თქვენ ვერ ხვდებით პრობლემის მასშტაბურობას. იქიდან გამომდინარე, რომ არასოდეს ყოფილა ნორმალურ ურთიერთობაში, არ იცის, რომ მესიჯი-მომწერა-რა-ვპასუხო-ს გარდა ძალიან ბევრი რამ არის "შეყვარებულობანა" და საერთოდ არანაირი წარმოდგენა არ აქვს, თუ რატომ არ გამოსდის ურთიერთობა არც ერთ თავის სიმპატიის ობიექტთან. პასუხი კი მარტივია - არ შეგეფერებიან და იმიტომ!!!
მაგრამ, და ესაა მთელი პარადოქსი, პირდაპირ ნათქვამ სიტყვასაც კი არ იღებს ყურად ეს ადამიანი და ამის შედეგად გრძელდება აწ უკვე მერამდენე მრავალსაათიანი მონოლოგი სკაიპში (ის სამშობლოშია) იმაზე, თუ როგორ გაუღიმა ამას წინათ ბამბა რუმში "მან" და როგორ მიიყვანა სახლში და მერე ამან როგორ მიწერა მესიჯი და იმან როგორ უპასუხა და ა.შ., რომელიც, ჩემი წმინდა მეგობრული ემოციებისდა მიუხედავად მაგდებს უკიდეგანო პროსტრაციაში ან, როგორც ჩემი უსაყვარლესი ადამიანი იტყოდა, მივეცემი ჭმუნვას :D
დიდხანს მაწუხებდა შეკითხვა - რატომ ხდება ასე?! და მემგონი, მივედი ასე თუ ისე ლოგიკურ დასკვნამდე - ჩემი აზრით, ყველა ეს პრობლემა იმის შედეგია, რომ ამ ადამიანმა თავისი პიროვნების ჩამოყალიბების პროცესში გამოტოვა უმნიშვნელოვანესი ცხოვრებისეული გამოცდილება - არ ჰქონია სრულფასოვანი ემოციური ურთიერთობა არავისთან, ანუ, არქიტექტურული ანალოგი რომ გამოვიყენოთ - მზიდი კედელი აკლია მის შენობას :) ზუსტად ამიტომაცაა რომ უამრავი თაყვანისმცემელის ყოლის მიუხედავად იტანჯება თვითონაც და გვტანჯავს ჩვენ, მის მეგობრებსაც...
ხოდა დავფიქრდი, რა საინტერესოა-მეთქი, ნეტავ რეალურად შესაძლებელია ეს, რაღაც მნიშვნელოვანი ელემენტი გამოგრჩეს ცხოვრებაში და ამან ასეთი მასშტაბური გავლენა იქონიოს შენს პიროვნებაზე?
გამახსენდა სხვა შემთხვევებიც, უფრო ზოგადი:
აი ყველამ ვიცით, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც თინეიჯერობასა და ადრეულ ოციანებში სწავლის მეტი არაფერი უკეთებიათ. იყვნენ დამჯერები, ოჯახის გამხარებლები, უფროსი ხალხის მიერ შენთვის ხშირად მისაბაძ მაგალითად მოყვანილები მაგრამ... მაგრამ რატომღაც არც თუ ისე მეგობრულები, საკუთარ თავში ჩაკეტილები, ასოცალურები და მოკლედ და კონკრეტულად რომ ვთქვათ, შკოლნიკები...
ხოდა ჩაურბინა ახალგაზრდობამ გვერდზე და რაც ხედავენ - არც მეგობრები, არც მეორე ნახევარი, არც დიდად გართობა, სამსახური-სახლი-სამსახური... და ხდებიან მერე მკაცრები, ცივები და ცხოვრებაზე დაბოღმილები. და არც მათი განათლებულობა, არც გონებაგახსნილობა და თვითრეალიზებულობა აღარ შველით - ჩაუცემენტდებათ ეს რაღაც პატარა დანაკლისი და მოულოდნელად და უშნოდ ყველაზე შეუფერებელ მომენტში გამოუძვრებათ ხოლმე ზედაპირზე... თანაც ისე, რომ მერე ყოველგვარი პატივისცემისა და დადებითი ემოციების მიუხედავად ვერა და ვერ ეურთიერთობი ნორმალურად - nobody likes judgemental people...
შენ კიდევ მხოლოდ ერთი აზრი გიტრიალებს თავში - ნეტა ამ ადამიანს ცოტა მეტი დრო რომ დაეთმო უბრალო, უაზრო და დროისმფლანგვური გართობისთვის, რა სასიამოვნო პიროვნება იქნბოდა ალბათ...
ან კიდევ, ე.წ. "ძერსკი" ადამიანები. მთელი მოზარდობა კლუბიდან კლუში გადადიან, გართობას არიან გადაყოლილები, ხალხის გაცნობას, სამეგობრო წრის გაფართოებასა და სოციალური სტატუსის ამაღლებას... არ "მაზავენ" არც ერთ "პონტს", მკაცრად იცავენ საზოგადოებრივ დოგმებს, ყოველთვის იციან ყველაზე ყველაფერი და უბრალოდ, ცხოვრობენ დოლჩე ვიტას...
და მერე გადის დრო და რა ხდება... უმაღლესი განათლება დასრულდა, სამუშაოც თითქოს არის, თუ გაუმართლათ მაგრამ... რითი შეივსონ თავისუფალი დროის ვაკუუმი?! რას გადააყოლონ გული როდესაც გართობა მათი პროფესიონალური საქმიანობა გახდა?!
და როგორი მხიარულები, კონტაქტურები, კარგი იუმორის გრძნობისა და კეთილი გულის პატრონები არ უნდა იყვნენ, მასეთ ხალხთან ერთი კვირის გატარების შემდეგ უკვე იღლები ერთი და იგივე რუტინით... სალაპარაკო თემა - ვინ ვისთან დადის და ვინ ვისზე გათხოვდა, სად გაიხსნა ახალი და კარგი კლუბი (სანამ გაბაზრდა და შესაბამისად, გაბანძდა), რომელ მაღაზიაში იყიდება ყველაზე კარგი ტანსაცმელი და სად ჯობდა ამ ზამთარს - ბაკურიანში თუ გუდაურში... და ეს საუბრები გაუთავაბელი თბილისური კაფე-ბარების ფონზე, ყოველ დღე ახალ გარემოში ერთი და იგივე, ერთი და იგივე... ჭაობი...
შენ კი ისევ ფიქრობ - ერთი წიგნი მაინც გადაეშალათ, რამე კარგი ფილმი მაინც ენახათ, ოღონდ რეჟისორის სახელის გამო კი არა, აზრიანად, იქნება და დაენახათ რომ ამ "პაკაზუხა" ცხოვრების გარდა კიდევ ძალიან ბევრი საინტერესო რამე არსებობს ამქვეყნად...
საგულისხმოა კიდევ "ძალიან თავისუფლების" კატეგორია, ე.წ. ანდერგრაუნდი. აქ ყველა ინდივიდუუმია (რამე რო იყოს) და ყველა რაიმე მაღალხელოვნური საქმიანობით (განსაკუთრებით პოპულარულია ფოტოგრაფია და გიტარა) არის დაკავებული და ასე ავლენს შინაგან "მე"-ს, რომელიც აუცილებლად ყველამ უნდა დააფასოს... ბოჰემა ვ ჩისტომ ვიდე. ამ დროს აქაც ისეთივე შეღუდვები მოქმედებენ, როგორც სხვაგან.
სადმე ბნელ ადგილას, სასურველია ვინმესთან სახლში (კაფეები სიბანძე და ჩამორჩენილობაა, რამოდენიმე გამონაკლისის გარდა, რა თქმა უნდა), ბუღით სავსე ოთახში, სასურველია ბევრი ალკოჰოლის თანხლებით (მსუბუქი ნარკოტიკული საშუალებებიც მისასალმებელია), მიმდინარეობს დეპრესიული საუბრები ცხოვრებისეულ ამაოებაზე, იმაზე, თუ როგორი კლიშეებითაა შეპყრობილი საქართველო, როგორ არაფერი არ ეშველება არავის და რა უბედურ ქვეყანაში ლპებიან...
და როგორი არტისტულები, გემოვნებიანები და თავისუფლად მოაზროვნეებიც არ უნდა იყვნენ, უბრალოდ გიჩნდება სურვილი რომ ერთი შემოულაწუნა და უთხრა - გაიხედეთ გარეთ, მზეა! გაისეირნეთ! დაიბანეთ თავი, მოუსმინეთ რამე მხიარულ უხარისხო პოპ მუსიკას, ხანდახან მაინც! არც ისეთი უბედურებაა ყველა და ყველაფერი თქვანს გარშემო!
მაგრამ მერე ისევ კარგად დავფიქრდი და... ისევ ჩემი ჩვეული რიტორიკული შეკითხვა დამებადა:
განა კარგია როდესაც ყველა ადამიანი ნორმალურია?!
ღმერთმა გვაშოროს ნაცრისფერი. ბოლოს და ბოლოს სწორედ ჩვენი სიგიჟეებით განვსხვავდებით ერთმანეთისგან და არა დალაგებულობით...
ხოდა, მთლად მაიაკოვსკივით კი არ არის მაგრამ
Послушайте!
Ведь, если звезды зажигают -
значит - это кому-нибудь нужно?
Значит - кто-то хочет, чтобы они были?
Значит - кто-то называет эти плевочки
жемчужиной?!
ასეთი ჩემთვის მნიშვნელოვანელემენტგამორჩენილი ხალხიც ხომ ვიღაცისთვის შეიძლება მთელი სამყაროს კვინტესენციას წარმოადგენდეს?!
ამიტომაც გაუმარჯოს ყველას თავის გზაზე თავიანთ განსხვავებულობაში! მე ნუ დამემგზავრებიან ოღონდაც, ზედმეტ დოზებში :D
P.S. ნეტა მე რომელი მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული გამოცდილება მაქვს გამოტოვებული :)
Monday, 11 May 2009
ფლუიდური მარკეტინგი
ხოდა მოვიდა ეს დალოცვილი, როგორც იქნა, როგორც ქალებს სჩვევიათ, ძლიერი დაგვიანებით... მაგრამ, რადგან ქალია, თანაც ლამაზი და სასურველი, ეპატიება. მეც მივუჯექი ჩემს ლეტპტოპს და ვიწყებ წერას.
მოკლედ:
დავიწყოთ ერთი კამათგარეშე აქსიომით - ყველა ქალს უნდა რომ უყვარდეს.
ვინმეს.
და უბრალოდ
მაგრამ საქმე იმაშია, რომ მე აქ იმიტომ კი არ შემოვიჭერი, რომ პოეტიკურ ტალღაზე ვარ და "სიყვარულო, ძალსა შენსა, ვინ არს რომე არ ჰმონებდეს" ტიპის პოსტი დავწერო, არამედ პირიქით - მეტი რომ არ შეიძლება ისეთ "დამიწებულ" განწყობაზე ვარ და მინდა შეძლებისდაგვარად ცოტაოდენი იუმორით ზემოთმოყვანილი აქსიომის ძაააააალიან პროზაული ფაქტობრივი შედეგები განვიხილო.
სწორედ ამაზე მინდა ვისაუბრო ახლა.
ტიპი პირველი - ქალები, რომლებიც "ბაზარს" ხიბლავენ ვიზუალით.
როგორც წესი, ამისათვის აუცილებელია საკმაოდ დიდი საბაზისო კაპიტალი შთამბეჭდავი გარეგნული მონაცემების სახით. შესაბამისად, იმისათვის, რომ მხოლოდ ვიზუალზე დამყარებული მარკეტინგული სტრატეგია წარმატებული აღმოჩნდეს, აუცილებელია ნამდვილი, დისტილირებული და უპირობო სილამაზე. სამწუხაროდ, ასეთი საწესდებო კაპიტალი აბსოლუტურ უმრავლესობას არ (ვერ) გააჩნია და შესაბამისად, ვიზულური სტრატეგიის შემუშავება-დაგეგმარებისას იძულებულები ვართ მივმართოთ ალტერნატიულ საშუალებებს, ასე მაგალითად:
- შეტევა ჰორმონებზე (დეკოლტეები, მოკლე კაბები, მოტკეცილი ტანსაცმელი, ქუსლები, ვნებიანი მოძრაობები, მრავლისმეტყველი მზერები და ა.შ.). როგორც წესი, ასეთი შეტევის განხორციელება ძალიან რთულია, ბევრს არ აქვს ამის გამბედაობა და რომც ჰქონდეს, არსენალში საჭიროებს გარკვეულ უნარსა და ბუნებრივ მონაცემებს, რაც ასევე იშვიათი ნიჭია. სამაგიეროდ, თითქმის ასპროცენტიანი შედეგი მოაქვს, თუნდაც ხანმოკლე :)
- შეტევა ესთეტიკაზე (გემოვნებიანი ტანსაცმელი, მოდური ვარცხნილობები, კარგი მაკიაჟი, მოვლილი სხეული, ა.შ.). ასეთი თავდასხმა ცოტა უფრო სტრატეგიულია და სხვანაირ მომზადებასა და შნოს მოითხოვს, ვინაიდან არ წარმოადგენს წელს ქვემოთ აკრძალულ დარტყმას, ამ გამონათქვამის გადატანით მნიშვნელობით. სამაგიეროდ, თუ ამ "ილეთს" დაამხეცებთ, საკმაოდ კარგი შედეგები მოაქვს და არ საჭიროებს სასტარტო კაპიტალს - ნებისმიერი გარეგნობის ქალს ამ სტრატეგიის ჭკვიანურ გამოყენებით შეუძლია წარმატებას მიაღწიოს, ანუ, როგორც იტყოდნენ ფრანგები, არ არსებობს უშნო ქალი, არსებობს ზარმაცი ;) მაგრამ სამაგიეროდ, ეს სტრატეგია მოითხოვს მსხვილ კაპიტალდაბანდებებს განხორციელების პროცესში:D
- შეტევა ტვინზე: 0 ყურადღება საკუთარ გარეგნობას. ასეთი ქალები იცვამენ იმას, რაც უნდათ, დადიან ისე, როგორც უნდათ, იქცევიან ბუნებრივად. მათი მარკეტინგი გათვლილია ინტელექტით დაჯილდოვებულ მამაკაცებზე, რომლებსაც არ აინტერესებთ ლამაზი ქალები, იმიტომ რომ მათ მაინც ვერ შეწვდებიან და არც ესთეტიკური ქალები, იმიტომ რომ ზედმეტად "მუშაობენ" საკუთარ გარეგნობაზე. შესაბამისად, ხვდებიან მესამე კატეგორიის გოგონებს და საუბრობენ ბოდლერზე :)
- მასზე მიმართული - "ვაიმე, რა ჭკვინი ხარ", "რა კარგ მუსიკას უსმენ", "რა კარგი ჯემპრი გაცვია", "რა მაგარი მანქანა გყავს", "რა განათლებული ხარ", "რა არასტანდარუტული აზროვნება გაქვს" და ასე შემდეგ. მუშაობს 100%, ჯერ არ შემხვედრია მამაკაცი, რომელზეც ეს არ იმუშავებდა, ოსტატობას გააჩნია, თორემ :) ზოგი ძალიან ბლაგვად იყენებს ამ ხერხს, ზოგიც მოხერხებულად მაგრამ ფაქტია, რომ ყველა ადამიანი ეგოისტია და ასეთი დიფირამბების გაგონება ყოველთვის სიამოვნებს.
- საკუთარ თავზე მიმართული - "ვაიმე, რა ჭკვიანი ვარ", "რა კარგ მუსიკას ვუსმენ", "რა კარგი კაბა მაცივა", "რა მაგარი მანქანა მყავს" "რა განათლებული ვარ", "რა არასტანდარუტული აზროვნება მაქვს"და ასე შემდეგ. საკმაოდ სერიოზული ხერხია ესეც და საკუთარი თავის გაპიარების საუკეთესო საშუალებაა - ცნობილია, შენ თუ არ გაუკეთე შენს თავს რეკლამა, არავინ გაგიკეთებს. ყველა კი ვერ ხედავს რა მაგარი ხარ, ამიტომ უნდა აუხილო საზოგადოებას თვალები :D ოღონდ დიიიიიიიდი ოსტატობა უნდა ამ სტრატეგიის წარმატებით გამოყენებას, რომ ეს "წიომნად" მოახერხო და ამაზრზენ მარიაჟობაში არ გადაგივიდეს :)
- მიმართული ყველასა და ყველაფრის წინააღმდეგ - "დებილი ვარ, შენც დებილი ხარ, ყველა დებილია", "ამ ცხოვრების დედა ვატირე", "რა უბედური ვარ", "არავის არ ესმის ერთმანეთის", "მაინც ყველანი მოვკვდებით", "ამ მთავრობას რა ვუთხარი" და ასე შემდეგ. ეს ხერხი საკმაოდ ვიწრო სეგმენტზეა გათვლილი, მაგრამ ვისზეც გათვლილია, მათზე მუშაობს 100%. არსებობს ხალხი, რომლებსაც წყალი არ ასვა, ოღონდ ყველაზე და ყველაფერზე აწუწუნე. თანაც, დეპრესიულობა რატომღაც ჩვენში ინტელექტის ნიშნად ითვლება :)
- кто не работает, тот ест!!!- საკმაოდ მომგებიანი მიმართულებაა საქართველოს რეალობაში. იქიდან გამომდინარე რომ ქალიშვილობის ინსტიტუტი, უნივერსიტეტი და დაწყებითი დსასწავლებელიც ყველაზე აქტუალურია (როგორც მისი წევრებისთვისაც, ასევე მისი ოპოზიციონერებისთვის) გოგონა, რომელიც ზედმეტი "გადაგრეხვების" გარეშე თანახმაა ფიზიკურ ურთიერთობაზე, უფრო მიმზიდველია მამაკაცსითვის და უფრო მეტი შანსიც აქვს მისი შენარჩუნების (იცის რა მამაკაცმა რომ "მოცემა" ჭირს სამშობლოში, ერთ წყაროს რომ "დაითრევს", "აჯდება"). უარყოფითი მხარე ისაა, რომ ამ მარკეტინგის პრაქტიკაში გატარებისას მომხმარებელს დავაჯეროთ რომ ეს სრული ექსკლუზივია, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ მეთოდის შესახებ ინფორმაცია გავრცელდება, რაც თქვენ საბაზრო ღირებულებას ცოტა არ იყოს და დააგდებს. თუმცა, თუ ვმუშაობთ რაოდენობასა და არა ხარისხზე - go for it :)
- იშრომე და მოგეცემა - ამ კატეგორიის გოგონები თამაშობენ "ძნელი მოსაპოვებელი" პრიზის როლს და მუშაობენ მამაკაცის მონადირული ინსტინქტის გაღვივებაზე. მთავარია, რომ საკმარისად მრავლისმეტყველი და იმედისმომცემი დაპირებები მივცეთ - რათა მამაკაცი დარწმუნდეს, რომ თქვენი "დევნა" ნამდვილად "ღირს". საბოლოოდ, როდესაც უკვე გაივლის ყველა შესაფერისი მოსაცდელი ვადა (ეს ინდივიდუმების მიხედვით ვარირებს) შეგიძლიათ თამამად ჩაბარდეთ თქვენს გმირს ფართო მკლავებში. უარყოფითი მხარე - ვაი და არ მოეწონა ეს პრიზი გმირს? წავა, უკან არ მოიხედავს... იბადება კითხვა - და ღირდა კი ამისთვის ამდენი დროის დაკარგვა?!
- სადაც არა სჯობს, გაცლა სჯობს - მენტალიტეტური, რელიგიური, სამედიცინო-ჰიგიენური თუ სხვა რომელიმე მიზეზების გამო ეს საკითხი საერთოდ ამოღებულია დღის წესრიგიდან მინიმუმ შეუღლებამდე. რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, საქართველოში საკმაოდ ფართო სეგმენტზე ასეთი მიდგომა მუშაობს, ვინაიდან და რადგანაც ამ ფართო სეგმენტის მასიური ცნობიერება ასეთია - თუ ისედაც "მაძლევს", ცოლად რაღატო მოვიყავნო?! შესაბამისად, სადაც არსებობს მოთხოვნა, იარსებებს მიწოდებაც. უარყოფითი მხარე - გაყვებით ასეთს ცოლად და მერე... აქ გადაშლილ პერსპექტივას მგონი ყველანი მიხვდით და თავს შევიკავებ ზედმეტი მუქი ფერების დამატებისაგან :S ფრთხილად იყავით, სულ თავ-ბედი არ გაგიხდეთ საწყევლებელი...
რატომ არის, რომ ხანდახან, არანაირ სტრატეგიას არ მისდევ ადამიანი, ხარ შენთვის, ცხოვრობ, არავის და არაფერს არ ეძებ, მაგრამ...
და ეს, ალბათ, სიყვარულის ის აუხსნელი ფენომენია, რომელსაც ვერც მიჩვევას, ვერც ფლუიდებს და ვერც სექსუალურ ლტოლვას ვერ მივაწერთ... ის გრძნობაა, რომელზეც იწერება ლექსები, მოთხრობები, რომელზეც მღერიან, რომელსაც ცეკვავენ და ხატავენ...
ის გრძნობაა, რომელიც გვაძლევს ფრთებს და შთაგონებას...